საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ივნისი. 2023 წელი
თემა: რუსეთი `პრიგოჟინის პუტჩის` შემდეგ - ხანგრძლივი `ლპობის` დასაწყისი?
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკულმა დაზვერვამ პრეზიდენტ ბაიდენს `მაგიდაზე დაუდო` მტკიცებულებანი, რომ მაღალი ალბათობით, პრიგოჟინს მხარდამჭერები ჰყავდა რუსეთის გენერალიტეტში.
ამის შესახებ იუწყება ავტორიტეტული The New York Times და აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ რესპექტაბელურ რესურსში ინფორმაციის `გაჟონვა` თეთრი სახლის სურვილით მოხდა.
პირველ რიგში, ევგენი პრიგოჟინის შესაძლო მხარდამჭერებს შორის სახელდება გენერალი სერგეი სუროვიკინი. ანუ `გენერალი - არმაგედეონი`, როგორც მას უწოდეს ჯერ კიდევ სირიაში.
სუროვიკინი სირიიდან პუტინმა გამოიძახა სწორედ მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინელებმა კიევის მისადგომებიდან განდევნეს და მარიუპოლის აღების გარდა წინ ვეღარ წაიწია.
ამერიკული დაზვერვის ცნობით, გენერალმა სუროვიკინმა, როგორც მინიმუმ, იცოდა (!) ევგენი პრიგოჟინის გეგმების შესახებ, თუმცა. შესაძლოა უშუალოდ არ მონაწილეობდა ამბოხის დაგეგმვაშოი.
ოღონდ სუროვიკინი მარტო არ იქნებოდა: მას, ისევე როგორც სხვა გენერლებს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და აქვთ თავდაცვის მინისტრ შოიგუისთან, ასევე გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვთან. რასაკვირველია ამის შესახებ არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა პრიგიჟინს.
როგორც ჩანს, ამერიკამ კოსმოსური დაზვერვის მეშვეობით მოიპოვა და ჩაწერა მათი სატელეფონო საუბარიც შოიგუსა და გერასიმოვის შესახებ.
ერთ-ერთ ინტერვიუში კი (პუტჩამდე) პრიგოჟინი პირდაპირ ამბობს, რომ მხარს დაუჭერს სუროვიკინის კანდიდატურას თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
რუს გენერლებს სუროვიკინი უპირველესად იმიტომ უნდათ, რომ ძალიან არ უყვართ შოიგუ.
რატომ არ უნდათ შოიგუ? რატომ არიან მის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილნი.
სამი არსებითი მიზეზია:
ა) სამხედრო ბიუროკრატიის თვისებაა, რომ წარუმატებელ ომში ეძიოს `განტევების ვაცი`, ვისაც საკუთარ უსუსურობას დააბრალებს, ანუ ჩვენ კი არ დავმარცხდით, არამედ მინისტრი გვყავს უნიათო.
2) შოიგუ `მათი წრის` არ არის, რაკი მიუხედავად ავღანეთში ბრძოლისა 1980-იან წლებში, 20 წლის განმავლობაში სხვა უწყების (საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს) ხელმძღვანელი იყო და თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნა (პუტინის მიერ) გენერალიტეტმა აღიქვა შეურაცხყოფად; თუმცა მაშინ არავის ხმა არ ამოუღია, ოღონდ კრიზისის (უკრაინის წარუმატებელი სამხედრო კამპანიის) დროს ეს უკმაყოფილება გამომჟღავნდა.
გავიხსენოთ, რომ როცა პრეზიდენტმა ელცინმა ჩვენთვის 9 აპრილიდან ავად ნაცნობი გენერალი იგორ როდიონოვი `გადანიშნა` თავდაცვის მინისტრად უკვე მისი გადადგომის შემდეგ, როგორც სამოქალაქო პირი, რუსულ გენერალიტეტში ამანაც კი უდიდესი უკმაყოფილება გამოწივია - რას ქვია სამოქალაქო პირი იყოს თავდაცვის მინისტრიო. არადა გენერალი როდიონოვი მთლიანად, 100%-ით მათი წრიდან იყო.
გ) შოიგუ ეთნიკურად რუსი არ არის! Сергей Кужугетович Шойгу ტუვიუნელი ყალმუხია. მისი მშობლები ბუდისტები იყვნენ.
იმ სახელმწიფოში, რომელსაც პუტინი აშენებს და ცდილობს შეაჯვაროს ორი ისტორიული ფენომენი (The Empire და The Nation - რაც აბსოლუტურად შეუძლებელია სინამდვილეში) შოიგუს ეთნიკური წარმომავლობა `სათქმელი` ხდება მისი მოწინააღდმეგეებისათვის.
ამერიკული დაზვერვა ვარადუდობს, რომ რაკი პუტინს არც ერთ გამოსვლაში (სულ სამი გამოსვლა იყო) - პრიგოჟინის პუტჩის შესახებ - თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის თაობაზე არ უსაუბრია, როგორც მინიმუმ გენშტაბის უფროს გერასიმოვს არ შეეხება. შესაძლოა შოიგუს მოუძებნოს სხვა საქმე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევგენი პრიგოჟინის `მარჯვენა ხელი` მის `კერძო არმიაში` იყო და არის ГРУ ГШ-ს ყოფილი პოლკოვნიკი, იდუმალი ვინმე დმიტრი უტკინი, რომელმაც სამხედრო დაზვერვა (დაზვერვის სპეცდანი) სწორედ შოიგუისთან უთანხმოების გამო დატოვა რამდენიმე წლის წინ. ჯერ კიდევ უკრაინაში პუტინის შეჭრამდე.
ГРУ ГШ – Главное разведовательное управление Генерального штаба - რუსეთის უძლიერესი სპეცსამსახურია. ბევრად ძლიერი ვიდრე თვით ФСБ (Федеральная служба безопасности) და ეს რუსეთის ტრადიციაა.
შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი, ვიქტორ სუვოროვი (რეზუნი), რომელიც ჟენევადან (და არა ვენადან, როგორც მის წიგნშია «Аквариум») გაიქცა ლონდონში და ახლაც იქ ცხოვრობს, თავის წიგნებში ადასტურებს, რომ ГРУ – КГБ-ზე ბევრად ძლიერი და მრისხანე იყო სინამდვილეში, უბრალოდ.....ისე არ `PR-დებოდა, როგორც ანდროპოვის უწყება.
შესაბამისად, პოლკოვნიკ უტკინს დიდი კავშირები ჰქონდა და აქვს რუსულ გენერალიტეტში, რასაც აუცილებლად გამოიყენებდა პუტჩის მცდელობისას.
ახლა სად არის დიმიტრი უტკინი, არავინ იცის. შესაძლოა ისიც ბელორუსში გადავიდა პრიგოჟინთან ერთად. ყოველ შემთხვევაში, პუტინი ნამდვიალდ არ მოითმენს, იგი რუსეთის ტერიტორიაზე დარჩეს. მით უმეტეს არმიაში გადავიდეს ანუ არმიასთან გააფორმოს კონტრაქტები, როგორც პუტინმა მოითხოვა სხვა `ვაგნერელებისგან`.
აქვე ვიტყვი, რომ ეს გარეწარი სერგეი შოიგუ არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდაში 1993 წელს.
.
საოცარი განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (Государственная дума) ანუ რუსული პარლამენტის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მან მოუწოდა სახელმწიფო სათათბიროს უშიშროებისა და თავდაცვის საქმეთა კომიტეტს, შეამოწმოს, რომელი რუსი ჩინოსანი აპირებდა ან ცდილობდა რუსეთის დატოვებას ევგენი პრიგოჟინის ამბოხის დროს.
დავაკვირდეთ: ავალებს შეამოწმოს არა ის, რომელი დეპუტატი აპირებდა რუსეთის დატოვებას, არამედ ის, თუ რომელი მინისტრი, მინისტრის მოადგილე ან აღმასრულებელი რგოლის (!) სხვა წარმომადგენელი აპირებდა რუსეთის დატოვებას, ყიდულობდა ავიაბილეთებს (აეროპორტებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ) და გარბოდა ქვეყნიდან.
ხომ ნიშანდობლივია? ამგვარ განცხადებას აკეთებს არა პრეზიდენტი, არა პრემიერ-მინისტრი, რომელთა კომპეტენციაა აღმსარულებელი რგოლი უპირველეს ყოვლისა, არამედ....`საკანონმდებლო ორგანოს` ხელმძღვანელი.
ვოლოდინი ძალიან ამბიციური ფიგურაა პუტინის გარემოცვაში. ფორმალურად ის `მესამე კაცია` სახელმწიფოებრივ იერარქიაში. მისი განცხადება კვლავ და კვლავ ადასტურებს, როგორ `დასცა და დაანარცხა მიწაზე` ამ თუნდაც წარუმატებელმა პუტჩმა პუტინის ავტორიტეტი რუსულ ელიტებში, მათ შორის უმაღლესი და საშუალო ბიუროკრატიის თვალში.
ზოგიერთი კოლეგა-ექსპერტი და ჟურნალისტი თვლის, რომ წარუმატებელი პუტჩი `დიქტატორს მხოლოდ აძლიერებს`.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას: პუტჩის დამარცხება დიქტატორს მხოლოდ მაშინ აძლიერებს, თუ იგი ამბოხებულებს სასტიკად დასჯის - დიდ ტაფაზე შეწვავს, თავებს წააცლის ან ციმბირში გადაასახლებს, როგორც ივანე მრისხანე, პეტრე პირველი ან ნიკოლოზ პირველი აკეთებდნენ თავის დროზე.
წარუმატებელი პუტჩის შემდეგ პუტჩისტებს რომ ბევრი `არაფერი`...... აუცილებლად იწვევს დიქტატორისა და მისი რეჟიმის გადასვლას `ლპობის` სტადიაში.
და ეს სტადია შესაძლოა წლობითაც გაგრძელდეს, თუმცა უკვე მაინც ლპობაა.
ძალიან ნიშანდობლივია აგრეთვე პრიგოჟინის წინააღდმეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შემდეგ მისი შეწყვეტა.
დავაკვირდეთ: ჯერ პუტინმა განაცხადა (პრეს-მდივნის და ლუკაშენკოს პირით) რომ არავინ დაისჯება მიუხედავად 15 მფრინავის სიკვდილისა, მაგრამ სულ რამდენიმე საათი იყო გასული, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეს ინფორმაცია უარყო - სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილაო.
გენპროკურატურის ეს განცხადება ისეთი სენსაცია იყო, ყველამ აიტაცა რუსეთში და მთელ მსოფლიოში; ამიტომ მეორე გამოსვლაში პუტინი იძულებული გახდა (!) კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ პრიგოჟინისა და მისი ბანდის წევრთა წინააღმდეგ საქმე არ აღიძვრება: `მე ჩემს პირობას დავიცავო`. ანუ 1990 - იანი წლების პიტერული `რაზბორკებისა` და `გაგების` შესაბამისად: «Пацан сказал, пацан сделал!»
ფაქტიურად, პუტინი `ვაისა` და `ვუის` შორის აღმოჩნდა: ერთის მხრივ თუ Пацан პირობას არ შეასრულებდა, ეს მის სიტყვას ბოლომდე გააუფასურებდა ყველას თვალში და არავინ აღარასდროს აღარ მიიღებდა. მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადება მეტყველებს, რომ უმაღლეს ბიუროკრატიაში, მათ შორის ძალისმიერ სტრუქტურებში ჯერ-ჯერობით ყრუ, თუმცა მძაფრი რეაქცია გამოწვია პუტჩისტთა დაუსჯელობამ.
განა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არ იცოდა ამ პირობის შესახებ? რა თქმა უნდა იცოდა, თუმცა მაინც გააკეთა განცხადება და უარყო სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო უცნაურად განვითარდა: ФСБ-მ (პუტინის `მშობლიურმა უწყებამ`) `შეუღრინა` გენერალურ პროკურატურას - საქმე ხომ ჩვენ აღვძარით და არა თქვენ, ჩვენ კი ვწვეტთ, რაკი მეომბოხეებმა დანაშაულებრივი ქმედება შეწყვიტესო (??????!!! - აბა 15 მოკლული ელიტარული მფრინავი არც არაფერი თურმე!) იგულისხმება: თქვენ ვინ გეკითხებათ?
არადა.....რას ქვია `ვინ ეკითხებათ`, როცა პროკურატურა (ყველგან, რუსეთშიც, ამერიკაშიც, ევროპაშიც) ყველა სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის ზემდგომი ორგანოა.
ელიტებში ამგვარი განხეთქილება, მით უმეტეს რუსეთის ტიპის ავტოკრატიაში, ისევ და ისევ ავტოკრატის საზარელი დასასრულის მოახლოებაზე მეტყველებს, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს `ლპობა`.