ირინა სარიშვილი-ჭანტურიას გადამწყვეტი ბრძოლა

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას გადამწყვეტი ბრძოლა

 

    «ედეპე»-ს თავმჯდომარის გამოსვლა პარლამენტის ბოლო სხდომაზე, რომელშიც მან კვლავ დაადანაშაულა საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურები კორუფციასა და «კრემლის აგენტობაში». ქართული პოლიტიკის მორიგ სენსაციად იქცა. სწორედ რომ «მორიგ» სენსაციად, რადგან მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, რაღაც ამდაგვარს ბევრი მოელოდა.
    «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტიის ორ ფრთას შორის (ფსიქოლოგიურად და შინაარსობრივად ისინი კვლავინდებურად «ერთსულ და ერთხორც» არიან) რაღაც ფარული ურთიერთქმედების პროცესი მიმდინარეობს. ირინა სარიშვილისა და მამუკა გიორგაძის გამოსვლები სწორედ ამ ურთიერთქმედებისა თუ დაპირისპირების ტვიფრითაა აღბეჭდილი. ედეპეს დღევანდელი თავმჯდომარე ყოველთვის ითვალისწინებს, რომ ჰყავს ოპონენტი, რომელიც მასზე ნაკლებად როდი ფლობს პოლიტიკური თამაშის ხელოვნებას. ის ძალზე საშიში მოწინააღმდეგეა, ვინაიდან პარტნიორის თუ ოპონენტის წეს-ჩვეულებებს, სუსტ და ძლიერ მხარეებს კარგად იცნობს.
    შოთა კვირაიას თაობაზე ედეპეს ლიდერის გამოსვლას «სახალხო ფრაქციამ» მხარი არ დაუჭირა. ყოველ შემთხვევაში (გარდა გიორგი კობახიძის საკმაოდ ბუნდოვანი და ორაზროვანი განცხადებისა, რომელიც მთავარი დარტყმის მიმართულების შეცვლას ისახავდა მიზნად), სხვა არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა, რომელშიც «სახალხო ფრაქციის» წევრები შოთა კვირაიას წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ.
    გავიხსენოთ პარლამენტის პირველი სხდომები: მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების დროს ედეპეს (იმ დროს ჯერ კიდევ ერთიანი პარტიის) წევრები აცხადებდნენ, რომ პიროვნულად მხარს უჭერენ უშიშროების მინისტრს (ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილ კახა თარგამაძეს) და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით ამბობენ უარს კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
    ედეპეს მაშინ საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში, მაგრამ თუ შოთა კვირაიას «აგენტობა» აეჭვებდათ, ამგვარი პოზიცია გაუგებარი ხდება - კვირაია არ არის დამწყები «სუკმენი», რომლის «დავერბოვკება» მხოლოდ ბოლო დღეს მოხდებოდა. თუ იგი რუსეთის «გავლენის აგენტია», ეს დანიშვნისთანავე ცხადი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ოპოზიციისათვის.
    როგორც ჩანს, აქ უფრო სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე: ირინა სარიშვილმა ოპონენტები იმთავითვე წამგებიან სიტუაციაში ჩააყენა - საქართველოში ადამიანურ ურთიერთობებს ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ექნება; ამდენად, მამუკა გიორგაძეს და მის თანამებრძოლებს ყოველთვის ერთგვარი «შემაკავებელი ინსტიქტი» შებოჭავთ შოთა კვირაიასა და კახა თარგამაძის მიმართ, რომლებმაც გია ჭანტურიას მკვლელობა გამოიძიეს.
    ირინა სარიშვილი-ჭანტურია კი ამით შეზღუდული არ არის - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქალია და შეუძლია მხოლოდ პოლიტიკური თამაშის კანონზომიერებიდან, საკუთარი ინტერესების შესაბამისობიდან გამომდინარე იმოქმედოს და (რაც მთავარია) იმიტომაც, რომ თავად გახდა 3 დეკემბრის ტერორისტული აქტის ერთ-ერთი მსხვერპლი. ამდენად, მას მორალური უფლებაც აქვს, ბრალმდებელი იყოს.
    შოთა კვირაიას კარიერას ეს ბრალდება ვერაფერს დააკლებს. შესაძლოა, მომავალში იგი უსარგებლო ფიგურა გახდეს პრეზიდენტისთვის და «თამაშიდან გაიყვანონ». მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში (მით უმეტეს, «ძალისმიერთა» რგოლში) რადიკალური ცვლილებები ჯერჯერობით ნაკლებმოსალოდნელია. შოთა კვირაია პოსტზე დარჩება, მაგრამ ბრალდებები მის წინააღმდეგ სულ უფრო გაძლიერდება.
    ირინა სარიშვილის გარდა, უშიშროების მინისტრს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებს კიდევ რამდენიმე გავლენიანი ფიგურა; ერთ-ერთი მათგანი («მოსკოვსკიე ნოვოსტის» კორესპონდენტი კაკო მიქაძე) საკმაოდ გაწაფულია «ანტისტერეოტიპების» შექმნაში. ბევრმა მიაქცია ყურადღება ვახტანგ რჩეულიშვილის ორაზროვან განცხადებასაც, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი სიმპტომია; თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში შოთა კვირაია პოსტზე დარჩება მანამ, სანამ მისი უარყოფითი იმიჯი ზეგავლენას არ მოახდენს პრეზიდენტის იმიჯზე.

მერიდიანი, 25 მარტი, 1997 წ.