სტალინის ტერმინი

სტალინის ტერმინი

მეოთხე ქართული ფრონტი

        მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინი არმიას ფრონტებად ყოფდა: «პირველი ბელორუსული ფრონტი», «მესამე უკრაინული ფრონტი» და ა.შ.
        სტალინს ეს ტერმინი ძალიან უყვარდა ჯერ კიდევ 20-30-იანი წლებიდან, როდესაც მისი ხელმძღვანელობით ევროპაში «სახალხო ფრონტები» იქმნებოდა. ბუნებრივია, იგულისხმება ფრონტი საბჭოთა კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე.
        თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდებოდა მასის ბუნებრივ მისწრაფებაზე, გაერთიანდეს და ყავდეს ერთი ლიდერი. «ყვარყვარეში» გენიალური ფრაზაა იმის შესახებ, რომ თუ «ასი ათასი ადამიანის ძალას შევაერთებთ, გამანადგურებელ შედეგს მივიღებთ, მაგრამ თუ ასი ათასი ადამიანის ჭკუას შევაერთებთ, მივიღებთ ერთი ბატის გონებას».
        უკვდავი სიმართლეა!!!
        თანაც, საქართველოსთვის მარად აქტუალური.
        ბუნებრივია, «ფრონტად» გაერთიანებული ასი ათასიანი მასის «ბატის ჭკუა» ყოველთვის მოითხოვს «ერთიან ლიდერს» და ფრონტად გაერთიანებას. გააჩნია, როდის გამოჩნდება ეს ლიდერი და რამდენად «გაუმართლებს ბრბოს.
        არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორია ადასტურებს, რომ ასეთი «ფრონტები» და ასეთი ლიდერები ვერ ამართლებენ. ამის მიუხედავად, 25 წელია გვესმის ბატისტვინა ბრბოს ბღავილი «გაერთიანდით, გაერთიანდით». შემდეგ კი, როდესაც პოლიტიკოსები ვერ ერთიანდებიან (ან კი როგორ მოილაპარაკებენ, თუკი სკამი ერთია მხოლოდ და ყველას ის სკამი უნდა) «ხალხს» გული უტყდება პოლიტიკაზე და იმედგაცრუებული სახლში რჩება არჩევნების დროსაც.
        ოღონდ ოპოზიცია «ხალხს» მხოლოდ საკუთარ მომხრეებს უწოდებს. სხვა «ხალხს» არ აღიარებს.
        «ეროვნული მოძრაობის» საწყისიდან იქმნება საქართველოში «ფრონტები». ჯერ ბალტიისპირელთა წაბაძვით შეიქმნა «სახალხო ფრონტი» ნათაძის თავმჯდომარეობით, რომელიც სულ მალე ერთ ჩვეულებრივ პარტიად გადაიქცა და ანეკდოტების საგანი გახდა. შემდეგ იმდენი ფრონტი ჩამოყალიბდა, ჯანსუღ ჩარკვიანი კაფიობდა: «პოლიტიკური სიწმინდის ვარიანტში და პონტში, გაძვრენ ხანთაძის ფრონტიდან, შეძვრენ ანთაძის ფრონტში».
        რაც შეეხებათ «ერთიან ლიდერებს», ისინი ისევე წარმატებულები აღმოჩნდნენ, როგორც პირველი ფრონტის თავმჯდომარე.
        ამის მიუხედავად, მაინც ისმის ბრბოს ბღავილი: «გაერთიანდით, გაერთიანდით». ბოლოს ჭადრაკის სასახლეში ისმოდა და ბატისტვინა მასას ისევ მორიგი ბელადი მოეჩვენა.
        სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ პატარკაციშვილის «იმედში», საინტერესო ფაქტი მოხდა: სატელევიზიო გამოკითხვაში, თუ რომელი პოლიტიკოსი ურჩევნიათ: სააკაშვილი თუ პუტინი, მნიშვნელოვანი უპირატესობით . . .პუტინმა გაიმარჯვა!!!
        ასევე გაიმარჯვებს მომავალშიც, თუ ბრბოს ბნელ მისწრაფებებს ქართული პოლიტიკა არ გაემიჯნება.
        პირველი, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში უნდა გვესწავლა, სწორედ «ბელადებზე» და «ფრონტებზე» უარის თქმაა. ფორმულა უნდა იყოს არა «ყველა მინუს ნოღაიდელი», «ყველა მინუს გამსახურდია», «ყველა მინუს შევარდნაძე», არამედ «მინუს ბრბო!!!».
        სხვა შემთხვევაში, ვიტრიალებთ ერთსა და იმავე მარაზმში.

7 მარტი 2008 წელი