საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივნისი. 2023 წელი
ევგენი პრიგოჟინმა აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ყველაფერი ისევ თავდაცვის სამინისტროს დააბრალა.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი შოიგუ და გენერალური შტაბის უფრო გერასიმოვი 1 ივლისიდან `ვაგნერის` დაშლას აპირებდნენ. მათ თურმე ულტიმატუმურად მოითხოვეს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმება, ანუ, ფაქტიურად `ვაგნერი`, როგორც ერთიანი Unite აღარ იარსებებდა.
პრიგოჟინის თქმით, რაკი ეს ულტიმატუმი ღიად არ გაჟღერებულა, `ვაგნერმაც` ფარული არხებით შეუთვალა უარი შოიგუს, რის შემდეგაც (მისი მტკიცებით) რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა `ვაგნერის` პოზიციებზე უკრაინაში და 30 `ვაგნერელი` მოკლა.
ამის შემდეგ `ვაგნერის მეთაურთა საბჭომ` მიიღო გადაწყვეტილება დაძრულიყვნენ როსტოვისკენ, ხოლო მეორე კოლონა პირდაპირ მოსკოვისკენ დაიძრა.
უკან დახევა კი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცხადი გახდა, რომ `უდიდესი სისხლი დაიღვრებოდა` - აღნიშნა პრიგოჟინმა.
მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა, ფაქტიურად, არ შეხვედრია. `სამხედრო ნაწილებს იოლად ვიღებდით და ვუქვემდებარებდით ჩვენს კონტროლს, რაც რუსეთში სამხედრო მართვის სისტემათა სრულ მოშლაზე მეტყველებსო`- განაცხადა პრიგოჟინმა.
მისი თქმით, რუსეთის არმიას რომ ისევე სწრაფად და გადამჭრელად ემოქმედა 2022 წლის 24 თებერვალს, როგორც `ვაგნერი` მოქმედებდა რუსეთის ტერიტორიაზე, კიევი უკვე აღებული იქნებოდა.
ამასობაში, პუტინმა `კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა!
გუშინდელ მიმართვაში რუსეთის ავტოკრატმა მმართველმა თქვა, რომ ყველა `ვაგნერელს` ექნება საშუალება, ან თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმოს კონტრაქტი, ან სახლებში წავიდეს, ან ბელორუსში გადავიდეს, როგორც მათი მეთაური პრიგოჟინი გადავიდა ბელორუსში და ახლა იქ სასტუმროში ცხოვრობს.
პუტინმა მიანიშნა, რომ პრიგოჟინი `არაადეკვატური` იყო. თითქოს ახლა გაიგო, რომ ის მანიაკი და შეშლილია.
ამავე დროს პუტინმა თქვა, რომ ამბოხისთვის არავინ დაისჯება მიუხედავად იმისა, რომ 15 რუსი ოფიცერი (მფრინავები) მოკლეს. `მე ჩემს პირობას დავიცავო` - იგულისხმა პირობა პრიგოჟინისა და ლუკაშენკოსადმი, რომელიც შუამავლობდა.
ყველაფერთან ერთად, მისი მოწოდება `ავგნერელებისადმი`, გადასულიყვნენ ბელორუსში, ძალიან არ გაუხარდებოდა ლუკაშენკოს, რადგან ევგენი პრიგოჟინის მინსკში ყოფნაც კი დიდი თავის ტკივილი იყო მისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, ლუკაშენკო არც ერთ შეიარაღებულ ადამიანს არ შეუშვებს ბელორუსში. ეს გამორიცხულია. უფრო მეტიც: ის არ შეუშვებს ბელორუსში ორგანიზებულად (!) ჩასულ ჯგუფსაც.
ინდივიდუალურად - შესაძლებელია.
ამასობაში ირკვევა საოცარი დეტალები, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს განცდას, რომ რუსეთში, ხალხურად თუ ვიტყვით `ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს`: დასავლური წყაროები იტყობინებიან, რომ თვითმფრინავი, Ил-22М, რომელიც მეამბოხეებმა 24 ივნისს ჩამოაგდეს, იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგანგებო ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც, განაწესის და პროტოკოლის თანახმად, ჰაერში ფრინდება ბირთვული ომის შემთხვევაში! და სტრატოსფეროდან ახორციელებს საომარ მოქმედებათა მართვას ბირთვული ომის პირობებში!
და ეს თვითმფრინავი ვიღაც ბანდიტებმა ჩამოაგდეს ჩვეულებრივი გადასატანი საზენიტო დანადგარიდან?
გარდა ამისა, ჩამოაგდეს სადაზვერვო ვერტმფრენი Ми-8МТПР, ორი საბრძოლო ვერტმფრენი — Ка-52 და Ми-35, ასევე ერთი სატრანსპორტო Ми-8.
და.......ამის ჩამდენებს პუტინი ეუბნება: სახლებში წაიდით, მშვიდად და ბედნიერად იცხოვრეთო???? ეს არის სახელმწიფოს და მისი მეთაურის პირდაპირ ლაფში ამოთხვრა მთელი რუსული `დერჟავული საზოგადოების` წინაშე.
აბსოლუტურად გამორიცხულია პუტინს ამან ისეთი ზიანი არ მიაყენოს, რომ რუსულმა Deep state-მა (რომელიც რუსეთში უმთავრესად მაღალი დონის ძალისმიერი ბიუროკრატიისგან შედგება) რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოს თუნდაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
არ არის გამორიცხული, ახალი ფიგურას ძებნა დაიწყონ ისევ საკუთარ რიგებში.
აბა პუტინი ვინ იყო? – КГБ/ФСБ-ს ოფიცერი.
გუშინდელ გამოსვლაში პუტინმა ყველაფერში, რასაკვირველია, დასავლეთი, უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა.
საინტერესოა, რომ ამ გამოსვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: ჩვენი რეაქცია (პრიგოჟინის ამბოხზე) ის იყო, რომ მოვთათბირებოდით საკვანძო მოკავშირეებს, რათა პუტინს არანაირი საფუძველი არ ჰქონოდა, NATO და დასავლეთი დაედანაშაულებინა პროვოცირებაშიო.
თუმცა მაინც დაადანაშაულა.
ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ რაც მოხდა, არის პუტინის `ხატის შერყვნა`.
თავად განსაჯეთ: რუსეთში, პუტინის კანონებით, ადამიანმა რომ საჯარო სივრცეში `ომი` უწოდოს იმას, რაც ხდება უკრაიანში, ციხეში სვამენ და.....ამათ ამბოხი მოაწყვეს, 15 რუსი ოფიცერი მოკლეს, სახელმწიფოს ბოდიში და `თავზე დაასვარეს`; შედეგად.......არაფერი?!
ბევრი ანალიტიკოსი მაინც ფიქრობს, რომ პუტინი საიდუმლოდ უბრძანებს სპეცსამსახურებს პრიგოჟინი მოკლან ბელორუსში.
თუმცა ლუკაშენკოსთან შეთანხმება მოუწევს - ისიც კაი ხვითოა: ძვირად გაყიდის ამგვარ `თანხმობას`.
პრიგოჟინი სად დაიმალება? იციან რომელ სასტუმროშია....
ლონდონში აწყობდა პუტინი დივერსიებს `პოლონიუმითა` თუ `ნოვიჩოკით` - მინსკში გაუჭირდება?!
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ, შავი ზღვის ნეიტრალური წყლების (!) საჰაერო სივრცეში, რუსული თვითმფრინავები შეეცადნენ ხელი შეეშალათ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავისთვის, რომელსაც ორი ბრიტანული (!) ავიაგამანადგურებელი იცავდა.
ამჯერად ინციდენტს გართულება არ მოჰყოლია, თუმცა თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელები და ინგლისელები `ტანდემში` მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ.
როგორც ერთხელ აღვნიშნეთ, ეს შემთხვევითი არ არის: ინგლისი და ამერიკა ყველაზე აქტიურია რუსეთის წინააღმდეგ, რადგან სწორედ UK და USA იყვნენ 1994 წლის `ბუდაპეშტის მემორანდუმის` გარანტორები, რომლის თანახმად უკრაინამ სსრკ ბირთვული იარაღი გადასცა რუსეთს.
პუტინის აგრესიისა და უკრაინის 20% ოკუპაციის შედეგად, მსოფლიოში გაჩნდა კითხვები, თუ რატომ არ დაიცვა ამ ორმა ქვეყანამ თავისი პირობა უკრაინის მიმართ.
სერიოზული რეპუტაციული ზიანი იყო.
ამიტომ ვაშინგტონი და ლონდონი ახლა ყველაფერს აკეთებენ, რათა ზიანი გამოისყიდონ: სწორედ ეს ორი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები - არიან ყველაზე აქტიურნი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კოპენჰაგენში (დანია) გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი დახურული (!) შეხვედრა, რომლის `მასპინძელი` იყო აშშ პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანი, ასევე ევროკავშირის შესაბამისი პროფილის წარმომადგენლები და აზია-აფრიკის ქვეყნების უსაფრთხოების მიმართულების კურატორები.
შეხვედრა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ნიშანდობლივია, რომ იგი გაიმართა `პრიგოჟინის ამბოხის` ფონზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლურ დედაქალაქებში მიდიან დასკვნამდე: პუტინი კედელთანაა მიმწყვდეული და ახლა აუცილებელია მისი გასრესა! სანამ გონს მოსულა.
უპირველესად ეკონომიკური მეთოდებით.
როგორც ჩანს, სწორედ ამას უკავშირდება `სანქციათა ტროიკის` ჩამოსვლა საქართველოშიც.
. . . . . . . . . . . . . . . . .
თურქული ლირა კვლავ კატასტროფულად ეცემა. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: 1 დოლარი გუშინ 26 ლირა (!) ღირდა. სულ რაღაც წელიწადნახევრის- ორი წლის წინ 10 ლირა იყო დოლარის ფასი.
ვიმეორებ: საოცრად ნიშანდობლივია, რომ ერდოღანმა, რომელმაც თურქებს იმპერიული, ნაციონალისტური გრძნობები გაუღვივა და საგარეო ასპარეზზე რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (აზერბაიჯანი, ლიბია, სირია, ერაყი) მაინც მოიგო არჩევნები მიუხედავად უდიდესი ინფლაციისა, რაც ლირას გაუფასურებითაა გამოწვეული.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკაში გრძელდება და მწვავდება საარჩევნო ომი.
არა `კამპანია`, არამედ ნამდვილი ომი, რომელიც კულმინაციას 2024 წელს მიაღწევს.
CNN-მა, რომელიც სულ თავიდანვე, ჯერ კიდევ 2015 წლიდან, დონალდ ტრამპის დაუძინებელი მტერია, გამოაქვეყნა ტრამპის საუბრის აუდიოჩანაწერი (შესაძლოა ფარული), რომელშიც ის აღიარებს, რომ იცოდა, რამდენად საიდუმლო ოყო პენტაგონის დოკუმენტი ირანზე შესაძლო დარტყმის შესახებ.
ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ამერიკის შეიარაღებული შტატების `შტაბების გაერთიანებული შტაბის` მეთაური მარკ მილლი (მთავარი სამხედრო პირი ქვეყანაში) კატეგორიულად ეწინააღდმეგებოდა ტრამპის იდეას ირანზე დარტყმის შესახებ და ეს დოკუმენტი ტრამპმა სწორედ ამიტომ, საგანგებოდ შეინახა; მერე კი სახლში წაიღო მისი `დეკლასიფიკაციის` ანუ გრიფ `სრულიად საიდუმლო` მოხსნის გარეშე.
ამრიგად, აუდიოჩანაწერი კატეგორიულად ეწინააღმდეგება `შპიონაჟის` საქმეზე დაცვის ხაზს, რომ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტები საკუთარ სახლში (ფლორიდას ვილლაში) არ წაუღია ან/და არ იცოდა, თუ აუცილებელი იყო ზოგიერთი მათგანის დეკვალიფიკაცია.
გამოქვეყნებული აუდიუოჩანაწერი აათმაგებს (!) ბრალდების პოზიციებს ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე.