ედუარდ შევარდნაძის გუდაუთაში ვიზიტი
აფხაზური პასიანსი
ედუარდ შევარდნაძის გუდაუთაში ვიზიტის შემდეგ რადიო «თავისუფლების» სოხუმელმა კორესპონდენტმა რუსული რედაქციისათვის გადაცემულ რეპორტაჟში ხაზგასმით აღნიშნა, რომ «შევარდნაძე თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ გრაჩოვს გადაეხვია, არძინბას ხელი ჩამოართვა და მისკენაც გაიწია საკოცნელად, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტანის მოძრაობით იგი შორს დაიჭირა».
შემდგომ, საპარლამენტო დებატებისას, დეპუტატებმა «ღირსების» საკითხი წამოჭრეს, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღეს: «იმისათვის, რათა სამშობლო დაიბრუნო, ყველაფერზე უნდა წახვიდე».
როცა ჰიტლერმა, მორიგი ევროპული «ბლიცკრიგის» შემდეგ საფრანგეთი დაიპყრო და ფრანგი ხალხის ეროვნული გმირი, შარლ დე გოლი იძულებული გახდა ბრიტანეთის კუნძულებზე გადასახლებულიყო, საფრანგეთის ფაშისტურმა ხელისუფლებამ მას დიალოგის დაწყება შესთავაზა, რაზეც ცივი უარი მიიღო. მაშინ მრავალმა ევროპულმა გაზეთმა ფრანგ გენერალს «ცხვირაწეული» უწოდა. დე გოლმა კი პასუხად განაცხადა: «ცხვირაწეული მე კი არა ვარ, ცხვირაწეული ფრანგი ხალხიაო!».
თუ უემოციოდ ვიმსჯელებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფრანგებამდე (ისევე როგორც დე გოლამდე), როგორც იტყვიან, «ბევრი გვიკლია», შეიძლება კიდეც დავეთანხმოთ იმათ, ვინც ამ ნაბიჯს აუცილებლობად მიიჩნევს, მაგრამ ერთი პირობით: თუ «გუდაუთის ვიზიტს» რეალური შედეგი მოჰყვება და საქართველო შეძლებს «გორდიასის კვანძის» გახსნას.
ანტიკური «კვანძის» სიმბოლო მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და ძალას არ გულისხმობდა - გარკვეულ გარემოებათა არსებობის პირობებში თვით დიდი ალექსანდრეც კი იძულებული გახდებოდა, სულსწრაფი ხასიათი დაეოკებინა და კვანძის გახსნა ფრჩხილებით ეცადა - რაოდენ ძნელიც არ უნდა ყოფილიყო..
ანუ, საქმე სწორედ ის არის, თუ რამდენად სწორი გეზია არჩეული და რამდენად ზუსტად დავინახავთ, სად არის ამ კვანძის მთავარი «ხვეული».
ედუარდ შევარდნაძეს ბოლო დრომდე აშკარად არ სურდა არძინბასთან შეხვედრა და აი რატომ: მისმა პირდაპირმა დიალოგმა აფხაზთა ლიდერთან შეიძლება სტიმული მისცეს საპარლამენტო ოპოზიციას, რათა სცადოს ასეთივე კონტაქტის დამყარება, ხოლო ხელისუფლების რუპორთ აღარ ექნებათ საშუალება, ატეხონ ისტერიკა «პირსისხლიან ურჩხულთან» შევარდნაძის მოწინააღმდეგეთა ურთიერთობის თაობაზე, - რაკი პიონერი ამ საქმეში თავად სახელმწიფოს მეთაური გახდა.
ვლადისლავ არძინბა საკმაოდ ოსტატურად ასრულებდა და ასრულებს თავის პარტიას - იგი ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე. მას შემდეგაც კი, რაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვა და აფხაზეთიდან ლამის «უკანასკნელი ქართველიც» გააძევა.
სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ პარლამენტის სამშაბათის სხდომაზე ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა უმალვე მოიყვანა არგუმენტად მისი სიტყვები: «აფხაზეთი მზად არის შევიდეს საქართველოსთან კავშირში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება არის დანაშაულებრივი ხროვა, რომელთანაც არანაირ კომპრომისზე ჩვენ არ წავალთ». იგულისხმება: არძინბა მზად არის კომპრომისზე წავიდეს სხვა ხელისუფლებასთან, თუ იგი შეძლებს ქვეყნის სათავეში მოსვლას. ეს არძინბას მორიგი, კარგად მოფიქრებული და ზუსტად გათვლილი სვლაა, რომელმაც ჩვენი პოლიტოკრატიის საერთო «გულუბრყვილობის» (ასე დავარქვათ) გათვალისწინებით, შეიძლება მას კიდეც მოუტანოს წარმატება.
მეორე მხრივ, ისიც საგულისხმოა, რომ ვლადისლავ არძინბა ამ მიმართულებით აძლიერებს თავის ძალისხმევას. უნდა ვივარაუდოთ: «პირველ დაფაზე» (რუსეთთან წარმოებულ პარტიაში) მას საქმე არც ისე კარგად მისდის.
რუსეთის ანალიტიკური ცენტრებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სტრატეგიასა თუ ტაქტიკას ამუშავებენ, არძინბას ეს გონებამახვილური პროვოკაციები მხოლოდ ბავშვური ოინებია. რუსეთს აფხაზეთი სჭირდებოდა და სჭირდება მხოლოდ როგორც მძლავრი ბერკეტი საქართველოზე ზემოქმედებისთვის. და თუ საქართველო ამ ზემოქმედებას «დაჰყვება» - ბერკეტი, ბოლოს და ბოლოს, შეძლება კიდეც დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას.
ორიოდე დღის წინ, რუსეთის დაზვერვის მესვეურმა, «სუკ»-ის გენერალმა ევგენი პრიმაკოვმა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად გარკვეული ძალები დასავლეთში (სიტყვა «გარკვეული» აქ უფრო «დიპლომატიური წყლის» ფუნქციას ასრულებს - ავტ.) ყოველნაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ რეინტეგრაციულ პროცესებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მხარს უჭერენ იზოლაციონისტურ ტენდენციებს СНГ-ს ქვეყნებში; როდესაც საუბარია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენაზე - ეს სრულიადაც არ ემუქრება დასავლეთის ინტერესებს, რადგან მომავალი სამოკავშირეო სახელმწიფო, განსხვავებით საბჭოთა კავშირისაგან - ჭეშმარიტად ფედერაციული და დემოკრატიული იქნება.
შემთხვევითი არ არის, რომ ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესიის წინ გაკეთდა. ამ სესიაზე რუსეთის პრეზიდენტი პირველად გამოვა საპროგრამო სიტყვით. რა თქმა უნდა, გამოსვლის წინასწარ დაგეგმილ «წარმატებას» ძალზე გააფერმკრთალებდა საქართველოს მეთაურის საყვედური ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის ჩაშლის თაობაზე. ამიტომ, გენერალმა კონდრატიევმა, გალში ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით, ლამის «პარტიზანული ომი» გამოუცხადა საკუთარ სახელმწიფოს და თუ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს დავუჯერებთ, ყალყზე შემდგარი გენერალი თავდაცვის მინისტრმა თურმე ძლივს «მოათვინიერა».
მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ სახელმწიფოს მეთაურის «სპიჩრაიტერებს» ბოლო წამს მოუწიოთ გამოსვლის ტექსტის შეცვლა. თუმცა, რუსეთმა აქაც დაიჭირა თადარიგი: რამდენადაც მახსოვს, გრაჩოვმა ელცინ-შევარდნაძის შეხვედრის შემდეგ ლტოლვილთა დაბრუნების ზუსტი თარიღი დაასახელა: 1 ოქტომბერი. მაგრამ როცა ცნობილი გახდა, რომ ედუარდ შევარდნაძეს გამოსვლამ გაეროში 27 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრისათვის გადაინაცვლა, რუსეთმა უმალვე შეცვალა სქემა და, ამ ახალი სქემის თანახმად, სამმხრივი კომისიის მუშაობა, რომელმაც კოდორის ხეობიდან ქართული სამხედრო ტექნიკის გაყვანა უნდა დააფიქსიროს - 26 სექტემბერს დაიწყება.
კომისია დაახლოებით ორ კვირას მოუნდება «კოდორის ხეობაში ქართველების მიერ გადამალული ტანკების» ძებნას - რაც ნამდვილად სასაცილოა, ვინაიდან რუსეთის დაზვერვას (კოსმოსური სადაზვერვო სისტემების საშუალებით) არა თუ ტანკი, ასანთის კოლოფიც არ გამოეპარება.
გამოდის, რომ კომისია მუშაობას დაახლოებით 10 ოქტომბრისათვის «დაამთავრებს» - როდესაც გაეროშიც ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდება. ამის შემდეგ კი, კვლავ ამოქმედდება არძინბას მიერ ასგზის აპრობირებული პოლიტიკურ-პროპაგანდისტური მექანიზმი: აფხაზები უეჭველად (უკვე მერამდენედ) წარმატებით გამოიყენებენ 14 მაისის შეთანხმების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ქართულ მხარეს მის დარღვევაში დასდებენ ბრალს, იმ საბაბით, რომ «სვანები ხეობას არ ტოვებენ».
სვანები რომ ხეობას არ დატოვებდნენ - ეს იმთავითვე ნათელი იყო არძინბასათვის და სწორედ ამიტომ დააფიქსირა მან ეს პუნქტი ელცინისათვის სოჭში წარდგენილ «წერილობით ვალდებულებებში». საბოლოო ჯამში კი, «სტატუსქვო» აღდგება და საქართველო (გაეროს მომავალ სესიამდე) იმავე სიტუაციაში დარჩება, რაც 14 სექტემბერს იყო. შემდეგ კვლავ განმეორდება იგივე და ასე დაუსრულებლად. დიახ, დაუსრულებლად, ვინაიდან შევარდნაძეს არა და არ სურს (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა - ვერ ბედავს) მიიღოს ის წინადადება, რომელსაც მას რუსეთი სთავაზობდა და რომელმაც ასახვა ჰპოვა პრიმაკოვის ზემოთ ხსენებულ «განცხადებაში»: ქართველი ლტოლვილები აფხაზეთში დაბრუნდებიან მხოლოდ მას შემდეგ რაც, ჯერ ერთი, საქართველო აფხაზეთთან გააფორმებს ფედერაციულ ხელშეკრულებას, დააკანონებს რუსეთის სამხედრო ბაზებს ქვეყნის ტერიტორიაზე და (და რაც მთავარია) სახელმძღვანელო დოკუმენტად აღიარებს პრიმაკოვის ბროშურას: «რეინტეგრაციული პროცესი საბჭოთა კავშირში - საჭიროებს თუ არა კორექტირებას დასავლური კურსი».
«7 დღე», 24 სექტემბერი, 1994 წელი.