ყველამ ერთად დავუჩოქოთ ლუკაშენკოს?!

ყველამ ერთად დავუჩოქოთ ლუკაშენკოს?!


       კიშინიოვის «დიდი სამიტის» წინ აფხაზეთიდან ლტოლვილებმა ხვეწნა-მუდარის მორიგი წერილით მიმართეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს და თავიანთი პრობლემების განხილვა მოსთხოვეს.
    იგულისხმება რუსეთის ე.წ. «სამშვიდობო ჯარებისათვის» მანდატის გაფართოება, რომ მათ ქართველ ლტოლვილთა უსაფრთხოება უზრუნველყონ. სხვა საკითხია, რამდენად შეასრულებს 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი ამგვარ ბრძანებას (რომც მიიღოს იგი უშუალო მეთაურისაგან), მაგრამ რაკი საკითხი პრინციპულად ისმება და «ეს-ენ-გეს» ლიდერებისაგან ველით პრობლემის მოგვარებას, ალბათ ისიც უნდა გაირკვეს, რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით თვით თანამეგობრობაში. რა შინაგანი «ქვემდინარე» პროცესებია, რა მოტივაცია აქვთ სახელმწიფოთა მეთაურებს, ანუ ვის მიმართავენ ჩვენი გაუბედურებული ლტოლვილები.
    ნურსულთან ნაზარბაევი - ყაზახეთის პრეზიდენტი, რომელიც მიუხედავად «სუვერენული რიტორიკისა» ეს-ენ-გე-ს ფარგლებში შექმნილ ყველა «ინტეგრაციულ გაერთიანებაში» შევიდა რუსეთის შიშით და ახლა მხოლოდ იმასღა ცდილობს, როგორმე კრემლის ბინადარნი არ განარისხოს. იგი საქართველოსათვის ნამდვილად არ აიტკივებს აუტკივარ თავს. მას ისედაც ვერა აქვს კარგად საქმე - რუსეთმა ხომ ყაზახური ოპოზიციის ამოძრავება შეძლო.
    ლეონიდ კუჩმა - უკრაინის პრეზიდენტი, მართალია, თითქოს ყველაზე შეურიგებელ და ხისტ პოზიციაზე დგას, მაგრამ საქართველოსთვის ომს არც ის დაიწყებს. შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით მან ძალზე რთულ კომპრომისს მიაღწია, რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდება. ეს კომპრომისი მხოლოდ ფლოტსა და ყირიმს როდი ეხება - უკრაინა ორი შეხორცებული ნაწილისაგან შედგება: დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე საუკუნეთა განმავლობაში ორი სხვადასხვა ცივილიზაცია ყალიბდებოდა.
    პეტრე ლუჩინსკი - მოლდოვას პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლითაც ფაქტობრივად აღიარა და დააკანონა «სტატუს-კვო» დნესტრისპირეთში. მისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდეთ.
    ლევონ ტერ-პეტროსიანი - სომხებისათვის «სეპარატიზმის», ანუ «თვითგამორკვევის» ფარული თუ აშკარა მხარდაჭერა ეროვნული პოლიტიკის ქვაკუთხედია.
    ჰეიდარ ალიევი - იგი დაიღალა საქართველოს «ცალმხრივი» მხარდაჭერით. აზერბაიჯანელები გვეუბნებიან: „გაუმარჯოს ერთიან საქართველოს“, ჩვენ კი ასეთივე სადღეგრძელოთი ვერ ვპასუხობთ.
    ალექსანდრე ლუკაშენკო-ბელორუსის პრეზიდენტი ლამის საქართველოს და ქართველ ლტოლვილთა უბოროტესი მტერი ხდება. ესენგეს ბოლო რამდენიმე სამიტზე სწორედ მან «ჩააგდო» ყველა წინადადება აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციათა განხორციელების თაობაზე. ერთხელ კი პირდაპირ განაცხადა: ბელორუსი არ ჩაერევა აფხაზეთის საშინაო საქმეებშიო. კაცმა რომ თქვას, ლუკაშენკოს ვერც მოსთხოვ საქართველოს სიყვარულს. იგი რუსეთის ოფიციალური კურსის მხარდამჭერია, რომელიც ყოველთვის აშკარად ილაშქრებდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობის წინააღმდეგ. ასე რომ, ეს-ენ-გე-ს ლიდერებთან ხვეწნა-მუდარით არაფერი გამოვა, «ცრემლებისა» კი არა მხოლოდ მოსკოვს არამედ არც ერთ სხვა დედაქალაქს არ სჯერა. საქართველოს ერთადერთი მოკავშირე ჰყავს - ქართველი ერი და ქართული არმია.

მერიდიანი, 24 ოქტომბერი, 1997 წ.