ანატოლი ჩუბაისის იდეა: „ლიბერალური იმპერია“

ანატოლი ჩუბაისის იდეა: „ლიბერალური იმპერია“

დაჩოქილი კამეჩი

    მოვლენები, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამჟამად ვითარდება, კვლავაც ადასტურებდნენ, რომ ბორის ელცინი და მისი მაღალნიჭიერი გუნდი სულ უფრო და უფრო მეტად იკრებს ძალას და უდიდეს წარმატებას აღწევს იმ სტრატეგიული გეგმის განხორციელებისას, რომელსაც იგი «ახალი კავშირის», საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცის კვლავ აღდგენისათვის აწარმოებს.
    რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ტელევიზიამ გადმოსცა დიალოგი რუსული ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, - ვლადისლავლევსა და ბაბურინს შორის.
    უაღრესად საინტერესო და ნიშანდობლივი იყო, რომ ამ ორი, თითქოსდა ურთიერთდაპირისპირებული იდეური მიმდინარეობის წარმომადგენლები ძალიან ადვილად შეთანხმდნენ, როგორც კი საუბარი რუსეთის სახელმწიფოებრივ, გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეეხო.
    ბაბურინის სლავიანოფილურ არგუმენტებს «პროგრესისტმა» ვლადისლავლევმა ასეთი პასუხი გასცა: «ლიბერალიზმი და დემოკრატია რუსეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარანტიას უნდა ვაქციოთ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მიმდინარეობა დღეს ისევე საჭიროა რუსეთისათვის, მისი ძლიერებისა და ძალმოსილებისათვის, როგორც ულტრათანამედროვე ტექნოლოგია - მაგალითად მანქანათმშენებლობაში».
    აი, ამ ფორმულაში მოულოდნელი გულწრფელობითა და უდიდესი სიზუსტითაა გაცხადებული რუსული დემოკრატიის ჭეშმარიტი არსი. იგი ლიბერალიზმს დიახაც რომ განიხილავს მხოლოდ როგორც საშუალებას, როგორც ბერკეტს იმ რუსული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, რომელიც მათთვის საძულველ «ბოლშევიკურ გადატრიალებამდე» არსებობდა ევრაზიის უკიდეგანო სივრცეზე.
    სამწუხაროდ, ქართველ «დემოკრატთა» უმრავლესობა იმდენადაა დაბრმავებული ლამაზი ფრაზებით, რომ რუსეთში მიმდინარე პროცესის ჭეშმარიტ არსს ვერ ამჩნევს. უფრო სწორად, არ სურს შეამჩნიოს, რაკი ჯერ საკუთარ თავს ვერ უტყდება იმაში, რომ პატარა ბავშვივით მოატყუეს.
    პროცესი კი, როგორც «პერესტროიკის» მამამთავარი ამბობდა, კვლავაც «მიდის» და ეს მსვლელობა სულ უფრო მიზანსწრაფული და შეუქცევადი ხდება.
    გუშინწინ, მოსკოვში, «სნგ»-ში შემავალმა ექვსმა სახელმწიფომ (რუსეთმა, ბელორუსიამ, ყაზახეთმა, სომხეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა) ხელი მოაწერეს შეთანხმებას «ეკონომიკური კავშირის» შესახებ.
    ამ შეთანხმების თანახმად, ხელმომწერი ქვეყნები ქმნიან (უფრო სწორად, კვლავ აღიარებენ) ერთიან სამანეთო ზონას და აცხადებენ რუსულ მანეთს ერთადერთ კანონიერ საგადასახადო საშუალებად თავიანთ ტერიტორიაზე.
    აქედან სავსებით ბუნებრივად გამომდინარეობს ისიც, რომ იქმნება ერთიანი საბაჟო სისტემა - კაპიტალის, საქონლის, მუშახელის გადაადგილებისათვის ყოველგვარი ბარიერების გარეშე. რუსეთის ცენტრალური ბანკი ამ ქვეყნებისთვის უმაღლესი ფინანსური და ეკონომიკური ჟანდარმი ხდება, ყალიბდება «ზესახელმწიფოებრივი» («Наднациональные») სტრუქტურებიც - ეკონომიკური საბჭოსა და უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლოს სახით.
    ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის, დღეს ე.წ. «სნგ»-ს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ერთიანი სივრცე იქმნება.
    ამ სივრცეს, ჯერჯერობით, მხოლოდ მაკოორდინებელი ორგანოები აქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ორი უმთავრესი ფაქტორის (არმიისა და ერთიანი ვალუტის) არსებობას მათ ტერიტორიაზე, ეს ორგანოები ისტორიულად სულ მალე, რამოდენიმე თვეში, ან მაქსიმუმ ერთ-ორ წელიწადში იქცევიან ჯერ კონფედერაციულ, შემდეგ კი ფედერაციულ პარლამენტად. (აკი არსებობს კიდეც უკვე ე.წ. «პარლამენტთაშორისი ასამბლეა»).
    დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის დამთავრების შემდეგ ითქვა: შეთანხმება სულ მალე შეურთდება სნგ-ს კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ფინანსურ-ეკონომიკური მარწუხი იმდენად ძლიერია, რომ უახლოეს ხანში არა მარტო აზერბაიჯანი, არამედ ზოგიერთი სხვა «ამაყი» და «ურჩი» სახელმწიფოც იძულებული გახდება, ქედი მოიხაროს. ვინ იფიქრებდა ცოტა ხნის წინათ, მაგრამ დღეს ხომ ფაქტია, რომ ვეება უკრაინაც კი ნელ-ნელა, მძიმედ, თუმცა განუხრელად იჩოქებს, «დასაკლავი კამეჩივით», რუსი გოლიათის წინაშე.
    ფაქტობრივად უკრაინა ერთადერთი იყო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის, რომლის ეკონომიკური პოტენციალი, თუნდაც ერთი შეხედვით, იძლეოდა შესაძლებლობას, მას წინააღმდეგობა გაეწია გიგანტი მეზობლის ზეწოლისათვის. მაგრამ უკრაინელ ნაციონალისტთა იმედები გადაჭარბებული აღმოჩნდა, რადგან კრემლს მეტისმეტად მძლავრი ბერკეტები აღმოაჩნდა «ურჩი ძმის» გონს მოსაყვანად.
    ელცინის პოლიტიკა ამ ქვეყნის მიმართ თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ იმსხვერპლა ამბიციური ილუზია - ცხოვრებისეულ რეალობასთან შეჯახებამ.
    რუსეთმა თითქოს უმტკივნეულოდ, დაუფიქრებლად სცნო უკრაინის დამოუკიდებლობა, მაგრამ იმ დღიდანვე შეუდგა ახლადშობილი სახელმწიფოს საფუძველთა რყევას ეკონომიკური, პოლიტიკური და პროპაგანიდისტული ნაღმების გამოყენებით.
    რუსული სტრატეგიის ქვაკუთხედია მოწინააღმდეგის სახელმწიფოებრივი სტრუქტურის, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის შესუსტება, - მისი დისკრედიტაციის გზით.
    ლეონიდ კრავჩუკმა თითქოსდა ადვილად შეძლო აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის «გადაბირება», მაგრამ დონბასის ლოიალობა უმალვე აორთქლდა, როგორც კი აღმოსავლეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდებამ იკლო და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის პიროვნული მსხვერპლის გაღება, ანუ პირად მისწრაფებებზე უარის თქმა გახდა საჭირო.
    უკრაინის რუსულენოვანი მოქალაქეები მხოლოდ მანამდე იყვნენ კიევის ერთგულნი, სანამ ეკონომიკურად ისეთივე დონეზე ცხოვრობდნენ, როგორც რუსეთის მიმდებარე რეგიონების მოსახლეობა.
    მაგრამ როდესაც კარბოვანეცი გაუფასურდა მანეთის მიმართ, უმალვე იფეთქა მეშახტეთა გაფიცვამ და გაისმა მოწოდებები «ახალი კავშირის» შექმნის ან რუსეთთან შეერთების შესახებ.
    ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვთქვათ ლვოვის, ან დასავლეთ უკრაინის სხვა რეგიონების მოსახლეობა ყველაფერს მოითმენს, მაგრამ უკრაინის ხალხი ხომ მრავალენოვანია და სწორედ ესაა უკრაინული სახელმწიფოს ყველაზე სუსტი წერტილი, - რუსეთთან ფარულ პაექრობაში.
    დონბასის ამბებმა ძლიერ შეარყიეს კრავჩუკის ავტორიტეტი. თუმცა, მთავარი დარტყმა მას მაინც სამხრეთიდან ელოდა.
    ხრუშჩოვის მიერ ორმოცდაათიან წლებში ყირიმის - უკრაინისათვის გადაცემა ერთხანს ამ საკმაოდ «უცნაური» და «მოსულელო» პოლიტიკოსის კიდევ ერთ სიბრიყვედ ითვლებოდა, მაგრამ თუ დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე განვიხილავთ ამ ნაბიჯს, იგი კარგად გათვლილი და გამიზნული სვლა ჩანს. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უკრაინამ იმდენად შეისისხლხორცა ეს ულამაზესი ნახევარკუნძული, რომ დღეს მისი «მოგლეჯა» ერთობ დიდ კატაკლიზმებს გამოიწვევს მთელ ქვეყანაში. არადა, ყირიმის გასაღები სევასტოპოლია, სევასტოპოლისა კი - შავი ზღვის ფლოტი.
    ამ ქალაქს რუსეთისათვის უდიდესი ისტორიული და მორალური მნიშვნელობა აქვს - სტრატეგიულს რომ თავი დავანებოთ.
    ბოლო საუკუნეთა განმავლობაში იგი მართლაც რუსული ქალაქი იყო, ისევე როგორც რუსული იყო ის ფლოტი, რომელიც მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა ძალისხმევამ შავ ზღვაში «გამოკეტა», მაგრამ ამით ნაკლებ მნიშვნელოვანი როდი გახდა იმპერიისათვის.
    ეკონომიკური ზეწოლის შედეგად კრავჩუკი იძულებული გახდა გარკვეულ დათმობაზე წასულიყო და მისი კუთვნილი გემები ელცინისათვის უზარმაზარი ვალის ანგარიშში შეეთავაზებინა.
    საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ბრწყინვალედ გამოიყენა მოწინააღმდეგის ეს შეცდომა და უმალვე «ააფეთქა» შიდაპოლიტიკური ვითარება უკრაინაში.
    საქმე ის გახლავთ, რომ ელცინის მიზანი იმდენად სევასტოპოლისა და თვით ყირიმის დასაკუთრება არ არის, რამდენადაც მთელს უკრაინაში სიტუაციის მაქსიმალური დესტაბილიზაცია.
    კრავჩუკი «ორცეცხლსშუა» აღმოჩნდა: ერთი მხრივ, მას მკაცრად აკრიტიკებენ დასავლეთუკრაინელი ნაციონალისტები რუსეთისადმი მეტისმეტად «დამთმობი პოლიტიკის» გატარებისათვის. ხოლო მეორე მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინის რუსული მოსახლეობა, რომელსაც თავი «უკრაინის ხალხის» ნაწილად მიაჩნია, ასევე კატეგორიულად მოითხოვს კრავჩუკის გადადგომას სნგ-ს მიმართ «მტრული» დამოკიდებულების გამო.
    შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ორმაგ ზეწოლას კრავჩუკი ვეღარ გაუძლებს და უახლოეს ხანში პრეზიდენტობას ჩამოშორდება.
    თავის დროზე, უკრაინელებმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ეს გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსი აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ მისი პოლიტიკური კრახის შემდეგ, თუ ქვეყნის სათავეში რადიკალი ნაციონალისტები მოვიდნენ, უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უეჭველი მარცხი ელის, ან იგი მძვინვარე სამოქალაქო ომის ცეცხლში გაეხვევა.
    ასეთ პერსპექტივას კი, უკრაინელი ხალხის ზომიერი, ლიბერალურად მოაზროვნე ნაწილი ალბათ სნგ-ს და რუსეთის მიმართ უფრო ლოიალური პოლიტიკის გატარებას არჩევს.
    უკრაინის «დაჩოქება» კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოშიც, თუ ჩვენ უახლოეს ხანში არ გამოვიმუშავეთ და არ გავატარეთ რაციონალური, კონცენტრირებული პოლიტიკა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ.

«ივერია-ექსპრესი», 8 სექტემბერი, 1993 .