«გადაუწყვეტელი ამომრჩეველი»: მორიგი კატასტროფის მოლოდინში

    ამერიკის «ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის» კვლევები (ისევე, როგორ მათი «რესპუბლიკელი» კოლეგებისა) საქართველოში დიდი ხანია კომედიად იქცა. ოღონდ, იმიტომ კი არა, თითქოს ისინი მართლა რაიმეს თაღლითობენ, აყალბებენ, მანიპულირებენ და ასე შემდეგ: ორივე იმდენად ავტორიტეტული გლობალური ორგანიზაციაა, რომ მიშას, ვანოს, გიგის და კრებით ლიბერალ «თამრიკოს» გულისთვის არც საკუთარ რეპუტაციას დააყენებენ მსოფლიოში ეჭვქვეშ და არც თავიანთ პარტიათა რენომეს.
    «სასაცილო», ეს ყოველივე, იმიტომ ხდება, რომ რაღაც გაუგებარი და აუხსნელი მიზეზით, ორივე ამერიკული ორგანიზაცია ჯიუტად არ ეშვება საქართველოს, იმეორებს ერთსა და იმავე სისტემურ შეცდომებს და მუდმივად ათრევინებს საკუთარ სახელს ლაფში გაიძვერა ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებსაც როცა რაიმე არ აწყობთ, ვერაფრის დიდებით ვერ აღიარებინებ რეალობას.
    სისტემური შეცდომა აქ შემდეგია: საქართველოში ობიექტური და რელევანტური, იმავდროულად ნდობის აღმძრავი სოციოლოგიური წინასაარჩევნო კვლევის ჩატარება არსებითად შეუძლებელია! ამერიკა სოციოლოგიის სამშობლოა, მაგრამ ამერიკელებს, რაღაცნაირად ჩლუნგი სიჯიუტით არ სურთ გაითვალისწინონ ამ ქვეყნის სპეციფიკა, სადაც უკვე მრავალი წელია მუშაობენ და შეურიგდნენ იმას, რომ რაც ამერიკაში, ზოგადად დასავლეთში, უკვე კარგად შესწავლილი სოციოლოგიური ფენომენია, საქართველოში სულ სხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს, განსხვავებული შინაარსი ჰქონდეს და სულ სხვა ფენომენზე მიუთითებდეს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    წლიდან–წლამდე, გამოკითხვიდან–გამოკითხვამდე ორივე ამერიკული ორგანიზაცია მონოტონურად აფიქსირებს: საქართველოში ე.წ. «გადაუწყვეტელი ამომრჩევლის» პროცენტი ძალიან მაღალია. ამას აღიარებენ, ოღონდ არაფრის დიდებით არ სურთ დაინახონ კარდინალური სხვაობა:
    Undecided voters ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველა არჩევნების წინ არსებობს. ამერიკაში ახლა გაცხარებული საარჩევნო კამპანიაა და წინასაარჩევნო კვლევებისას, მუდმივად ითვალიწინებენ, რომ ამერიკელთა დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას: კლინტონს, კრუზს, ტრამპს თუ სანდერსს. ოღონდ, საქართველოსგან თვისებრივი განსხვავება ისაა, რომ ჩვენში ამ «გადაუწყვეტელ ელექტორატს» სულ სხვა სტრუქტურა და შინაარსი აქვს:
    ჯერ ერთი, ამერიკაში შეუძლებელია შემდეგი ფენომენი: ამომრჩველს მტკიცედ ჰქონდეს (სინამდველეში) გადაწყვეტილი რესპუბლიკელებს («ნაციონალებს») მისცემს ხმას თუ დემოკრატებს («ოცნებას»), ამგრამ ამას არ ამხელდეს შესაძლო პრობლემების ან ფსიქოლოგიური დისკომფორტის (მაგალითად ნაცნობ–ახლობელთა წრეში სხვა განწყობათა პრევალირების) მოსაზრებებით.
    გარდა ამისა, ქართველი «მერყევი» (იგივე «გადაუწყვეტელი») ამომრჩეველი, განსხვავებით ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი ან იაპონელი ამომრჩევლისაგან, მეტისმეტად ხშირად, საბოლოოდ ხმას აძლევს ხოლმე არა პროგრამებს, არა კონცეფციებს, არა ღირებულებებს, რომელთაც თუნდაც ბოლო მომენტში ირჩევს, არამედ იმას, ვინც მის თვალში გამოჩნდება როგორც «მაგარი», «ქმედითი», «ძლიერი», «გამკეთებელი», «წარმატებული», «გამარჯვების ასპროცენტიანი შანსის მქონე» და ასე შემდეგ. შესაბამისად, ქართველი «გადაუწყვეტელი ამომრჩველი» ხმას აძლევს იმის წინააღმდეგ, ვინც ასევე მის თვალში არჩევნების წინ წარმოჩინდება, როგორც «სუსტი», «დაბნეული», «წარუმატებელი», «უკვე წაგებული», «დამარცხებული», «გაუბედავი», «დაჩმორებული» და «გამარჯვების შანსს მოკლებული».
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით, რა მოხდა 2012 წლის არჩევნების წინ: სექტემბერში, NDI გამოაქვეყნა ერთი თვით ადრე ჩატარებული მასშტაბური, ძალზე წარმომადგენლობითი და რეპრეზენტატიული კვლევის შედეგი, რომლითაც «ნაციონალური მოძრაობა» დაახლოებით ოთხჯერ უსწრებდა «ქართულ ოცნებას». მაგრამ არც მაშინ, არც დღეს არავინ მიაქცია ყურადღება და ამჟამადაც ჯიუტად არ ითვალისწინებს, რომ «მერყევი ამომრჩევლის» ოდენობა, ვინც ამბობდა «არ ვიცი» ან «არ ვიტყვი» ვის მივცემ ხმასო ან მხოლოდ «იხრებოდა» ამა თუ იმ მხარეს, თუმცა მტკიცე არჩევანი არ ჰქონდა გაკეთებული, იმ დროსაც მაღალი იყო!
    ოქტომბრის არჩევნებში «ნაციონალური მოძრაობა» კატასტროფულად დამარცხდა. «კატასტროფულად», თუ გავითვალიწწინებთ რა ადმინისტრაციულ თუ სახელისუფლებო რესურსს ფლობდა და როგორ იყენებდა ამ რესურსს.
    ოღონდ იმ ადამიანებს, ვინც დღენიადაგ იხსენებენ 2012 წლის აგვისტოს კვლევას, როგორც NDI-IRI– ს «არაკეთილსინდისიერების» მაგალითს, ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ («არ შეიგნებენ», რაკი «არ აწყობთ»), რომ აგვისტოს კვლევასა და 1 ოქტომბრის არჩევნებს შორის, თანაც კენჭისყრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, მოხდა კოლოსალური მნიშვნელობის მოვლენა: ციხის გრანდიოზული სკანდალი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია შედეგზე, რადგან ხელისუფლება მაშინ აშკარად დაიბნა (პირველად 2003 წლის შემდეგ!) ნამდვილად აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, წინააღმდეგობრივ მესიჯებს აგზავნიდა; ესე იგი, მერყევი, იგივე «გადაუწყვეტელი» ამომრჩევლის თვალში მიშას «ნაციონალური ხელისუფლება» წარმოჩინდა, როგორც «სუსტი», «დაბნეული», «წარუმატებელი», «წაგებული», «უკვე დამარცხებული», «გაუბედავი», «დაჩმორებული» და «გამარჯვებსი შანსს მოკლებული».
    ის, რომ მიშამ მაშინ მინისტრი გადააყენა, თავადაც დაბნეულ განცხადებებს აკეთებდა და აბობოქრებულ მიტინგებს ვეღარაფერი დაუპირისპირა (2011 წლის მაისისგან განსხვავებით) მხოლოდ აძლიერებდა მისი «დასუსტების» და «წაგებულობის» შთაბეჭდილებას.
    სწორედ ეს მომენტი გახდა განმსაზღვრელი და არა იმდენად თვით იმ ამაზრზენი კადრებით გამოწვეული საყოველთაო აღშფოთება, როგორც ხშირად ხსნიან ხოლმე დემაგოგიურად.
    შესაბამისად, «გადაუწყვეტელი ამომრჩეველი», ვინც, შესაძლოა, საერთოდ არ მისულიყო არჩევნებზე, არა მარტო მივიდა საარჩევნო ყუთთან, არამედ კონსოლიდირებულად ხმა მისცა «დასუსტებულ–დაბნეულ–დაჩმორებული» ხელისუფლების წინააღმდეგ, ესე იგი იმ ძალის მომხრედ, რომელიც მის თვალში. პირიქით, წარმოჩინდა, როგორც «მაგარი», «ქმედითი», «ძლიერი», «გამკეთებელი», «წარმატებული» და «გამარჯვების ასპროცენტიანი შანსის» მქონე.
    რომ არ ყოფილიყო «ციხის სკანდალი» და საქართველოს ზემოთხსენებული სპეციფიკა, Undecided voters ხმები დაახლოებთ ისეთივე პროპორციით გადანაწილდებოდა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებზე, როგორც ეს ხდება ამერიკასა და ევროპაში, ანუ თითქმის თანაბრად.
    სამწუხაროდ, ამერიკელ სოციოლოგებს, ისევ და ისევ, ჩლუნგად არ სურთ საქართველოს ამ თავისებურების გათვალისწინება და მუდმივად მხრებს იჩეჩენ: «სოციოლოგია ზუსტი მეცნიერებაა და თუ ამერიკასა და ევროპაში «გადაუწყვეტელი ამომრჩეველი» თითქმის თანაბრად ნაწილდება ხოლმე, თქვენთან ასევე რატომ არ ხდებაო».
    მიზეზს ვერ აუხსნი და ვერ შეასმენ იმიტომ, რომ დიახაც სწორხაზოვნები, ფორმალისტურები, არაშემოქმედებითნი, ანუ (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) სისტემურად არაპროფესიონალნი არიან. აქედან გამომდინარე, შიზოფრენიული «ჩაციკლულობით» არ სურთ გაითვალისწინონ ღრმა სოციოფსიქოლოგიური (!) სხვაობანი, რაც ნამდვილად ახასიათებთ სხვადასხვა საზოგადოებებს. მათ შორის ქართულ საზოგადოებას - მისი სნეული ეთნოფსიქოლოგიითა და უახლესი ისტორიით.
    თუმცა, ბოლო და ბოლოს, ეს ამერიკელთა პროლემაა: თუ თვითონ არ უფრთილდებიანს საკუთარ ავტორიტეტს, – გზაც იქით ჰქონიათ!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ახლა კი, დავაკვირდეთ, რა გვიჩვენა ბოლო კვლევამ: ამომრჩეველთა 61%(!!!) «არ» ან «ვერ» აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. დანარჩენი 39% ხმებით კი გამოდის, რომ ხელისუფლების რესურსი 16%, ხოლო ნაციონალთა – 13%.
    მართლა ამერიკელი სოციოლოგებივით «ჩლუნგად ჩაციკლული» უნდა იყო, ვერ დაინახო და არ აღიარო, რომ 61% – აბსოლუტურად არანორმალური, გიჟური ციფრია, რომელიც მეტყველებს მხოლოდ ერთს: ქვეყანა ზის დენთის კასრზე და კაცმა არ იცის, ეს კასრი როგორ ან როდის აფეთქდება 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ან იმ არჩევნების შემდეგ!
    თუ ზემოთხსნებულ 13% და 16% დავუმატებთ ამ «გადაუწყვეტელ 61%» (მისი «ქართული შინაარსის» გათვალიწინებით), სხვაობა იმდენად დიდი იქნება, საბოლოო სურათს მთლიანად შეცვლის, როგორც ეს მოხდა 2012 წელს. მაშასადამე (აი, ზუსტად აქ იმალება კატასტროფის საფრთხე) 8 ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა მოხდეს რაღაც საშინელება, რაღაც «ციხის სკანდალის» მაგვარი შოკისმომგვრელი და გამანადგურებელი მოვლენა, რათა «გადაუწყვეტელი ამომრჩველი» ისევე კონსოლიდირებულად გადავიდეს ერთ ან მეორე მხარეს!
    ხსენებული «61%»–ია სწორედ ის «დენთის კასრი», რომელმაც შეიძლება სიტუაცია მთლიანად ააფეთქოს!
    ძირითადმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ეს შესანიშნავად იციან: იცის მიშამ, იცის ბიძინამ. ორივე საკმარისად ჭკვიანია საამისოდ. ამიტომ, ორივე მხარე უეჭველად შეეცდება რაიმე მორიგი დამანგრეველი შოკი მოაწყოს ამ საცოდავ, ისედაც მრავალგზის შოკირებულ ქვეყანაში, რათა ამ «დენთის კასრზე» მოწინააღმდეგე აფეთქდეს, როგორც «ნაციონალები» აფეთქდნენ მასზე 2012 წელს.
    უკვე ამის გათვალისწინებით, დავაკვირდეთ «ინტიმური ვიდეოების» სკანდალს, რომელმაც, არჩევნების მოახლობისთანავე, შესაძლოა «ამაალებელი პატრუქის» როლი შეასრულოს, თუმცა სხვა საშაულებები და ტექნოლოგიებიც არსებობს.
    ერთი სიტყვით, «საოცნებოდ» ისღა დაგვრჩენია, მომავალმა აფეთქებამ (მრავალი სიმპტომით იგი გარდაუვალია) მთლიანად ქვეყანაც არ დაქციოს და ყველანი თან არ ჩაგვიყოლოს, რადგან არც ბიძინა შეელევა ასე იოლად ხელისუფლებას და არც მიშა – ხელისუფლებაში დაბრუნების რეალურ შანსს.

        მთელ გვერდზე