თურქეთი გადატრიალების ზღვარზე
       

        საქართველოში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე თითქმის ვერავინ შენიშნა ის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და პროცესები, რომლებიც მეზობელ თურქეთში განვითარდა. ესე იგი იმ სახელმწიფოში, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეზობელია. უფრო მეტიც, - ამ ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე დიდწილად (თუ მთლიანად არა) დამოკიდებულია შეინარჩუნებს თუ არა საქართველო დამოუკიდებლობას და ევროატლანტიკურ ორიენტაციას, რაკი თურქეთი საქართველოსთვის «დასავლური ფანჯარაა». მაგრამ ეს ფანჯარა შეიძლება კიდეც დაიხშოს. ან თურქეთის ხელისუფლებამ (მოსკოვთან შეთანხმებით) იგი ჩაგვიკეტოს.
        ანკარის სასამართლომ დაიწყო 7 თურქი გენერლის საქმის განხილვა, რომლებსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებათ ბრალი. თურქული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ არმიის ელიტა გეგმავდა 2002 წელს არჩევნებში გამარჯვებული პროისლამისტური (!) «სამართლიანობისა და განვითარების» პარტიისა და მისი მთავრობის, ესე იგი პრემიერ ერდოღანის დამხობას.
        მთლიანობაში, ამ საქმეზე 50 მაღალი რანგის ოფიცერია დაპატიმრებული. მათ შორის სახმელეთო ჯერების სარდლობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგეგმებოდა რამდენიმე ტერაქტის მოწყობა, მათ შორის მეჩეთების აფეთქება, რის შემდეგაც არმია გამოვიდოდა ყაზარმებიდან და დაეუფლებოდა ხელისუფლებას.
        თავიდანვე უნდა ითქვას, რომ თურქეთისთვის ეს სცენარი უცხო ან არარეალური არ არის. ამ ქვეყანაში სამხედროებმა რამდენჯერმე განახორციელეს სამხედრო გადატრიელება, მთლიანობაში 20-30 წლის განმავლობაში მართეს ქვეყანა და მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაუთმეს ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლებას.
        მაგრამ საქმე ისაა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში მეტისმეტად ხშირად იმარჯვებდნენ პროისლამისტური ძალები. გადატრიალებებსაც არმია სწორედ მათ წინააღმდეგ ახორციელებდა, რაკი თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელმა ქემალ ათათურქმა, რომელმაც სეკულარისტული (ესე იგი საერო) თურქეთის სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი 20-იან წლებში, არმია სწორედ ისე ააშენა, რომ იგი ანტიისლამისტურად ყოფილიყო განწყობილი.
        შესაბამისად, არმიას არ მოსწონს, როდესაც ხელოისუფლების სათავეში (თუნდაც ყველაზე დემოკრატიული არჩევნების შედეგად) ისლამისტები მოდიან, რომლებიც საფრთხეს ქმნიან თურქეთის პროდასავლურ კურსს.
        რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ამჟამინდელმა პრემიერმა ერდოღანმა, რომ იგი პროევროპელია, რომ მხოლოდ წინაპართა მემკვიდრეობის დასაცავად იბრძვის და ა.შ. სამხედროებს მისი არ სჯერათ, - მათ ეჭვი აქვთ, რომ ერდოღანის გარეგნული «პროევროპელობა» და მისი იტალიური კოსტიუმები მხოლოდ ნიღბავენ ისლამურ ფუნდამენტალისმს.
        მით უმეტეს, რომ ევროკავშირი კვლავაც უარს აცხადებს თურქეთის წევრობაზე. ეს ზრდის თურქებში იმედგაცრუებას და აძლიერებს ისლამისტებს. რაც შეეხება საქართველოს ინტერესებს, დასკვნა მკითხველმა გააკეთოს იმის გათვალისწინებით, რომ თუ ვინმე იყო (და არის) თურქეთში რეალურად პროამერიკელი და პროდასავლელი, - სწორედ სამხედროები არიან. ერდოღანის მთავრობამ კი, აგვისტოს ომის დროს, უარი განაცხადა შავ ზღვაში ნატო-ს გემების შემოშვებაზე და მოსკოვში გაფრინდა.
        როგორი არაპოლიტკორექტულიც არ უნდა იყოს ეს მსჯელობა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე სეკულარისტული და პროევროპული თურქეთი სჯობია (ჩვენთვის) ისეთ თურქეთს, რომელსაც შენიღბული ისლამისტები მართავენ. რადგან ასეთი თურქეთი ყოველთვის გამონახავს საერთო ენას რუსეთთან, გენერალთა თურქეთი კი – ვერასოდეს.

მთელ გვერდზე