400 მეტრი საქართველოს დასასრულამდე. - რა ვიღონოთ, თუ რუსები ავტომაგისტრალს გადაკეტავენ?

    არ წყდება და არც უნდა შეწყდეს ბობოქარი საზოგადოებრივი „რეაქცია“ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე. დამკვიდრდა კიდეც ზუსტი ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“, რადგან ის, რაც ამჟამად ხდება, არა უბრალოდ ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების დადგმაა“, არამედ ცხინვალისა და მოსკოვის კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოება-გავრცელება, ახალი ჰექტარების მიტაცებით.
    ამას მარტივი ფაქტი ადასტურებს: „სასაზღვრო ბანერის“ დადგმამდე, სოფელ ბერშუეთის მოსახლეობას მიმდებარე მიწების სასოფლო-სამეურნეო დამუშავების საშუალება ჰქონდა. მაშასადამე, იმ მიწებზე, ასე თუ ისე, ვრცელდებოდა საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი (არ აგვერიოს „იურისდიქციაში“); დღეს კი საბრალო ქართველი გლეხები მათ მიერვე მოწეული მოსავლის ასაღებად იქ ვეღარ შედიან. ესე იგი, ამ ტერიტორიაზე უკვე არა საქართველოს, არამედ ცხინვალის (რეალურად მოსკოვის!) სუვერენიტეტი ვრცელდება.
    ევროკავშირის მისიამ კი, თავისი ძალიან უცნაური (რბილად თუ ვიტყვით) განცხადებით გვითხრა: ევრო-მისია „იმუშავებს“ მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი (და არა იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის მიხედვით) ვრცელდება. უფრო „შორს“ ვერ წავა თუ არ ჩავთვლით მორიგ „წყალწყალა“ შეფასებებს - იმის მიუხედავადაც კი, რამდენად შორს „შემოვა“ კიდევ საქართველოს სიღრმეში მოსკოვის სუვერენიტეტი, ანუ რეალური კონტროლის არეალი.
    აქვე: ცნება „სუვერენიტეტის“ ათასი განმარტება არსებობს შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, თუმცა მათგან 999 გამოუსადეგარია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობდნენ და ცდილობენ პირდაპირ კორელაციას „იურისდიქციასთან“. სინამდვილეში „სუვერენიტეტი“ არის „კონტროლი“. არც მეტი, მაგრამ არც ნაკლები! ანუ, ვინც აკონტროლებს, ის ფლობს სუვერენიტეტს რეალურად (!) და არა ქაღალდზე - სადამდეც არ უნდა ვრცელდებოდეს მისი ფორმალური „იურისდიქცია“ სადღაც გაეროში აღიარებული ქაღალდების შესაბამისად.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ მოვლენებზე რეაქცია კი ნამდვილად ბობოქარი და მძვინვარეა, მაგრამ მის მონაწილეებს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არა აქვთ გაცნობიერებული ბოლომდე, რამდენად ცუდადაა საქმე და სადამდე შეძლება მივიდეს ეს ყოველივე; ან, სხვაგვარად თუ ვიტყვით, საზოგადოებას ჯერ არ ესმის: ჩვენი საქმე იმაზე ბევრად უარესადაა ვიდრე ჩვენ გვგონია და საფრთხეც შეუდარებლად იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
    რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ბიბილოვმა, რომელმაც მანამდელი „თიბილოვი“ ჩაანაცვლა ლოზუნგით „ერთიანი დიდი ალანია - რუსეთის შემადგენლობაში“, თათბირი ჩაატარა და „სამხრეთ ოსეთ-ალანიას“ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (დღემდე КГБ ჰქვია) დაავალა „უზრუნველყოს რესპუბლიკის საზღვრების დაცვა მთელს პერიმეტრზე“. სწორედ ამ ბრძანების შესაბამისად დაიწყეს რუსმა მესაზღვრეებმა, ოს კოლეგებთან ერთად „ბორდერიზაციის“ ახალი ეტაპი. ბუნებრივია, ყოველივე წინასწარ შეთანხმდა მოსკოვთან. მით უმეტეს, რომ რეალურად, ადგილზე, „On The Ground“, სწორედ რუსებმა უნდა განახორციელონ და ახორციელებენ კიდეც - ნელ ნელა „მოჩოჩავენ“ საქართველოს იმ ტერიტორიის სიღრმეში, სადაც ჯერ კიდევ ვრცელდება ან ბოლო დრომდე ვრცელდებოდა თბილისის სუვერენიტეტი.
    და, რაც ყველაზე მთავარია, ამ „მცოცავი ოკუპაციის“ დროს ხელმძღვანელობენ ე.წ. „სახრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ საზღვრის დამდგენი საბჭოთადროინდელი რუქებით! ეს საზღვრები მაშინ „ადმინისტრაციული“ იყო. ახლა კი, სეპარატისტებმა და მოსკოვმა „სახელმწიფო საზღვრებად“ გამოგვიცხადეს. თან რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან დემაგოგიურად მოითხოვს: „სახელმწიფო საზღვრის დადგენაზე ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოეთ, ეგება ზოგიერთ მონაკვეთზე ტერიტორიები გა(ვ)ცვალოთ და მოსახლეობამ აღარ იზარალოსო“.
    იგულისხმება, რომ ჯერ ერთი, ქართული სოფლები, ამ მოლაპარაკებისა და „ორმხრივი კეთილი ნების“ შედეგად „აქეთ მხარეს“ დარჩეს, მაგრამ ოსური სოფლები -„იქით“........ გარდა ამისა, ეს მოლაპარაკება იმთავითვე, თავისთავად, საზღვრის აღიარება იქნება, ანუ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის ირიბი ცნობა.
    აი, ხშირად რომ გვეუბნებიან: „პირდაპირი მოლაპარაკება ვაწარმოოთ ოს ძმებთანო“. იმ „პირდაპირი მოლაპარაკების“ დროს, პირველი საკითხი, რასაც ცხინვალი წამოსწევს, სწორედ „საზღვრებზე მოლაპარაკება იქნება“.
    ქვეყნისთვის სასიცოცხლო საშიშროება კი ისაა, რომ ხსენებული „რუქების“ მიხედვით, ერთ მონაკვეთზე (დაახლოებით 200-250 მეტრი) ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვარი“ კვეთს თბილისი-გორი-ქუთაისი-ფოთის ავტომაგისტრალს!!!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური პროვოკაცია იგეგმება: „ვითომ ოსები“ (სინამდვილეში რუსი ოკუპანტები) ან ჩაკეტავენ ამ მაგისტრალს და მოლაპარაკებას მოითხოვენ „მოძრაობის პირობათა შესახებ“ (შეიძლება სატრანზიტო გადასახადიც მოგვთხოვონ) ან პირდაპირ ავტომაგისტრალთან დადგამენ „სასაზღვრო ბანერს“ და მერე (საჭიროების მიხედვით) იქვე საგუშაგოსაც მოაწყობენ, რაც ისევ და ისევ ავტომაგისტრალის ჩაკეტვის ტოლფასი იქნება.
    ამ ავტომაგისტრალის გარეშე კი, საქართველო საერთოდ ვეღარ იარსებებს არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო, არამედ როგორც ერთიანი ქვეყანა.
    ეს მოსკოვში შესანიშნავად იციან, ამიტომაც „მოჩოჩავენ“..... თან ამოწმებენ დასავლეთის რეაქციას იმ გათვლით, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია ისევ „მხრებს აიჩეჩს“: რა ვქნათ, სასაზღვრო ბანერი და პიკეტი „საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დაიდგაო“, რაც ნიშნავს შემდეგს: „ბანერი დაიდგა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“. შინაარსობრივად სწორედ ამას გულისხმობდა განცხადება ბერშუეთის შესახებ; იმიტომ, რომ სანამ ბანერი დაიდგმებოდა, იმ ტერიტორიას ხომ თბილის აკონტროლებდა, რაკი (ვიმეორებ) იქ ქართველები მიწას ხნავდნენ და მოსავალი მოჰყავდათ? ბერშუეთის ტერიტორია „არაკონტროლირებადი“ მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც იქ რუსი ოკუპანტები მივიდნენ და წარმოუდგენელია ევროპის სამონიტორინგო მისიამ ეს არ იცოდეს ან ამდენს ვერ ხვდებოდეს.
    თუ მოვლენები ასე კატასტროფულად განვითარდა, საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდება საზარელი არჩევანის წინაშე: მშვიდობიანი პროტესტებით და სტუდენტური აქციებით ავტომაგისტრალის გახსნა ზღაპარია: იყვირე რამდენიც გინდა: სროლას და შეიარაღებულ წინააღმდეგობას ომი და ახალი აგრესია მოჰყვება; რაიმე „გეოპოლიტიკურ დათმობაზე“ ლაპარაკი ზედმეტია: ერთი „პატარაზე“ დათმობაც კი, როგორც კარგ ქართულ ანეგდოტშია (მაგალითად „ნატო“-ს საკითხში) იმას ნიშნავს, რომ სულ მალე გვეტყვიან: „ევრაზიულ კავშირს ვქმნი და ოს-აფხაზ ძმებთან ერთად შემოდითო“.
    რჩება მარტივი უალტერნატივო ოფცია ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებთ, როცა ჩვენი დასავლელი მოკავშირეები უკრაინა-სირია-ჩრდ.კორეა-ირანის ჭაობში არიან ჩაფლულნი: მთავრობამ შეიმუშავოს გეგმა და, საჭიროების შემთხვევაში, ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი როგორმე ჩანაცვლდეს ალტერნატიული შემოვლითი გზით. ბოლოს და ბოლოს 200-250 მეტრი ტექნიკურად (თუ მხოლოდ ტექნიკურად განვიხილავთ) დიდი პრობლემა არ არის.
    გარდა ამისა, ვიქონიოთ იმედი, რომ თუ რუსი ოკუპანტები ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრებს გასცდებიან, დასავლეთი მაშინ მაინც არ დაკმაყოფილდება „წყალ-წყალა“ განცხადებებით.
    პოლიტიკის ერთ-ერთი თვისება ისაა, რომ აქ „გამოუვალი მდგომარეობები“ არ არსებობს. თუმცა....... ვაი ამგვარ „გამოსავალს“!

               მთელ გვერდზე