დეკემბერ - იანვარი
   

    დღემდე არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ «ვინ ისროლა პირველმა 22 დეკემბერს» - თითქოს ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება გამსახურდიას რეჟიმის ძალით დამხობის თაობაზე აშკარად გაცილებით ადრე იქნა მიღებული.
    ჯერ კიდევ სექტემბერში, ტელევიზიასთან გამართულ მიტინგზე კიტოვანმა პირდაპირ თქვა: «ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ დავამხობთ სატანას».
    არ არის გამორიცხული, პირველმა სწორედ გამსახურდიას მომხრე გვარდიელებმა (ქობალიას ბატალიონის წევრებმა) ისროლეს. თუმცა, სხვა მონაცემებით, პირველი გასროლა კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის სახურავიდან (ანუ მოწინააღმდეგე მხრიდან) გაისმა. პირველი სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა რომან გვენცაძე და დაიღუპა გამსახურდიას მომხრე ე.წ. «კარვის ქალი» (ამ ტერმინისა და ცნების დამკვიდრება ზვიად გამსახურდიას მორიგი წარუმატებლობა და ოპოზიციის მორიგი იდეოლოგიური გამარჯვება გახლდათ უდავოდ-ავტ).
    დილის 9 საათისათვის «მთავრობის სასახლესთან» უკვე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა. კიტოვანის გვარდიამ «თბილისის ზღვიდან» სამხედრო ტექნიკა ჩამოიყვანა. შორსმსროლელი ჰაუბიცი ქაშუეთის ეკლესიასთან დააყენეს და «ბალვანკებს» (ჭურვებს, რომელთაც საბრძოლო მუხტი მოხსნილი ჰქონდათ) სასახლეს უბაგუნებდნენ. ეს კიტოვანის «გენიალური» მიგნება იყო - «საბრძოლო ჭურვები რომ ვესროლოთ, ჩვენც ავფეთქდებით, ამიტომ «ბალვანკები» ვესროლოთ, გამსახურდიას შაქარი აქვს, ინერვიულებს და კომაში ჩავარდებაო».

    კიტოვანის შტაბი სასტუმრო «თბილისში» განლაგდა. გვარდიელები მთელი ღამის ნაქეიფარნი იყვნენ. წინა დღეს, 21 დეკემბერს, სასტუმროს საბანკეტო დარბაზში ვიღაცის დაბადების დღეზე გაშლილი სუფრა დახვდათ და კარგადაც მოილხინეს - რა თქმა უნდა პატრონის უკითხავად.
    თენგიზ სიგუაც იქვე იყო. მას მწვავე შელაპარაკება მოუვიდა თამრიკო ჩხეიძესთან, რომელიც, მიუხედავად «ანტიზვიადისტობისა», ბოლო მომენტში რატომღაც სისხლისღვრის წინააღმდეგი აღმოჩნდა.
    - «თუ არ მოგწონს – წადი!» - უკმეხად მიუგო სიგუამ.
    - «თქვენც ისეთივე ნაძირალები ხართ» - უთხრა თამრიკო ჩხეიძემ და იქაურობას გაეცალა.
    «რესპუბლიკელებმა» ქუჩაში პროკლამაცია გამოაკრეს - პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებით 1991 წლის სექტემბერში შექმნილი «თავდაცვის საბჭოს» სიით: ზვიად გამსახურდია, თენგიზ სიგუა, ვაჟა ადამია, თენგიზ კიტოვანი. ამით იმის თქმა სურდათ, რომ მთელი პასუხისმგებლობა სწორედ გამსახურდიას უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან საკუთარმა გარემოცვამ უღალატა. ერთობ მომგებიანი პოზიცია იყო: «ეგენი ერთმანეთს დაერივნენ და აბა ჩვენ რა შუაში ვართო». არადა ამ პოზიციას ქართული პოლიტელიტისათვის ჩვეული მორალის ელფერი დაჰკრავდა: ჯერ ერთი, მათ თავადაც ბევრი გააკეთეს ზვიად გამსახურდიას დასამხობად აუცილებელი ფონის შესაქმნელად 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება, როდის გამოაქვეყნეს მიმართვა: მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ და არა სექტემბერში ან ოქტომბერში - მაშინ სიგუასა და კიტოვანის განაწყენებას მოერიდებოდნენ: ვაითუ ისევ პრეზიდენტს შეურიგდნენო.

    ირაკლი წერეთელი ამ დროს სვანეთშია. «ნაარყალ-ნახინკლარმა» თვალი ძლივს გაახილა, ტელევიზორი ჩართო და საცოდავი, «შიშველი-გადარეული» გურამ პეტრიაშვილი შერჩა ხელში, ჰაუბიცის ბათქა-ბუთქში რომ გაიძახოდა: «მოგელანდები თენგიზ სიგუა, მოგელანდები!!! თედო პაატაშვილო, შე ნაძირალავ; ნოდარ ნათაძევ, იარაღს რატომ აგროვებდი სახალხო ფრონტის შტაბ-ბინაში; ირაკლი წერეთელო, გაიხსენე ჩვენი ლაპარაკი - გია ჭანტურია ქართველი არასდროს ყოფილა; ირინა სარიშვილო, მოგიწევს სახელის გადაკეთება ირინედ!!!» და ა.შ.
    თენგის სიგუა სატელეფონო მოლაპარაკებას აწარმოებდა ზვიად გამსახურდიასთან. თავდაპირველად, პრეზიდენტი დათანხმდა ვერტმფრენით გამგზავრებულიყო აჭარაში. ყოველ შემთხვევაში, სიგუა მაშინ სწორედ ასე ამბობდა: «მე შევთავაზე, შენთან ერთად ჩავჯდები ვერტმფრენში და აჭარაში გადაგიყვანთ მეთქი. . . ჯერ დამთანხმდა, მერე გადათქვა და მითხრა: ეს მხოლოდ ჩემზე არ არისო დამოკიდებული».
    სიგუა დღემდე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს მისმა უახლოესმა გარემოცვამ გადაათქმევინა აჭარაში წასვლა. ამ აზრს იზიარებდა და იზიარებს დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა: «გამსახურდიამ აჭარაში თავის შეფარებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ გარემოცვამ დაარწმუნა არ წასულიყო - აჯანყებულებს ადვილად გავუმკლავდებითო».
    რატომღაც დღემდე აზრად არავის მოსვლია ელემენტარული კითხვა: ასლან აბაშიძე თანახმა იქნებოდა ზვიად გამსახურდიას თავი აჭარისათვის შეეფარებინა?!
    დარწმუნებული ვარ, იგი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო!
    ასლან აბაშიძე საკმაოდ ჭკვიანი და ეშმაკი პოლიტიკოსი გამოდგა. მან ზუსტად გათვალა, რა მოჰყვებოდა ზვიად გამსახურდიას თავშეფარებას აჭარაში: თბილისში, რასაკვირველია, გაგრძელდებოდა «ზვიადისტების» მიტინგები; თენგიზ კიტოვანი დაარწმუნებდა შიშით აცახცახებულ «ელიტარულ ინტელიგენციას» და «პოლიტიკურ ელიტას», რომ «პროცესები აჭარიდან იმართება, უნდა მოიშალოს გამსახურდიას ბუდე ბათუმში, თორემ თბილისსა და საქართველოში სიმშვიდე არ იქნება»; ეს კი უეჭველად გახდებოდა აჭარაში კიტოვანის გვარდიის შეყვანის საბაბი - ყველა თანამდევი შედეგით.
    გავიხსენოთ: გამსახურდია აჭარაში არ იყო, მაგრამ 1992 წლის გაზაფხულზე, ცოტას გაწყდა, კიტოვანმა კინაღამ მაინც შეიყვანა გვარდია აჭარაში.
    ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა გამსახურდია სიტყვებში: «ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული» და არა ცოლის ან ცოლისდის წინააღმდეგობას.
    ზემოთთქმულს დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ წარმოუდგენელია ასლან აბაშიძეს პიროვნულად ზვიად გამსახურდიას მიმართ რაიმე სიმპათია ჰქონოდა მას შემდეგ, რაც, მისივე თქმით, «ტერორისტი იმნაძე თბილისში დიდი პატივით («სამხედრო რეგალიებით») დაკრძალეს».
    თუმცა, აბაშიძე ყოველივე ამას არასდროს შეიმჩნევდა, რათა შემდგომ,  ზვიადისტების «შემოჩვევაში» ხელი არ შეშლოდა.

    «თბილისის ომის» ყველაზე შემაძრწუნებელი, ამაზრზენი და შემზარავი მხარე იყო არა საკუთრივ სისხლისღვრა, ნგრევა, ძმათაკვლა, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი.
    თბილისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (მთელ საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მშვიდ, ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა. ფუნქციონირებდა მეტროპოლიტენი («თავისუფლების მოედნის» გარდა), საქალაქო ტრანსპორტი, ბაზრები, მაღაზიები, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთ რაიონში კინოთეატრებიც კი. ადამიანებს სახეზე საშინელი აპათია და გულგრილობა გამოხატვოდათ. ეს უმალვე შენიშნა გაზეთ «Известия»-ს კორესპონდენტმა და სიხარულით აღსავსე კორესპონდენცია აფრინა რედაქციაში.
    (აქვე უნდა ითქვას, რომ «თბილისის ომი» და საძულველი «გრუზინების» თავსლაფისდასხმა რუსული საზოგადოებისათვის საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული ტკივილის ერთგვარ მორალურ კომპენსაციად იქცა. თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ამ «კომპენსირების» პროცესის მხოლოდ დასაწყისი იყო).
    თბილისში სისხლიანი მარაზმის დროს მოსკოვში მხიარულობდნენ და ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ. ეგეც თქვენ - ГРЫЗУН(!)-ებს. ახია თქვენზე!
    ასეულობით ადამიანი იდგა მდუმარედ, იდიოტური გამომეტყველებით რუსთაველის თეატრთან, «ლაღიძის წყლებთან» და საბრძოლო მოქმედებებს თვალს ადევნებდა. «დემოკრატიული ოპოზიციის» წევრები, რომლებიც სიგუა-კიტოვანმა მაინც დააყენეს ფაქტის წინაშე, შიშით ცახცახებდნენ და ილანძღებოდნენ: «რა გვიქნეს ამ დამპლებმა, - ახლა თუ გაიმარჯვა გამსახურდიამ, ხომ ჩამოგვკიდებენ ყველას ფეხებით?!»

    თბილისის ერთ-ერთ რაიონში 24 დეკემბერს ნაცნობი შუა ხნის «ჰუმანიტარი» (დოცენტი) შემხვდა.
    ხელში ცარიელი ბოთლებით სავსე ჩანთა უჭირავს – ბავშვისთვის რძეზე მივდივარო. სახეზე რაღაცნაირი, ზიზღნარევი გულგრილობა აღბეჭდვია. მთელი საუბრის განმავლობაში რუსთაველიდან «ჰაუბიცის» გრუხუნი ისმის, მაგრამ ამას თითქოს ვერ ამჩნევს: «. . . არა, ამ ჩემს ბიჭს სპალნის კარი უნდა გადავუკეტო. . . მესამე შვილი ეყოლა უკვე. . . ორ ოთახში ვართ . . . აი, რძეზე მივდივარ ეს ოხერი. . . აღარ შემიძლია. . . ჰო კარგი აბა, კარგად იყავი . . .» და გულგრილად წალასლასდა.
    სულ რაღაც ხუთიოდე წლით ადრე იგი კვირაში ერთხელ მაინც დადიოდა საინგილოში «ეროვნული ინტერესების» დასაცავად და თბილისში «ტრანსკავკასიური რკინიგზის» საწინააღმდეგოდ ხელმოწერებს აგროვებდა, - «საქართველოში რუსეთის იმპერიის პოზიციათა შესასუსტებლად».

    შინაგან საქმეთა სამინისტროსთან «ზვიადისტების» (ძირითადად ქალების) მიტინგები იმართებოდა. მილიციისაგან «ჩარევასა» და ხელისუფლების დაცვას მოითხოვდნენ. მაგრამ მილიციის ელიტა «ჩარევას» არ აპირებდა. ხაბულიანისათვის თვალებში მჟავა რომც არ შეესხათ «გვარდიელებს» - მის ბრძანებას ხელქვეითები მაინც არ შეასრულებდნენ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: გვარდია და მხედრიონი გულზე არ ეხატებოდათ, ოღონდ ისიც შესანიშნავად იცოდნენ (გრძნობდნენ უცთომელი გუმანით), რომ გამსახურდიას საქმე წასული იყო - რუსეთი მას მხარს არ დაუჭერდა ამბოხებულთა წინააღმდეგ. უფრო პირიქით.
    გარდა ამისა, დედალმაშო ეთნომენტალიტეტიდან გამომდინარე, ისიც კარგად უწყოდნენ, რომ თუ აქტიურად დაუჭერდნენ მხარს გამსახურდიას, - ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ციხეშიც ჩაესვათ. მერედა იცით რა ელის მილიციელს (განურჩევლად რანგისა) «კამერაში»? იმას ნამდვილად სიკვდილი სჯობია, რაც იქ მას ელის!

    თავდაპირველად, ბრძოლებში ვაჟა ადამიას შენაერთებიც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი «თავისუფლების მოედნიდან» უტევდნენ უზენაესი საბჭოს შენობას. შემდეგ (ადამიას განცხადებით) «მუზეუმების დაცვაზე» გადავიდნენ. ბოლოს კი ვაჟა ადამიამ საერთოდ მიატოვა რუსთაველი და თავის რაზმთან ერთად შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში გამაგრდა.
    22 დეკემბრიდან - 28 დეკემბრამდე საბრძოლო მოქმედებები ძირითადად მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა. მაგრამ 28-29 დეკემბერს გამსახურდიას არც თუ მცირერიცხოვანმა მომხრეებმა საკმაოდ მძლავრი კონტრშეტევა განახორციელეს, რუსთაველის გამზირი ამბოხებულთაგან თითქმის მთლიანად გაწმინდეს და კიტოვანის გვარდიელები «იმელამდე» გარეკეს.
    გადატრიალების ორგანიზატორები იმდენად დაფეთდნენ, რომ გოგა ხაინდრავას მტკიცებით, იმ ღამეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილის, სუფიან ბეპაევის კაბინეტში ეძინათ - დივანზე, ერთმანეთთან ჩახუტებულებს. თვით სარდალი, გენერალი პატრიკეევი, ГРУ-ს რჩევით, თბილისში არ იმყოფებოდა. პროცესებს სუფიან ბეპაევი მართავდა. სწორედ მაშინ (29-30 დეკემბერს) გამოჩნდნენ რუსთაველზე Т-72 ტიპის ტანკები და განსაკუთრებული, მოკლელულიანი ქვემეხები, რომლებთანაც ქერათმიანი რუსი სპეციალისტები ფუსფუსებდნენ.
    დაახლოებით იმ დროს, თენგიზ კიტოვანმა (მას, როგორც ჩანს, ეჭვი შეეპარა საბოლოო გამარჯვებაში) რუსეთის ტელევიზიით განაცხადა: «Демократичесские силы Грузии оставляют за собой право, в случае необходимости, обратится за помощью к Борису Ельцину». გასაგებია, რომ ელცინი თავად არ წამოავლებდა ხელს «კალაშნიკოვის» ავტომატს და მოსკოვიდან - თბილისში ვერ გამოიქცეოდა ქართული დემოკრატიის გადასარჩენად. ანუ, აქ, რასაკვირველია, იგულისხმება კავკასიაში დისლოცირებული რუსული ჯარების მხარდაჭერა.

   მაგრამ უდიდესი გამარტივება იქნებოდა იმის თქმა, თითქოს მოსკოვი, ზოგადად «ოპოზიციას» ან ხელისუფლებას უჭერდა მხარს. სინამდვილეში მისთვის მთავარი იყო შეექმნა შეურიგებელი, მძვინვარე სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ფაქტორი საქართველოში.
    რუსულმა სპეცსამსახურებმა ზუსტად გათვალეს, რომ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა აუცილებლად გამოიწვევდა სამოქალაქო ომს, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს საფუძველშივე ჩაიდებოდა ურთიერთსიძულვილისა და დაპირისპირების მუხტი, რაც უეჭველად მძლავრი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა სახელმწიფოს შემდგომი აღმშენებლობისას.
    მეორეს მხრივ, ისიც გამარტივებაა, თითქოს სიგუა-კიტოვანი «კრემლის აგენტები» იყვნენ. აქ, უბრალოდ ინტერესთა თანხვედრა მოხდა.
    გარდა ამისა, კრემლის «ანალიტიკურ ლაბორატორიებში» ზუსტად გათვალეს, რომ სამოქალაქო ომის პირობებში (რომლის დაწყება გარდაუვალი გახდებოდა) ორივე მხარეს ექნებოდა შიში, ვაითუ «ძალის რუსული წყარო» მოწინააღმდეგემ გამოიყენოსო, რაც რუსეთისათვის ხელსაყრელ ვითარებას შექმნიდა.
    კიდევ ერთი მიზანი იყო საქართველოს გამოუსწორებელი დისკრედიტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. და ამ მიზანსაც ბრწყინვალედ მიაღწიეს.
    რაც შეეხება კიტოვანის განცხადებას, გვარდიის სარდალს იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში მას ვერავინ მოისმენდა და ვერ ნახავდა, ვინაიდან ტელევიზია გამორთული იყო. ოღონდ მან ვერ გაითვალისწინა, რომ თბილისის ბევრ რაიონში შესაძლებელია აზერბაიჯანის ტელევიზიის გადაცემათა მიღება, რომლითაც იმ დროს პროგრამა «Время»-ს რეტრანსლირება ხდებოდა. ამიტომ კიტოვანის განცხადება (იგი შემდგომ გაზეთმა «Известия»-მაც დაბეჭდა) ათი ათასობით ადამიანმა მოისმინა თბილისში.
    იმავე «საკავშირო ტელევიზიით» სიგუამ განაცხადა: «Гамсахурдия выпускает из тюрем уголовников, чтобы использовать их против демократичесских сил – это уже не народ!»
    ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რეალურად, კრიმინალები და მათი ახლობლები სწორედ ოპოზიციის მხარეს იბრძოდნენ ჯერ კიდევ სექტემბრიდან. უფრო მეტიც, - იმ დროს უკვე ეს სოციალური ფენა «გვარდიის» ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. ისინი იბრძოდნენ ხელისუფლების დასამხობად თუნდაც იმიტომ, რომ მიიღეს დაპირება, გამსახურდიას მოშორების შემდეგ, ფართო ამნისტიის შესახებ - რაც განხორციელდა კიდეც 1992 წლის თებერვალში.

    თბილისის ომში, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავიდანვე განწირული იყო დამარცხებისათვის. თუმცა საბრძოლო მოქმედებები ორ კვირას გაგრძელდა. ეს იყო განუწყვეტელი მარაზმი. ბუნკერში გაიმართა გულისამრევი ღრეობა, რაც ვიღაცამ ვიდეოფირზე გადაიღო. შემდგომ რუსეთის ტელევიზია ამრეზით აჩვენებდა ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ამ მართლაც საზიზღარ კადრებს: როგორ ცეკვავდა ვიღაც ქართველი მთიელი (კბილებში ხანჯლითა და ქამარში ხელჩაჭიდებით) ცნობილ მთიულურ ცეკვას. შარვალი უკან უშნოდ ჩამოჩაჩვოდა და ფეხებით და მხრებით უგვან მოძრაობებს აკეთებდა.
    «ბუნკერში» გამართულ ამ ღრეობას თან ახლდა არანაკლებ გულისამრევი «საახალწლო ზეიმი» შეიარაღებული ოპოზიციის ბანაკში, - სროლითა და შედლუხით.
    გადამწყვეტი მომენტი გამოდგა ბესო ქუთათელაძის (იგი ტელეანძას იცავდა) გადასვლა ოპოზიციის მხარეს და სატელევიზიო ანძის ოპოზიციონერთა ხელში გადაცემა. ამის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, გამსახურდიას რეჟიმი უკვე აგონიაში იმყოფებოდა. დაიწყო სატელევიზიო გამოსვლები მოწოდებებით ზვიად გამსახურდიასადმი: «გადადექი, - რა გახდა შე კაცო, ვინ არ გადამდგარა!»
    ფსიქოლოგიურად ყველაზე ზუსტი და ეშმაკური იყო ირინა სარიშვილის გამოსვლა: «მოსახლეობის უმრავლესობა ორივე მხარეს ადანაშაულებს. მაგრამ დაე, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და იქ იპოვოს პასუხი კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე?!»

    დეკემბრის ბოლოს, შეიარაღებულმა ოპოზიციამ გია ჭანტურიას, გოგა ხაინდრავას და ჯაბა იოსელიანის გათავისუფლება შეძლო. მათთან ერთად ციხეში მყოფმა ოს სეპარატისტთა ლიდერმა, ტორეზ კულუმბეგოვმა იეშმაკა: მანამ არ გამოვიდა ციხიდან (თუმცა მის გათავისუფლებას ოპოზიციონერები «ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა» ღირსების საქმედ მიიჩნევდნენ), სანამ არ მიიღო გარანტია, რომ ცხინვალამდე რუსი სამხედროები გააცილებდნენ. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრებოდა - კულუმბეგოვს უბრალოდ სურდა დაეფიქსირებინა, რომ იგი რუსებმა გაათავისუფლეს და ოსებს ქართველი «ანტიფაშისტების» სამადლობელი არაფერი აქვთ.
    რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა «დემოკრატიულ ძალთა» მიტინგი - ახლახანს გათავისუფლებულთა მონაწილეობით.
    გია ჭანტურია: «უფალი მოგვექცა ისე, როგორც მოექცევა კაცი პატარა გოშიას, რომელსაც ცხვირს ჩააკვრევინებს საკუთარ ნასვრილში»
    რუსლან მიქაბერიძე: «მე დავით აღმაშენებელსაც არ ვაიგივებ ქვეყანასთან და და ეს ვინ აგდია ეს ნაძირალა?!!! გველი უნდა გაისრისოს, სანამ თავი ისევ წამოუყვია!»
    ელდარ შენგელაია: «მე მივედი და დავწვი გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკის» ნომრები, სადაც ათასი სისულელე იწერება მოსკოვის ГИК-ზე (Государственный институт киноматографии –ავტ.) ; საქართველო უნდა იყოს ლაღი და თავისუფალი ქვეყანა. . . ის საქართველო კი. . . რომელიც მათ უნდათ. . . არ გვინდა ასეთი საქართველო! არ გვინდა ასეთი საქართველო!!!»
    ჯაბა იოსელიანი და სხვა მხედრიონელები: «ჩვენ ვიბრძოდით დემოკრატიისათვის და ამიტომ დაგვაპატიმრეს»
    მიხეილ ქურდიანი: «ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უარვყავით კონსტიტუცია - ერთადერთი ნამდვილი კონსტიტუცია, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ე.წ. «პრეზიდენტის ინსტიტუტზე». . . ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას! მხოლოდ გვარდიას, დიახ მხოლოდ გვარდიას ექნება უფლება დადგეს ჩვენს გვერდით!!!»
    გოგა ხაინდრავა: «მე გეკითხებით თქვენ ყველას (ანუ მიტინგზე შეკრებილ ხალხს-ავტ.): რატომ ხართ აქ?! რატომ არ ხართ იქ?!!! (ბრძოლის ველზე – ავტ.) სად არიან პოლიტიკური პარტიები?! აღიარონ, რომ პოლიტიკური გვამები არიან ყველანი!!!»
    ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის იქვე მდგომი, იარაღასხმული წევრი ხმამაღლა შეეპასუხა: «პოლიტიკური პარტიები აქ ვართ და ვიბრძვით დემოკრატიისათვის!»

    რამდენიმე დღის შემდეგ, 2 იანვარს, საზოგადოება «ცოდნის» დარბაზში ქართული «პოლიტიკური ელიტა» ანუ პოლიტოკრატია შეიკრიბა. იქ იყო თითქმის ყველა ის «მოღვაწე», ვინც 1988 წლიდან თავის თავს «პოლიტიკოსს» უწოდებდა. ისინი უკვე მაშინ (1992 წლის 2 იანვარს) მსჯელობდნენ «გამსახურდიას შემდგომი» პოლიტიკური მოწყობის საკითხებზე.
    გარეთ კვლავ სისხლი იღვრებოდა, ქუჩებში გვამები ეყარა, საზარელი, ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებდა - ეს უზნეო პოლიტიკანები კი ისე მხიარულობდნენ, თითქოს თანაკლასელები შეკრებილიყვნენ კომკავშირის კრებაზე ან საახალწლო სუფრაზე ყოფილიყვნენ დროის სატარებლად.
    და საერთოდ, არა მხოლოდ ეს, თითქოსდა უმნიშვნელოდ წვრილმანი ეპიზოდი, არამედ, განსაკუთრებით, შემდგომი წლების უბინძურესი (სიტყვა «პრინციპის» ხსენება მათ კონტექსტში საერთოდ არ ღირს - ავტ) პოლიტიკური ალიანსები ადასტურებს: ასეთი გახრწნილი, ასეთი უნამუსო, უსირცხვილო, შუბლძარღვგაწყვეტილი, დამპალი და გათახსირებული «პოლიტელიტა» დედამიწის ზურგზე არც ერთ ერს არ ჰყოლია, არ ჰყავს და არც ეყოლება.

    2 იანვარს დიდუბეში «მხედრიონმა» ზვიადისტების მიტინგი დახვრიტა. რადიო «Свобода»-მ ამ ამბავს ასეთი კომენტარი დაურთო; «Джаба иоселиани отказался осудить применения силы против мирной демонстрации».
    თბილისი მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანიც გამოეხმაურა: «ამერიკის ადმინისტრაცია არ აპირებს სცნოს ახალი ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც მიმართა ძალას პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად, თუმცა, პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგულება ადამიანის უფლებათა დაცვის ღირებულებებისადმი აგრეთვე სერიოზულ ეჭვს იწვევდა».
    მანამდე მიხეილ გორბაჩოვმა გააკეთა განცხადება «გადადგომის» შესახებ; საბჭოთა კავშირი დაიშალა; ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები «გაერო»-ში გაწევრიანდნენ - ყველანი, საქართველოს გარდა.

    თბილისი ომი 7 იანვარს დასრულდა. შემდგომდროინდელ მოვლენათა გათვალისწინებით, აქ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა: რატომ გაუშვეს ზვიად გამსახურდია საქართველოდან? პრეზიდენტმა დილით, უახლოეს გარემოცვასთან ერთად დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა (ანუ «ბუნკერი» - ოპოზიციის კიდევ ერთი პროპაგანდისტულ-სტერეოტიპული გამარჯვება).
    კიტოვანის გვარდიელებმა პრეზიდენტის მანქანა გაატარეს, ხოლო მის თანმხლებთ (ისინი ავტობუსებში ისხდნენ) ცეცხლი გაუხსნეს.
    კიტოვანსა და სიგუას, რა თქმა უნდა, ადვილად შეეძლოთ გამსახურდიას დაკავება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ, გამსახურდია ცოცხალი ყოფილიყო და თან პოლიტიკურად აქტიური. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ზვიად გამსახურდიას პრობლემა მოიხსნებოდა, მაშინ სიგუა და კიტოვანი იმავე «ელიტარული ინტელიგენციისაათვის», იმავე «პოლიტოკრატიისათვის» უმალვე იქცეოდნენ უსარგებლო ფიგურებად.
    მართლაც, თუ ზვიად გამსახურდიას პრობლემა აღარ იარსებებდა, ვის რაღაში დასჭირდებოდნენ სიგუა და კიტოვანი? აი, ამიტომ გაუშვეს ზვიად გამსახურდია, თუმცა მისი შეჩერება (ვიმეორებ) და დაპატიმრება ან სხვა რამ სულ ადვილად შეეძლოთ.

    «თბილისი ომი» დამთავრდა. მხედრიონელები მთავრობის სასახლესთან შამპანიურს ხსნიდნენ. მძვინვარე ქართველოფობი, თბილისელი რუსი სერგეი ჩერნიხი («Комсомольская Правда-ს კორესპონდენტი) წერდა: «Мировая история получила редчайший феномен: гражданская война за одни идеалы». ანუ ორ მხარეს შორის არანაირი მსოფლმხედველობრივი სხვაობა არ არის და ვეღარ გავიგე, ეს იდიოტი ქართველები ერთამნეთს რაღაზე ხოცავენო.

    ტელევიზიით გამოსვლისას აკაკი ბაქრაძემ (მის გამოჩენას მანამდეც ბევრი ელოდა. თუმცა, მან სექტემბერში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით «ცნობიერების ლიბანიზაცია» და ხელები დაიბანა) ომს «უაზრო» უწოდა და საზარელი სიმართლით აღბეჭდილი ფრაზა თქვა: «ქართულ ეროვნულ მოძრაობას ხელები სისხლში აქვს მოსვრილი და საეჭვოა, მან ოდესმე ამ სისხლის ჩამობანა შეძლოს.»

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა