განხეთქილება
   

    1991 წლის 12 ივნისს, რუსეთმა პირველი პრეზიდენტი აირჩია. ბორის ელცინმა მნიშვნელოვანი უპირატესობით დაჯაბნა კონკურენტები, თუმცა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ 6 მილიონი ხმა (!) მიიღო. ელცინის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია კრემლის ყრილობათა დიდ სასახლეში გაიმართა. მისასალმებელი სიტყვა ოლეგ ბასილაშვილმა წარმოთქვა, რაც დამსწრეთაგან ბევრს უკვე აშკარად არ ესიამოვნა. ისინი მალულად აპარებდნენ თვალს სამთავრობო ლოჟისაკენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი იჯდა მეუღლითურთ.
    ზვიად გამსახურდიამ, როგორც მაშინ ამბობდნენ, გატეხა თავისი სიტყვა - არ ჩასულიყო მოსკოვში და არ შესულიყო კრემლში, სანამ საქართველო დამოუკიდებელი არ გახდებოდა. ამ შემთხვევაში, მოსკოვში სტუმრობას იგი იმით ამართლებდა, რომ კრემლს ეწვია «არა როგორც მონა, არამედ სუვერენული საქართველოს პრეზიდენტი - სუვერენული რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად».
    მანამდე, გამსახურდია კიდევ ერთხელ იყო მოსკოვში (საქართველოს ხელმძღვანელის რანგში) სპეციალური პრეს-კონფერენციის მოსაწყობად - საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრ პავლოვის წინააღმდეგ, რომელმაც გაბედა და საბჭოთა კავშირის ხელშეუხებელი სასურსათო რეზერვის საქართველოდან გაზიდვა ბრძანა, ვინაიდან ზვიად გამსახურდია ამ რეზერვებს დიდად არ დაგიდევდათ და გაჭირვების გამო «ანიავებდა» ანუ სავაჭრო ქსელში გამოჰქონდა ან გვარდიის საჭიროებისათვის ხარჯავდა.
    იმავე პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ხელმძღვანელმა ინგუშთა ეროვნული მოძრაობის ლიდერი, კოსტა ძუგაევი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

    რაც შეეხება პრეზიდენტ ელცინს, ინაუგურაციაზე მან მიხეილ გორბაჩოვი იდიოტურ მდგომარეობაში ჩააყენა და ეს უკანასკნელი საბოლოოდ აქცია კომიკურ ფიგურად.
    რუსეთში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი იყო. ზემოთ გორბაჩოვ - ლუკიანოვის გეგმაზე ვისაუბრეთ (ავტონომიათა და მოკავშირე რესპუბლიკათა გათანაბრების შესახებ). როგორც ჩანს, ამ გეგმამ რუსული ელიტის დიდი ნაწილიც შეაშფოთა, ვინაიდან რუსეთის «გათქვეფა» ახალ კავშირში არც მათ ეპიტნავათ: თუ ავტონომიები მოკავშირე რესპუბლიკებს უთანაბრდებოდნენ, ანუ რსფსრ-იდანაც გადიოდნენ, მაშინ რუსეთი (როგორც ასეთი) საერთოდ იკარგებოდა ახალ ფედერაციულ სახელმწიფოში, რაც ძალზე სახიფათო იყო მიუხედავად იმისა, რომ ახალი სახელმწიფო, შინაარსობრივად, რუსეთ-საბჭოთა კავშირის მემკვიდრე იქნებოდა. ეს გახლდათ ერთ-ერთი მოტივი ელცინის მხარდაჭერისა რუსული ისტებლიშმენტის მხრიდან.
    ამრიგად, ამ თვალსაზრისითაც, ზვიად გამსახურდიას ცდა, დაემყარებინა კავშირი ელცინთან, სავსებით გამართლებული ჩანს. სხვა საქმეა, რა ფორმით ხორციელდებოდა ეს გადაწყვეტილება, რაც, სხვათა შორის, ზოგადად დიდი პრობლემა იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტისათვის. ხშირ შემთხვევაში იგი სწორ გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებათა რეალურად განხორციელების უნიჭო ხერხებსა და ფორმებს (მთლიანობაში, უნიათო ტექნოლოგიას) - შინაარსი არარაობამდე დაჰყავდა, რითაც კიდევ ერთხელ მჟღავნდებოდა გამსახურდიას, როგორც პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის გამოუცდელობა და უნიჭობა, - პოლიტიკური ტექნოლოგიის საკითხებში მისი გაუთვითცნობიერებლობა. არადა, პოლიტიკოსისათვის ამ ტექნოლოგიის ფლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
    ბორის ელცინის ინაუგურაციის შემდეგ გამართულ საზეიმო ბანკეტზე საქართველოს პირველი ლედი იმდენად ღრმა დეკოლტეთი მიბრძანდა, რომ «Комсомольская правда» დაცინვით წერდა: «Госпожа Гамсахурдия, в глубоком декольтэ была столь привлекательна, что даже военнослужащие охраны дворца, которые, как известно, народ суровый и грубый, - были в восторге».
    იგივე გაზეთი იმავე ტონით აღწერდა თბილისში გამსახურდიას დაბრუნების სცენას, როდესაც დამხვედრი «ოფიციალური პირები» (ასათიანი, ბურჭულაძე და სხვები) მას მარცხენა ძუძუზე კოცნიდნენ, - ის კი, ჭეშმარიტად საიმპერატორო, მშვიდი მედიდურობით იფერებდა.
    საერთოდ, ეს გაზეთი საქართველოსა და ქართველებისადმი განსაკუთრებული (ვიტყოდი, დახვეწილად ნიჭიერი) სიძულვილით გამოირჩეოდა. სწორედ ამ გაზეთში გამოქვეყნდა საზარელი სტატია «Окно с видом на войну»-ისევ და ისევ სამხრეთ ოსეთის მოვლენათა შესახებ, რომელშიც საქართველო და, მთლიანად, ქართული ფენომენი ძირფესვიანად იყო «მოთხრილი».
    ამავე გაზეთის უაღრესად ნიჭიერმა კორესპონდენტმა, იგორ ჩერნიხმა, მახვილგონივრულად გააბათილა საქართველოში, 1991 წლის დასაწყისში, «საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის» მორალური და პროპაგანდისტული ეფექტი სტატიით «Пять минут без пива», რომელშიც აღწერა, რომ როდესაც თბილისში, საბჭოთა კავშირისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად, 5 წუთით გაჩერდა ყველა და ყველაფერი, ლუდის ბარში 5 წუთით სასმელის ჩამოსხმაც შეწყვიტეს. რიგში მდგომი ხალხი უსიამოდ იშმუშნებოდა და ერთმანეთს თვალს არიდებდა. ჩერნიხმა ეს სურათი უდიდესი ოსტატობით დახატა და ნაცვლად «იდეის გამო» გაფიცული ქართველისა, მკითხველს თვალწინ წარმოუდგინა ღიპიანი მამაკაცი («Грузин»-ი), რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება «ხუთწუთიანი დაუმორჩილებლობა» და როდის ჩამოუსხავს ტურტლიანწინსაფრიანი, მსუქანი დახლიდარი ლუდს, რათა სულმოუთქმელად დაეწაფოს.
    არც სხვა გაზეთები გვაკლებდნენ ხელს (ასევე ნიჭიერად და მახვილგონივრულად). მაგალითად, «ПРАВДА»-მ გამოაქვეყნა ფაზილ ისკანდერის «Письмо друзьям», რომელშიც ასეთი ფრაზა იყო: «რატომ დაარქვა ქართველთა დედოფალმა (თამარმა) თავის ვაჟს აფხაზური სახელი ლაშა? - ცნობილია, რომ იგი ხშირად ისვენებდა აფხაზეთში, სადაც აფხაზი მამაკაცებით იყო ხოლმე გარსშემორტყმული. მათთან ურთიერთობამ ჩანს, ისეთი ტკბილი მოგონებები დაუტოვა, რომ ვაჟს აფხაზური სახელი დაარქვა.»
    ამავე თემაზე «Крокодил»-მა კარიკატურა გამოაქვეყნა: თამარის სასახლესთან აფხაზი მამაკაცები რიგში ჩამდგარან. დედაბერი მივიდა და ეკითხება: «Что дают ребята?»

    ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენდა საქართველოში არსებულ სულიერ და ცნობიერ ატმოსფეროზე. განსაკუთრებით მტკივნეული, ამგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა (ვიმეორებ) ელიტისთვის იქნებოდა, რომელიც მიჩვეული იყო რუსულ ენაზე ყოველივე ქართულის ხოტბა-დიდებას. ახლა კი პასუხად კრინტსაც ვეღარ სძრავდა - მან ხომ თავად ირწმუნა, რომ «სამხრეთ ოსეთში ოსი ხალხის გენოციდი ხორციელდებოდა» და რომ ყველაფერში დამნაშავე, რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტი (ანუ ქართული მხარე) იყო.
    ქართულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა (როგორც პოლიტიკური ფაქტორი) წვრილმანი არავის ეგონოს. სწორედ ამ ზეწოლის შედეგად შეიქმნა ის ჩაშხამებული ატმოსფერო, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, შეურიგებელი დაპირისპირება წარმოშვა საზოგადოებაში.
    რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ოსტატურად ზემოქმედებდნენ არა მხოლოდ ცნობიერ (გაცნობიერებულ) არამედ ქვეცნობიერ პროცესებზეც ეთნოფსიქოლოგიაში. ამ მიზნით იყენებდნენ ზემოქმედების იმ ბერკეტებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში თავადვე შექმნეს მიზანმიმართული და მეთოდური მუშაობით. თუმცა, იმავდროულად, პირდაპირ საინფორმაციო დივერსიებსაც ახორციელებდნენ. მაგალითად, «Комсомольская правда»-მ გამოაქვეყნა მცირე ინფორმაცია სათაურით: «Строчи пулемётчик за сыра кусочек», რომელშიც მოთხრობილი იყო, თუ როგორ მიმართა საქართველოს მთავრობამ ტულის იარაღის ქარხანას თხოვნით, გაეცვალა იარაღი «ბარტერით» - სურსათზე. ბუნებრივია, უარი მიიღო, მაგრამ ეს ფაქტი რუსეთის სპეცსამსახურებმა შესანიშნავად გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაში დაპირისპირების გამოსაწვევად. «Комсомольская правда»-ს სტატია ზვიად გამსახურდიასა და თენგიზ სიგუას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი (არა ერთადერთი) ფაქტორი გახდა, ვინაიდან პრეზიდენტმა - პრემიერ მინისტრი, როგორც ჩანს, ლაზათიანად შეჯორა ამ წერილის გაგზავნისათვის (ვაჭრობის მინისტრ გველესიანის წინადადებით, რომელსაც ტულაში კავშირები ჰქონდა).
    საერთოდ, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს თენგიზ სიგუამ, გამსახურდიასთან მხოლოდ მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ხასიათის დაპირისპირება მქონდაო, სინამდვილეში მისი შინაგანი მოტივაცია უმეტესწილად პირად წყენას ეფუძნებოდა: ზვიად გამსახურდია განსაკუთრებული ტაქტით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. არც ეს ეგონოს ვინმეს წვრილმანი სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას. მით უმეტეს, საერთო ვითარებისა და თანამდევი პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
    სიგუა დიდხანს უარობდა პრემიერ მინისტრის თანამდებობას. შემდგომ განსაკუთრებული გაღიზიანებით ყვებოდა, როგორ მივიდნენ მასთან სახლში გამსახურდიას დავალებით მომავალი «ქარტიელები» ღამის სამ საათზე და როგორ დაარწმუნეს დაჟინებული თხოვნით, - დათანხმებოდა პრემიერ მინისტრობას.
    ამ პოსტზე მან, რასაკვირველია, «ვერ ივარგა», მაგრამ ზვიად გამსახურდიას შემდგომმა მცდელობამ, ადვილად მოეშორებინა თავიდან და ყველაფერი მისთვის დაებრალებინა («განტევების ვაცად» ექცია), სიგუას საშინელი განაწყენება და გააფთრება გამოიწვია. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც იგი უკვე გრძნობდა და ხვდებოდა, რომ თვით გამსახურდიას უკომპრომისო პოლიტიკის გამო, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და ქართული ელიტაც აღრენილი იყო.
    ამას დაემატა გვარდიის თავნებობა. თენგიზ კიტოვანი დაახლოებით 1991 წლის აპრილ-მაისიდან სრულიად დამოუკიდებელი ფიგურა გახდა.
    «გვარდიაში» ქართულმა ფინანსურმა ოლიგარქიამ მნიშვნელოვანი თანხა ჩადო (ჩაადებინეს). «ინტერესთა კონფლიქტით» აქტიურად სარგებლობდა რუსული სპეცსამსახური, რომელიც იმთავითვე ხლართავდა რთული ინტრიგის ქსელს.
    კონტროლიდან გამოსულმა გვარდიამ, 1991 წლის ზაფხულში, უკვე განახორციელა რამდენიმე ისეთი აქცია, რომ ყაზბეგში დასასვენებლად მყოფი გამსახურდია იძულებული გახდა, სასწრაფოდ თბილისში დაბრუნებულიყო. თენგიზ სიგუასთან და გოგი ხოშტარიასთან დაკავშირებულმა რამდენიმე სკანდალმა კი ბოლოს გამსახურდიას გადააწყვეტინა ისინი თავიდან მოეშორებინა. დიდი როლი შეასრულა პრეზიდენტის მეუღლემ, რომელიც აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში.
    აქვე ერთი რამ უნდა ითქვას: არ არსებულა და არ არსებობს მსოფლიოში პრეზიდენტი, რომლის მეუღლე ამა თუ იმ ზომით «ქმრის» საქმეებში არ ერევა. მაგრამ აქაც ზღვრისა და გარკვეული ფორმის დაცვაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ის, რაც საქართველოში მოხდა.

    1991 წლის 19 აგვისტომდე საქართველო მივიდა დაძაბული, დამუხტული, შინაგანად დაზაფრული და ბოღმით აღსავსე. მცირე ნაპერწკალიც საკმარისი იყო აფეთქებისათვის.

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა