იდუმალი ორდენი
   

   
   

    პერესტროიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი მოწყობის საბოლოო დადგენა იყო. ეს თვისებრივია რუსეთისათვის: სხვადასხვა სახეცვლილებით «Вопрос о земле и национальный вопрос» - წითელ ზოლად გასდევს რუსეთის ისტორიას.
    ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ სახელმწიფოებრივი მოწყობის სფეროში განვითარდა. შემდგომში გორბაჩოვი აცხადებდა, პერესტროიკის გეგმა არ გვქონდაო. რაც აშკარა ტყუილია. მიხეილ გორბაჩოვს ხელს არ აძლევს ამ გეგმის გამომზეურება. მით უმეტეს, რომ იგი იმ ეტაპზე ვერ განხორციელდა.

    ჯერ კიდევ 1987-1988 წლებში, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმთა მასალებში და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებში (მაგალითად в передовицах «ПРАВДЫ») აგრეთვე გორბაჩოვის გამოსვლებში ძალიან ფრთხილად, თუმცა მიზანმიმართულად იწყებს ჟღერას ახალი ნოტა: «ხალხთა თანასწორობის საფუძველზე მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების »შესახებ.
    ეს ტენდენცია თითქოსდა წვრილმანებშიც ვლინდებოდა. მაგალითად სტალინზე მსჯელობისას ჟურნალი «ოგონიოკი» აფხაზეთს, ვითომ შემთხვევით, არა «ავტონომიურ რესპუბლიკას», არამედ «რესპუბლიკას» უწოდებდა. იგივე ხდებოდა სხვა ავტონომიებთან დაკავშირებით. თვით სტალინის კრიტიკაც აქტიურად იქნა გამოყენებული რათა დაეგმოთ «ხალხთა რანგირების სტალინისეული სქემა»: ავტონომიური ოკრუგი, ავტონომიური ოლქი, ავტონომიური რესპუბლიკა, მოკავშირე რესპუბლიკა. Ведь все народы равны – почему они должны делится на ранги? სინამდვილეში ასეთი «რანგირება» (არა ხალხთა, არამედ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთა) სტალინის «ხუშტური» კი არ იყო, არამედ საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი შენობის აუცილებელ კონსტრუქციას წარმოადგენდა - საბჭოთა იმპერია ეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალას, არამედ ნაციონალურ ელიტათა ინტერესების გარკვეულ ბალანსს და «შეკავება – შეწონასწორება - წინააღმდეგობათა» რთულ სისტემას. სწორედ ეს სისტემა განაპირობებდა სახელმწიფოს მდგრადობას.
    აქვე მიზანშეწონილი იქნებოდა მცირე ისტორიული ექსკურსი:
    იმ უკიდეგანო სივრცეზე, რომელსაც რუსმა მოაზროვნემ და მწერალმა, ვასილ გროსმანმა «ტრაგიკული უზარმაზარობა» («Трагичесская громадность») უწოდა, მეთხუთმეტე–მეთექვსმეტე საუკუნეებში წარმოიშვა უდიდესი გეოპოლიტიკური პოტენციის მქონე სახელმწიფო, რომელმაც თავის თავში გააერთიანა როგორც თურანულ-მონღოლური დესპოტიის გენეტიკური კოდი, ასევე სახელმწიფოებრიობის ბიზანტინისტურ-ქრისტიანული კონცეფცია.
    გროსმანისავე ზუსტი დაკვირვებით, ამ სახელმწიფოს უმთავრესი თვისება იყო სწრაფი განვითარება პიროვნული თავისუფლების მზარდი შეზღუდვის ხარჯზე: რაც უფრო მეტად იყო შეზღუდული და პოლიტიკურად შებოჭილი პიროვნება, რაც უფრო დაბეჩავებული იყო იგი და რაც უფრო მეტად იყო მისი ინტერესები და მისწრაფებები იგნორირებული სახელმწიფოს მხრიდან, - მით უფრო მძლავრი ხდებოდა თავად სახელმწიფო და მით უფრო აფართოვებდა იგი თავის გეოპოლიტიკურ არეალს.
    პეტრეს ეპოქაში ეს სახელმწიფო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის იმპერია და თავისი ძლევამოსილება ევრაზიის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ ნაწილზე განავრცო. პეტრე დიდს არ შეუცვლია (ვერც შეცვლიდა) სახელმწიფოს განვითარების ძირითადი კონცეფცია. მისი ეპოქის სიმბოლო გახდა ასიათასობით რუსი მონის ძვლებზე აგებული უბრწყინვალესი ევროპული ქალაქი – სანკტ-პეტერბურგი.
    1825 წელს, რუს არისტოკრატთა მცირე ჯგუფმა, გაბრუებულმა ევროპული თავისუფლების «ტკბილი ჰაერით», სცადა სახელმწიფოებრიობის შინაარსის შეცვლა, მაგრამ მათი ცდა სრული კრახით დასრულდა. დეკაბრისტებმა, მათდაუნებურად, ხელი აღმართეს რუსული სახელმწიფოს განვითარების ძირითად «აღმძრავ მექანიზმზე» და მათი ცდა რომ წარმატებით დასრულებულიყო, ეს უეჭველად გამოიწვევდა რუსეთის, როგორც იმპერიის სწრაფ დასუსტებასა და არა შემდგომ განვითარებას (რისი იმედიც ჰქონდათ), ვინაიდან ევროპული ცივილიზაცია, რომლის რუსულ სინამდვილეზე დამყნობასაც ისინი ცდილობდნენ, აბსოლუტურად სხვა კონცეპტუალურ საფუძველზე (თავისუფალ პიროვნებაზე) არის დამყარებული და სახელმწიფოებრიობის «რუსულ-ბიზანტინისტურ» კონცეფციასთან კატეგორიულად შეუთავსებელია.
    დეკაბრისტთა ამბოხს (მან, მცირე მასშტაბის მიუხედავად, თხემით ტერფამდე შეაზანზარა იმპერია), მოჰყვა ნიკოლოზ პირველის ტირანული მმართველობა და რუსულ-იმპერიული ძალმოსილების შემდგომი ზრდა – პიროვნული თავისუფლების შემდგომი შეზღუდვის ხარჯზე.
    მეორეს მხრივ, ეს გამოსვლა, რაც უპირველესად სულიერი ამბოხი იყო მატერიალურად ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ელიტისა, მაინც მიუთითებდა იმ კოლოსალურ, ყოვლისმძლე ძალთა დაგროვებაზე ხალხის მასებში, რომელნიც თუმცა ქვეცნობიერნი, სიზმრებრივ დაუწმენდავნი იყვნენ, მაგრამ ამით ნაკლებ მრისხანე როდი ხდებოდნენ და დროგამოშვებით ვლინდებოდნენ კიდეც გლეხთა სტიქიურ, ერთი შეხედვით სრულიად უაზრო, სისხლიან აჯანყებებში.
    სახელმწიფოებრიობის რუსულმა კონცეფციამ რუბიკონი გადალახა 1861 წელს, როდესაც იმპერიის მმართველმა ელიტამ კვლავ აღმართა ხელი საკუთარი სახელმწიფოებრიობის საფუძველზე – რუსულ ბატონყმობაზე. აქ შეგნებულად ვიყენებ ტერმინს «რუსული ბატონყმობა», რადგან ბატონყმობის ამ სახეობას თითქმის არაფერი ჰქონდა საერთო ევროპულ ბატონყმობასთან როგორც თვისებრივი, ასევე ინსტიტუციური თვალსაზრისით. ეს იყო მონობის ფორმა და რუსეთში მონობის გაუქმებით პირი მოერღვა იმ ვულკანს, რომელმაც საუკუნეობით ნაგროვები ბოღმა და ბალღამი ამოაფრქვია.
    მიუხედავად ჩაგრულ მასათა სისხლიანი აქტიურობისა, ეს ბოღმა და ბაღლამი სწორედ იმ დათრგუნული პიროვნების ვნებები იყო, რომლის პიროვნულ ღირსებასა და თავისუფლებაზე შენდებოდა რუსული სახელმწიფო ივანე მრისხანედან – ნიკოლოზ მეორემდე.
    ამასთანავე, მონობის ამ ფორმის მოსპობით მოისპო ის საფუძველი, რის გარეშეც იმპერია ვეღარ იარსებებდა და თითქოს, მოვლენათა ბუნებრივი განვითარების შედეგად, იგი საბოლოოდ უნდა დაშლილ დაქუცმაცებულიყო რამდენიმე ევროპული ტიპის სახელმწიფოდ მაგრამ…. ისტორიული ბედუკუღმართობისა თუ რუსულ სახელმწიფოში ეროვნულ-სოციალური ინსტიტუტებისა და შრეების თავისებური, ყოვლად უნიკალური გადახლართულობის გამო, ევროპის ინტელექტუალურ წრეებში წარმოშობილმა, სტაბილური და მშვიდი ევროპისათვის საბოლოოდ საკმაოდ უწყინარმა (ერთმა მრავალთაგან) სოციალურმა თეორიამ რუსეთისათვის სწორედ იმ გრძნეული წამლის ფუნქცია შეასრულა, რომელმაც კვლავ «მოახედა», გამოაცოცხლა მომაკვდავი ურჩხული და ფაქტობრივად მკვდრეთით აღადგინა იგი.
    1917 წელს, რუსეთის იმპერიამ, იმპერატორის გადადგომასთან და მრავალ სამხედრო დამარცხებასთან ერთად დაშლა იწყო. ქვეყანაში ასეთ დროს გარდაუვალი ქაოსი და ეკონომიკური ნგრევა გამეფდა. სწორედ ამით ისარგებლა ბოლშევიკთა მცირერიცხოვანმა, მაგრამ მძლავრმა პარტიამ და ბრწყინვალედ ორგანიზებული სოციალური დემაგოგიის, დაუნდობელი ტერორისა და მტკიცე, გაბედული ქმედების შედეგად ხელთ იგდო ძალაუფლება.
    ბოლშევიკთა რაზმს ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ლენინი. მის შესახებ უკვე თითქმის აღარავინ ამბობს, რომ ის იყო გენიოსი, მაგრამ კვლავ გავბედავ და ვიტყვი, რომ არა როგორც «დიდი ჰუმანისტი თუ ჩაგრულთა მეგობარი» ან «პროლეტარიატის ბელადი», არა როგორც «მსოფლიოში პირველი მუშურ გლეხური სახელმწიფოს დამფუძნებელი» არამედ პოლიტიკური ბრძოლის დიდოსტატი - იგი უდავოდ არაჩვეულებრივი ნიჭისა და უნარის ადამიანი გახლდათ.
    ამავე დროს, ლენინი და მისი რამდენიმე უახლოესი თანამებრძოლი (მათ შორის ტროცკი) გულმხურვალე ფანატიკოსები იყვნენ და გულწრფელად სჯეროდათ, რომ სისხლიანი ტერორისა და გრანდიოზული ომების შედეგად შესძლებდნენ მსოფლიოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის (Всемирный союз советских социалистичесских республик) შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად მათ გააჩაღეს კაცობრიობის ისტორიისათვისაც კი არნახული ხოცვა-ჟლეტა და….კვლავ დათრგუნეს პიროვნება ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში რითაც, შესაძლოა თავისდაუნებურად, ისევ გააცოცხლეს ბიზანტინისტურ-რუსული იმპერიული სახელმწიფოებრიობის ის უმთავრესი მაცოცხლებელი თესლი, რომელმაც კვლავ იწყო ველიკორუსულ «დერჟავად» აღმოცენება.
    უკანასკნელი თეზისი განსაკუთრებით ხაზგასასმელია - დარწმუნებული ვარ, ვლადიმერ ულიანოვსა და ლევ ბრონშტეინს (განსაკუთრებით ტროცკის), არც უფიქრიათ რუსული სახელმწიფოს გადარჩენა. მათი მიზანი საკუთარი სოციალური თეორიის მთელს მსოფლიოში გავრცელება იყო და არა «დერჟავის აღორძინება». საბჭოთა რუსეთი მათთვის მხოლოდ ბაზა, მხოლოდ პოლიგონი იყო მსოფლიო რევოლუციის მოსამზადებლად და განსახორციელებლად. მაგრამ მათდა უნებურად ის სახელმწიფო გააცოცხლეს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სწორედ ველიკორუსულ დერჟავად ვითარდებოდა საკუთარი, მტკიცედ ჩამოყალიბებული, სისხლითა და ძალადობით შედუღაბებული სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, სოციალური და იდეოლოგიური სტრუქტურებით.
    ეს სტრუქტურები კი, რაკიღა გაცოცხლდნენ და მკვდრეთით აღდგნენ, ყოველივე მათთვის შეუთავსებელსა და მიუღებელს ამსხვრევდნენ, სახელმწიფოს შემდგომი განმტკიცებისათვის, იმპერიის კარჩაკეტილობისა და ერთგვარი «შიდამიმართულობისათვის» იბრძოდნენ. ამ ბრძოლის შედეგად მათ მოსძებნეს და ხელისუფლების მწვერვალზე აიტაცეს პიროვნება, ვინც ლენინზე ან ტროცკიზე მეტად შეეფარდებოდა გაცოცხლებული სახელმწიფოს ბუნებას, მის გარე და შიდა მიმართებებს. ეს პიროვნება გახლდათ იოსებ სტალინი.
    რასაკვირველია სრული ჭეშმარიტებაა, რომ სტალინი, სისასტიკითა და დაუნდობლობით ოდნავადაც არ ჩამოუვარდებოდა თავის მასწავლებელს, მაგრამ მიუხედავად მეთოდთა და საშუალებათა სრული იდენტურობისა, ეს ორი პოლიტიკოსი ორ, აბსოლუტურად განსხვავებულ, კიდევ უფრო მეტი, ორ კატეგორიულად შეურიგებელ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ დოქტრინას წარმოადგენდა.
    მათი დოქტრინები მოკლედ შეიძლება ასე დავახასიათოთ: ლენინის დოქტრინა მიზნად ისახავდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ქცევას მსოფლიო რევოლუციის მოსამზადებელ პოლიგონად; ხოლო სტალინის დოქტრინა – თავად რუსეთის იმპერიის აღდგენას მისი მოდერნიზების გზით.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლენინისათვის სოციალიზმი იყო მიზანი, ხოლო სტალინისათვის მხოლოდ საშუალება. ლენინი სოციალიზმს განიხილავდა, როგორც მომავალი «მსოფლიო კავშირის» ეკონომიკურ და იდეოლოგიურ საფუძველს, ხოლო სტალინი – ვითარცა ევრაზიის სივრცეზე კვლავ აღდგენილი ზემძლავრი სახელმწიფოს იდეოლოგიას.
    ბუნებრივია, მეორე დოქტრინა გაცილებით რეალისტური და, რაც მთავარია, ბოლშევიკთა მიერ კვლავ უნებლიედ გაცოცხლებული სახელმწიფოებრივი სისტემებისათვის გაცილებით უფრო მისაღები იყო, ვიდრე პირველი.
    მშრალ თეორიულ მსჯელობას კონკრეტული მაგალითი სჯობს. გავიხსენოთ ასეთი სურათი: იოსებ სტალინი დიდ თეატრში ჩაიკოვსკის «გედების ტბას» ესწრება და ზის ყოფილ საიმპერატორო ლოჟაში კაზაკთა ჩოხებში გამოწყობილი მხლებლებით გარსშემორტყმული. აქ მთავარი ის კი არ არის, რამდენად იყვნენ ეს მხლებლები «ნამდვილად კაზაკები» (ნამდვილი კაზაკები თვით სტალინმა გაჟლიტა ოციან წლებში), არამედ ამ სცენის იდეოლოგიური დატვირთვა.
    არადა, ამგვარი სცენები მას შემდეგ, რაც სტალინმა ტროცკი და სხვა «ლენინელები» გაანადგურა, რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. 30-იან წლებში, სტალინთან მიმართებაში ეს სცენა ისევე ბუნებრივად აღიქმებოდა, როგორი არაბუნებრივიც იქნებოდა ლენინის ან (მით უმეტეს) ტროცკის მონაწილეობით.
    სწორედ ამიტომ, სრულიად უსაგნოდ და ყალბად მეჩვენება სოლჟენიცინის წინასწარ განზრახულად ცრუ კონცეფცია, რომლის თანახმად, «სიკეთითა და ქრისტიანული სიყვარულით სხივმოსილი რუსეთი» თურმე ლენინმა და სტალინმა დააქციეს, ისინი კი, თავის მხრივ (როგორც იდეოლოგიური ტყუპისცალები) უცხო სხეულნი იყვნენ რუსეთისათვის. სინამდვილეში სტალინი, ვინც სისასტიკითა და დაუნდობლობით ტოლს არ დაუდებდა ლენინსა და ტროცკის, თავისი პოლიტიკური დოქტრინით, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, - შესაბამისი სახელმწიფოებრივი კონცეფციით, უფრო პეტრე დიდისა და ივანე მრისხანეს შთამომავალი იყო, ხოლო სტალინის ეპოქაში გამძვინვარებული მასობრივი შიმშილობები, რამაც ასეულობით ათასი ადამიანი შეიწირა, არაუმეტეს მძვინვარე გახლდათ, ვიდრე ანალოგიური შიმშილობები ნიკოლოზ პირველის ხანაში.
    ასევე, სტალინის მიერ გლეხთათვის პასპორტების ჩამორთმევა ზუსტად იმ მიზანს ისახავდა, რასაც «იურის დღის» გაუქმება ან ბატონყმური სისტემის გამკაცრება უფრო გვიანდელ ხანაში. ხოლო სტალინის პოლიტიკა, ვთქვათ, ჩრდილო კავკასიელი ხალხების მიმართ მხოლოდ იმით განსხვავდებოდა ნიკოლოზ პირველისა და ალექსანდრე მეორის პოლიტიკისაგან, რომ თუ «თეთრი იმპერატორები» პატარა, თავისუფლებისმოყვარე ხალხებს იმპერიის ფარგლებს გარეთ ასახლებდნენ (თურქეთში, არაბულ სახელმწიფოებში და ა.შ.) სტალინი მათ იმპერიის ფარგლებში (ყაზახეთსა და შუა აზიაში) აძევებდა.
    ერთ-ერთი ბრალდება, რასაც სტალინს, შემდგომში, რუსი ანტისტალინელები უყენებდნენ ის გახლდათ, თითქოს სტალინმა შექმნა «ხალხის მტრისა» და «მავნებლების» თეორია. სინამდვილეში კი, ეს ყოველივე კაცობრიობისათვის კარგა ხნით ადრე ცნობილ ველიკორუსულ ქსენოფობიაში იღებს სათავეს.
    საქმე ისაა, რომ ველიკორუსულმა საზოგადოებამ, განვითარების რომელიღაც ეტაპზე, შექმნა განსაკუთრებული გენოტიპი: ადამიანი, რომელიც იძულებული იყო ზიარებოდა რუსულ კულტურას და გარეგნულად ტიპიურ რუსად იქცა, მაგრამ შინაგანად სძულდა და ეზიზღებოდა საზოგადოება, რომლის წიაღშიც ცხოვრობდა. იგი შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ ებრაელი, არამედ გარუსებული თათარიც, სომეხიცა და ყალმუხიც. რუსმა შოვინისტმა, იგორ შაფარევიჩმა, გახმაურებულ თხზულებაში «რუსოფობია» ამ გენოტიპთა ერთობლიობას უწოდა «მცირე ერი». მისი თეორიით «მცირე ერი» საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრობს «დიდი ერის» წიაღში და ყველა საშუალებით ცდილობს მას რაიმე ავნოს. ანუ «ხალხის მტრისა» და «მავნებლის» ფსიქოლოგიური ხატი რუსულმა საზოგადოებამ სწორედ ამ გენოტიპის, ამ «მცირე ერის» წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნა. მაგრამ ეს სტალინამდე გაცილებით ადრე მოხდა და ამ უკანასკნელმა მხოლოდ გამოიყენა ფსიქოლოგიური ტერორის ეს, უკვე აპრობირებული იარაღი.
    ლენინისა და სტალინის დოქტრინათა პირველი შეჯახება მოხდა მაშინ, როდესაც იქმნებოდა «საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი». როგორც ცნობილია, იოსებ სტალინმა ყველა «ეროვნული რესპუბლიკის» რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა მოითხოვა. ლენინი კი ამას კატეგორიულად არ დაეთანხმა. ოღონდ არა იმიტომ, რომ არარუსი ხალხების ბედი აღელვებდა, არამედ იმის გამო, რომ იგი, იმ დროს, როგორც ჩანს პირველად მიხვდა, რა საფრთხეს უქადდა მის თეორიას მკვდრეთით აღმდგარი «ველიკოდერჟავობა». მიხვდა, მაგრამ უკვე ვეღარაფერი გააწყო და საფლავში ჩაიყოლა ისტორიული დამარცხებით გამოწვეული ბოღმა. მართალია მაშინ ფორმალურად მისმა წინადადებამ კონსტიტუციური ასახვა ჰპოვა, მაგრამ სტალინმა, ჩვეული გონებამახვილობით, პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტი იმისათვის გამოიყენა, რათა სწორედ კომუნისტური პარტია ექცია აღორძინებული იმპერიის გულანად, რომელშიც ფორმალურად «მოკავშირე რესპუბლიკები» ფაქტობრივად უნიტარული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებად იქცნენ.
    დამახასიათებელი მაგალითი: მოკავშირე რესპუბლიკათა ფორმალური სტატუსის მიუხედავად, ამ რესპუბლიკების ხელისუფლება (კომუნისტური ორგანიზაცია) საოლქო ორგანიზაციების უფლებით შედიოდნენ სსრკ კომპარტიის შემადგენლობაში, ხოლო რუსეთის კომპარტია ან რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი საერთოდ არ არსებობდა. სწორედ ეს გახლდათ სტალინის კონცეფციის რალურად განხორციელების ნიშანი. სტალინი ხომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირში «ორი ცენტრის» არსებობისა!
    იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი თითქოსდა ქაოტური ცვლილებანი «რესპუბლიკათაშორისი საზღვრების», ავტონომიათა გაჩენა და მათი უმალვე გაუქმება, ტერიტორიათა მიერთება-განცალკევება იმის მაჩვენებელია, რომ სტალინმა შესანიშნავად უწყოდა წინამორბედ იმპერატორთა «ეროვნული პოლიტიკის» ძირითადი მეთოდი და იმპერიაში შინაგანი წინააღმდეგობების ხელოვნური შექმნითა თუ უკვე არსებულთა გაღვივებით აშენებდა სახელმწიფოს ურღვევობისა და მონოლითურობის გარანტიებს.
    მრავალი (თუ ყველა არა) იმ კონფლიქტთაგან, რომელიც დღეს ამა თუ იმ რეგიონში იმპერიული ზეგავლენის შენარჩუნების მიზეზი გახდა, სწორედ სტალინის მიერ თავის წინამორბედთაგან ზუსტად ათვისებული მეთოდის ნიჭიერად გამოყენების შედეგია.
    მეორე მსოფლიო ომმა, რომელსაც თითქოს უნდა დაენგრია და გაეცამტვერებინა აღორძინებული იმპერია, მხოლოდ განამტკიცა იგი. ეს იყო სტალინის «უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა» და ამ ბრძოლის შემდეგ კრემლში გამართულ გრანდიოზულ ბანკეტზე სტალინმა პირველად გაამხილა თავისი საიდუმლო, როდესაც მთელი საბჭოთა-ინტერნაციონალური ბაბილონის თანდასწრებით ხმამაღლა შესვა «დიდი რუსი ხალხის» («великий Русский народ») სადღეგრძელო, რითაც არა მხოლოდ დამარცხებული და გაუპატიურებული ტევტონები დაამცირა კიდევ ერთხელ, არამედ პირდაპირ სახეში შესცინა თავის სოციალისტ «თანამოაზრეთ» მთელს მსოფლიოში.
    გამარჯვებულებს ვერ სჯიან!

    მმართველთა ყველა თაობა, რომელიც სტალინის შემდეგ ზეობდა იმპერიაში, იყო ჭეშმარიტ სტალინელთა თაობა ანუ თაობა, ვისთვისაც სოციალიზმი იყო მხოლოდ საშუალება, ხოლო მიზანი – ველიკორუსული იმპერიის სიდიადე და ძლევამოსილება. სწორედ ამ პერიოდში იწყო იმპერიის ელიტამ, საიდუმლო სამსახურის, ანუ (სტალინის ხატოვანი თქმით), «მახვილოსანთა ორდენის» მეშვეობით, ფიქრი იმპერიის მოდერნიზების იდუმალ გეგმაზე.
    ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, სუკ-ის უმთავრესი დანიშნულება იყო თვალთვალი, დისიდენტების დევნა შევიწროვება, მთელს მსოფლიოში ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა და სხვა ამგვარი საქმიანობა. სინამდვილეში, საქმე ბევრად უფრო რთულად არის. ეს ყოველივე მხოლოდ მწვერვალია აისბერგისა. რეალურად, ორმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც სუსლოვის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მმართველმა ელიტამ დაიწყო ფიქრი იმპერიის მეორე მოდერნიზაციის გეგმის შემუშავებაზე, საიდუმლო სამსახურის და მისი ანალიტიკური ცენტრების უმთავრესი დანიშნულება გახდა ინფორმაციის მოპოვება, ამ ინფორმაციის ღრმა ანალიზი და, რაც მთავარია, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მომავალი განვითარების პროგნოზირება ანუ ინფორმაცია, ანალიზი, პროგნოზი – აი, იმპერიული იდუმალი სამსახურის მთავარი ფუნქცია.
    მიზნის მისაღწევად, სპეცსამსახურის «რვაფეხამ» შეაღწია ყველგან: სამეცნიერო ელიტიდან დაწყებული, - დამნაშავეთა სამყარომდე, რუსოფილურად განწყობილი ინტელიგენციიდან – სიონისტურ წრეებამდე; «ტექნოკრატებიდან» - «ლირიკოსებამდე»; სამხედრო სამრეწველო კომპლექსიდან – შემოქმედებით კავშირებამდე; არმიიდან – პროფკავშირებამდე. მისი გამოწვლილვითი, მაგრამ შეუმჩნეველი ანალიზის საგანი გახდა ყველა ეროვნული პრობლემა: «ბალტიური ნაციონალიზმიდან» დაწყებული, - ოსურ-ინგუშურ წინააღმდეგობამდე.
    «იდუმალი ორდენის» ინფორმატორები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ყველანი, განურჩევლად მათი სოციალური ცენზისა: პარტიული ბობოლაც, უბრალო მასწავლებელიც, შეშლილი მხატვარიც, გამოუსწორებელი ნარკომანიც, ცნობილი მწერალიცა და დისისდენტიც.
    ამ ბოლო გარემოებას კი მსურს განსაკუთრებით მივაპყრო მკითხველის ყურადღება: საიდუმლო სამსახურის იმ შრეს, რომელიც იმპერიის მოდერნიზაციის გეგმას ამუშავებდა, განსხვავებით სუკ-ის სხვა, «წყალზედა» შრეებისაგან, იოტისოდენად არ აინტერესებდა «ანტისაბჭოთა მოღვაწეთა» დევნა-შევიწროება. მისი მიზანი იყო შეესწავლა პროცესები იმ გეგმასთან მიმართებაში, რომელიც, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, თანდათან ყალიბდებოდა.
    ამ თვალსაზრისით, ის მოღვაწე, ვინც, მისი ანტისაბჭოურობის გამო, სუკის სხვა შრეებისათვის საშიში იყო და უეჭველად გასაუვნებელი სჩანდა, შესაძლოა სულაც არ ყოფილიყი საშიში «იდუმალი ორდენისათვის» ხსენებული გეგმის თვალსაზრისით. მაგალითად, ანდრეი სახაროვი, რომელიც უპირველეს ანტისაბჭოთა მოღვაწედ ითვლებოდა, შესაძლოა ფასდაუდებელი ფიგურა გამხდარიყო, როდესაც დაიწყებოდა მოდერნიზაციის გეგმის განხორციელება. იგივე შეიძლება ითქვას არაერთ ქართველ დისიდენტზეც.
    ინფორმაციის შეგროვება სუკ-ის ანალიტიკურ ლაბორატორიებში, როგორც ჩანს, სამოცდაათიან წლებში დაასრულეს, როდესაც იმპერიის საიდუმლო სამსახურს სათავეში იური ანდროპოვი ედგა. ამ პიროვნების ჭეშმარიტი სახე იდუმალებით არის მოსილი. მის შესახებ ცოტა რამ თუ ვიცით, მაგრამ, ჩემი აზრით, ანდროპოვი ბრეჟნევის ეპოქის ცენტრალური ფიგურაა. სწორედ ანდროპოვმა, შეგროვებული ინფორმაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე, ჩამოაყალიბა იმპერიის მეორედ მოდერნიზაციის საბოლოო გეგმა.

 

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა