რატომ არ ნიშნავს ამერიკა ელჩს საქართველოში?

        უკვე საკმაოდ....„უხერხულად დიდხანს“ გაიწელა პაუზა, რომელმაც თბილისიდან აშშ ყოფილი ელჩის, იენ კელის წასვლის შემდეგ დაისადგურა. ამერიკას არ ჰყავს სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადგენელი, ანუ ელჩი, როგორც სრულუფლებიანი დიპლომატიური ფიგურა „სტრატეგიულ პარტნიორად“ მიჩნეულ ქვეყანაში.
        სკანდალი ატყდა მას შემდეგ, რაც ავტორიტეტულმა გამოცემამ Foreighn Policy გამოაქვეყნა ოპუსი, რომლის ავტორი ამტკიცებს, თითქოს თბილისმა უარი უთხრა ვაშინგტონის ნომინირებულ კანდიდატს, ნამდვილად გამოცდილ დიპლომატ ბრიჯიტ ბრინკს „აგრიმანის“ გადაცემაზე, ამიტომ აშშ, თურმე, ან ვერ ახერხებს ელჩის დანიშვნას, ან საქართველოს ხელისუფლების „ჯინაზე“ არ ნიშნავს ელჩს ერთგვარი „დიპლომატიური დემარშის“ სახით: „თუ იმას არ მიღებთ ვისაც მე ვაგზავნი, მაშინ ჩემი ელჩი საერთოდ არ გეყოლებათო“.
        რა მსჯელობა, რა ღრმააზროვანი ნარატივები, რა შორსმიმავალი დასკვნები არ მოვისმინეთ ამ ფაქტოლოგიისა და კომპეტენტურობისაგან დაცლილი, სრულიად „ცარიელი“ პუბლიკაციის თაობაზე, რომლის ავტორი „რატომღაც“ გულისხმობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარყოფა საერთოდ არაფერი „ღირს“, ანუ „ბანტუსტანის“ დიპლომატიამ რაც არ უნდა უარყოს, ავტორის გამოკითხული „ექსპერტები“ და „დამკვირვებლები“, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, უფრო მნიშვნელოვანნი და სარწმუნონი არიან მაშინ, როდესაც ამერიკა, ამ დიდ ქვეყანაში დამკვიდრებული მკაცრი წესისამებრ, არასდროს აკომენტარებს დიპლომატიური ადმინისტრირების პროცესებს, ხოლო საქართველოსთვის გამონაკლისს, ბუნებრივია არ დაუშვებდა. ამიტომ, Foreighn Policy -ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, სახელმწიფო დეპარტამენტში ვერანაირ კომენტარს ვერ მიიღებდა რასაკვირველია. მაგრამ ეს No Coment, ისევ და ისევ „რატომღაც“ საქართველოს საგარეო უწყების „დასაჩმორებელი“ დასკვნებისთვის გამოიყენა: ბანტუსტანის „საგარეო“ რას უარყოფს და რას დაადასტურებს, ამას რა მნიშვნელობა აქვსო.
        სინამდვილეში, მთელი ეს ისტორია ბრიჯიტ ბრინკის „დანიშვნასა“ და ქართული მხარის ამაყ, შეუპოვარ წინააღმდეგობას შორის (აქაოდა, მიშასთან ახლობლობდა, ამიტომ მის ელჩობას არ დავუშვებთო) არის თითიდან გამოწოვილი, მტკნარი სისულელე, რომლის ავტორები (აქაც და იქაც) ან გამაოგნებლად უმეცარნი არიან ან მიზანმიმართულად ცდილობენ მოატყუონ მართლაც უმეცარი პუბლიკა, ვინც, როგორც ჩანს ყველაფერს „მიირთმევს“, რაკი შია. ესე იგი ორი სეგმენტია: უმეცარნი და ცრუპენტელანი.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        დავიწყოთ მარტივი ფაქტებით. ანუ, არა ინტერპრეტაციით, არამედ სწორედ ფაქტით, რომელიც თავის მხრივ მომდინარეობს არა „დაუწერელი“ არამედ დაწერილი დიპლომატიური კონვენციებიდან. მათ შორის „ვენის კონვენცია“ და სხვა: ელჩის დანიშვნას წინ უნდა უძღოდეს დიპლომატიური ნოტა, რომელიც ერთი ქვეყნიდან (ამ შემთხვევაში ამერიკიდან) ეგზავნება მეორე ქვეყანას- საქართველოს.
        დიპლომატიურ ნოტაში მკაფიოდაა აღნიშნული, ვის ნიშნავს პირველი ქვეყანა ელჩად და ელის პასუხს (აგრიმანს, ანუ თანხმობას) მეორე ქვეყნისგან, - საქართველოსგან.
        მეორე ქვეყანას შეუძლია გასცეს „აგრიმანი“, რომლის გადაცემა შემდეგ ხდება დიპლომატიური ცერემონიალის დროს ან არ გასცეს „აგრიმანი“ და ამის შესახებ ასევე დიპლომატიური ნოტით აცნობოს პირველ ქვეყანას.
        იყო ამ შემთხვევაში „ნოტა“ ბრიჯით ბრინკის დანიშვნასთან დაკავშირებით? პასუხი აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია: არა, არ ყოფილა!
        მაშინ, რაკი ასეთი ნოტა არ ყოფილა, ერთვება ავადმყოფ კონსპიროლოგთა ან ცრუპენტელათა მეორე ეშელონი. თურმე ნუ იტყვით და.....წინასწარ ყოფილა რაღაც კონსულტაციები, ამერიკელებს წინასწარ „უცნობებიათ“ ბიძინა ივანიშვილისა და მისი „საგარეოსთვის“ ბრინკის მოსალოდნელი ნომინირების შესახებ და ამ უკანასკნელთ „ხელები გაუსავსავებიათ“ - აპ აპ აპ აპ, ეგ ქალი აქ არ დაგვანახოთ, - მიშისტიაო.
        ამგვარი რამ, ბატონებო, მაშინაც კი წარმოუდგენელია, როცა საქმე ეხება ორ ღარიბ-ღატაკ, ერთმანეთზე სუსტ და უბედურ ქვეყანას, მაგალითად სომხეთს და საქართველოს. ხოლო როცა საქმე ეხება ერთადერთ გლობალურ ზე-სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მან ვინმეს წინასწარ შეუთანხმოს, წინასწარ „ჩაუნამიოკოს“, ეგება, აი ეს კანდიდატურა განიხილოთ, სანამ ნოტას გამოგიგზავნითო.....არის სრული აბსურდი და იდიოტიზმი!
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავიჯერებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი კანდიდატურის პირობებში, ბიძინა ივანიშვილი, მით უმეტეს საქართველოს გულჩვილი საგარეო საქმეთა მინისტრი ოდესმე გაბედავს, ამერიკის დანიშნული ელჩი დაიწუნოს და აგრიმანი არ მისცეს.
        აგრიმანზე უარი უმძიმესი დიპლომატიური დემარშია. ამას ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველო კი არა ბირთვული ქვეყნები, რუსეთი და ჩინეთიც ვერ გაუბედავენ. მით უმეტეს ასეთი მოტივით - ოპოზიციასთან არის ახლოსო.
        ჩლუნგი კონსპიროლოგიის კიდევ უფრო ღრმა შრე ამაზე სხვა ნარატივს ავითარებს: რომ თურმე, ამერიკამ ამ გზით (ესე იგი დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებით) გადაწყვიტა დაესაჯა საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დარღვევის და დემოკრატიის დაბალი ხარისხის გამო.
        ამგვარი „ახსნა“ ხომ საერთოდ სრული ინტელექტუალური სიმწირის და რაღაც კოსმიური არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა: სინამდვილეში, როდესაც ამერიკას აქვს პრობლემები ამა თუ იმ ქვეყნის ნაკლებ დემოკრატიულობასთან, ავტორიტარულობასთან, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან, ერთი სიტყვით დემოკრატიის დაბალ ხარისხთან დაკავშირებით, მაშინ ამერიკა, გამონაკლისის გარეშე, პირიქით: არათუ ამცირებს თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამ ქვეყანაში, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს მას, ანუ კიდევ უფრო მაღალი რანგის დიპლომატს აგზავნის, კიდევ უფრო ზრდის დიპლომატიურ შტატს, უმატებს ფუნქციებს და ა.შ და ა.შ.
        გარდა ამისა, ჩვენში ხშირად „ურევენ“ გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს ღირებულებით საკითხებთან. ბუნებრივია, ამერიკის შემთხვევაში ეს ორი თემა უპირატესად „იკვეთება“, მაგრამ ყოველთვის არ კორელირებს. მაგალითად, ამერიკას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რამდენიმე არაბულ მონარქიასთან, სადაც ქალებს ქვებით ქოლავენ ქმრის ღალატისთვის და ადამიანებს ქუჩაში ჰკვეთენ თავს. და ბევრად უარესი „პარტნიორობა“ აქვს სხვა სახელმწიფოებთან, სადაც ამგვარი რამ (მაინც) არ ხდება - ქალები ადიულეტრისთვის ქვებით ჩაქოლონ.
        მერედა განა თუნდაც ამ მხრივ საქართველოს მიმართ ექნებოდათ რაიმე საპრეტენზიო? სულ ახლახანს პენტაგონმა თბილისთან გააფორმა ხელშეკრულება ვაზიანში სატრანზიტო აეროდრომის მშენებლობის თაობაზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ამერიკასთან დაახლოებისთვის. ჩვენში ამ ისტორიულ შეთანხმებას ნაკლები ყურადღება მიაქციეს, ვიდრე მოსკოვში: ლავროვის უწყებამ მაშინვე „გააშანშალა“ განცხადება: ძალიან სახიფათო სამხედრო-სატრანზიტო ხაზი იკვეთება საქართველოს გავლითო.
        მით უმეტეს გაუგებარია, რა „რეზონი“ აქვს ამერიკას ასეთ სახელმწიფოში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა შეამციროს ან საქართველოს ხელისუფლებას რა რეზონი ექნებოდა ერთადერთ მართლა შემძლე სტრატეგიულ მოკავშირესთან იმის გამო დაეძაბა ურთიერთობა, რომ ელჩობის კანდიდატს, (თურმე ნუ იტყვით) ლამის „ჯვარი აქვს დაწერილი მიშაზე და ოპოზიციაზე?!“
        კი მაგრამ ეს ყოველივე ხომ აშკარად მტკნარი სისულელეა? მაშ რით აიხსნება ის, რომ ამერიკას დღემდე არ ჰყავს ელჩი საქართველოში?
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        იყო (და არის) ასეთი ბრიტანელი ფილოსოფოსი, ფრანცისკანელი მღვდელი უილიამი ოკამიდან (უილიამ ოკამელი ან უილიამ ოკამი), რომლის დანატოვარია ფილოსოფიური „ინსტრუმენტი“, სახელად „ოკამის სამართებელი“.
        ფილოსოფიურ ენაზე, იგი გულისხმობს ფორმულას: „ზედმეტად ნუ განამრავლებ არსთა საჭიროების გარეშე“. უფრო მარტივად კი: „არ არის საჭირო საკითხის ახსნა რთულად, როცა შეიძლება აიხსნას მარტივად(აც)“
        სწორედ ამ „ინსტრუმენტის“ გამოყენებით..... კითხვა: „რატომ არ ჰყავს ამერიკას ელჩი საქართველოში?“ პასუხი: იმავე მიზეზით, რატომაც ვერ მოახერხა დღემდე ამერიკის ხელისუფლებამ (თეთრმა სახლმა და სენატმა) ახალი ელჩის ნომინირება კიდევ სამოცდაათამდე (!) პარტნიორ ქვეყანაში: ხელს უშლით „დომხალი“, რომელიც უკვე მრავალი თვეა გამეფდა „პენსილვანია ავენიუს“ ორივე მხარეს.
        ეს არის და ეს.

            მთელ გვერდზე