პროექტი «მემკვიდრე»
         

            ისმის კითხვა: თუ ასეა, რატომ არ მოჰყვა ანალოგიური შედეგი ალიევების მმართველობას აზერბაიჯანში და რატომ შეძლეს მათ პროექტ «მემკვიდრის» განხორციელება? დელეგიტიმაციის პროცესი იქაც მიმდინარეობდა, მაგრამ არა იმ ხარისხით, როგორც საქართველოში. რატომ? იმიტომ, რომ ჰეიდარ ალიევმა, ჯერ ერთი, თავის ერს კონკრეტული პროექტი (ყარაბაღის დაბრუნება) შესთავაზა და, რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილად შეძლო ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ვითარება ქვეყანაში თვალსაჩინოდ, დღითი დღე უმჯობესდებოდა, რაც ქვეყნის მოძლიერებად და ხსენებული პროექტის თანდათანობით განხორციელებად აღიქმებოდა.
          თავის მხრივ, ამის საშუალება ალიევებს, რა თქმა უნდა, დასავლურმა «ნავთობდოლარებმა» მისცეს. 1994 წლიდან - 2003 წლამდე აზერბაიჯანში ინვესტიციათა ოდენობამ ჩვენთვის ფანტასტიური თანხა – 15 მილიარდი დოლარი შეადგინა.
            ვერც ერთი აზერბაიჯანელი (მით უმეტეს ბაქოელი, არადა რევოლუციის ბედს დედაქალაქი წყვეტს) ვერ იტყვის, რომ ქვეყანაში ვითარება არ უმჯებესდებოდა, გზები არ იგებოდა, სამუშაო ადგილები არ იქმნებოდა, ხელფასები თუ პენსიები არ იზრდებოდა და დროულად არ რიგდებოდა, 24 საათიანი ელექტრომომარაგება ვერ ხერხდებოდა და ასე შემდეგ.
          თითქოს ეს დებულება ეწინააღმდეგება ზემოთთქმულს – უკრაინაში უკეთესი სოციალური ვითარების თაობაზე პრემიერ იანუკოვიჩის მმართველობისას. მაგრამ ისევ და ისევ: საუბარია არა სოციალურად უკმაყოფილო სეგმენტის ოდენობაზე, არამედ კონკრეტული ნაციონალური პროექტის არარსებობაზე, რამაც უკრაინაში (განსხვავებით აზერბაიჯანისაგან) ლეგიტიმურობა მიანიჭა ნეგატიური (ოპოზიციური) მუხტის მატარებელი ფენის ამბოხს.
          განა ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს აქვს საერთონაციონალური პროექტი? დიახ, აქვს – რუსეთთან ინტეგრაცია, რაც კატეგორიულად მიუღებელია ბელორუსთა უმცირესობისათვის (იმდენად, რომ თავსაც გაწირავენ საწინააღმდეგოდ) და სავსებით მისაღებია ბელორუსთა უმრავლესობისათვის, რომელთაც თავის გაწირვა არ დასჭირდებათ, ვინაიდან ხსენებული უმცირესობის წევრებმა კარგად იციან, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების დამცველი შეიარაღებული ძალები, «რამე რომ იყოს», ჰაერში სროლას როდი დაიწყებენ.
          - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - --- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
          მთელი ამ დისკურსის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ხელისუფლების ცვლის მექანიზმი, რომელიც ნებისმიერი ახლადჩამოყალიბებული სახელმწიფოს «სასინჯი ქვაა». ამგვარი მექანიზმის არსებობა, ბუნებრივია, ელიტას საშუალებას მისცემს, არ დაუშვას საზოგადოებაში ნეგატიური მასის იმ ოდენობით დაგროვება, რომ ამან «ორთქლის გამოშვებამდე» გამოიწვიოს გარესისტემური მოქმედების ლეგიტიმაცია.
          ურყევი კანონზომიერების მაჩვენებელია, რომ სამივე რევოლუცია არჩევნების შემდეგ მოხდა. ეს კანონზომიერება ვრცელდება არა მხოლოდ საქართველოზე, უკრაინასა და ყირგიზეთზე, არამედ აფხაზეთზე (არძინბასაგან განსხვავებით, ბაღაფშმა ერს რეალობის შესაბამისი ახალი პროექტი შესთავაზა), აზერბაიჯანზე და მოლდოვაზე, რომლის ხელისუფლებამ საქართველოს მეშვეობით შეინარჩუნა ლეგიტიმურობა. ანუ იმით, რომ მიხეილ საკაშვილის დახმარებით დაადასტურა, - აქვს საერთონაციონალური პროექტი რუსეთთან საბოლოო გამიჯვნისა და რუმინეთთან დაჩქარებული ინტეგრაციის სახით.
          არჩევნები ერთგვარი «ძალაუფლებრივი წყვეტაა», როდესაც ხელისუფლება, თუ შეიძლება ასე ითქვას, «ჰაერში ეკიდება», - ყველაზე მოწყვლადი და არასტაბილური ხდება. დასავლეთის დემოკრატიათა ძლევამოსილება სწორედ ამ მექანიზმის თითქმის უცდომელ და შვეიცარული საათივით სტაბილურ ფუნქციონირებაში მდგომარეობს. მაგრამ ეს უძვირფასესი მექანიზმი პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივ სისტემათა მდგრადობის განსაკუთრებულად მაღალ ხარისხს მოითხოვს. დაახლოებით ისეთს, როგორიც ბალტიის ქვეყნებმა გამოამჟღავნეს – ევროპულ იდენტობასა და კულტურულ ტრადიციებზე დაყრდნობით.
          ყველა სხვა საბჭოთა ელიტამ კი, ამა თუ იმ ფორმით, პროექტ «პირდაპირი მემკვიდრის» განხორციელება სცადა. ზოგან წარმატებით, ზოგან – წარუმატებლად. მაგალითად, უკრაინაში - წარუმატებლად, აზერბაიჯანში – დიდი წარმატებით. მიზეზის თაობაზე მოგახსენეთ. აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტი «მემკვიდრე» არანაკლები წარმატებით განახორციელა ბორის ელცინმა. თანაც არა მხოლოდ იმის შედეგად, რომ ვლადიმერ პუტინმა ქვეყანას მკაფიო ნაციონალური პროექტი შესთავაზა (სახელმწიფოს მიმართ არალოიალური ოლიგარქიის განადგურება, ჩეჩნური სეპარატიზმის გასრესა და რუსული დერჟავის აღორძინება), არამედ, რაც უფრო საინტერესოა, იმიტომაც, რომ ვლადიმერ პუტინი ერთდროულად მემკვიდრეც იყო და, იმავდროულად, ელცინის თვისებრივი ალტერნატივაც! ყოველ შემთხვევაში მასობრივი აღქმით.
          დაახლოებით ასეთივე პროექტი, 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ქართული საბჭოთა ელიტის ნაწილმა შევარდნაძესაც შესთავაზა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იგი უარყო, ვინაიდან ძალაუფლება საერთოდ არავისთვის ეთმობოდა – მათ შორის არც «ბავშვობის მეგობრის» ქალიშვილისათვის.
          აქვე: ხელისუფლებათა ცვლა არ არის ისეთი მარტივი პრობლემა, როგორც ჩვენებურ «პროვინციელ დემოკრატებს» ეჩვენებათ. მხოლოდ მათ შეიძლება ეგონოთ, რომ თითქოს «ტრადიციული დემოკრატიის» ქვეყნებში «პროექტი მემკვიდრე» არ ხორციელდება. სინამდვილეში იგი ხორციელდება იმ აზრით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები უზრუნველყოფენ სახელმწიფო კურსის მემკვიდრეობითობას. ამ სისტემაში, სტრატეგიული თვალსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვთქვათ, ამერიკაში ჯონ კერი გაიმარჯვებს თუ ჯორჯ ბუში – სახელმწიფოებრივი კურსის მდგრადობა (მემკვიდრეობითობა) მაინც შენარჩუნებულია.
          მაგრამ პოსტსაბჭოურ რეალობაში ეს ასე არ არის და ვერც იქნება. არჩევნებისას კვლავინდებურად წყდება არა ტაქტიკური (როგორც, მაგალითად თანამედროვე ბრიტანელ კონსერვატორებსა და ლეიბორისტებს შორის არჩევანის დროს), არამედ სტრატეგიული საკითხები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში არჩევნები ერთი და იმავე ღირებულებისა და ორიენტაციის მატარებელი ელიტის წიაღში ტარდება მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოურ რეალობაში, არჩევნებში მონაწილეობს აბსოლუტურად საპირისპირო ვექტორის მატარებელი, კარდინალურად ურთიერთსაწინააღმდეგო დოქტრინის გამომხატველი დაჯგუფებები. ამიტომ, ყოველი არჩევნები აიეტისა და ფარტაძის პაექრობას ემსგავსება, როდესაც უნდა გადაწყდეს, თუ «რა გზას დაადგება ქვეყანა, გადარჩება თუ არა იგი» და ასე შემდეგ.
          კი მაგრამ, ხომ არ შეიძლება ქვეყანა და საზოგადოება ყოველი არჩევნებისას იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც, მაგალითად, იმყოფებოდა კიევის რუსეთი «ვლადიმერ კრასნოე სოლნცეს» დროს, როცა წყდებოდა საკითხი, რუსეთი ქრისტიანობას მიიღებდა თუ ისლამს?!
          აქვე: რუსული სახელმწიფოებრიობის ათასწლოვანი კრიზისის მაჩვენებლია, რომ ეს ვეებერთელა ქვეყანა 1996 წელს კვლავ დაახლოებით ასეთივე კარდინალური არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. კიდევ კარგი, ბორის ელცინმა, თავისუფალი სამყაროს იმდროინდელი ლიდერის, ბილ კლინტონის მიერ გამოგზავნილი ფი-არ ჯგუფისა და საკუთარი ადმინისტრაციული რესურსის მეშვეობით, საპრზიდენტო არჩევნების გაყალბება შეძლო.
          მაშასადამე, საქართველოში რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ (მას შემდეგ) თუ გახდება მიზანშეწონილი, როდესაც, ბოლოს და ბოლოს საზოგადოება მართლაც შეთანხმდება ძირითად ღირებულებებსა და ორიენტირებზე. ანუ, მოხდება ქვეყნის რეალური მოდერნიზაცია ისე, რომ დღევანდელი სახით «ლეიბორისტები», «იგორ გიორგაძისტები» და «ასლანისტები» თუ «მამა ბასილისტები» მართლა მარგინალებად იქცევიან და არა ანგარიშგასაწევ ალტერნატივად, როგორებიც (მოგვწონს თუ არა) დღეს არიან.
          აქვე: გამაოგნებელია, როდესაც გესმის უსასრულოდ ბრიყვული საუბრები იმის შესახებ, რომ «რა ბედნიერება იქნებოდა, თუ საქართველოში პრეზიდენტს ავირჩევთ არა 87, 93 ან 96, არამედ 51 პროცენტით».
          კი, რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერება იქნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ქართველი (!) პოლიტიკოსი, ვინც არჩევნებში 49 პროცენტს მიიღებს, შედეგებს, რა თქმა უნდა, უმალვე აღიარებს, «ბედს შეურიგდება», დამარცხებას პიროვნული ღირსების შელახვად არ აღიქვამს, არჩევნებს «გაყალბებულად» არ გამოაცხადებს, მრავალრიცხოვან მომხრეებს «უზურპატორის» წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ არ მოუწოდებს, სამოქალაქო ომს არ გააჩაღებს, აპოკალიფსისებრ უბედურებას არ დაგვატეხს თავს და ქვეყანას არ დააქცევს.
          - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
          ბუნებრივია, ეს არგუმენტაცია ბევრს არ ეპიტნავება საქართველოში. მათ შორის, უპირველესად, იმ მეტად საინტერესო დაჯგუფებას, რომელსაც «სამოქალაქო საზოგადოებას» უწოდებენ და რომელიც ჩვენს ქვეყანაში «საერთო-საკაცობრიო ღირებულებათა» ერთგულების უმთავრეს პედაგოგ-შემფასებლად მიიჩნევა.
          აქვე: სხვათა შორის, ის, რასაც ჩვენში «საერთოსაკაცობრიო ღირებულებებს» უწოდებენ, სინამდვილეში არის არა «საერთოსაკაცობრიო,» არამედ ევროპული ღირებულებები. ამ ღირებულებებს მსოფლიოში ბევრი იზიარებს.
          არსებობს, რასაკვირველია, საერთოსაკაცობრიო ღირებულებებიც, მაგრამ ეს ბევრად ფართო ცნებაა, ვინაიდან მრავალი მათგანის ერთადერთი სამშობლო ევროპა სულაც არ არის.
          რაც შეეხება «სამოქალაქო საზოგადოებას», ეს ტერმინი, პირველად ვაცლავ ჰაველმა გამოიყენა ერთ-ერთ გამოსვლაში. (ოღონდ, არა იმ გამოსვლაში, 1999 წელს, რომელშიც, დასავლეთს მოუწოდებდა, ევროკავშირში ყოფილ სსრკ რესპუბლიკებს ნუღარ მივიღებთ - მთლად «გაეროს» ნუ დავემსგავსებითო).
          იგი გულისხმობდა აქტიურ სოციუმს. თანაც, არასტრუქტურიზებულს, ვინაიდან სტრუქტურიზება და ინსტიტუირება თავისთავად ეწინააღმდეგება ამ ცნების არსს. ამიტომაც არ შეიძლება «სამოქალაქო საზოგადოება» ეწოდოს ჩვენებურ «ენჯეოშნიკთა» ნაკრებს, რაკი ეს ტერმინი («სამოქალაქო საზოგადოება») მდგომარეობას ასახავს და არა საგანს.
          ამდენად, შინნაზარდი «სამოქალაქო საზოგადოება» რეალურად სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი პარტია – ოღონდ სავსებით განსაკუთრებული ამბიციითა და პრეტენზიით. ამ პარტიის წევრებს გონიათ (სწორედ აქედან მომდინარეობს მათი «გონორი»), რომ ღირებულებებს ქმნიან და იცავენ. სინამდვილეში კი, როგორც საქართველოს უახლესი ისტორია უტყუარად ადასტურებს, ისინი ღირებულებებს კი არ ქმნიან, არამედ პოლიტიკურ დომინანტებს.
          ხოლო პოლიტიკა, ნორმალურ ქვეყანაში, «მოდური დიზაინერების», «ძველი ბიჭი – მომპარავი» მომღერლების, «ფოტოგენური მწერლების», «ბოჰემური პოეტების» და ვიინტრონიზებული კლინიკური იდიოტების სამოქმედო ასპარეზი არ უნდა იყოს.
          მადლობა ღმერთს, საქართველოს პრეზიდენტი მათ ჭკუაზე არ დადის.
          ისინი რომ სინამდვილეში (მათდაუნებურად) პოლიტიკურ დომინანტებს ქმნიან (იცავენ) და არა ღირებულებებს, ძალიან იოლი დასამტკიცებელია. მაგალითად, თავად აცხადებენ, რომ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები უდიდეს ღირებულებად მიაჩნიათ. გულისამაჩუყებელ სენტენციებსაც აფრქვევენ «ადამიანის წმიდათაწმიდა უფლების შესახებ, - ჰქონდეს საარჩევნო ბიულეტენი». თავსაც გაწირავენ თითქოს ამ ღირებულების დასაცავად და ასე შემდეგ.
          მაგრამ საკმარისია კითხვა შეუტრიალო: «თანახმა იქნებით თუ არა, რომ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში შალვა ნათელაშვილი და მისი ე.წ. «ლეიბორისტები» მოვიდნენ?» – ქვას ააგდებენ და თავს შეუშვერენ. ან მოჰყვებიან უღიმღამო დემაგოგიას, რომ «ქართველი ხალხი მათ არ აირჩევს».
          არ აირჩევს, ვინაიდან თურმე ქართველ ერს ისე აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი ლიბერალური ფასეულობები, რომ სოფელ მაჩხაანში, ბოლო დროს, «დედმამიშვილების» სადღეგრძელომდე ჯონ ლოკის სადღეგრძელოს სვამენ.
          ან კითხვა იმავე დისკურსში – თანახმა ხართ თუ არა, რამდენიმე წლის შემდეგ აჭარის მოსახლეობამ თუ არა თვით ასლან აბაშიძე, მაშინ მისი სეპარატისტული ხროვის რომელიმე წარმომადგენელი ან იმავე კურსის გამგრძელებელი აირჩიოს?
          «უჰ, მაგათ ვინღა აირჩევსო?!» - გეგონოთ!!!
          ხომ უეჭველია, რომ შალვა ნათელაშვილის «ლეიბორისტებს» 2 ნოემბრის არჩევნებში ასეულობით ათასმა ადამიანმა მართლაც მისცა ხმა. მაშ რატომ იყო (არადა, ნამდვილად იყო!-ნ.ი) სამართლიანი მათი პარლამენტიდან გაპანღურება? იმიტომ, რომ ამ კატეგორიის ყოფნა პარლამენტში ხელს შეუშლიდა ქმედითი (რეფორმისტული, ქვეყნის მოდერნიზების უნარის მქონე) ხელისუფლების ჩამოყალიბებას.
          ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ ის ხალხი, ვინც გაუთავებლად მოითხოვს პოლიტიკაში მიზანშეწონილობის პრინციპის უგულებელყოფას, - თავად ვერ ამჩნევს, რამდენად ეწინააღმდეგება მათი კონკრეტული პოზიცია მათ მიერვე დეკლარირებულ ღირებულებებს.
          მათი ლოგიკით გამოდის, რომ 90-იან წლებში, რამდენჯერმე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ქართველ ერს წაერთვა წმიდათაწმიდა უფლება, განეხორციელებინა თავისი მრავალწლიანი ოცნება და საქართველოს პრეზიდენტად ჯუმბერ პატიაშვილი აერჩია. ანუ, «გაშლილი დროშებით», ამაყად დაბრუნებულიყო წარსულში.
          ხუმრობა იქით იყოს და, სინამდვილეში, ხელისუფლების ლეგიტიმურობას მის მიერ ქვეყნისთვის შეთავაზებული პროექტის არსი განაპირობებს და არა ბეჭედდასმული ქაღალდი ან ბრბოს ცვალებადი მხარდაჭერა. შევარდნაძის ხელისუფლება არალეგიტიმური გახდა არა იმიტომ, რომ არჩევნები გააყალბა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.
          ხოლო ნოემბრის რევოლუციას აზრი ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის შედეგად მოხერხდებოდა ქვეყნის მოდერნიზაცია. მოდერნიზაცია კი იძულებით განსახორციელებელი პროექტია! მით უმეტეს საქართველოში.
          და მაინც, მიუხედავად ამ მარტივი ჭეშმარიტებისა, კაპასი სიჯიუტით მოითხოვენ, მაგალითად, თბილისის მერის პირდაპირი კენჭისყრით არჩევას, რაკი გონიათ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ათეულობით ათასმა ადამიანმა, მტკივნეული, თუმცა აუცილებელი რეფორმების შედეგად სამუშაო ადგილი (უფრო ზუსტად შემოსავალი) დაკარგა – თბილისის მერი (სახელმწიფოში, რეალური გავლენით, მეორე პირი) ისეთი პიროვნება არ გახდება, რომელიც, სამოქალაქო ომის პროვოცირებით, ქვეყნის მოდერნიზაციის ყოველგვარ პროექტს დაასამარებს.
          ამ გზით, სულ მალე დავბრუნდებით ისევ იმ პლიურალისტურ მარაზმში, რომელშიც ვცხოვრობდით, - განვითარებისა და წინსვლის ყოველგვარი პექრსპექტივის გარეშე.

მთელ გვერდზე      

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა