რუსეთის მთავარი ბერკეტი

            «ხავერდოვანი რევოლუციის» შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულ ხელისუფლებას ყველაზე მეტად, როგორც ჩანს, ამჟამად ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების პრობლემა აღელვებს. ეს სავსებით სამართლიანი და გამართლებული მღელვარებაა, რადგან ვითარება, ამ თვალსაზრისით, ერთობ შემაშფოთებელია. რუსეთმა უკანასკნელ ხანს უპრეცედენტოდ თავხედური ნაბიჯები გადადგა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან კავშირების განმტკიცებისა და მათი აღიარების თვალსაზრისით. გუშინ, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები მთელი დღის განმალვობაში ხვდებოდნენ «სამხრეთ ოსეთის», აჭარისა და აფხაზეთის ხელმძღვანელებს. უპრეცედენტოდ რადიკალური დემარშები მეტყველებს, რომ მოსკოვი რაეღაცით საშინლადაა გაღიზიანებული. თითქოს, სპეციალურად აგზავნის თბილისში «შეტყობინებებს» თავისი უკმაყოფილების შესახებ.
           რასაკვირველია, აქ ინტერესთა გარკვეულ თანხვედრასთანაც გვაქვს საქმე. სეპარატისტებმა დრო იხელთეს და დღემდე უპრეცედენტო მოთხოვნებიც დააყენეს. აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» ხელმძღვანელები პირდაპირ შეთანხმებებს აფორმებენ რუსეთის პრემიერ-მინისტრ კასიანოვთან, რაზეც მცირე ხნის წინათ ვერც კი იოცნებებდნენ. მათ დაემატათ აჭარა. ასლან აბაშიძემ მიაღწია შეთანხმებას იმავე ანატოლი კასიანოვთან -–გამარტივებული სავიზრო რეჟიმის შემოღების შესახებ. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უბიძგებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეომიღოს საკუთარი მოქალაქეობა. სწორედ ეს არის ჩადებული კასიანოვის წინადადებაში და ალბათ, ესეც გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეღავათიანი სავიზრო რეჟიმის შემოღებას აზრი არა აქვს – აჭარის მცხოვრებთა გარჩევა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეთაგან სხვაგვარად ვერ მოხერხდება. მაშასადამე, რუსეთი უბიძგებს აჭარას (სადაც თვისებრივად არავითარი სეპარატიზმი არ არის), სულ უფრო გაემიჯნოს თბილისს. არ არის გამორიცხული, აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს. რუსეთი ამას ყოველმხრივ შეუწყობს ხელს და მატერიალურადაც კი უზრუნველყოფს, რათა ნადარჩენი საქართვლოსაგან მოწყვეტილ აჭარას ეოკნომიკური პრობლემები არ შეექმნას.
           «სამხრეთ ოსეთისა» და აფხაზეთის მოტივაცია გასაგებია და არაფერი მოულოდნელი აქ არ არის. აჭარის ლიდერს, რასაკვირველია, «ნაციონალური მოძრაობის» იმ ლიდერთა გაძლიერება აშინებს, რომლებიც საქართველოს მოიაზრებდნენ არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის, არამედ ასლან აბაშიძის გარეშე. ამდენად, ყველაზე მეტად საინტერესოა თვით რუსეთის მოტივაცია. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც იგორ ივანოვი გულისამაჩუყებელი სიტყვით გამოვიდა ოპოზიციის მიტინგზე და მადლობებიც კი დაიმსახურა მასპინძელთა მხრიდან მისი როლისათვის რევოლუციის უსისხლოდ დასრულებაში?
           რასაკვირველია, აქ ივანოვმა მართლაც სერიოზული როლი შეასრულა,მაგრამ იგი გააღიზიანა იმან, რომ მოსკოვის როლი, საბოლოო ჯამში, წმინდად დეკორატიული აღმოჩნდა: რუსეთმა შეასრულა სცენარი, რაც მას არ ადუწერია. სწორედ ეს არის ყველაზე საწყენი კრემლისათვის: მას პროცესი ხელიდან გაუსხლტა, სცენარი ამერიკამ დაწერა და ბრწყინვალედ განახორციელა კიდეც: მან ხელისუფლებაში მოიყვანა გუნდი, რომლის დემოკრატიული და ევროატლანტიკური ორიენტაცია ეჭვს არ იწვევს.
           განურჩევლად იმისა, რამდენად ლოიალურ განცხადებებს აკეთებენ დღეს დროებითი ხელისუფლების მესვეურები რუსეთის მიმართ, მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ ლეგიტიმაციის შემდეგ ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად პროდასალვური იქნება. ამ ვითარებაში რუსეთისათვის ყველაზე ნაკლებად სასურველი კანდიდატი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო, ამიტომ კრემლი ყველაფერს აკეთებდა, რათა ეს კანდიდატურა გამოერიცხა. ერთადერთი რეალური ბერკეტი მის ხელში სწორედ საქართველოს ავტონომიათა «ხელზე შემოჩვევაა», რათა ამ ბერკეტით აიძულოს თბილისი, ურფო დამყოლი ყოს. რა თქმა უნდა, მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ეს «გზავნილია», აგრეთვე, ქართული საზოგადოებისთვის, რათა გააღვივოს სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში.
           რაც შეეხება რეალობას, იგი დღეს არ ჩამოყალიბებულა და იმაზე უარესი, რაც დღემდე ხდებოდა, ალბათ, ვერც მოხდება. იურიდიულ «ვა-ბანკზე» მოსკოვი არ წავა და ბოლომდე არ გააფორმებს საქართველოს ავტონომიათა «შემომტკიცებას».

დილის გაზეთი, 28 ნოემბერი 2003 წელი

მთელ გვერდზე