მეოთხე მსოფლიო ომი

            თუ ჩავთვლით, რომ მესამე მოსლფიო ომი იყო «ცივი ომი» დასავლეთსა და ეგრეთ წოდებულ, «სოციალისტურ ბანაკს» შორის, მაშინ გუშინ ერაყში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები «მეოთხე მსოფლიო ომის» პირველაქტად უნდა ჩაითვლაოს. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს ომი მეტად მასშტაბური იქნება – პირიქით, იგი დიდხანს ნამდვილად არ გაგრძელდება. მაქსიმუმ, რამდენიმე კვირას გასტანს, მაგრამ ამ ომის დაწყებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ «გადაუსვა ხაზი» მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონსტრუირებულ მსოფლიო წესრიგს.
            მაგალითად, პრეზიდენტმა ბუშმა ულტიმატუმის წამოყენებისას განაცხადა, რომ თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არა აქვს შნო, მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ ამერიკა იზრუნებს საიმისოდ, რათა შეიქმნას პლანეტარული რეალიების შესაბამისი და უფრო ქმედითი უნივერსალური ორგანიზაცია.
            გაეროს «შნო» მაინც არ აღმოაჩნდა, ამერიკამ კი უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. ამით მან ფორმალურად დაარღვია წინა ეპოქის დროს შემუშავებული საერთაშორისო სამართალი, რომელმაც აზრი დაკარგა მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა ერთადერთი ზესახელმწიფო პლანეტაზე.
            მართლაც, სრულებით არ იქნება გასაკვირი, თუ ამერიკა თავისი ტერიტორიიდან გაეროს გარეკავს და მის ნაცვლად მსოფლიოს უფრო ქმედითუნარიანი ორგანიზაციის შექმნას შესთავაზებს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა «ერთა ლიგა». მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - «გაერთიანებული ერების ორგანიზაცია», ხოლო მესამე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ახალი მსოფლიო ორგანო უნდა შეიქმნას, თანაც, იგი სწორედ ამერიკამ უნდა შექმნას, როგორც ცივ ომში გამარჯვებულმა.
            ასეთი გლობალური ინიციატივის კონტურები უკვე გამოჩნდა, როდესაც დასავლეთმა იუგოსლავიის წინააღმდეგ განახორციელა იერიში. აგრეთვე, გაეროს იგნორირებით, ვინაიდან მაშინაც (როგორც დღეს) რუსეთი და ჩინეთი ვეტოს გამოყენებით იმუქრებოდნენ, თუ ვაშინგტონი უშიშროების საბჭოში შესაბამისი რეზოლუციის «გატანას» შეეცდებოდა. მაგრამ იუგოსლავიის (კოსოვოს) ომსა და ამჟამინდელ ოპერაციას შორის, პოლიტიკური თვალსაზრისით, დიდი განსხვავებაა. მაშინ დასავლეთი ერთიანი იყო, როგორც არასდროს. სერბი ფაშისტების თავხედობამ, კოსოვოელი, ალბანელების გაუთავებელმა გენოციდმა ევროტლნტიკური სივრცის სახელმწიფოებს მოთმინების ფიალა აუვსო. ამდენად, ნატომ (!) მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება, დაესაჯა მილოშევიჩის რეჟიმი და შეეწყვიტაა ჰუმნიტარული კატასტროფა კოსოვოში. ამერიკის შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას მაშიშნ აქტიურად უჭერდა მხარს, თუმცა, რაც მთავარია, დასავლეთი ერთსულოვანი იყო.
            სულ სხვა ვითარებაა ერაყთან დაკავშირებით – 1999 წლისგან განსხვავებით, ევროპის სახელმწიფოთა (ნატოს წევრთა) დიდი ნაწილი ომის წინააღმდეგია. ამიტომ, ვაშინგტონს არც უცდია გადაწყვეტილების «ნატოს ეგიდით» გატანა. მისი აქტიური მოკავშირე ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ დიდი ბრიტანეთია. სხვები უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილწეობას არ მიიღებენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და საფრანგეთი კი (პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) ესოდენ აშკარად და ღიად დაუპირისპირპდნენ ანგლოსაქსურ ალიანსს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სწორედ ანგლოსაქსთა ომია, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უშუალოდ ახორციელებენ შედეგს, ხოლო ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია მეტ-ნაკლები აქტიურობით უჭერენ მათ მხარს. მაშასადამე, ომის ერთ-ერთი შედეგი ანგლოსაქსური სამყაროს ერთიანობის და საერთო გეოპოლიტიკური ფენომენობის დადასტურება იქნება.
            არ არის გამორიცხული, ამ ფენომენის ფორმალიზებაც მოხდეს. გარდა ამისა, თუ ამერიკა ომს სწრაფად, შედარებით უმსხვერპლოდ (მშვიდობიან მოსახლეობაში) და უდანაკარგოდ მოიგებს – ეს იქნება ამერიკის ბრწყინვალე გეოპოლიტიკური გამარჯვება, «რის შემდეგაც ერთადერთი ზესახელმწიფოს გლობალურ პრეროგატივას ეჭვქვეშ ვეღარავინ დააყენებს. ასეთ შემთხვევაში, «ბებერი ევროპის» (მას სწორედ გერმანია და საფრანგეთი განასახიერებენ) პრესტიჟი სერიოზულად შეილახება – ევროკავშირის გაფართოების პროცესიც სულ სხვაგვარად განვითარდება – ბერლინისა და პარიზის ჰეგემონიის გარეშე. მაგრამ თუ ამერიკამ ომის სწრაფად და უმსხვერპლოდ მოგება ვერ შეძლო, თუ რეგიონში თავისი მოკავშირეები (მათ შორის, თურქეთი) საბოლოოდ გაინაწყენგა, ამერიკის პოზიციები, სერიოზულად შეილახება, რაც მსოფლიოს კარგს არაფერს უქადის. რუსეთის აკვიატების მიუხედავად, ეგრეთ წოდებული, «მრავალპოლარული მსოფლიო» ომებსა და ანარქიას ნიშნავს, მაშინ, როდესაც «ერთპოლარულობა» - დღეს მშვიდობასა და სტაბილურობას ნიშნავს.

დილის გაზეთი, 21 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე