ლოშჩინინი დამალობანას გვეთამაშება

        გუშინ სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების სფეროში, ელჩი ვალერი ლოშჩინინი, რომელიც აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრას გეგმავს.

        აქვე უნდა ითქვას, რომ სეპარატისტები შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებენ, რათა თავიანთი «საგარეო საქმეთა მინისტრი» რომელიმე ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს შეახვდერონ. მათთვის თვით შეხვედრის ფაქტს აქვს მნიშვნელობა და არა მოლაპარაკებათა შინაარსს.
        რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ლოშჩინინი აცხადებს, რომ ძირითადი თემები იქნება «ბოდენის დოკუმენტი» თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე და სხვა საკითხები. ამ «სხვა საკითხებში» რა იგულისხმება, არავინ უწყის.
        ბუნებრივია, გაიძვერა ლოშჩინინმა (იგი ბრწყინვალე დიპლომატია) შესანიშნავად იცის, რომ არავითარი შედეგი შამბა-გაგულიებთან «ბოდენის დოკუმენტეზე» ლაპარაკს არ მოჰყვება. ისინი, როგორც ადრე აცხადებდნენ უარს, სერიოზულად (ან თუნდაც არასერიოზულად) განიხილონ დოკუმენტი, კვლავაც ასე განაცხადებენ უარს.
        მაშასადამე, «კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე» წყლის ნაყვა მხოლოდ საბაბია, ხოლო ლოშჩინი სოხუმში სინამდვილეში «სხვა საკითხებზე» სასაუბროდ ჩადის. ან, უბრალოდ, სეპარატისტებისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოსავლენად, ვინაიდან თბილისში მის სტუმრობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გაუგებარი ვითარება იქმნება. ელემენტარული დიპლომატიური, სახელმწიფოთაშორისი ეთიკა მოითხოვს, როდესაც დიპლომატი კონფლიქტურ რეგიონებში ჩადის, მეორე მხარესაც შეხვდეს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია შუამავლობაზე. ორგზის უმეტეს, როცა დიპლომატი ჩადის სეპარატისტულ რეგიონში, ხვდება ფაქტობრივ ხელისუფლებას და არ ხვდება ქვეყნის ლეგიტიმურ ხელმძღვანელობას ანუ ცენტრალურ ხცელისუფლებას. ეს, უბრალოდ, თავხედური დემარშია, მაგრამ დიპლომატიურად რაფინირებული და დახვეწილი.
        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ «თბილისს წინასწარ შევატყობინეთ მოლაპარაკებათა შინაარსი, ხოლო საქართველოს დედაქალაქში ჩასვლას ელჩი ლოშჩინინი უახლოეს მომავალში გეგმავს».
        ამ განმარტებაში არ ჩანს, «წინასწარი შეტყობინება» გულისხმობდა თუ არა თბილისის ნებართვის (თანხმობის) დალოდებას სოხუმში გამგზავრებამდე.
        გარდა ამისა, «თემების შეტყობინება» თუ ნიშნავს ფორმულირებას: «განვიხილავთ ბოდენის დოკუმენტს და სხვა საკითხებს» _ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ლოშჩინინს, უბრალოდ, არ სურდა სოხუმთან ერთად თბილისში ჩამოსვლა, ხოლო მისი დიპლომატია «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა» სხვა არაფერია, თუ არა «სუვერენული აფხაზეთის უშიშროების უზრუნველყოფა», როგორც ჩანს, «საქართველოს შესაძლო თავდასხმისაგან».
        კრემლი აშკარად განრისხებულია იმით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერთა მოსკოვური ვოიაჟების შემდეგ, როდესაც ორივე სეპარატისტული «რესპუბლიკის» ლიდერი ერთდროულად შეხვდა ლოშჩინინს და ანტიქართული განცხადებები გააკეთეს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს დემარში მწვავედ გააკრიტიკეს და ლოშჩინინს «სეპარატისტთა ფაქტობრივი მხარდამჭერი» უწოდეს, რაც სრული სიმართლე იყო
        ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას ვითარება, როდესაც, ვალერი ლოშჩინინის სახით, რუსული დიპლომატია სეპარატისტებთან თავხედურ კონტაქტებს გაააქტიურებს ისე, რომ ქართულ მხარეს ფორმალურადაც კი აღარ შეხვდება. პარალელურად, კრემლი ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს აფხაზეთის დამოკიდებულება საქართველოზე, თვით პერსპექტივაშიც კი.
        რკინიგზის ამოქმედება სწორედ ამის მანიშნებელია, ისევე, როგორც რუსული პასპორტების მასობრივი დარიგება, ოღონდ, რუსეთი თავის ინტერესებსაც არ ივიწყებს. ზოგიერთს ეგონა, თითქოს პასპორტების დარიგება აფხაზეთის მცხოვრებთათვის მოსკოვს ხელს არ აძლევდა, ვინაიდან ისინი ამ პასპორტებით მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მიიღებდნენ და შექმნიდნენ ხიდს თურქეთსა და ჩრდილო კავკასიას შორის.
        მაგრამ, ნურას უკაცრავად: რუსეთს ასეთი რამ არასდროს ეშლება. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთში (საქართველოსაგან განსხვავებით) კვლავინდებურად მოქმედებს ორი ტიპის პასპორტი: «საზღვარგარეთის» და «საერთო მოქალაქეობრივი». ამ უკანასკნელს ჩვენში «პირადობის მოწმობა» ცვლის, ანუ აფხაზეთის მცხოვრებლებს ურიგებენ «საერთომოქალაქეობრივ» პასპორტებს, რომლითაც მათ შეეძლებათ, იმოძრაონ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე (ჩაწერის უფლების გარეშე), ხოლო რუსეთის ფარგლებს ვეღარ გასცილდებიან, ვინაიდან «საზღვარგარეთის» პასპორტებს რუსული დიპლომატია აფხაზებისათვის არ გაიმეტებს.
        მაშასადამე, აქ ინტერესთა თანხვედრასთან გვაქვს საქმე. მიაქციეთ ყურადღება:
        რუსეთის მოქალაქის პასპორტს ნებისმიერი აფხაზი მიიღებს მხოლოდ იმ პირობით, თუ სსრკ პასპორტს ჩააბარებს, რომლითაც ზოგიერთ ქვეყანაში (და თვით, საქართველოშიც კი) მას კიდევ ჰქონდა გადაადგილების, მუშაობის, სხვადასხვა სახის სოციალურ ურთიერთობათა დამყარების უფლება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, «ლოშჩინინეის დიპლომატია» აგრესიის დიპლომატიაა, ოღონდ მცოცავი, შეფარული აგრესიისა. იგი ისეთი დახვეწილი დიპლომატია, ადვილად ვერ «მიუდგები» ბრალის წასაყენებლად, მაგრამ ასეთი «რაფინირებული» ანექსია და ტერიტორიის ფაქტობრივი მიტაცება კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ღია საომარი მოქმედებები.

დილის გაზეთი, 10 იანვარი, 2003 წელი

მთელ გვერდზე