ლიტვა საქართველოს ნატოში ეპატიჟება

        საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ორმ მიემგზავრება ლიტვაში, «ვილნიუსის ათეულში» მონაწილეობის მისაღებად. იგულისხმება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმატი, რომლეიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახალ წევრებსა და უახლოეს კანდიდატებს აერთიანებს, მათ შორის, ბალტიის სახელმწიფოებს, აგრეთვე ალბანეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, რუმინეთს, უკრაინას და მეზობელ ქვეყნებს.

        ნინო ბურჯანაძის ორდღიანი ვიზიტი იმას გულისხმობს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამ პროცესის სრულუფლებიანი და აქტიური წევრი ხდება. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევა. დაგეგმილია ნინო ბურჯანაძის გამოსვლა სხდომაზე, რომლის დროსაც გაიჟღერებს საქართველოს ცნობილი პოზიცია – ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
        თავისთავად, საინტერესო ფაქტია, რომ ლიტვა არა მხოლოდ «ახალი ნატოს» ერთ-ერთი ბაირახტრია, არამედ ეს ქვეყანა საქართველოს მიწვევასაც აქტიურად უჭერს მხარს. ლიტვა, მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკმოად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან მან მოახერხა სტაბილური სახელმწიფოებრივი სისტემი სშექმნა და, ფაქტობრივად, რუსეთის ნეოიმპერიალისტურ ინტენციათა აღკვეთის მაგალითად იქცა.
        ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ უკყართ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების ალიანსში მიღებაზე ლაპარაკი. მაგრამ ეს ორგანიზაცია თვით ამ ქვეყნებმა უნდა აიძულონ, შეურიგდეს პროცესის გარდუვალობას, - თუნდაც, რუსეთის უკმაყოფილებისა და გაღიზიანების ხარჯზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოს სისტემაში გაიმარჯვებენ ის ძალები, რომლებიც ყოველთვის იმის მომხრე იყვნენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დასავლეთმა ცნოს რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონად და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით პროცესები სწორედ ამ ალგორითმში ვითარდება. ამაზე მეტყველებს ლორდ რობერტსონის განცხადებებიც თბილისსა და ბაქოში. ლიტვის სასახელოდ უნდა ითქვას: იგი არ დაკმაყოფილდა ნატოში გაწევრიანებით და შესანიშნავად აცნობიერებს მთელი პოსტსაბჭოური სისტემის დაშლის აუცილებლობას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
        ნინო ბურჯანაძე «ათეულის შეხვედრაზე» დაადასტურებს საქართველოს სურვილს ნატოში შესვლის შესახებ და ამ ფორუმზე ეს განცხადება განსაკუთრებით გაიჟღერებს. თუმცა, ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი და არცთუ გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. განმსაზღვრელი კი გახდება იმ პროგრამის შესრულება (ინდივიდუალური თანამშრომლობის შესახებ), რომელიც სამხედრო რეფორმასა და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას გულისხმობს. უამისოდ ყველა პოლიტიკური განცხადება კეთილ სურვილად დარჩება.

დილის გაზეთი, 21 მაისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე