ძასოხოვი «სამხრეთ ოსეთს» ზვერავს

        რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში მიიღო და საათ-ნახევარს ესაუბრა ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის პრეზიდენტ ალექსანდრე ძასოხოვს. ჩრდიოლეთ კავკასიური რესპუბლიკის ლიდერებთან ყოველი შეხვედრა მოსკოვში განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება და ამგვარი აღქმა უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. ჩრდილოეთ კავკასიური ელიტები საკმაოდ ეჭვით აკვირდებიან ერთმანეთს და პირველობისთვის იბრძვიან – რეგიონში დომინირებისათვის. კრემლი კი, რასაკვირველია, ოსტატურად სარგებლობს ამ პაექრობით უმნიშვნელოვანეს რეგიონში ისედაც მყარი პოზიციების შესანარჩუნებლად.

        მეორე მხრივ, კრემლი საქართველოზე ზემოქმედებისთვისაც ყოველთვის აქტიურად იყენებდა ამ მომენტს. 1992-93 წლებში პრეზიდენტი ელცინი თითქმის ყოველ კვირას ხვდებოდა ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტ კოკოვს, საუბრის შინაარსი არ ქვეყნდებოდა, თუმცა, ისედაც ნათელია, რაზე ილაპარაკებდნენ და რას შეათანხმებდნენ იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი მძვინვარებდა. ბოლოს ეს «უწყინარი საუბრები» იმით დასრულდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ვალერი კოკოვი 1993 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში (სოხუმის დაცემიდან აფხაზეთის ქართველთაგან გაწმენდიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) «ხალხთა მეგობრობის ორდენით» დააჯილდოვა. კოკოვი აფსუა-ადიღთა ფაშისტური მოძრაობისა და ანტიქართული გენოციდის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია და ეს ორდენი, ამ თვალსაზრისით, უდავოდ «დაიმსახურა» რუსეთისაგან.
        კიდევ უფრო გავლენიანი ფიგურაა ალექსანდრე ძასოხოვი. მის გავლენასა და «წონას» რუსულ ისტებლიშმენტში ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: პიროვნული (სუბიექტური) და გეოპოლიტიკური (ობიექტური). გეოპოლიტიკურად ოსური საზოგადოება რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა ჩრდილოეთ კავკასიაში, მაშინ, როდესაც ყველა სხვა ჩრდილოკავკასიური ელიტის ლოიალურობა ტაქტიკური მოსაზრებებით არის განპირობებული.
        მაგალითად, იგივე ჩერქეზული (ყაბარდო-ადიღე) ენლიტა კრემლთან ანტიქართულ ინეტრესთან თანხვედრის საფუძველზე მოქმედებდა და არა შინაგანი, სტრატეგიული ერთგულებით. რუსებმა ეს შესანიშნავად იციან. სწორედ ამიტომ «სამხრეთ ოსეთთან» დაკავშირებით, მათი პოზიცია კიდევ უფრო შეუვალი იქნება, ვიდრე აფხაზეთში. პუტინ-ძასოხოვის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, აფხაზეთის «პარლამენტმა» რუსეთს შესთავაზა, ფაქტობრივად, კონფედერაციული ურთიერთობები დაემყარებინათ, ანუ ეცნოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა (შინაარსობრივად ეს ამას ნიშნავდა), ხოლო «სამხრეთ ოსეთის» პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ «სამხრეთ ოსეთი» (აფხაზეთისგან განსხვავებით) დამოუკიდებლობისთვის კი არ იბრძვის, არამედ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.
        სწორედ ამის შედეგია პუტინ-ძასოხოვის შეხვედრა. მაშინ, როდესაც იმავე ვალერი კოკოვს რუსეთის პრეზიდენტი პირისპირ რამდენიმე თვეა არ შეხვედრია.
        ზოგიერთი ინფორმაციით, ძასოხოვმა და პუტინმა «სამხრეთ ოსეთის» პრობლემატიკაც განიხილეს. სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ალექსანდრე ძასოხოვის პიროვნული (სუბიექტური) თვისებები – რუსეთის ფედერაციის რეგიონულ ლიდერთა შორის იგი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, გამოცდილი და ნიჭიერი პოლიტიკოს ?? შესანიშნავად ესმის, რომ ოსებს ხელს არ აძლევთ ქართველებთან პერმანენტული დაპირისპირება, მაშინ, როდესაც «ოსეთის» ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას საშუალებას «მისცემს» გვარიანი ეკონომიკური მოგება მიიღოს ერთდროულად რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთმოქმედებით. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 1999 წელს, ალექსანდრე ძასოხოვმა (მაშინ, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა) გამოაქვეყნა «დიდი აბრეშუმის გზის» პერპენდიკულარული «ჩრდილოსამხრეთული» ეკონომიკური მაგისტრალის კონცეფცია, რომელმცა მოსკოვი-ვლადიკავკაზი%ცხინვალი-თბილისის ღერძი უნდა შექმნას.¹ ძასოხოვმა ზუსტად გათვალა, რომ ეს წინადადება შეიძლება სამივე მხარისთვის მისაღები ყოფილიყო. რაც შეეხება სტატუს-კვოს შეცვლას «სამხრეთ ოსეთში» _ ძასოხოვის შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან ამას ნამდვილად არ მოასწავებს. თუ აქ იგულისხმება «სამხრეთ ოსეთის» რუსეთის ფედერაციაში მიღება _ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ვინაიდან მოსკოვს ამგვარი პრეცედენტის შექმნა არც რაიმეს არგებს და არც რაიმეში სჭირდება, როდესაც ყველა პროცესს ამ რეგიონში ისედაც რუსეთი აკონტროლებს.
        ძასოხოვ-პუტინის ახალი ინიციატივა უეჭველად გაითვალისწინებს ეკონომიკურ პროექტს ცხინვალის რეგიონის უშუალო მონაწილეობით, ანუ ეს არის სოჭის სენსაციური სამიტის ერთგვარი ანარეკლი ოსურ პრიზმაში.

დილის გაზეთი, 3 აპრილი, 2003 წელი

მთელ გვერდზე