ქვეყნის ჩაბიუჯეტება

        გუშინ, საქართველოს პარლამენტმა, «ძირითადად», მიიღო, თუმცა, არსობრივად არ მოიწონა მთავრობის წინადადებები საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის შესახებ. ეს მრავალტანჯული წინადადებები რამდენიმე «თემას» მოიცავდა, მათ შორის, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას და ბიუჯეტის კორექტირებას შემოსავლების ზრდისა და ხარჯების შემცირების მიმართულებით.

        ბუნებრივია, ყველა ელოდა, რომ ახალი გადასახადების შემოღებას მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინც პარლამენტი, როგორც არასდროს, ერთსულოვანი იყო.
        ალბათ, დეპუტატები, რომელთა 100 პროცენტი მობილური ტელეფონის მფლობელია, განსაკუთრებით გრძნობენ, რას ნიშნავს ადამიანისათვის ფიჭური კავშირი, რაც საქართველოში, საედნიეროდ, კარგა ხანია აღარ არის ფუფუნების საგანი, არამედ ნორმალური ცხოვრების ელემენარული საშუალება გახდა. განსხვავებით თუნდაც სომხეთისაგან. საკმარისია ითქვას, რომ თუ საქართველოში მობილურის მფლობელთა ოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა, სომხეთში სულ 17 ათასია! ეს არის შედეგი იმისა, რომ ამ სფეროში სახელმწიფო რეგულირება და ბიუროკრატიის «მამაშვილური ზრუნვა» მინიმუმამდე შემცირდა, ეს ნორმალური კონკურენტული გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.
        სოციალური თვალსაზრისით კი, სულ რაღაც 20 დოლარად, ყველაზე გაჭირვეულ ადამიან შეუძლია, შეიძინოს ნახმარი მობილური ტელეფონი და 15-ლარიანი ბარათი მეშვეობიბთ «შემომავალ» ზარებზე ამუშავოს. ამ მიზერული თანხით კი მისი სოციალური სტატუსი და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იცვლება.
        ანუ, რა მოტივიც უნდა ჰქონოდათ დეპუტატებ, მათი გადაწვეტილებაბ (რის შედეგადაც ფინანსთა სამინისტრო გონივრულად მოიქცა და წინადადება მოხსნა) სავსებით მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ის შემთხვევაა, როდეაც კონკრეტული ოლიგარქიული ჯგუფები ინერესი ნულს უდრის, რაკი ველა ოპერატორი კომპანია ამ თანხას მომხმარებელს გადაახდევინებდა, ხოლო თავად ბევრი არაფერი დააკლდეოდა, თუ არ ჩავთვლით ბაზრის ზრდის შეფერხებას, რაც მაინც გრძელვადიანი შედეგია. მეორე წინადადება, ფინანთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის ინსპექციისა და გამოძიების უფლებათა მინიჭების შესახებ, შედარებით მეტად იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა, აქ კომპრომისი ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როდესაც პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე «შეარიგა» უწყებათა ხელმძღვანელები: საფინანსო ინსპექცია იღებს გამოძიების უფლებას, მაგრამ ეს უფლება მას არ ენიჭება ექსკლუზიურად. ყველა სხვა უწყებასაც უნარჩუნდება იგივე ულფება. ეს ძალთა ბალანსის ერთადერთი შესაძლო მოდელია დღევანდელ ვითარებაში.
        რა თქმა უნდა, უმთავრესი დისკუსია სწორედ სეკვესტრის (თუ «კორექტირების») საკითხზე გაიმართა. აქ არის ერთი ნიუანსი, რომელსაც დამსახურებული ყურადღება არ ექცევა: საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ოდენობით (90 მილიონ ლარამდე) სრულიად დამოუკიდებლად, ესე იგი, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლია სეკვესტრის განხორციელება.
        კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტით უნდა წარდგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სეკვესტრის ოდენობა 90 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამ ზღვრამდე კი არათუ პრეზიდენტს, არამედ ფინანსთა მინისტრსაც კი, თავისი ბრძანებით შეუძლია ცვლილების განხორციელება.
        ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც ისაუბრა განსხვავებაზე «ბიუჯეტის კორექტირებასა» და «ბიუჯეტის სეკვესტრს» შორის. თუ პარლამენტი შეთავაზებული ოდენობით საბოლოოდ მაინც ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ დეფოლტამდე ხელისუფლებას რჩება კიდევ ერთი შანსი: ფინანსთა მინისტრმა თავად შეამციროს ხარჯვითი ნაწილი. მართალია, შემცირება ვერანაირად ვერ იქნება იმ ოდენობისა, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვს, მაგრამ ეს მაინც ჩაითვლება ფონდის მოთხოვნათა თუნდაც ნაწილობრივ შესრულებად და ფონდმა მიანც შეიძლება მიიღოს მოწყალება. ვთქვათ, მან შეიძლება არ აღადგინოს პროგრამა სრული მოცულობით, მაგრამ დაგვეხმაროს («წაგვყვეს») კრედიტორთა პარიზის კლუბში, რათა საქართველოს კიდევ ერთხელ გადაუვადონ ვალები ორი წლით. ეს სრული კატასტროფის თავიდან აცილების საშუალება იქნება.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, დეფოლტი, ანუ ქვეყნის გაკოტრება გარდაუვალია. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაუწესდება მკაცრი მონიტორინგი, როდესაც მთავრობა ბიუჯეტიდან ვერც ერთ თეთრს ვერ დახარჯავს სავალუტო ფონდის ნებართვის გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველო დამოუკიდებლობის ხარისხის თვალსაზრისით, დაახლოებით, საბჭოთა პერიოდის მდგომარეობას დაუახლოვდება, როდესაც «რესპუბლიკური ბიუჯეტიდან» ყოველი რუბლის გამოყოფა მოსკოვში სათანადო უწყების მიერ უნდა ყოფილიყო სანქციონირებული.

დილის გაზეთი, 21 აგვისტო, 2003 წელი

მთელ გვერდზე