ანტიამერიკული კოალიციის კონტურები

        უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში «საქართველოში სპეციალიზებულ» პოლიტოლოგთა რიცხვს კიდევ ერთი ყოფილი გენერალი მიემატა, სატანკო ჯარების ყოფილი სარდალი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ყოფილი უფროსი, ლეონიდ ივაშოვი.

        რასაკვირველია, «ყოფილი გენერალი» არ არსებობს ისევე, როგორც «ყოფილი» სუკ-ის აგენტი. იმ აზრით, რომ მას შემდეგ, რაც კრემლის «კორმლენიაზე» მყოფ რუს პოლიტოლოგთა კოჰორტაში გადაბარგდა, ივაშოვს მენატლიტეტი, რასაკვირველია, არ შეუცვლია და აზროვნების იგივე სწორხაზოვანი სტილი შეინარჩუნა. ეს მართლაც განსაკუთრებული ტიპაჟია, რომლის «საუკეთესო» ნიმუშები სწორედ რუსულ-საბჭოთა არმიამ შექმნა. ივაშოვებს ქვეცნობიერად სწამთ, რომ ადამიანის ღირსება იმით განისაზღვრება, რამდენად შეუძლია მას «მწყობრად» სიარული.
        ბუნებრივია, გეოპოლიტიკურ პრობლემებზე მსჯელობისას ასეთი ყაიდის პარადიგმაში აზროვნებენ. მაგალითად, ერაყისა და «ანტიამერიკული კოალიციის» შექმნის აცუილებლობაზე საუბრისას, გენერალი ივაშოვი ღია ტექსტით ამბობს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკაში ებრაელებმა (ისრაელის სპეცსამსახურებმა) მოაწყვეს, რათა სიონისტური კაპიტალი საბოლოოდ დაუფლებოდა ამერიკას და აეძულებინა ამერიკის შეერთებული შტატები, დაეწყო ომი ისრაელის ინტერესების დასაცავად ერაყის წინააღმდეგ.
        საფიქრებელია, ამერიკა მოქმედებდა და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა საქმეა, რომ ეს ინტერესები შეიძლება ემთხვოედეს, ან არ ემთხვეოდეს (პოლიტიკა ხომ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა) ისრაელის, საქართვლეოს, ან სხვა ქვეყნის ინტერესებს.
        ლეონიდ ივაშოვს ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ ერაყის კამპანიის მსვლელობისას, ამერიკამ შეიძლება განალაგოს თავისი ჯარები საქართველოში, უფრო მეტიც: ივაშოვი დარწმუნებულია, რომ საქართვლეოში ამერიკული არმიის შემოსვლა გადაწყვეტილი საქმეა იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება.
        ძნელი მისახვედრი არ არის: გენერალი ივაშოვი ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს. თანაც არა ფიგურალურს, არამედ არსობრივს – ესე იგი, საქართველოს პოლიტიკური წყობის და, შესაბამისდა, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეხვლას.
        ამერიკა ივაშოვისთვის მოსისხლე მტერია, თუმცა, ძალზე საინტერესოა, კონკრეტულად, რას გულისხმობს იგი «ანტიამერიკულ კოალიციაში» და ვინ უნდა გაერთიანდეს ამ ბლოკში.
        ევგენი პრიმაკოვი ჩინეთ-ინდოეთ-რუსეთის ანტიდასავლური ბლოკის შექმნას სთავაზობდა პეკინსა და დელის, რაც იმთავითვე არარეალური ოყ, ვინაიდან, ინდოეთი მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიაა, ანგლოფილური ქვეყანაა, ხოლო ჩინეთი, ძირითადად, ამერიკაში ექსპორტის წყალობით ვითარდება და ვაშინგტონთან ნამდვილი დაპირისპირება სულაც არ ეპიტნავება.
        ლეონიდ ივაშოვის «კოალიცია» ბევრად ნაკლებშთამბეჭდავი, მაგრამ (რაოდენ პარადოსქულადაც უნდა მოგეჩვენოთ) უფრო რეალურია. ამ კოალიციის წევრებად მოიაზრებიან არა მხოლოდ ბელორუსი და ტაჯიკეთი, არამედ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკათა სეპარატისტული ავტონომიები და თვით რუსეთში მცხოვრები ზომიერი ისლამისტები, რომლებიც დაღესტანსა და თათრეთში მოხალისეებს აგროვებენ ერაყის «დასახმარებლად».
        მაშასადამე, რუსული ისტებლიშმენტის ის ნაწილი, რომლის ინტერესებსა და შეხედულებებს ივაშოვი გამოხატავს, ჟირინოვსკისაგან განსხვავებით, ამერიკასთან გლობალურ დაპირისპირებას რეალურად გაურბის, აშკარად მხარს ვერდაუჭერს ერაყს, ანუ ჰუსეინს ღიად იარაღს ვერ გ აუგზავნის, მაგრამ მზად არის, ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვარი გამოაცხადოს უკანასკნელ ზღუდედ, რომლის უკან კრემლი უკვე უომრად აღარდაიხევს. ამ თვალსაზრისით, ლეონიდ ივაშოვის განცხადება ფუჭი სიტყვები როდია. იგი «ახმოვანებს» პუტინის დოქტრინას, რომლის «საქართველოს პარაგრაფი» გულისხმობს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას საქართველოზე ზემოქმედებისთვის და ბაზების გატანაზე საბოლოოდ უარის თქმას.

დილის გაზეთი, 1 აპრილი, 2003 წელი

მთელ გვერდზე