სტამბოლი შავი ზღვის დედაქალაქი ხდება

        დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, თურქეთს მიემგზავრება. სტამბოლში დაგეგმილია «შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის» სამიტი, რომელშიც ათი ქვეყნის პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
        ეს საიუბილეო სამიტია: ზუსტად ათი წლის წინათ, 1992 წლის 24 ივნისს, სტამბოლში პირველად შეიკრიბნენ სახელმწიფოთა მეთაურები (ბორის ელცინის ჩათვლით), რათა ორგანიზაცია დაეფუძნებინათ. ბუნბრივია, მთავარი ინიციატორი თურქეთი იყო. ანკარას სურდა, დაეფიქსირებინა თავისი გეოპოლიტიკური არეალი შავი ზღვის რეგიონის სახით, რომელიც გასულ საუკუნეებში «თურქეთის ტბად» მიიჩნეოდა, რაც იმას როდი ნიშნავს, თითქოს თურქეთი «სულთანათის» აღდგენას ცდილობს. რა თქმა უნდა არა – თურქეთს ამჟამად ძალზე პრაგმატული, შორსმჭვრეტელი და, შეიძლება ითქვას, ბრძენი ისტებლიშმენტი ჰყავს, ხოლო პროცესებს მტკიცედ აკონტროლებს სამხედრო ელიტა, ანუ დღევანდელ რეალობაში საუბარია ეკონომიკურ გავლენასა და «ბაზრის გაფართოებაზე». ამ თვალსაზრისით კი, თურქებს, ნამდვილად «ძალაც შესწევთ ქადილისა».
        1992 წლის 24 ივნისს საქართველოში სრული მარაზმი სუფევდა «ზვიადისტებმა» ტელევიზიის შენობა აიღეს. თბილისის ცენტრში სროლა ისმოდა. ედუარდ შევარდნაძე დაგომისში გადაფრინდა ბორის ელცინთან შესახვედრად, რათა ეგრეთ წოდებული «სამაჩაბლოს ომი» შეეწყვიტა. დაგომისიდან კი, სახელმწიფოს საბჭოს თავმჯდომარის თვითმფრინავმა სტამბოლისკენ აიღო გეზი. იმ კონფერენციაზე ძალზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მოხდა: ედუარდ შევარდნაძემ ხელკავი გამოსდო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს და სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანთან მიიყვანა: ამით დაედო სათავე უშუალო მოლაპარაკებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სხვათა შორის, ეს ნაბიჯი უფრო აზერბაიჯანს აძლევდა ხელს, ვიდრე სომხეთს, ვინაიდან ლევონ პეტროსიანი მაშინ ჯერ კიდევ ეშმაკურ «ნეიტრალიტეტს» იცავდა (რა თქმა უნდა, დეკლარაციულად), აქაოდა, ომი ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს – მოლაპარაკებაც მათ შორის უნდა გაიმართოსო.
        თუმცა, ამ ჟესტით, ბისეკის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ედუარდ შევარდნაძეს მთელ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რლის შესრულება შეეძლო.
        ბისეკის პირველ სამიტზე მხოლოდ ორგანიზაციის დაფუძნება მოხდა. სამიტის მონაწილეებს აშკარად შეეშინდათ საქართველოს წინადადებებისა, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მსგავსი რეგიონული ორგანიზაციის შექმნას ისახავდა მიზნად. უპირველესად, თვით თურქეთი შეცბუნდა, - «იმპერიის აღდგენის მცდელობა» არ დამწამონო. მაგრამ მას შემდეგ «შავი ზღვის გაერთიანება» თანდათან უახლოვდება რეგიონული ორგანიზაციის სტანდარტს და თავდაპირველი, ერთობ მოკრძალებული, «ეკონომიკური შემადგენელი» განუხრელად იცვლება და ივსება პოლიტიკური შინაარსით.
        უპირველეს ყოვლისა, ამ ორგანიზაციას უდიდეს ყურადღებას აქცევს ამიერიკის შეერთებული შტატები, რაც შემთხვევითი არ არის. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამერიკა თურქეთს განიხილავს რეგიონში თავის მთავარ პლაცდარმად და დასაყრდენად.
        ვაშინგტონი აგრძელებს მისთვის ჩვეულ გეოპოლიტიკურ ტაქტიკას, როდესაც იგი სხვადასხვა რეგიონში მისივე დახმარებით გაძლიერებული «ქვეყანა-ლოკომოტივების» (ანუ, როგორც ხშირად უწოდებენ, «გეოპოლიტიკური ძალის ცენტრთა») მეშვეობით მართავს ვითარებას. ევროპაში ასეთი დასაყრდენია გერმანია, შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – იაპონია, სამხრეთ ამერიკაში – ბრაზილია, ხოლო ახლო აღმოსავლეთ-კავკასიის რეგიონში – თურქეთი.
        ამ ქვეყანამ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მართლაც ფანტასტიკურ წარმატებასა და პროგრესს მიაღწია.
        დღევანდელ თურქეთს ათი წლის წინანდელსაც კი ვერ შეადარებთ, არათუ ოთხმოციანი წლების დასაწყისს, როდესაც სამხედროებმა სამოქალაქო ადმინისტრაციას გადასცეს ხელისუფლება. ბუნებრივია, ესოდენ სწრაფი ტემპით მზარდი ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური გავლენის ზრდასაც შეეცდება და აქ საშიში არავისთვის არაფერია.
        სწორედ თურქეთის ძალისხმევით, თანდათან იქმნებოდა «ბისეკის» ახალი სტრუქტურები – მაგალითად, «შავი ზღვის ბანკი», შემუშავდა ერთიანი ენერგეტიკული სისტემის კონცეფცია, თანდათან მწიფდება საერთო ბაზრის» იდეა და ასე შემდეგ.
        საიუბილეო სამიტის პროცესში გაიმართება კონფერენცია, რომელიც «სამი ზღვის: ხმელთაშუა-შავი-კასპიის) ქვეყნების თანაშმრომლობას მიეძღვნება. გარდა ამისა, სტამბოლში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები საბოლოოდ გააფორმებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის ხელშეკრულებას, ანუ ეს სამიტი საქართველოსთვის ისტორიული იქნება.

დილის გაზეთი, 24 ივნისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე