რუსეთისბაზებიან საქართველოს ნატოში არავინ ელოდება

        მოსკოვში განხორციელებულმა ტერაქტმა რუსულ ისტებლიშმენტში საბოლოოდ დაამკვიდრა სრულიად ახალი «ლიბერალურ-შოვინისტური» პარადგიმა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ავითარებს.ა ამ პარადიგმის უმთავრესი შემადგენელია «ორმაგი მორალი» აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მიმართ და აგრესიული «კავკასიური პოლიტიკა».

        მოვსარ ბარაევის თავგანწირულმა რეიდმა რუსული ელიტისთვის მაკონსოლიდირებელი ფაქტორის ფუნქცია შეასრულა. მან ერთმნიშვნელონად დაუჭირა მხარი და მომავალშიც დაუჭერს პუტინის კავკასიურ, მათ შორის, «ქართულ პოლიტიკას».
        გამოკითხულ რუს ინტელიგენტთა 60 პროცენტი მთლიანად ამართლებს კრემლის მოქმედებებს უკანასკნელი ტერაქტის დროს. მათი აზრით, მართალია, ჩეჩნეთში ჩეჩენი ბავშვებიც იხოცებიან (სხვა ათიათასობით მშვიდობიან მცხოვრებთან ერთად), მაგრამ რუსი ბავშვების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობა მაინც დაუშვებელია და მას გამართლება არა აქვს.
        რა უნდა უპასუხო ამას? მათ ის აღარ ახსოვთ, როგორ გვარცხვენ.დნენ «ოსი ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის გამო» 1989-91 წლების მოვლენებისას.
        რაც შეეხება «პუტინის დოქტრინას» კავკასიისა და საქართველოს მიმართ, მისი კონტურები უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა. უპირველესად, აქ ლაპარაკი ზედმეტია რუსეთის წასვლაზე ამ რეგიონიდან, ვინაიდან კავკასია რუსეთის «გეოპოლიტიკური მზის წნულია» და აქედან წასვლა რუსული სახელმწიფოსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.
        რუსეთისთვის სწორედ საქართველოში დარჩენაა საკვანძო საკითხი. ძნელი სავარაუდოა, რომ რუსეთი უდიდესი საერთაშორისო ძალისხმევისა და ზემოქმედების გარეშე შეასრულებს სტამბოლის შეთანხმებას და გაიყვანს ბაზებს ახალქალაქი-ბათუმიდან.
        ეს კი არა, მათ თბილისიდან შტაბის გატანაც კი არ სურთ (1500 ჯარისკაცითა და ოფიცრით) რომელიც, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ბაზაა, თანაც უცხო ქვეყნის დედაქალაქში.
        ვიდრე რუსული ბაზები საქართველოში იმყოფება, როგორი განაცხადიც არ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ნატოს პრაღის სამიტზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უბრალოდ ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ჩვენს მიმართ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე იდგება თუნდაც ერთი არანატოსწევრი სახელმწიფოს ჯარისკაცი.
        იმასაც ვერ ვიტყვით, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ ცდილობს რუსეთის ბაზების გატანას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთს განზრახული აქვს, ათეულობით წლის განმავლობაში გაჭიმოს მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ შემდგომ რამდენი წელი დასჭირდება ჯარების გაყვანას. ბოლოს კი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ჯაროებს მოსახლეობა «არ გაუშვებს» _ ეს ტექნოლოგია გშუდაუთაში უკვე დამუშავებულია.
        ჩეჩნეთის ომით რუსეთმა ძალიან ოსტატურად შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც დასავლეთი ვერ ამწვავებს საქართველოდან ჯარების გაყვანის თემას, ოღონდ კი რუსეთის აგრესია და დაბომბვები არ დაუშვას. ეს «გაღმა შეედავეს» პრინციპია. მოსკოვი ერთობ მომგებიან პოზიციაში დგება: საქართველოს არ ვბომბავ, მაგრამ ჯარების გაყვანას მიანც ნუ მომთხოვთ – ეს მეტისმეტი იქნებოდა. ხომ ხედავთ, საქართველოდან კავკასიაში ანტიტერორისტულ კოალიციას ვეხმარები, ორ სამხედრო ოპერაციას ვახორციელებ, სტაბილურობას ვინარჩუნებ, თქვენ კი არ გსურთ ჩემი ინტერესების გათვალისწინებაო.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთს სურს საქართველოში სტატუს კვოს შენარჩუნება, რათა არ დაუშვას ალტერნატიულ გეოპოლიტიკურ ძალთა (უპირველესად, ამერიკის) მომძლავრება რეგიონში. მოსკოვში შესანიშნავად ხვდებიან, რომ 100 ან თუნდაც 200 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი წონასწორობას ვერ შეცვლის. სხვა საქმე იქნებოდა, რუსული ბაზები რომ არ იყოს ქვეყანაში. მეორე ბერკეტია «გაყინული კონფლიქტები». ამ კონფლიქტების «გალღობას» რუსეთი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში განახორციელებს. მანამდე «გაყინულ» მდგომარეობაში მათი ყოფნით კრემლი მისთვის სასარგებლო რეალობას აფიქსირებს.
        ნატოს წესდებაში სიტყვა-სიტყვით წერია, რომ წევრობის კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს ის ქვეყანა, რომელსაც არა აქვს სასაზღვრო და შიდა კონფლიქტები. ჩეჩნეთის მონაკვეთზე მუდმივი დაძაბულობაც ამ მიზანს ემსახურება. აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებს რუსეთი შემდგომაც «დააკონსერვებს». არც მათ დამოუკიდებლობას ცნობს, მაგრამ არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეალურ აღდგენას დაუშვებს. კრემლი ყველანაირად შეეცდება, მუდმივი აქცენტირებას იმ გარემოებაზე, რომ ეს ტერიტორიები თბილისს არ ემორჩილება.
        არ არის გამორიცხული სპეცსამსახურთა პროვოკაციები ნავთობ-გაზსადენების წინააღმდეგაც. ასეთია პუტინის «კავკასიური სტრატეგია», რომელიც აღარასოდეს შეიცვლება.

დილის გაზეთი, 1 ნოემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე