ვინ წაიყვანს ჩეჩნებს?

        რუსეთის გენეარალურმა პროკურატურამ ოპერატიულად «გამოაცხო» 200-ტომიანი საქმე, რომლითაც ცდილობს დაამტკიცოს ჩეჩნეთის საზღვართან დაკავებული 13 ჩეჩენის «ტერორისტობა».

        თავად ჩეჩნები იხვეწებიან, ოღონდ რუსებს არ გადაგვცენ და მზად ვართ, საქართველოში სამუდამო პატიმრებად დავრჩეთო. რუსეთში მათი მოხვედრა 10-15-წლიანი ტანჯვა-წამებას ნიშნავს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც რუსები გაცოფებული არიან ხანკალასთან ვერტმფრენის ჩამოგდებით და 116 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვით.
        მეორე მხრივ, «არგადაცემის» შემთხვევაში, მოსკოვი უეჭველად გააძლიერებს ანტიქართულ ისტერიას. თავიდანვე საქართველოს ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ განახორციელებდა ექსტრადირებას, თუ დამტკიცდებოდა დაკავებული ჩეჩნების მონაწილეობა იურიდიულად «ტერორიზმად» მიიჩნევა. ამდენად, რუსეთის გენერალურ პროკურატურას ყოველთვის შეუძლია წეუყენოს დაკეავებულებს ისეთი დანაშაულის ბრალდება, რომელიც ითვალისწინებს მეტ სასჯელს, ვიდრე საქართველოში ელით. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის სულისკვეთებისა და ადრე გახმოვანებული ვალდებულებების შესაბამისად, იძულებული ვიქნებით, დაკავებულები გადავცეთ საქართვლეოში განაჩენის გამოტანის შემდეგ. ეს განაჩენი ვერაფრით იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე რუსეთის გენპროკურატურის ბრალდებები ითვალისწინებს.
        თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ: საერთაშორისო სამართლის სულისკვეთება, ამ შემთხვევაში, არ გულისხმობს იმპერიულ მოთხოვნასა და ვალდებულებას. არანაირი ვალდებულება საქართველოს არა აქვს ამ საკითხში, არც საერთაშორისო კონვენციებით, არც ორმხრივი შეთანხმებებით რუსეთთან.
        ბოლოს და ბოლოს, რუსეთი დღემდე არ პასუხობს მოთხოვნებს იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით, ვისაც უმძიმეს დანაშაულებებში ედება ბრალი. ოღონდ, ჩეჩნების ექსტრადირების «მიბმა» იგორ გიორგაძის პრობლემასთან უაღრესად წამგებიანი იქნებოდა. უფრო მიზანშეწონილია რუსეთში მცხოვრები აფსუა სამხედრო დამნაშავეების საკითხის წამოჭრა, თუმცა, ეს დროში გაიწელება (ალბათ, ადრე უნდა გვეზრუნა) და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა უკიდურეს გამწვავებას გამოიწვევს.
        ამრიგად, ძნელი იქნება ამჯერად დაკავებულთა გადაცემის შეფერხება ან (მით უმეტეს) აშკარად უარის თქმა მათ გადაცემაზე. რასაკვირველია, ჩეჩნების ექსტრადირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ არაერთგვაროვან რეაქციას გაომიწვევს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ იმავე რუსმა ჟურნალისტებმა, ვინც ამჟამად ანტიქართულ ისტერიკებს მართავს, ეს ნაბიჯი «მცირერიცხოვანი ხალხის გენოციდში მონაწილეობად» ჩათვალონ. ისევე, როგორც სტალინსა და ბერიას უთვლიან იმის გამო, რომ რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს იცავდნენ ჩრდილო კავკასიაში. არ არის გამორიცხული, ხვალ ყველაფერი პუტინს დაჰბრალდეს (როგორც დაჰბრალდა სტალინს, შემდეგ ელცინს( და ანტიქართული პროპაგანდისტული მანქანის ვექტორიც შეიცვალოს.
        ასეთ ვითარებაში, ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა ჩეჩნების გადაცემა ჩეჩნეთის მარიონეტული ხელისუფლებისთვის, ანუ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხმობა უნდა განაცხადოს ექსტრადირებაზე, მაგრამ დააყენოს კონკრეტული პირობა (იმავე საერთაშორისო სამართლის სულისკვეთება ამას ნამდვილად ითვალისწინებს): ჩამოვიდეს ჩეჩნეთის «პრორუსული» ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აჰმად კადიროვი (როგორც გენპროკურორი უსტინოვი ჩამოვიდა), ჩამოიყვანოს ჩეჩნეთის პროკურატურის თანამშრომლები და წაიყვანოს დაკავებულები. შემდეგ უნდათ ჩეჩნეთში გაასამართლონ, უნდათ თავიანთ პატრონ. რუსებს გადასცენ. ასეთ შემთხვევაში დაფიქსირდება, რომ ჩეჩენი მეომრები მისივე მოღალატეებმა გაყიდეს (კადიროვმა და სხვებმა) და არა საქართველომ.
        ამავე დროს, რუსეთთან დაძაბულობის შერბილების მიზნით, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში გაათავისუფლებს (რუსეთის საელჩოვ თავდებიტთ) სამ რუს მილიციელს, რომლებიც პანკისის ხეობიდან მანქანის წამოსაყვანად (!) არალეგალურად შემოვიდნენ საქართველოში.
        მათი დაპატიმრებით, საქართველომ სცადა დაეჭიქსირებინა, რომ პანკისი ხეობაში არც ისეთი დაძაბული ვითარებაა, როგორც რუსული მედია და ოფიციალური პირები.
        მაგრამ დღეს რუსული მედია კრემლიდან მიღებული ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს. ამდენად, ინციდენტი მოსკოვში მიჩქმალეს, ხოლო სამი რეგვენი პოლიციელის დაკავებამ აზრი დაკარგა.

დილის გაზეთი, 29 აგვისტო, 2002 წელი

მთელ გვერდზე