აფხაზური სტრატეგია კოდორისთვის

        რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის, ეგრეთ წოდებულმა, ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ორ კვირაში საქართველო ხეობიდან არ გაიყვანს ყველა შეიარაღებულ ფორმირებას (ადგილობრივ მოლაშქრეებთან ერთად), სოხუმის ხელისუფლება ხეობაში თავის შეიარაღებულ ძალებს შეიყვანს. მაგრამ (სწორედ ეს გახლავთ ყველაზე საინტერესო) აფხაზეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიზანია არა ხეობის ზედაწელის შტურმი და ქართული სოფლების აღება, არამედ მისი ბლოკირება, რათა ხეობიდან აფხაზეთის დედაქალაქისკენ «დივერსიულმა ჯგუფებმა» ვერ შეძლონ გადაადგილება.
        პრინციპში, აქ ახალი არაფერია: 1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ სეპარატისტებმა მხოლოდ კოდორის ხეობის ზედა წელზე ვერ შეძლეს უშუალო კონტროლის დამყარება. 1994 წელს მათ, სტრატეგიული თვალსაზრისით, საფრთხე შეამცირეს, როდესაც დაიპყრეს ორივე გვირაბი და სოფელ ლათამდე მიაღწიეს. ამგვარი დისპოზიცია შენარჩუნებული იყო 2001 წლის ოქტომბრამდე.
        როგორც კი აფხაზეთის მთიანეთში რუსლან გილაევი გამოჩნდა, რუსებმა მოხსნეს «მშვიდობისმყოფელთა» პოსტი ლათასთან, ხოლო აფხაზურმა ფორმირებებმა ოდნავ ქვემოთ დაიხიეს - «შაქრიანი მთის» ძირამდე, სადაც ძირითადი მოქმედებები მიმდინარეობდა შარშან, ოქტომბერში.
        თუ არშბას განცხადებას ვირწმუნებთ, გამოდის, სეპარატისტებს უბრალოდ ადრინდელი დისპოზიციის აღდგენა სურთ და სხვა არაფერი, ხოლო კოდორის ხეობაზე შეტევას არ გეგმავენ. ბუნებრივია, ხეობის ზემო წელიდან დივერსიული ჯგუფების მოქმედებას ხეობის ბლოკირება ვერ შეაფერხებს, მაგრამ სოხუმი ისეთი შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მისი მიზანია ქართული ჯარის ფართომაშსტაბიანი შეტევის გამორიცხვა.
        ამავე დროს, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ერთმნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს ხეობაზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ. მას ეთანხმება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე და ხეობის ყოფილი მმართველი ივერი ჭელიძე. ამდენად, საკვანძო საკითხი მართლაც ის არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აფხაზეთის ამჟამინდელი ბანდ-ხელისუფლება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა უარვყოთ ილუზია, თითქოს, «მოსკოვიდან თუ უბრძანებენ, შეუტევენ ხეობას, თუ არ უბრძანებენ – თითსაც არ გაანძრევენ». ასეთმა პრიმიტიულმა წარმოდგენებმა უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას გასულ წლებში.
        სინამდვილეში, პოლიტიკა ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა. ამდენად, სეპარატისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუტევენ კოდორის ხეობის ზემო წელს, თუ ამას თავისი (და არა მოსკოვის) ინტერესებისათვის სასარგებლოდ და აუცილებლად მიიჩნევენ.
        რასაკვირველია, ვითარება ამ მხრივაც არ გახლავთ ერთმნიშვნელოვანი: აპრილში ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება იმას ნიშნავს, რომ 2002 წლის «საზაფხულო სეზონი» აფხაზეთში საბოლოოდ ჩაიშლება. არადა, «დამსვენებლები» აფხაზეთის გაძვალტყავებული მოსახლეობისთვის შემოსვლის ერთადერთი წყაროა. მაშასადამე, გაგრძელდება აფხაზეთის დ აცლის პროცესი, რომელიც სეპარატისტთა ელიტას სულ უფრო აღელვებს – აფხაზეთიდან წასული 30 ათასი აფხაზიდან ნახევარიც რომ დაბრუნდეს, მეორე ნახევარი სამუდამოდ («ძირფესვიანად») დასახლდა მოსკოვსა თუ სანკტპეტერბურგში.
        მაგრამ მეორეს მხრივ, სოხუმში შესანიშნავად ესმით, რომ კოდორის ხეობა «ავად დაკიდული დამოკლეს მახვილია» და, ადრე თუ გვიან, შეიძლება მოწყდეს». დღეს კი ყველაზე ხელსაყრელი ფონია საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად.
        რომელი მოსაზრება «გადაწონის» სოხუმში – ძნელი სათქმელია. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობაზე, რის თაობაზეც სეპარატისტებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია აქვთ. თუ ამჟამად ქართულ არმიას შეუძლია მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს (რუსების დახმარების შემთხვევაშიც კი) მაშინ ხეობის «შტურმის» შანსები კლებულობს.
        რა თქმა უნდა, მოსკოვის განწყობა არა გადამწყეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ძნელი გასათვლელი არ არის: კოდორზე შეტევა ნიშნავს «სამშვიდობო ძალთა» გაყვანის ერთმნიშვნელოვან მოთხოვნას პრეზიდენტის მხრიდან. და პირიქით: «სამშივდობოთა გაყვანა» და კოდორზე დარტყმა ერთი იქნება.

დილის გაზეთი, 19 აპრილი, 2002 წელი

მთელ გვერდზე