ვინ შეჭამა დოკუმენტი?
       

        «მგელმა - თხა, თხამ ვენახი შეჭამა». ხალხური შემოქმედების ეს არცთუ უბრწყინვალესი ნიმუში გახსენდება, როდესაც თვალს გაადევნებ ქრისტეს ტირილს «ნულოვანი ვარიანტის» თაობაზე განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ლეგენდადქცეული ხელშეკრულების დაკრგვას ეხება.
        როგორც ცნობილია, 1993 წლის 14 სექტემბერს, ჩვენმა ისტორიულმა მეგობარმა და დიდმა ძმამ, რუსეთმა, საკაცობრიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო ოპერაცია განახორციელა: მოსკოვში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის ძალითაც, საქართველო უარს ამბობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონების «კუთვნილ წილზე» (როგორც აქტივებზე, ასევე პასივებზე) რუსეთის სასარგებლოდ.
        «მაღალ ხელმომწერ მხარეთაგან» საქართველოს წარმოადგენდა ოთარ ფაცაცია - ერთ-ერთი «ყველაზე დროებითი» ფიგურა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
        იმ დროს, მოგეხსენებათ, სამოქალაქო ომი საქართველოში კულმინაციას აღწევდა: ექსპრეზიდენტის მომხრეები სენაკს უტევდნენ, თბილისში პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს დაერია, სახელმწიფოს მეთური თანამდებობიდან გადადგა. ბუნებრივია, ამ ვითრებით ოსტტურად ისარგებლა რუსეთმა, რათა მისთვის საჭირბოროტო პრობლემა გადაეწყვიტა. საქართველო იმ დროს ისე იყო დაგლხვებული, ისეთ ჭაობში იმყოფებოდ, რომ რუსებს სრულებითაც არ ეხამუშათ ოთარ ფაცაციას გაცურება - რუსეთის ბაზრებზე მოთამაშე «ნაპიორსტოჩნიკ»-ების მსგავსად.
        თბილისშიც გინახავთ, ალბათ, სამ ამოტრიალებულ ჭიქას რომ აბზრიალებენ და ფულს იოლად აწაპნიან გულუბრყვილო გამვლელს. ზუსტად ასე უსინდისოდ მოატყუეს რუსებმა ოთარ ფაცაცია.
        ვიზირებულ დოკუმენტში იყო პუნქტები სსრკ-ს ალმასის ფონდის გაყოფისა და ყოფილ «ვნეშეკონომბანკში» საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილი თანხების დაბრუნების შესახებ, მაგრამ ხელმოსაწერად ოთარ ფაცაციას შეუცურეს ისეთი დოკუმენტი, რომლიდანაც ორივე პუნქტი ამოღებული იყო.
        ეს დაახლოებით ისეთივე თაღლითობაა (რუსეთის მხრიდან), როგორც ხსენებული «ნაპიორსტოჩნიკობა», მაგრამ გააჩნია ვისთან. «გაგივა» და როდის იკადრებ.
        რუსეთი ამგვარ რამეს სხვა ქვეყანასთან, რა თქმა უნდა, არ გააკეთებდა, მაგრამ 1993 წლის სექტემბერში საქართვლეო ისეთ გაუბედურებულ, გასაცოდავებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მისთვის ყველაფერი, ყოველგვარი სისაძაგლე შეიძლებოდა გაგეკეთებინა სრულიად დაუსჯელად.
        ამიტომაც «იკადრეს» ასეთი საზიზღრობა. საინტერესოა, როგორ «თავსდება» ეს უპრეცედენტო თაღლითობა ე.წ. «რუსეთუმეთა» კონცეფციაში - რუსეთის «სულიერი მისიისა» და მაღალი დანიშნულების შესახებ. თუმცა, ეს მაინც სხვა თემაა.
        ასეა თუ ისე, ოთარ ფაცაცია უზნეოდ, ყოვლად უსინდისოდ მოატყუეს (რა ენაღვლებოდათ - საქართველოს გადარჩენა გამორიცხულად მიაჩნდათ). შედეგად კი მივიღეთ პარაფირებული დოკუმენტი «ნულოვანი ვარიანტის» შესახებ - ჩვენი ქვეყნისთვის სრულია კაბალური პირობებით.
        ბუნებრივია, თუ ოთარ ფაცაცია დოკუმენტს ხელს აწერდა, აწერდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ალმასის ფონდიდან, ისევე, როგორც «ვნეშეკონომბანკიდან» საქართველო რაღაცას მიიღებდა. უკიდურეს შემთხვევაში, აფხაზეთის ომის პირობებში, ამ კუთვნილი წილის სანაცვლოდ იარაღს მაინც გამოვითხოვდით, - ელემენტარულად ტყვიას, რათა გუმისთასთან გამაგრებული საქართველოს არმია მოგვემარაგებინა.
        ალბათ, სწორედ ამ გათვლით მოაწერა ხელი ოთარ ფაცაციამ «ნულოვან ვარიანტს», მაგრამ «სად ხარ, თურმე». - ორივე პუნქტი რუსებმა იქვე აწაპნეს, ხოლო თბილისში დაბრუნებულ საქართველოს დეგელაციას ხელში შერჩა ცარიელი დკუმენტი - მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებებით, - სამუდამო უარი ეთქვა სსრკ-ს აქტივებსა და პასივებზე.
        შემდეგ უკვე ჩივილს აზრი არ ჰქონდა. ვის სად უნდა ეჩივლა, როცა აფხაზეთი და მთელი საქართველო სისხლიან მორევში ჩაეფლო. «მეგობრებმა» ესეც, რასაკვირველია, ძალიან ზუსტად გათვალეს.
        თუმცა, საქართველო ისე «საბოლოოდ» მაინც არ დაიღუპა, რომ კაბალური დოკუმენტის პარაფირება დაუყოვნებლივ მომხდარიყო. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წელი «გაძლო» და «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება პარლამენტს მაშინ შესთავაზა, როდესაც შეიძლებოდა სანაცვლოდ საქართველოს მიეღო თუნდაც მინიმუმი, ანუ ვალის რესტრუქტურიზაციის უფლება.
        როგორც ჩანს, ასეთი კომპრომისი რეალურად შედგა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, აღარაფერი ეშველება. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, 14 სექტემბერს პარაფირებული დოკუმენტი უკვალოდ გაქრა.
        ამ საკითხით დაინტერესდა როგორც უშიშროების სამინისტრო, ასევე საპარლამენტო კომისია, თუმცა, საეჭვოა, რაიმე აღმოაჩინონ. ვიზირებული ვარიანტის ერთ-ერთ ასლზე ხელმოწერა არ იკითხება! რას ნიშნავს «არ იკითხება»? მაშასადამე, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად ვინ მოაწერა ხელი დოკუმენტს!
        წარმოგიდგენიათ? ე.ი. არათუ «ხელმოწერა არ იკითხება», არამედ ვერც გაარკვიეს, ვინ აწერს ხელს, არადა, ვის შეიძლებოდა ხელი მოეწერა? მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანს! თუ თვითონ გაყურსულია და კრინტს არ ძრავს (ამ თვალსაზრისით, სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, კვლავ თანამდებობაზეა იგი თუ არა) სხვას როგორ შეიძლება არ ახსოვდეს? მარტო ხომ არ მუშაობდა დოკუმენტზე? ეს საზარელი ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დღეში ვიყავით მცირე ხნის წინ, თუმცა არც დღეს ვართ, მაინცდამაინც, დალხინებულნი.
        «ნულოვანი ვარიანტის» დედანი, უეჭველად, 1993 წელსვე «დაიკარგა». არ არის გამორიცხული, იგი, უბრალოდ, «ააორთქლა» რომელიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით. სანაცვლოდ კი უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. ცხოვრობს ახლა «ქისადაბრიგნილი» მოსკოვში გულარხეინად და იცის, რომ ვერანაირი გამოძიება ვეღარაფერს დააკლებს.
        «ქისა» მხოლოდ ამ ოპერაციით როდი გაისქელა. 1992-1993 წლებში, როდესაც საქართველოში ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობდა, დიდი ფული გააკეთა და ცხოვრობს კიდეც ტკბილად, მაგრამ «უსაფრთხოებას» ცალკე ფასი აქვს. ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი გარეწარი იმყოფებოდა ბოლო ათი წლის განმალვობაში საქართვლეოს სამთავრობო ოლიმპზე?
        ერთი ფრანგული გამოთქმის პერიფრაზით - «სახელი მათი არის ჯოგი!»

მერიდიანი, 17 იანვარი, 2001 წელი

მთელ გვერდზე