უშიშროების საბჭო ლუსტრაციის კანონზე მსჯელობს
       

        ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა საუბრები «ლუსტრაციის კანონის» თაობაზე. ამ თემაზე იმსჯელა ეროვნული უშიშროების საბჭომ, რაც, ამ ორგანოს მზარდი ავტორიტეტისა და გავლენის გათვალისწინებით, უეჭველად იმას ნიშნავს, რომ საკითხი «მომწიფდა» და უახლოეს მომავალში მართლაც გადაწყდება.
        ედუარდ შევარდნაძეს მობეზრდა გაუთავებელი ბრალდებები, თითქოს მას არ სურს ამ კანონის მიღება. არადა, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის და ყველაზე მეტი გნიასით მოითხოვს «ლუსტრაციის კანონის მიღებას» - რატომღაც, როცა საქმე-საქმეზე მიდგება, უცნაურად ყუჩდება და კრინტს აღარ ძრავს.
        როცა თემა «მიყუჩდება», ისევ იწყება კაკაფონია და მას შემდეგ, არადა, რა უშლით ხელს - აკი დეპუტატები არიან, შეიმუშაონ კანონი, გაიტანონ პლენარულ სხდომაზე და კენჭისყრაზე - ვნახოთ ერთი, ვინ მისცემს ხმას წინააღმდეგ, ან პრეზიდენტი თუ არ მოაწერს ხელს.
        ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 1993 წელს თქვა დაუვიწყარი «პირველი პარლამენტის» ტრიბუნიდან: თუ კანონის მიღება არ ხერხდება, მაშინ შევკრიბოთ 3-5 ყველაზე ავტორიტეტული ინტელიგენტი და მათ გავანდოთ, ვინ თანამრომლობდა წლების განმავლობაში უშიშროებასთან.
        შევარდნაძემ შესანიშნავად იცოდა, რასაც ამბობდა და ვისთან ჰქონდა საქმე, მაშინ იგი უკვე გაღიზიანებული იყო ზოგიერთების ორმაგი პოზიციით.
        ამის თქმა იყო და, დარბაზში მყოფთაგან ბევრს («ცნობილ ინტელიგენტსაც» და «მოძრაობის» წარმომადგენლებსაც) მიტკლის ფერი დაედოთ სახეზე.
        თუ მიაქციეთ ყურადღება, ყოფილი დისიდენტები ყველაზე ნაკლებად მოითხოვენ «ლუსტრაციის კანონის» მიღებას. ეს გასაგებიცაა, მათ 90 პროცენტს «მონანიება» აქვს დაწერილი და შედმგომში, ძირითადად, ურთიერთბრალდებებით იყვნენ დაკავებულნი: არა შენ იყავი «ნასედკა», არა შენო.
        თუ ასეა, ბოლოს და ბოლოს, ვის სჭირდება ეს «ლუსტრაციის კანონი?» როგორც ჩანს, იგი ქართული პოლიტიკური კლასის, ანუ «პოლიტოკრატიის» პაროლია, ანუ ერთგვარი «შამანური ჩათქმა», რომლითაც იგი საკუთარი ჰიპოთეტური ამომრჩევლის განწყობას პასუხობს.
        რეალურად კი, «ლუსტრაციის კნაონი» პათოლოგიურ საზოგადოებაში უეჭველად გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ გართულებებს, ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში «ლუსტრაციის კანონი» გულისხმობდა სამთავრობო სტრუქტურებში უცხო ქვეყნის აგენტების (თუნდაც, ყოფილი აგენტების) დაუშვებლობას. მათ გაუხმაურებლად ეუბნებოდნენ, რომ მათზე მასალები არსებობს და სჯობს უჩუმრად, თუნდაც ავადმყოფობის მომიზეზებით, დატოვონ თანამდებობა, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ასე შემდეგ.
        საქართველოში კი მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება: ეს იქნება ტალახის სროლა, გათახსირება და თავსლაფის დასხმა არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი საზოგადოებისა და ერის.
        ასეთი «ზეპურნი» დედამიწის ზურგზე, ალბათ, არც ერთ ერს არ ჰყოლია. უნივერსიტეტში ოთხი კაცი რომ შეიკრიბებოდა, სამი «კაგებე» იყო, - რომელ «ლუსტრაციაზეა» ლაპარაკი?
        გარდა ამისა, პრობლემას მეორე მხარეც აქვს. «ლუსტრაციაზე» საუბრისას ჩვენში გულისხმობენ არა მხოლოდ მათ, ვისაც თანამდეობის დაკავება სურს, არამედ, უბრალოდ, ყოფილი ნომენკლატურის ყველა წევრს. ასე ყველა ყოფილი კომუნისტიც შეიძლება, «ლუსტრირებულად» გამოცხადდეს.
        ამგვარი რამ არც ერთ ქვეყანაში არ გაუკეთებიათ და ქართველები ყველაფერში ხომ გამონაკლისები და განსაკუთრებულები უნდა ვიყოთ. «ლუსტრაციის კანონით», შესაბამისად, ატეხილი სკანდალით «გამოვლინდება» ეგრეთ წოდებული «ადგილობრივი აგენტურა» და არა მხოლოდ «უშიშროების», არამედ პოლიციის ხაზითაც. არადა, სპეცსამსახურებისა და სამართლისდამცველ ორგანოების მუშაობა საერთოდ წარმოუდგენელია აგენტურის გარეშე.
        რაც შეეხება საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივ სამართალმემკვიდრე რუსეთის აგენტურას, რასაკვირველია, მას «გადაჰყვა» მემკვიდრეობად «ძველი სიები», მაგრამ აგენტების (თუნდაც, «გავლენის აგენტების») დადგენა შეუძლებელი იქნება ჩვენი პარლამენტის დადგენილებით ან კანონით, ვინაიდან მონაცემები სათუთად ინახება მოკოვში - «ლუბიანკაზე.»
        ბუნებრივია, ასეთ ინფორმაციას ჩვენ არავინ გადმოგვცემს. გარდა ამისა, უნდა განვასხვავოთ ყოფილი «კაგებეს» «ცენტრალური» და «რესპუბლიკური» აგენტურა. ეს ერთი და იგივე სულაც არ არის. აქ გარკვეული რანგირება არსებობდა და იგი შენარჩუნებულია.
        გარდა ამისა, რად უნდა ჩვენს პოლიტოკრატიას «ლუსტრაციის კანონი» - დააკვირდით მის პოზიციებს სტრატეგიულ საკითხებში - ისედაც ყველაფერი ნათელი არ არის?

დილი გაზეთი, 5 მაიი, 2001 წელი

მთელ გვერდზე