«სუსტი» ცუგბა შეიძლება «ძლიერმა» ჯერგენიამ შეცვალოს
        აფხაზეთში რაღაც მართლა ხდება
       

        არაერთგზის მომხდარა, რომ თბილისში გაუზვიადებიათ აფხაზეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პრობლემათა სიმწვავე. მართლაც, არძინბას არ ჰყავს და არც შეიძლება ჰყავდეს სერიოზული (არაანგაჟირებული) ოპოზიცია, ვინაიდან იგი უზომოდ პოპულარულია სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობაში. აფსუანური ელიტა კი სწორედ ამ სეპარატისტული განწყობის «ფესვებით» სარგებლობს.
        ოპოზიციონერები არძინბას ჰყავს თვით ელიტაში, მაგრამ ისევ და ისევ ხსენებული ფაქტორის გამო, «სასახლის გადატრიალების» მოწყობას ვერ გაბედავენ. არძინბას სულ ადვილად შეუძლია ისინი გაანადგუროს - საკმარისია ერთხელ გამოვიდეს აფხაზეთის ტელევიზიით. არ არის შემთხვევითი, თუ ამჯერადაც სწორედ ტელევიზიით აპირებს (და არა ვიწრო წრეში კონსულტაციების შედეგად) დაასახელოს, თუ ვინ გახდება შემდეგი პრემიერ-მინისტრი ახლად გადამდგარი ვიაჩესლავ ცუგბას ნაცვლად.
        არძინბა ჩვეულებრივი, მძვინვარე ფანატიკოსია და როგორც ყველა ფანატიკოსს, პირადი ინტერესები არ გააჩნია, თუმცა, პირადი მტრები და მოწინააღმდეგეები კი ჰყავს, მაგრამ ისინი არძინბას უპირისპირდებიან «მეორე მხრიდან», ანუ სეპარატისტთა ლიდერს ქართული მხარისადმი «დათმობებში» ადანაშაულებენ.
        აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული «საგარეო საქმეთა მინისტრი» სერგეი შამბა მხოლოდ «საგარეო პოლიტიკის» ასპექტში განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობას, თვისებრივად კი, სერგეი შამბას ფანატიზმითა და ქართველებისადმი მძვინვარე სიძულვილით არძინბაც კი ვერ შეედრება.
        ამ ვითარებაში, დღეს მიმდინარე მოვლენები, მაინც ნიშანდობლივია. როგორც ჩანს, არძინბა მართლაც სერიოზულად არის ავად. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი ბოლოდროინდელი პერეტრუბაციების და არა რაიმე აზრთა სხვაობა საქართველოსთან ურთიერთობათა საკითხებზე.
        უბრალოდ, არძინბას ავადმყოფობამ ობიექტურად დაარღვია არსებული ბალანსი. სეპარატისტთა ელიტამ იგრძნო, რომ პრეზიდენტის ფუნქციის შესუსტებამ, შეიძლება დააზარალოს სეპარატისტული აფხაზეთის. ასე ვთქვათ, «სახელმწიფო ინტერესები».
        დაავადება კი მეტად სერიოზული ჩანს - ალცჰაიმერის ავადმყოფობაა თუ პარკინსონისა. არძინბა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას აპირებს - სწორედ ამიტომ გადაწყვიტა «ძლიერი» პრემიერის არჩევა, რომელიც მისი უშუალო კონტროლის შემსუბუქების პირობებში შეინარჩუნებს პოზიციებსა და გავლენას.
        ამ თვალსაზრისით, ვიაჩესლავ ცუგბა კომპრომისული და სუსტი ფიგურა იყო. ქართულ მხარესთან მოლაპარაკებისას იგი, უპირველეს ყოვლისა, ანრი ჯერგენიას (არძინბას მარჯვენა ხელისა და უახლოესი თანამოაზრის) მითითებებს ასრულებლა. ამიტომაც არ არის გაომრიცხული ანრი ჯერგენიას დანიშვნა პრემიერად. მეორე კანდიდატურა შეიძლება იყოს სოკრატ აჯინჯალი (ჯინჯოლია) - იგი უფროსი თაობის წარმომადგენელია, რომელიც კვლავინდებურად ინარჩუნებს გავლენას.
        რაც შეეხება «ოპოზიციონერად» დასახელებულ ანქვაბს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სეპარატისტები არა მხოლოდ თბილისთან თამაშობენ ძალიან ოსტატურად, არამედ მოსკოვთანაც. ანქვაბის ანგაჟირება «ოპოზიციურ» მოღვაწედ ერთგვარი პოლიტიკური მანევრია, ვინაიდან აფხაზურ სეპარატიზმს აფხაზურ საზოგადოებაში ოპოზიცია არ ჰყავს.
       
       

დილის გაზეთი, 5 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე