რუსეთმა აფხაზებს ეჭვის თვალით შეხედა
       

        ბოლოდროინდელი ინფორმაციები არძინბას ავადმყოფობის შესახებ, შესაძლოა, როგორც არაერთგზის ყოფილა, სეპარატისტთა მიერ ოსტატურად ტირაჟირებული დეზინფორმაცია აღმოჩნდეს. არ არის გამორიცხული, არძინბას ამჟამად სიჭრდებოდეს «თავის მომკვდაურნება», ვინაიდან აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთში ცოტა არ იყოს «საშიში» ტენდენციების განვითარება დაიწყო.
        ამის პირველ ნიშნად იქცა რუსეთის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს არხებით გავრცელებული ცნობა ჩრდილოეთ კავკასიაში 3 კვირის წინათ განხორციელებული ტერორისტული აქტების თოაბაზე.
        როგორც ცნობილია, ამ ტერორისტულ აქტებს 30 რუსი შეეწირა «მინერალნიე ვოდი»-ში და ასეულობით დაიჭრა. რუსული წყაროები (მათ შორის, არც ნიშანდობლივია, სამხედრო წყაროები) სულ უფრო ხშირად ახსენებენ ამ კონტექსტში არა მხოლოდ საქართველოს (ამას შევეჩვიეთ), არამედ აფხაზეთსაც.
        მაგალითად, უდიდესმა რუსულმა სააგენტოებმა ორი კვირის წინათ დაახლოებით ასეთი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელეს: დაზვერვის ცნობით, ტერორისტები, რომელთაც მოაწყვეს აფეთქება, «მინერალნიე ვოდიში», რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ საქართველოსა და აფხაზეთის გავლით».
        რასაკვირველია, აქ საქართველო და აფხაზეთი კვლავ გამიჯნულია ერთმანეთისაგან, მაგრამ თავისთავად ამ კონტექსტში «აფხაზეთის» ხსენება სერიოზული სიგნალია. მაშასადამე, მოსკოვში პირველად შენიშნეს და აღიარეს, რომ ის ვითარება, როდესაც საქართველოს მოთხოვნით, აფხაზეთის ტერიტორიული წყლები დატოვეს რუსმა მესაზღვრეებმა, საშიშია რუსეთისათვის.
        ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველომ, როდესაც მოითხოვა რუსი მესაზღვრეების გაყვანა აფხაზეთიდან. მათ შორის, აფხაზეთის საზღვაო აკვატორიიდან, ვინაიდან ის მესაზღვრეები აკვატორიას აკონტროლებდნენ მხოლოდ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო საქართველოს თხოვნაზე, მიეღოთ ზომები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად (რაკი ვეთანხმებოდით მათ ყოფნას ჩვენს საზღვაო აკვატორიაში) ერთნაირად პასუხობდნენ: «თქვენი გულისთვის აფხაზ ძმებს რატომ უნდა ვაწყენინოთო».
        დღეს ნელ-ნელა ხვდებიან, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს აფხაზეთში, რომელიც ფორმალურად არ შედის რუსეთის შემადგენლობაში და რამდენად იმოქმედებს ეს ვითარება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციებზე.
        აქ ყველაზე ზუსტი ინდიკატორი ისევ და ისევ «ნეზავისიმაია გაზეტას» პოზიციაა, რომელიც ტრადიციულად ასახავს კრემლისა და შესაბამისი «ანალიტიკური ლაბორატორიების» დამოკიდებულებას.
        ამ გაზეთში უკვე გაკრთა ასეთი აზრი: «ვაჰაბიზმი თანდათან ჩერქეზული («ადიღეური) მოდგმის ხალხებშიც იკიდებს ფეხს». თუმცა, ასეთი პროვოკაციული განცხადების ავტორებმა შესანიშნავად უწყიან, რომ არათუ «ვაჰაბიზმის», არამედ ტრადიციული ისლამის პოზიციებიც კი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ძალზე სუსტია, ამდენად აქ იგულისხმება ანტირუსული განწყობის ზრდა, რაც შემდგომში სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს.
        ოღონდ რუსებს არც საქართველოს «დაიმედება» აძლევთ ხელს, ამიტომაც გავრცელდა ინფორმაცია ასეთი ფორმით: «საქართველოსა და აფხაზეთის გავლით შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე...»
        აფხაზურმა მხარემ ეს ინფორმაცია უმალვე უარყო ძალზე ნიშანდობლივი არგუმენტაციით. კერძოდ, არძინბას პრესმდივანმა რუსლან ხაშიგმა, რომელმაც, რუსეთის ტელევიზიის მეშვეობით, თავის დროზე, ძალზე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამარცხებასა და ქართველების გენოციდში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას (რუსულ მედიას მისი განმარტება ფართოდ არ გაუვრცელებია) განაცხადა, რომ თუ ტერორისტები აფხაზეთის ტერიტორიას გამოიყენებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში შესაღწევად, მაშინ ამას უეჭველად დააფიქსირებდნენ გაეროს სამხდერო დამკვირვებლები და აღკვეთდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები.
        თავისთავად ეს საკმოად უსუსური კონტრარგუმეტია გაეროს დამკვირვებელთა კომპეტენციაში სულაც არ შედის «ტერორისტების ძებნა». გარდა ამისა, ისინი უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, ანუ სამურზაყანოში მუშაობენ. აგრეთვე, კოდორის ხეობაში, საიდანაც ფეხი ამოიკვეთეს ცნობილი მოვლენების შემდეგ.
        რაც შეეხება რუსეთის ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო ძალებს, ისინი ძირითადად სამურზაყანოში არიან განლაგებულნი და მათ რომ «ტერორისტთა გადაადგილების» აღკვეთა შეეძლოთ, ამას რუსი მესაზღვრეები რატომ ვერ გააკეთებენ ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ადიღეში?
        მაგრამ კოდორის ხეობის გარდა აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ უფრო მეტი გადასასვლელი და «საცალფეხო ბილიკია», ვიდრე შატილი-ომალოდან ჩეჩნეთში. საზღვაო აკვატორიიდან აფხაზეთში შესვლა, ფაქტობრივად, შეუზღუდავია, არძინბას რეჟიმი ამ თვალსაზრისით, ნაწილობრივ თუ აკონტროლებს ტერიტორიას, ანუ აფხაზეთი რუსეთისთვის სერიოზული პრობლემის შემქმნელი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არძინბა ცდილობს არ გაანაწყენოს მოსკოვი და აღკვეთოს აფხაზეთიდან ჩრდილო კავკასიაში სეპარატისტული (რუსეთის საწინააღმდეგო) ტენდენციების გავრცელება.
        ანუ ეს ობიექტური პროცესია, რომელსაც აფსუანური რეჟიმი ვერ შეაჩერებს, როგორც უნდა ეცადოს. თუ მეტისმეტად შეეცდება, ამით არძინბა ურთიერთობებს სამუდამოდ გაიფუჭებს «მოძმე» ადიღეური მოდგომის ხალხებთან. ეს კიდევ უფრო ნაკლებად ეპიტნავება, ვიდრე რუსეთის განაწყენება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, «ორ ცეცხლსშუაა» მოქცეული საბრალო და აღარ იცის, რომელ სოროში შეძვრეს.
        როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში საქართველო? ალბათ, ყველაზე ჭკვიანური ტაქტიკა იქნებოდა მინიმალური აგრესია სეპარატისტთა წინააღმდეგ, რათა არძინბამ ვეღარ მოახერხოს რუსეთის საწინააღმდეგო (აფსუათათვის სამომავლოდ მეტად საშიში) ტენდენციების აღკვეთა იმ არგუმენტის გამოყენებით, რომ «ხომ ხედავთ საქართველო აქტიურად იყენებს ამას და შეიძლება სამაგიერო მოგვიზღოს».
        არადა, ობიექტურად, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, რუსები შეიძლება კიდეც დარწმუნდნენ საქართველოს ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაში.
        რამდენიც უნდა ამტკიცონ, აფხაზეთს რუსეთის შემდაგენლობაში შესვლა უნდაო, რეალურად ეს ასე არ არის: «სამხრეთ ოსეთისგან» განსხვავებით, აფხაზეთს ოფიციალურად (სახელისუფლებო ორგანოს გადაწყვეტილებით), არ გამოუცხადებია რუსეთთან შეერთების სურვილი, არძინბას და მის ბანდას, ისევე, როგორც სეპარატისტებს მთლიანობაში, სრული დამოუკიდებლობა უნდათ.
        აკი განაცხადა სერგეი შამბამ: აფხაზეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რომელიმე სხვა ქვეყნის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესაძლებლობას.
        ამგვარი პოზიცია საქართველოს შანსია - თუ გამოვიყენებთ.

დილის გაზეთი, 9 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე