გაასწარი, დიტერ!
       

        «მასათა ძვინვარება», გერმანელ დიპლომატ დიტერ ბოდენთან დაკავშირებით, რომელსაც გაეროს გენერალურმა მდივანმა დაავალა ეშუამავლა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, აპოგეას აღწევს. მძვინვარებაში საპარლამენტო ფრაქციები და დეპუტატები ჩაერთვნენ, რაც, უბრალოდ, კომიკური ხდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვით დიტერ ბოდენის ავტორიტეტს ან მის პირად ღირსებას ამით რამე დააკლდება, ძალიან ცდება. სკანდალებს გენერალური მდივნის წარმომადგენლები მიჩვეულნიც არიან, ოღონდ დიპლომატიურად კორექტული ფორმით. ხოლო, როცა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს მოსახლეობა აყენებს შეურაცხყოფას (თუნდაც სიტყვიერს) და ამით გაეროს შეურაცხყოფს, ეს უფრო იმ ქვეყნის ღირსების შელახვაა, სადაც ამგვარი რამ ხდება.
        აბსოლუტურად გაუგებარია, რა პრეტენზია გვაქვს გაეროსთან. ეს ორგანიზაცია, საერთოდ არ ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ჩვენ თავად მოვიწვიეთ, დავაკისრეთ შუამავლის ფუნქცია, რაც მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა პოზიციების შეჯერებაში მდგომარეობს. თუ მხარეები კომპრომისს ვერ აღწევენ, ომში დამარცხებული მხარე ვერ ახერხებს ძალისმიერი გზით კონფლიქტის გადაწყვეტას, რა შუაშია აქ გაერო?
        ასევე გაუგებარია პრეტენზიები დიტერ ბოდენის მიმართ. სრული იდიოტიზმია მისთვის იმის დაბრალება, თითქოს აფხაზებისგან ქრთამს იღებს. რასაკვირველია, კოფი ანანის მისიის შესრულებისთვის საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს (ალბათ, 5-6 ათასი თვეში, მივლინების ხარჯების გარდა), მაგრამ, როგორც კი ვეტყვით, არ გვჭირდებიო, უმალვე წავა და ხელფასი მაინც ძალიან მაღალი ექნება, როგორც შესანიშნავ დიპლომატს, ელჩს და გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელს. კონფლიქტებს კი რა დალევს პლანეტაზე?
        დღეს აფხაზეთში შუამავლობს, ხვალ აღმოსავლეთ ტიმორში აღმოჩნდება, ზეგ პალესტინაში და ასე შემდეგ. პირიქით, დიტერ ბოდენი სისხლხორცეულად დაინტერესებულია. თუნდაც მცირე პროგრესს მიაღწიოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, ვინაიდან ამით შეიძენს «წარმატებული შუამავლის» იმიჯს და საქმე, მართლაც, სიცოცხლის ბოლომდე აღარ მოაკლდება.
        ამავე დროს, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ დიტერ ბოდენი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, იგი წარმოადგენს გაეროს გენერალურ მდივანსა და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების ხუთივე ელჩის პოზიციას. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, თუ ბოდენი აყენებს კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებულ ფორმირებათა გაყვანის საკითხს. მოგვწონს თუ არა, კოდორში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ოფიციალურ ფორმირებათა ყოფნა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დოკუმენტებს აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ. მათ შორის 1994 წლის შეთანხმებას «ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ». დიტერ ბოდენის ბრალი არ არის, თუ დღეს ხსენებული შეთანხმება ეწინააღმდეგება უკვე ქვეყნის, უშიშროების ინტერესებს. დიახ, ეს დოკუმენტი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებსაც ნამდვილად ეწინააღმდეგება, მაგრამ რა შუაშია აქ დიტერ ბოდენი?
        შეთანხმება 1994 წლის აპრილში მოსკოვში გაფორმდა გაეროს შუამავლობით, გენერალური მდივნის (ბუტროს ბუტროს გალის) თანდასწრებით. რასაკვირველია, გაერო ყოველთვის მოსთხოვს მხარეებს ხელშეკრულების შესრულებას. მას არაერთგზის განუცხადებია პროტესტი აფხაზური მხარისთვის გალის რაიონში მილიციის დამატებითი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ) ფორმირებათა შეყვანის გამო. ისევე, როგორც ქართული სკოლების აკლების შესახებ და ასე შემდეგ.
        სხვა საქმეა, რომ გაეროს პროტესტებს სეპარატისტები აინუნშიც არ აგდებენ, თუმცა, ამ აზრით შეიძლება საქართველომაც არ მიაქციოს ყურადღება პროტესტებს კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებულ ფორმირებათა ყოფნის გამო. მაგრამ «პროტესტს რატომ აცხადებსო», ეს, უბრალოდ, არაკომპეტენტურობა და საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიური თამაშის წესთა უცოდინრობაა.
        ახლა, რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც ვითომცდა გაეროს უშიშროების საბჭომ შეიმუშავა აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ აქ უდიდესი არაკომპეტენტურობა მჟღავნდება: სინამდვილეში გაეროს უმაღლეს ორგანოებს (უშიშროების საბჭოს, მით უმეტეს, გენერალურ ასამბლეას) არანაირი დოკუმენტი აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირების არ მიუღიათ, საქართველოს ხელმძღვანელებს (პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საგანგებო დავალებათა მინისტრს) არაერთგზის უთქვამს, რომ დოკუმენტის დასამუშავებლად მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ არც ერთხელ არ უთქვამთ, თითქოს გაერომ უკვე მიიღო დოკუმენტი.
        მოგეხსენებათ, რომ რუსეთის განცხადება (თანხმობა), ხელი არ შეუშალოს დოკუმენტის შემუშავებას და დოკუმენტის მიღება ერთი და იგივე არ არის. სინამდვილეში, რაკი ასეთი დოკუმენტების (თუნდაც პროექტის) შემუშავება გაეროსთვის ჩვეული სულაც არაა (სხვა საქმეა, რომ იგი ხშირად უკვე მიღწეულ კომპრომისს ადასტურებს ხოლმე). გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის წარმომადგენელს (დიტერ ბოდენს) დაავალა ასეთი დოკუმენტის შემუშავება, რაც, უბრალოდ, შუამავლობის გაგრძელებას ნიშნავს.
        რასაკვირველია, დიტერ ბოდენმა პროექტი მოამზადა, მაგრამ მისთვის (ალბათ) გამაოგნებელ პრეტენზიას წააწყდა: «რატომ არ აქვეყნებს პროექტს, რატომ არ ურიგებს მას დეპუტატებს» და ასე შემდეგ. რას ქვია «დოკუმენტებს არ აქვეყნებს», სად გაგონილა ასეთი დოკუმენტის გამოქვეყნება მასზე ხელმოწერამდე? ეს ხომ ელემენტარული დიპლომატიური ტექნოლოგიის (უკვე არა მხოლოდ ეთიკის, არამედ ტექნოლოგიისაც დარღვევაა) დიტერ ბოდენმა შეიმუშავა კონკრეტული წინადადებები (სხვათა შორის, როგორც შეგახსენეთ, ეს შუამავლობის გაგრძელებაა, მაგრამ მაინც ოდნავ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ შუამავლობა კლასიკური გაგებით) და ეს წინადადებები უნდა გააცნოს ორივე მხარის ძალიან ვიწრო წრეს. ალბათ სულ რამდენიმე (3-4) ადამიანს თბილისსა და სოხუმში. ისინი როგორ მოიქცევიან ამასთან დაკავშირებით, უკვე დიტერ ბოდენის კომპეტენციტა არ არის. შეიძლება მათ მიზანშეწონილად მიიჩნიონ გამოქვეყნება, რითაც თავად დაარღვევენ იმავე ტექნოლოგიასა და ეთიკას, მაგრამ გერმანელი დიპლომატი ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებს.
        სავარაუდოა, რომ სეპარატისტთა მხარე, საერთოდ, არ გამოართმევს დიტერ ბოდენს დოკუმენტს, ანუ, არათუ დაეთანხმება წინადადებებს, არამედ არც კი განიხილავს მათ. მაგრამ ეს უარიც, თავისთავად, შედეგი იქნება, ამით აფხაზური მხარე თავის უკომპრომისობას დაადასტურებს. ეს წამგებიანია, რასაც აფსუათა ლიდერები შესანიშნავად გრძნობენ. ამიტომ გაეროს წარმომადგენლებთან და მეგობარი ქვეყნების დიპლომატებთან შეხვედრისას ხაზს უსვამენ, რომ კონკრეტულად იმ პროექტს არ განიხილავენ, რაც გაეროს წარმომადგენელმა მოამზადა, და არა ზოგადად, საქართველოსთან სახელმწფიოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობის აღდგენის საკითხს. თანაც, ესეც არ არის დიტერ ბოდენის «ბრალი». თუ ამ სამარცხვინო გნიასის გამო ეს შესანიშნავი დიპლომატი იძულებული იქნება დატოვოს საქართველო და შეწყვიტოს შუამავლობა (რაც ნამდვილად არ არის გამორიცხული), საქართველოს ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულად დაზარალდება.
        როგორი ბიუროკრატიული ორგანიზაციაც არ უნდა იყოს გაერო, რამდენად უნიათო და უმაქნისიც არ უნდა იყოს იგი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეურაცხყოფა მაინც მთელი საერთაშორისო გაერთიანების შეურაცხყოფაა. თუ არ გჭირდება, შეიძლება დაიბარო გაეროს წარმომადგენელი, ზრდილობიანი მადლობა მოახსენო შენი თხოვნითვე გაწეული შუამდგომლობისთვის, შემდეგ ზრდილობიანადვე ბოდიში მოუხადო და უთხრა, თქვენი დახმარება აღარ გვჭირდებაო. ისიც ასევე ზრდილობიანად გეტყვის, «ღმერთმა ხელი მოგიმართოთო» და იმ საღამოსვე წავა. შენ კი დაიწყე ომი და ყოველგვარი შუამავლობის გარეშე აღადგინე სამართლიანობა.
        თუ, რასაკვირველია, ერსა და ქვეყანას ამის შნო და უნარი გაქვს.

მერიდიანი, 26 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე