საქართველო საერთაშორისო «ეჭვმიტანილია»
       

        გუშინ თბილისის აეროპორტიდან ესპანეთის სამეფო გერბიანი თვითმფრინავი აფრინდა, რომლითაც ესპანელი ბიზნესმენები - ანტონიო ტრემინიო და ფრანსისკო როდრიგესი მათთვის საძულველი საქართველოდან სამუდამოდ გაემგზავრნენ. თვითმფრინავი ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა გამოუგზავნა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა აზნარმა, ეროვნული დღესასწაულის მიუხედავად, სპეციალური განცხადებაც გააკეთა და ერს აცნობა, რომ ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ თანამემამულენი, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ.
        ესპანური და ევროპული მედია ამ ამბავს აქტიურად გამოეხმაურა, მაგრამ საქართველოსთვის სასიკეთო ამ გამოხმაურებაში არაფერია. სხვა საქმე იქნებოდა, ამ ამაზრზენი დანაშაულისათვის ვინემე რომ იყოს დაკავებული, მაგრამ რაკი პასუხისმგებელი ეჭვმიტანილი ან ბრალდებული არ ჩანს, ევროპელ ჟურნალისტებს ისღა დარჩენიათ, ივარაუდონ, რომ მძევლები მხოლოდ ფულადი გამოსასყიდის ფასად გაათავისუფლეს. თანაც, ესპანელები პანკისში ან თუნდაც სადმე სოფელში ხომ არ გასულან? ისინი თბილისიდან (!!!) გაიტაცეს და 200 კილომეტრის მოშორებით მდებარე ხეობაში გადაიყვანეს დაუბრკოლებლად.
        თვით ესპანელი ბიზნესმენების გაავებაც (მათი სიტყვებიც, საქართველოს მისამართით გამოთქმული) გასაკვირი არ არის – ხუმრობა ხომ არ არის, - ადამიანებმა ცხოვრების ერთი წელი დაკარგეს, - 12 თვე და 12 დღე გაატარეს ჯოჯოხეთურ პირობებში, სადაც მათ პირუტყვებივით ექცეოდნენ.
        თანაც ეს ერთეული შემთხვევა როდია - საქართველოს ავტომაგისტრალებზე გრძელდება ძარცვა-გლეჯა და ყაჩაღობა - არა «უთოფო», არამედ «თოფიანი» და «ავტომატიანი»; თბილისის ცენტრში კლავენ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელს. კლავენ ტყავის ქურთუკისა და საქაღალდეში ჩადებული ოციოდე ლარისთვის. გამორიცხულია, უცხოელს, საკრედიტო ბარათის გარდა, მეტი «ქეში» ჰქონოდა. უმოწყალო და ცინიკური მკვლელობა ხდება თბილისში, ევროკავშირის ეგიდით «ტრასეკას» სამიტის გახსნი წინა დღეს.
        უეჭველია, რომ ეს გარკვეული ტენდენციის სახეს იძენს და ვითარება დღითი დღე გამწვავდება. დამანგრეველი ტენდენციის უმთავრესი მიზეზი დისბალანსია დემოკრატიულ ნორმებსა და სახელმწიფო მექანიზმთა რეალურ შესაძლებლობებს შორის.
        გვაქვს არჩევანი «ნაკლებ» და «მეტ» ბოროტებას შორის. ეს არჩევანი კი, როგორც ჩანს, საქართველოს ისტორიის უმთავრესი პარადიგმაა.

დილის გაზეთი, 11 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე