«მარტვილობაი საარჩევნო კანონისა»
       

        გუშინ გრძელდებოდა (როგორც ქართული პოლიტიკური ლექსიკონით აღინიშნება ეს პროცესი), «მუშაობა» უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ათასგზის გაუპატიურებული და ნამუსახდილი «საარჩევნო კანონის» გარშემო.
        ამ კანონის უწყვეტი და შეუბრალებელი მარტვილობა ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია, რომ საქართველოში ისტებლიშმენტის «დალაგება-დაწყნარების» პროცესი ვერა და ვერ დასრულდა.
        მომავალი არჩევნების წინ კვლავ დაისვა დღის წესრიგში ახალი საარჩევნო პრინციპის მიღება - ამჯერად «საარჩევნო კოდექსის» ფორმით.
        კონსულტაციები (ვაჭრობა) უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დასრულდა - ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ოპოზიციამ ისეთი ვარიანტი შესთავაზა ხელისუფლებას, რასაც არავინ დათანხმდება: აბა, როგორ შეიძლება იმის იმედად ყოფნა, რომ უმრავლესობა დაეთანხმება, საპარლამენტო უმცირესობამ დააკომპლექტოს საარჩევნო კომისიის გადამწყვეტი უმრავლესობა? კი, მაგრამ, რატომ, რა ლოგიკით? თუ საარჩევნო კომისია პოლიტიზებული უნდა იყოს, მაშინ რატომ უნდა განაწილდეს საარჩევნო კომისიაში კვოტები უკანასკნელი არჩევნების შედეგების მიხედვით, თანაც ისე, რომ მხოლოდ განსაზღვრული კვოტის გადამლახავ პარტიებს ჰქონდეთ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის ყოლის უფლება? ამაზე მეტი არადემოკრატიულობა წარმოუდგენელია.
        მაგალითად, ამ წესით, იმ პარტიას, რომელიც საერთოდ არ არსებობდა საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნებს შორის შუალედში შეიქმნა - წარმომადგენელი (მაშასადამე, ხმის უფლება) არ უნდა ჰყავდეს არჩევნებში.
        ეს არის მოქმედი პოლიტოკრატიის მცდელობა, დაიკანონონ «მარადიული უფლებები» და «მარადიული არსებობა».
        გარდა ამისა, აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება, საარჩევნო კოდექსით საპარლამენტო «უმრავლესობისა» და «უმცირესობის» ინსტიტუირება, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს განსაზღვრული რაოდენობის წევრთა დანიშვნის უფლება ცსკ-ში, არადა, «უმრავლესობა» - «უმცირესობა» დღეს არსებობს პარლამენტში, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის იარსებებს.
        არსებული სახელისფლებო მოდელი არ გულისხმობს აუცილებლად საპარლამენტო წარმომადგენლობის ამგვარ დიფერენცირებას.
        მაშასადამე, თუ ლაპარაკია საარჩევნო კომისიის პოლიტიზებაზე, მაშინ ცსკ-ში წარმოდგენილი უნდა ჰყავდეს უკლებლივ ყველა პარტიას, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. სინამდვილეში თუ ოპოზიციის მიზანია საარჩევნო სტრუქტურათა «გაკეთილშობილება» (და არა უკვე თავის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბება), მან უნდა იბრძოლოს საარჩევნო ინსტიტუტების დეპოლიტიზებისათვის. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქცია შეასრულოს უზენაესმა სასამართლომ? სხვა მექანიზმებიც შეიძლება შეიქმნას - უდავო ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოში, დემოკრატიულ ქვეყნებში მიდიან საარჩევნო სტრუქტურების დეპოლიტიზებისა და მათი პროფესიონალიზების გზით.
        როგორც ჩანს, კომპრომისის მიღწევა «საარჩევნო კანონთან» დაკავშირებით ვერ მოხერხდება ისევე, როგორც ვერ მოხერხდა «ადგილობრივი თვითმმართველობის» თაობაზე მოლაპარაკება. ეს კი უეჭველად დაძაბავს პოლიტიკურ ვითარებას. მომავალ კვირას მოსალოდნელია სკანდალური საპარლამენტო სხდომების წყება. საპარლამენტო უმცირესობა, ალბათ, დატოვებს დარბაზს პროტესტის ნიშნად და «უმრავლესობას» ეულად მოუწევს საარჩევნო კოდექსის განხილვა და მიღება. რაოდენობრივად ეს თითქოს პრობლემა არ არის (118 ხმას ხელისუფლება, ასე თუ ისე, შეკრებს), მაგრამ ოპოზიციის დემარში მაინც ძალიან სერიოზული ფაქტორი იქნება.
        თუმცა, ამით «უმცირესობის» პროექტი მეტად დემოკრატიული არ ხდება, ვიდრე ამჟამად მოქმედი - ეს უფრო ახლა მოქმედი პარტიების ინტერესთა დაცვაა და შიში, რომ შეიქმნება ახალი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც შეიძლება ჩაანაცვლონ დღევანდელი ეკლექტური ოპოზიცია.
        რაც შეეხება უმცირესობას, მან დაკარგა საკონსტიტუციო ცვლილებათა «გატანის» იმედი (თუნდაც, «საარჩევნო კანონთან» და თვითმმართველობის კანონთან დაკაშვირებით) კომპრომისის ფასად - ოპოზიცია ხომ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ «განხილვას» თანხმდებოდა და თავადაც მაქსიმალისტური პოზიცია დაიკავა.

დილის გაზეთი, 16 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე