შუააზიელმა თემურ-ლენგმა გაგვაჩანაგა, შუააზიური გაზი აშენებას გვპირდება

        რამდენიმე დღის წინ, თბილისში «შაჰ-დენიზ კონსორციუმის» პრეზენტაციას რუსეთში უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე საქართველოში. ქართველ დამკვირვებელთა უმრავლესობას ამ მოვლენის მნიშვნელობა გამოეპარათ. არადა, იგი უეჭველად მეტყველებს, რომ გააფთრებული ბრძოლა მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრებისათვის «დამაგვირგვინებელ» სტადიაში შედის.
        ძალიან მოკლედ, ამ ბრძოლის არსი იმაშია, რომ კასპიის შელფსა და ცენტრალურ აზიაში არსებული «ყამირი» ენერგო-საბადოებიდან დასავლეთში ენერგომატარებელთა ტრანსპორტირება (აქ გაზი უფრო მნიშვენლოვანიცაა, ვიდრე ნავთობი) მოხდეს არა რუსული ან ირანული, არამედ ალტერნატიული – ქართული მარშრუტით.
        უპირველეს ყოვლისა, საუბარია თურქმენულ აირზე, მაგრამ ბოლო დროს კასპიის აზერბაიჯანულ შელფშიც აღმოჩნდა «შაჰ-დენიზის» საბადო, რომელიც მინიმუმ ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეიცავს, ანუ პოტენციურად, აზერბაიჯანს აქვს საშუალება, წელიწადში 50-60 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტისა. შედარებისთვის: საქართველო საბჭოთა პერიოდში (როცა არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა) სულ 5 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარდა ყოველწლიურად.
        ფაქტობრივად, «შაჰ-დენიზმა» აზერბაიჯანს საშუალება მისცა, წამოეწყო «საკუთარი თამაში», - ნაცვლად იმისა, თურქმენეთს ეხვეწოს «კვოტა» ტრანსკასპიურ გაზსადენში, ბაქომ გადაწყვიტა, ააგოს საკუთარი «დიდი გაზსადენი» საქართველოს გავლით – თურქეთსა და ევროპაში, რომელსაც შემდგომ შეიძლება შეუერთდეს «ტრანსკასპიური» გაზსადენიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, თურქმენეთი დაუწყებს «ხვეწნას» აზერბაიჯანს, რათა გაატაროს თუნდაც მცირე ოდენობით მისი გაზი და არა პირიქით.
        «შაჰ-დენიზის» საბადოზე ორი ჭაბურღილი უკვე მზად არის მოსაპოვებელი სამუშაოებისთვის. კონსორციუმის შემადგენლობაში შევიდნენ Bp Amoko (პროექტის ოპერატორი), ნორვეგიული Statoil-ი, თურქეთის ნავთობკომპანია, ირანის ნავთობკომპანია ოეკ-ი (ის ცდილობს მარშრუტს სამხრეთისაკენ შეაცვლევინოს გეზი), აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კომპანია (ამ ქვეყანაში, სხვათა შორის, ნავთობი და გაზი ერთ უწყებას ექვემდებარება – ავტ.), ფრანგული კომპანია Tofal-Fa და რაც ყველაზე საინტერესოა, რუსულ-იტალიური კომპანია Lukeahel ანუ რუსული «ლუკოილისა» და იტალიური «აჩელ»-ის ფედერაცია.
        ეს მეტად ნიშანდობლივი ფაქტია: ბაქომ, როგორც ჩანს, იგივე ხერხს მიმართა, რასაც 1994 წელს, როდესაც «საუკუნის პროექტში» შეიყვანა რუსული «ლუკოილი» (10 პროცენტიანი წილით), რათა რუსულ ისტებლიშმენტში განხეთქილების პროვოცირება მოეხდინა.
        გათვლა აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა: «ლუკოილის» ზეწოლით, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ მხარი დაუჭირა «საუკუნის პროექტს» ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო «რუსეთის ინტერესთა გათვალისწინების გარეშე» კასპიის ენერგორესურსების ათვისების გეგმა იმ მოტივით, რომ «არ არის გადაწყვეტილი კასპიის ტბის (!) სექტორული დაყოფის პრობლემა».
        მეორე მხრივ, «ლუკოილს» ძირითადად აზერბაიჯანული კაპიტალი აკონტროლებს (კომპანიის პრეზიდენტია აზერბაიჯანელი ვაგიფ ალეკპეროვი) და აზერბაიჯანს მისი 10 პროცენტიანი წილი ვერაფერს დააკლებდა.
        ანალოგიურად, რუსული «ლუკოილის» მონაწილეობა «შაჰ-დენიზ კონსორციუმში» შეასუსტებს რუსეთის წინააღმდეგობის უნარს და უზრუნველყოფს ბაქოს პოლიტიკურ გამარჯვებას.
        «შაჰ-დენიზის» საბადოს სიგრძე 30 კილომეტრია, სიგანე – 12 კილომეტრი, უკვე 2002 წლისთვის პოტენციური ამოგება ამ საბადოდან 150 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, ანუ ტექნოლოგიური ტერმინით თუ ვიტყვით, ეს ოდენობა იქნება უშუალოდ «წნევის ქვეშ» - საექსპორტოდ გამზადებული.
        აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის უცხოურ ინვესტიციათა დეპარტამენტის უფროსმა, ველეჰ ალესკეროვმა განაცხადა, რომ 2002-2003 წლების ზამთრის დამდეგისათვის აზერბაიჯანს შეეძლება მიაწოდოს საქართველოს ნებისმიერი ოდენობის ბუნებრივი აირი – თუ, რასაკვირველია, გადახდის უნარი გვექნება.
        შემდგომ წლებში მოპოვება მიაღწევს 1, 20, 24, 30 და ბოლოს, 50 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში. შესაძლებელია აგრეთვე არსებული გაზსადენის გამოყენებაც, საამისოდ აუცილებელია მილის აგება აზერბაიჯანიდან საქართველოს საზღვრამდე, სადაც იგი საქართველოს გაზსადენ სისტემას შეუერთდება.
        თურქეთის ქალაქ ერზრუმიდან, საქართველოს აჭარის რეგიონის გავლით კიდევ ერთი მილის აგება კი უკვე გაისად შესაძლებლად აქცევს აზერბაიჯანის საბადოს დაკავშირებას თურქეთის მილთან, თუმცა არსებული გაზსადენი სისტემის გამტარუნარიანობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალია «შაჰ-დენიზ კონსორციუმის» მიერ დაგეგმილი «დიდი გაზსადენის» გამტარუნარიანობასთან შედარებით.
        ველეჰ ალესკეროვი არ მალავდა, რომ თურქმენეთთან ძალიან სერიოზული წინააღმდეგობები აქვს და საერთოდ არ სჯერა, რომ ამერიკელთა მიერ აქტიურად ლობირებული «ტრანსკასპიური» პროექტი ოდესმე განხორციელდება, ვინაიდან საამისოდ, როგორც მინიმუმ, აუცილებელია კასპიის ზღვაზე მძლავრი სამშენებლო ფლოტის შექმნა, უზარმაზარი ინვესტიციები და ა.შ.
        ალესკეროვის თქმით «თუ იმ პროექტს დაველოდებით, რასაც ამერიკელები გვთავაზობენ, მაშინ ბუნებრივი აირის ბაზარს ვერ მოიპოვებს ვერც აზერბაიჯანი, ვერც თურქმენეთი, ხოლო საქართველო დარჩება გაზის გარეშე».
        ალესკეროვი გულისხმობდა, რომ «ცისფერი ნაკადის» (შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის აგების) შედეგად, თურქულ ბაზარს რუსეთი დაიპყრობს, ამის გამო თურქეთი დაკარგავს ინტერესს «კასპიის პროექტებისადმი», ხოლო რუსეთი არასდროს გაატარებს თურქმენულ და აზერბაიჯანულ გაზს ევროპაში.
        ევროპულ ბაზარზე კასპიის აუზის ბუნებრივი აირის (ანუ როგორ აზერბაიჯანული, ასევე თურქმენული) გაზის «გაჭრის» ერთადერთი შანსია თურქეთის დაინტერესება, რათა შემდგომ თურქეთმა გაატაროს გაზი – ევროპაში.
        ეს სიტუაცია (თურქმენეთისა და აზერბაიჯანის «შეჯახება») საქართველოსთვის უაღრესად ხელსაყრელია. სხვათა შორის, ამ არგუმენტით (აკი «სისხლისმიერ ძმებსაც კი ვერ მოგილაპარაკიათო»), საქართველომ მტკიცედ დაიცვა საკუთარი ინტერესები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ფინანსურ გარანტიებზე მოლაპარაკებისას.
        კიდევ უფრო ფართო შეიძლება იყოს ასპარეზი «დიდ გაზსადენთან» დაკავშირებით.
        საქართველოს გარეშე აზერბაიჯანი გაზსადენს არ ააგებს. ოფიციალური თბილისის «გაჭირვეულების» საფუძველი კი ამერიკის ფინანსური დახმარების ზრდა და 1992-1994 წლებში მოხმარებული თურქმენული გაზისთვის 400 მილიონიანი ვალის «ჩამოწერა» შეიძლება იყოს.
        თუ არადა, რა განსხვავებაა – თურქმენულ ვალს ჩვენი ქვეყანა ისედაც პირნათლად იხდის (ბიჭი ხარ და სსფ-ს გაუბედე, არ გადავიხდიო), ხოლო აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისათვის, მხოლოდ ტრანზიტის საფასურად, თბილსრესის ექვსივე მოქმედი ენერგობლოკის ბუნებრივი აირით მუდმივი მომარაგება სავსებით რეალური გახდება, რაც ელექტროენერგიის პრობლემას საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს.
        «უფასო გაზი» - ელექტროტარიფის ხუთ-ექვს თეთრამდე შემცირებას ნიშნავს.

7 დღე, 17 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე