სავალუტო ფონდი უკანასკნელ შანსს გვაძლევს

        გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობათა განახლების თაობაზე. ამ ფორმულირებაში იგულისხმება, რომ ფონდის მისია და საქართველოს მთავრობა მუშაობენ ახალ ასმილიონიან პროგრამაზე - «სიღარიბის აღმოფხვრა საქართველოში».
        იმთავითვე უნდა ითქვას, რომ იგულისხმება არა პენსიების ზრდა ან ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარების დარიგება, არამედ მცირე ბიზნესის მხარგდაჭერა, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, მიკროკრედიტების გაცემა და ასე შემდეგ, ანუ ინტენსიური ფსიქოთერაპია სავსებით ჯანსაღი პრინციპით: «გაანძრიე ხელი და გეშველება».
        საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის ამოქმედება (რა შინაარსისაც უნდა იყოს იგი), უპირველესად, იმ თვალსაზრისითაა საინტერესო, რომ ეს იქნება «მწვანე შუქი» მსოფლიო ბანკისთვის, რათა ამოქმედდეს უკვე ამ ორგანიზაციის ან «გაყინული» პროექტები.
        განსხვავებაც საგულისხმოა: თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მთლიანად ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს ავსებს და ლარის ფინანსურ «უზრუნველყოფას» ხმარდება, მსოფლიო ბანკის კრედიტები უშუალოდ ბიუჯეტში მიდის და იხარჯება ხელფასებზე, ჯანდაცვისა და განათლების სუბსიდირებაზე და ასე შემდეგ.
        მაგრამ სავალუტო ფონდის «ნებართვის» გარეშე ვერც მსოფლიო ბანკი, ვერ ევროკავშირი დახმარების გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
        ამჟამად «გაყინული» დახმარების ოდენობა 2001-2002 წლებისთვის 150 მილიონ დოლარს აღწევს. თუ საქართველო ამ დახმარებას ვერ მიიღებს, ეს მთლიანად დაანგრევს მომავალი წლის ბიუჯეტს და (შესაბამისად) პოლიტიკურ სტაბილურობასაც ქვეყანაში, ანუ ამჟამინდელი მოლაპარაკება მისიასთან საქართველოსთვის საბედისწერო მნიშვნელობისაა, თუმცა, ხელისუფლება ამ ვითარებას შეძლებისდაგვარად «აბუნდოვნებს», რათა ზედმეტი აჟიოტაჟის გაღვივებას არ შეუწყოს ხელი.
        თავისთავად დევიდ ოუენის მისია არაფერს წყვეტს – მას შეუძლია მხოლდ «რეკომენდაციათა» შესრულების დონე შეამოწმოს და ინფორმაცია შეაგროვოს სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომისთვის (დეკემბერში), რომელზეც განიხილება საქართველოსთან თანამშრომლობის განახლების საკითხი.
        პრინციპში, სავალუტო ფონდის მისიას ქვეყანაში «კატასტროფული» ვითარება არ დახვედრია. ჯერჯერობით, ფისკალური პოლიტიკის ყველა პარამეტრი სრულდება - «სეკვესტრირებული» ბიუჯეტისა და ზაფხულში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
        განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარკვეული გაუმჯობესება საბაჟო სფეროში. პირველად 5 წლის განმავლობაში ამ უწყებამ შეძლო სავალუტო ფონდის პარამეტრების დაცვა. მაგრამ ფონდი 2001 წლიოს ბიუჯეტით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ არის, ვინაიდან დეფიციტის დაფინანსება მოუწევს, რასაც ხალისით არასდროს აკეთებს. სავალუტო ფონდის იდეალია, ეგრეთ ოწდებული, «ძლიერი ბიუჯეტი», როდესაც ხარჯები შეესაბამება შემოსავლებს.
        ფაქტობრივად, სიტუაცია «წკიპზე ჰკიდია», ვინაიდან სავალუტო ფონდის მისიას არ გამოეპარებოდა ბოლოდროინდელი «ნოველები» სიგარეტის დაბეგვრის რეჟიმის შეცვლისა და დღგ-ის ტრანსფორმაციის თაობაზე.
        ორივე წინადადება, თავისთავად, აზრსა და გონიერებას მოკლებულიო არ არის, მაგრამ ამ «ნოველათა» ავტორებს არ სურთ გაითვალისწინონ მთავარი: სავალუტო ფონდის «მიზანშეწონილობითი მოტივაცია» არ უკავშირდება უშუალოდ შემოსავლების ზრდას.
        ფონდი ყველაფერს როდი დაუჭერს მხარს, რაც მიზანშეწონილია ბიუჯეტის შემოსავლების დონის ასამაღლებლად. მისთვის მთავარია, ნებისმიერი ნოვაცია მიზანშეწონილი იყოს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის თვალსაზრისით.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსავლების ზრდის უებარი საშუალება იქნებოდა სახელმწიფო მონოპოლიის გამოცხადება ალკოჰოლურ სასმელებზე, სიგარეტსა და ნავთობზე ან სხვა ამგვარი ტოტალიტარული ზომები, რასაც სავალუტო ფონდი არასდროს დაეთანხმება, ვინაიდან მისი მიზანია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია და შემოსავლების ზრდის მიღწევა საბაზრო და არა ტოტალიტარული მექანიზმებით.
        ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება დანამდვილებით, რომ სსფ-სთან ურთიერთობის აღდგენის შანსი 50 პროცენტს არ აღემატება.

დილის გაზეთი, 24 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე