ლეშეკ ბალცეროვიჩი და ქართული ეკონომიკური «ჩვეულებრიობა»

        გასულ კვირას, ცნობილი პოლონელი ეკონომისტი ლეშეკ ბალცეროვიჩი 1995 წლის შემდეგ მეორედ ეწვია საქართველოს. ოღონდ, ამჯერად როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ რეფორმათა საკითხებში. თავდაპირველად თვით ბალცეროვიჩზე უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა: იგი არა მხოლოდ «შოკური თერაპიის» ავტორია, არამედ, პოლონეთის ანტიკომუნისტური მოძრაობის პოლიტიკური მემკვიდრეც. მისი ეკონომიკური დოქტრინა უშუალოდ გამომდინარეობდა «სოლიდარობის» სახელმწიფოებრივი კონცეფციიდან, რომლის მიზანი იყო პოლონეთის გათავისუფლება და მისი ქცევა ყოველმხრივ დამოუკიდებელ ქვეყნად.
        სწორედ ამით განსხვავდება ლეშეკ ბალცეროვიჩი (ვთქვათ) ამერიკელი ჯეფრი საქსისაგან. ეს არცთუ ისე უმნიშვნელო ნიუანსია – პოლონელი ბალცეროვიჩი საქართველოს ზოგიერთ პრობლემას უფრო უკეთ გაუგებს, ვიდრე ის ეკონომისტი, ვისაც «კომუნიზმის» პირობებში არ უცხოვრია და არც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემები განუცდია.
        ბალცეროვიჩის «შოკური თერაპია» არც პანაცეაა და არც რაიმე სიახლე. 40 წლით ადრე გერმანიის კანცლერმა კონრად ადენაუერმა და დიდმა ერჰარდმა დასავლეთ გერმანიაში ასეთივე რეფორმა განახროციელეს. 3-4 წელი გერმანელები «კბილების ღრჭიალით» ითმენდნენ საზარელ სოციალურ ტკივილებს (ადენაუერი და ერჰარდი ჭეშმარიტი ლიბერალები ყვნენ), მაგრამ გაუძლეს და დღევანდელ (გაერთიანებულ) გერმანიასაც სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი.
        ლეშეკ ბალცეროვიჩის «პოლონური რეფორმაციიდან» რამდენიმე წლის შემდეგ ეგორ გაიდარმაც ანალოგიური მეთოდით სცადა ვეებერთელა რუსეთის გამოთრევა «სოციალისტური ეკონომიკის» მარაზმიდან, მაგრამ რუსული საზოგადოების ნაციონალ-სოციალისტურმა მენტალიტეტმა მას ამის საშუალება არ მისცა.
        რუსეთი დღესაც ექსტენსიურად (ანუ მხოლოდ ნავთობისა და გაზის მაღალი საფასურის წყალობით) ვითარდება, რაც 21-ე საუკუნეში მას უეჭველად უქადის «მსოფლიო მაჩანჩალას» როლს.
        გერმანიასაც, პოლონეთსაც და რუსეთსაც ამერიკა და დასავლეთი უხვად ეხმარებოდა (გავიხსენოთ, თუნდაც «მარშალის გეგმა»), რამაც დიდად განაპირობა წარმატება პირველ ორ ქვეყანაში, მაგრამ ამერიკის საფინანსო ინექცია მაინც არ ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი – მთავარი იყო საზოგადოების მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება და პასუხისმგებლობა. რუსეთში, სადაც საზოგადოებამ არ ისურვა გათავისუფლებულიყო სტალინისტური «ნაციონალ-სოციალისტური» (იგივე დერჟავულ-ნაროდნიკული) ილუზიებისგან, რეფორმებიც ჩაფლავდა: როგორც ხედავთ, გრანდიოზული ეკონომიკური ბაზისის მქონე რუსეთი მსოფლიოს დღესაც ვერაფერს სთავაზობს ენერგომატარებლების გარდა.
        რაშია განსხვავება? განსხვავებაა რუსი ნეოკომუნისტების დემაგოგიურ ლოზუნგში: «ხალხმა არ უნდა ზიდოს რეფორმათა ტვირთი», რომელიც უმალვე საცობივით «მოერგო» ხსენებულ მენტალიტეტს და ყოველგვარი რეფორმა იმთავითვე დაასამარა. გერმანელებსა და პოლონელებს კი ეყოთ შეგნება, მიმხვდარიყვნენ, რომ უმტკივნეულო რეფორმა არასდროს არსად გატარებულა და არც გატარდება – ეს განვითარების ურყევი კანონია. აბა, ვინ უნდა ზიდოს რეფორმათა ტვირთი, თუ არა ხალხმა და საზოგადოებამ?
        ლეშეკ ბალცეროვიჩის ყბადაღებული «შოკური თერაპია», უბრალოდ, სრულყოფილი რეფორმა იყო და სხვა არაფერი, ანუ იგი იმიტომ იყო «შოკური», რომ სრულყოფილი და თანმიმდევრული გახლდათ. ეგორ გაიდარის «რეფორმები» კი სწორედ იმიტომ ჩაფლავდა, რომ გაიდარმა ვერ გაბედა ასეთივე თანმიმდევრული და ამომწურავი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. «ვერ გაბედა», ვინაიდან ელცინის რეჟიმს სოციალური აფეთქებისა შეეშინდა და მას ამის საშუალება არ მისცა.
        შედეგად, დასავლურ ლიტერატურასა და ისტებლიშმენტში «პრაქტიკოს» რეფორმატორთა შორის ლეშეკ ბალცეროვიჩი ერჰარდის შემდეგ მეორე ფიგურად ითვლება, ხოლო ვინაიდან დიდი გერმანელი რეფორმატორი ცოცხალი აღარ არის, - ამჟამად ლეშეკ ბალცეროვიჩის სიტყვა და შეფასება დასავლეთში მართლაც ძალიან ძვირად ფასობს.
        მაგრამ მის შეფასებაში ნურც გადავაჭარბებთ: «პოლონეთსა და საქართველოს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა». პოლონეთი გაცილებით უფრო მეტად იყო «სახელმწიფო» (კლასიკური გაგებით), ვიდრე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სოციალისტური პოლონეთის ეკონომიკაც შეუდარებლად «თვითკმარი» და რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულია. პოლონეთში კომუნისტურ პერიოდშიც კი არსებობდა სოციალური დიფერენციაცია (მაგალითად, კერძო საკუთრება მიწაზე) და, საერთოდ, ნუ დავივიწყებთ, რომ პოლონეთი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ «გააწითლეს». ეს ყოველივე კი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის უზოგადეს კანონებს ეს ვერ შეცვლის. კოოპერაციის მაღალი დონე საბჭოთა კავშირში მართლაც არსებობდა, ოღონდ აქვე უნდა გავაბათილოთ ძალზე მყარი და იმავდროულად საშიში ილუზია, თითქოს საქართველოს სამრეწველო კომპლექსის «გაჩერება», ეგრეთ წოდებულმა, «კავშირების გაწყვეტამ» გამოიწვია.
        მოდით, დავაკვირდეთ, რა იგულისხმება «კავშირების გაწყვეტაში». ამ ილუზიისა და სტერეოტიპის დამმკვიდრებელთ სურთ თქვან, რომ რაკი საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს სამეწარმეო სუბიექტებმა ადრე არსებული «კავშირები» ვერ შეინარჩუნეს», ამიტომ გაჩერდა საქართველოში ასეულობით საწარმო. ზოგიერთი უფრო შორს მიდის და ამას «რუსეთის მიმართ კონფრონტაციულ კურსს» აბრალებს. არადა, ეს აშკარა სისულელეა: ჯერ ერთი, 1994-98 წლებში საქართველოზე უფრო მეტად ლოიალურ კურსს რუსეთის მიმართ დსთ-ის არც ერთი ქვეყანა არ ატარებდა (მაშინ ჯარების გაყვანეზე არავინ საუბრობდა და საქართველოს გარე საზღვრებს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ(. გარდა ამისა, თუ ეს არის მიზეზი, მაშინ გაუგებარია, რატომ განვითარდა ანალოგიური პროცესები (ვთქვათ) ყაზახეთში. ყაზახეთიც, «ანტირუსულ კურსს» ატარებდა? არადა, ყაზახეთში ხომ ათასობით საწარმო გაჩერდა სრულიად უიმედოდ, ისევე, როგორც ბელორუსეთში, უკრაინაში და ასე შემდეგ. მიზეზი «კავშირების გაწყვეტა» კი არ არის, არამედ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე ახალი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაა, როდესაც შეიცვალა სამეწარმეო სუბიექტი და შეიცვალა თვით სამეწარმეო მოტივაციაც.
        თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირი (როგორც ერთიანი სახელმწიფო საერთო საზღვრებით, საერთო მოქალაქეებით, საერთო ფულადი ერთეულით და ასე შემდეგ) რომც შენარჩუნებულიყო, თუ თვით ეკონომიკური სისტემა შეიცვლეობდა, ანუ შეიცვლებოდა საკუთრების ფორმა, მეწარმე, სუბიექტის მოტივაცია და სხვა, იგივე მოხდებოდა: ქარხნები გაჩერდებოდნენ, ათასობით ადამიანი დარჩებოდა უმუშევარი, ვინაიდან საბჭოთა კავშირი აღარ იქნებოდა ჩაკეტილი სისტემა «იძულებითი კოოპერაციით: «დეტალი მზადდება თბილისში, შემდეგ იგზავნება ურალში, იქიდან – ტალინში, ტალინიდან ნახევარფაბრიკატი – აშხაბადში, აშხაბადიდან – თბილისში და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირში ამ «იძულებით კოოპერაციას, ანუ «იძულებით კავშირებს» საბჭოთა კავშირის ერთიანობის შენარჩუნების ინტერესი ედო საფუძვლად და არა პირიქით.
        ასე რომ, ლაპარაკი იმის თაობაზე,თითქოს «საქართველოს მრეწველობა გაჩერდა,ვინაიდან დაიშალა საბჭოთკა კავშირი და გაწყდა კავშირები»,არის ზღაპარი, რასაც ზოგიერთი იყენებს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეის გაუფასურებისა და დისკრედიტაციისთვის. სინამდვილეში (ვიმეორებ), «კავშირები გაწყდა» იმიტომ, რომ ისინი ტოტალიტარული სახელმწიფოს იძულებას ეფუძნებოდნენდა არა ეკონომიკურ ურთიერთსარგებლობასა და ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
        თუ მაგალითად, ქართველ მწარმოებელს აღარ სჭირდება ურალის ქარხანა და შეუძლია, თავისი ნაწარმი დასავლეთში უფრო სარფიანად გაყიდოს, იგი სწორედ ასე მოიქცევა და სულაც არ დაგიდევთ, თუ ურალში ათასობით ოჯახი დარჩება უმუშევარი, ულუკმაპუროდ. იმავდროულად (მიაქციეთ ყურადღება), რუსეთისა და საქართველოს, საქართველოსა და უკრაინის, საქართველოსა და უზბეკეთის ის მეწარმე სუბიექტები, რომელთაც «მართლა სჭირდებოდათ და სჭირდებათ ერთმანეთი, რომელთა თანამშრომლობა ორმხრივ ეკონომიკურ დაინტერესებას ეფუძნება, დღესაც მშვენივრად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. თუ არ გჯერაეთ, ჰკითხეთ უამრავი ქარხნისა და საწარმოს ხელმძღვანელებს თმელ საქართველოში, რომელთაც სულ ადვილად «აღადგინეს ძველი კავშირები» რუს თუ უკრაინელ კოლეგებთან ყველაზე ჯანსაღ საფუძველზე.
        ასე რომ, გაუთავებელი ოხვრა-კვნესა, თითქოს საქართველოში ეკონომიკური კროიზისისა და (განსაკუთრებით) სამრეწველო სტაგნაციის მიზეზი «კავშირების გაწყვეტაა» - არის პირწავარდნილი დემაგოგია! არავინ არავის არაფრით უშლის «კავშირების აღდგენას», თუ ეს კავშირები ორმხრივ სასარგებლოა, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ტოტალიტარული ეკონომიკური სისტემის დანგრევის შემდეგ ყველა ადრინდელი კავშირი თუ სისტემა აღარ არის ხელსაყრელი და მომგებიანი. რატომ გაჩერდა ტყიბულის ქვანახშირის წარმოება? იმიტომ, რომ ეს საწარმო საბჭოთა ეპოქაში დოტაციური იყო, ისევე, როგორც ქვანახშირის მთელი მრეწველობა იმ უკიედგანო სახელმწიფოში. საბჭოთა კავშირის ერთიანობა რომ შენარუნებულიყო (დღეს უკვე გაიგონებთ კიდეც, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და როგორ დაგვინგრიესო _ თითქოს თვითონ არ დაანგრიეს კენჭისყრებითა და მიტინგებით _ ავტ.), საბაზრო ეკონომიკისა და ნორმალური ბიუჯეტის პირობებში ამას სახელმწიფო ვეღარ შეძლებდა. ბოლოს და ბოლოს, დღეს რუსეთი ზოგიერთ თავის საბადოს კიდეც თუ აფინანსებს, ტყიბულიოს მიმართ რა ვალდებულება აქვს? _ არავითარი!
        იგივე ითქმის სოფლის მეურნეობაზე. თურმე, «კავშირების გაწყვეტის» ბრალი ყოფილა, თუ ქართული ღვინო იმ ოდენობით აღარ იყიდება რუსეთსა და უკრაინაში, როგორც ადრე: ათეულობით მილიონი დეკალიტრი. არადა, რა შუაშია აქ «კავშირების გაწყვეტა?» - სინამდვილეში მიზეზი ის არის, რომ საბჭოთა ეპოქაში «კავშირის» უკიდეგანო სივრცეზე ქართული ღვინოს კონკურენტი არ ჰყავდა (იმიტომაცაა დღეს კარგ დღეში ჩვენი მეღვინეობა და ამიტომაც საკუთარი ბაზარიც კი ლამისა წავაგოთ), _ ვინ გაბედავდა არგენტინული, ფრანგული, ესპანური, კალიფორნიული, ჩინური, კოლუმბიური ღვინის შემოტანას? – ვერავინ! ხოლო, როდესაც ნაცვლად ტოტალიტარული ეკონომიკისა, «კაპიტალისტურმა კონკურენციამ» მოიკიდა ფეხი – უმალვე აღმოჩნდა, რომ ქართულიო ღვინო სულაც არ არის ისეთი «მხოლოდშობილი», როგორც ჩვენ ვიკვეხნიდით. მართალია, სხვები არ იჩემებენ «ღვინო ჩვენ მოვიგონეთო», მაგრამ საკმაოდ კარგ ღვინოს ასხამენ და რუსეთის ბაზარიც ადვილად აითვისეს. სასაცილოა იმის მტკიტცება, თითქოს, ქართული ღვინის განდევნა რუსეთის ბაზრიდან «ფალისიფიკაციამ» გამოიწვია. განა სასაცილო არ არის (ვთქვათ) ვინმეა ამტკიცოს, რომ ჩინეთში დამზადებულ «როლექსს» შეუძლია ბაზრიდან განდევნოს ნამდვილიო «როლექსი»? სინამდვილეში (მწარე მოსასმენია, მაგრამ სიმართლეა) ქართული მასობრივი ღვინოპროდუქცია ხარისხით (უპირველესად, სწორედ საკუთრივ ღვინის ხარისხით და არა «სასაქონლო სახით» - ავტ.) ჩამოუვარდება ჩამოთვლილი ქვეყნების პროდუქციას, ვინაიდან კონკურენტის არარსებობის პირობებში უხარისხო ყურძნის კრეფას დაჩვეული ქართველი გლეხი როგორც კრეფდა ყველანაირ ყურძენს, ისევ ისე კრეფს. ღვინის ხარისხი კი (ჰკითხეთ სპეციალისტებს), უპირველესად, ყურძნის ხარისხით განისაზღვრება.
        ამჟამინდელი ჩვენი კონკურენტები კი – ნურას უკაცრავად: ათწლეულების განმავლობაში უმოწყალო კონკურენციის პირობებში ვითარდებოდნენ. მიაქციეთ ყურადღება: საქართველოში იმ მეღვინეებმა მიაღწიეს წარმატებას, რომელთაც შეძლეს ხარისხიანი ყურძნის დამზადება და შესაბამისი ტექნოლოგიაც აითვისეს (ძალიან გვიყვარს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგია ქვევრს დიდი ხანია გასცდა) ოღონდ მათი პროდუქცია წვეთია ზღვაში _ სულ რამდენიმე ათეულ ათას ბოთლ «მართლა კარგ ქართულ ღვინოს» ამზადებენ და ამ «მართლა კარგი ქართული ღვინით» კი ნამდვილად გადიან რუსეთის ბაზარზე (კიდეც ეხვეწებიან) და არავითარი «კავშირების აღდგენა» არ სჭირდებათ იმ აზრით, როგორც ზოგიერთი მცონარა და უმაქნისი გაიძახის: «აღმიდგინოს მთავრობამ კავშირები რუსეთთან, თუ არა და, წყალსაც წოუღია ყველაფერი». არავინ არაფერს აღგიდგენს – თუ თვითონ არ გაანძრევ ხელს.
        «რა უშაშია აქ ლეშეკ ბალცეროვიჩი?» - ახლავე მოგახსენებთ: ბრიზნესისა და წარმოების სფრეოში იგივე სტერეოტიპები და ილუზიები მოქმედებს. მაგალითად, ამას წინათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთმა ექსპერტმა ინტერვიუში ძალზე ნიშანდობლივი რამ თქვა: «თქვენი მთავარი უბედურება რისკისადმი მიუჩვევლობააო». ერთი წაკითხვით გაუგებარია თითქოს, მაგრამ თუ გავაანალიზებთ, ძალზე ზუსტიტ განსაზღვრებაა: არაერთგზის მოგვისმენია, რომ საქართველოში ასეულობით მილიონი დოლარი «ძველი ნაძარცვი-დანაზოგი» აქვთ ზოგიერთებს «მუთაქაში შენახული», მაგრამ ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილიო იღებს «შიდა ინვესტიციის», ანუ ნამდვილი «კაპიტალის» სახეს – ძირითადად იმპორტის სფეროში, როდესაც მოგება გარანტირებულია, ხოლო რისკი თითქმის ნულს უდრის. ეს ფული რომ წარმოების სფრეოში დაბანდდეს, გარეშე ინვესტიცია ქვეყანას საერთოდ აღარ დასჭირდება. არადა, იმავდროულად გაისმის უწყვეტი გოდება: გვჭირდება ინვესტიცია, გვჭირდება სახსრები, მოგვეცრით საბრუნავი თანხა და საწარმოს ორიოდე წელიწადში ავაყვაევებ... მაშ, თუ ასეა, «რა უშლით ხელს?» ნორმალური «საბაზრო ეკონომიკის» კანონებს მიჩვეული და შესაბამისი მენტალიტეტის მქონე ექსპერტისათვის ეს გაუგებარია – თუ არსებობს ფული და არსებობს «საინვესტიციო მოთხოვნა» - მათ ერთმანეთი ადვილად უნდა იპოვონ... მაგრამ საქმეც სწორედ ეს წყეული «პოსტსაბჭოური მენტალიტეტია». დავაკვირდეთ: მეწარმეთა აბსოლუტური უმრავლესობა (ყველა არა) – ყოფილი «წითელი დირექტორია». მას ფული კი აქვს, მაგრამ (აი, ეს გახლავთ ყველაზე მთავარი) რისკზე წასვლა არ უნდა! ნებისმიერი ბიზნესი, მით უმეტეს, წარმოება ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული. «ურისკო ბიზნესი» საეროთდ არ არსებობს: «დასავლეთში კერძო შიდა ინვესტიციის 80 პროცენტი რისკის საკმოად მაღალ ხარისხს შეიცავს, რაც დასავლელიო (ევროპელი, ამერიკელი) ბიზნესმენისთვის ჩვეულებრივი ამბავია. იმ სამყაროში კაპიტალიზმი 500 წელია ვითარდება და კარგა ხანია, ბიზნესმენმა შეისისხლხორცა-გაირთავისა, რომ «რისკის გარეშე ბიზნესი შეუძლებელია». მათ ქართველო კოლეგას კი ამ დებულებასთან შერიგება არაფრის დიდებით არ სურს. მას უნდა, ბრიზნესი აწაერმოოს, მაგრამ ისე, რომ რისკი არ გასწიოს, საკუთარ, წლობთი ნაფერებ, ნალოლიავებ «ფულებს» საფრთხე არ შეუქმნას. იგი ამას მიეჩვია ათლწეულების განმავლობაში, ანუ იმ საწარმოს პრივატიზება კი მოახდინა, (ჩალის ფასად), რომლის დირექტორიც იყო რამდენიმე «ხუთწლედის» განმავლობაში. მაშასადამე, საკუთრების ფორმა კი შეცვალა და დაიკანონა წარმოების საშუალება, მაგრამ თანამდევ «წარმოების წესთან» შერიგება არ სურს: საწარმო მისია, მისი კერძო საკუთრებაა, ოღონდ თვითონ რომ წავიდეს რისკზე, თვითონ ჩადოს საწარმოს განვითარება-მოდერნიზაცია-ამოქმედებაში მნიშვნელოვანი თანხა (აქვს -–დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ან შეუძლია ოცი-ოცდაათი მისნაირი «შეიამხანაგოს» და შეაგროვოს), ეს არ ეპიტნავება.
        მას უნდა, საწარმო მისი საკუთრება იყოს, ხლო რისკი თვითონ კი არა, - სახელმწიფომ გასწიოს. მაგალითად, იპოვის უცხოელ ინვესტორს და დაიწყებს ხელისუფლების ლანძღვას: წარმოგიდგენიათ, მე უცხოელი ინვესტორი ვიპოვე, რომელიც მზად იყო ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, მაგრამ მთავრობამ სახელმწიფო გარანტიაზე უარი მითხრა და ინვესტორიც დაიკარგაო, ან «შეღავათიან კრედიტზე» უარი მითხრაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        «შეღავათიანი კრედიტიც» განსაკუთრებით ნიშანდობლივია, ვინაიდან თუ დაიკარგა, მხოლოდ თვით საწარმოთი (ისედაც გაძვალტყავებულით) აგებს პასუხს და, უკიდურეს შემთხვევაში, მოსკოვში გაიქცევა ოჯახთან ერთად. «საკუთარი ფული» კი დიდი ხანია, საიმედოდ აქვს შენახული უცხოურ ბანკებში – ამ ფულს «სასწორზე როგორ შეაგდებს» და რისკზე როგორ წავა – როგორ გეკადრებათ?! აგერ არ არის «მთავრობა», რომლეიც შეიძლება დაადანაშაულო «ეროვნული წარმოების მიზანმიმართულ გენოციდში» და მოსთხოვო «შეღავათიანი კრედიტები» და «სახელმწიფო გარანტია» - ოღონდ შენ კი არა, სახელმწიფო (ანუ ქვეყანა) წავიდეს რისკზე?!
        შესაძლოა, მკითხველს აქ წინააღმდეგობა მოეჩვენოს: აკი წერდი, დასავლელი ინვესტორი თვითონ მიდის რისკზე და გარანტიას არ მოითხოვსო. ჰო, მაგრამ ის რისკზე მიდის თავის ქვეყანაში, თავის გარემოში (ევროპაში, ამერიკაში), რომელსაც იცნობს. ქართული საწარმოს ასამოქმედებლად კი რისკზე შეიძლება მხოლოდ ქართველი ინვესტორი (მით უმეტეს, საწარმოს მეპატრონე) წავიდეს. მას, ისევ და ისევ, ამ რისკზე წასვლა არ უნდა, ვიდრე არ ექნება «ასპროცენტიანი გარანტია», რომ ინვესტირებული თანხა არ დაეკარგება «საბაზრო კონიუნქტურის შეცვლის», მუშა-მოსამსახურეთა გაფიცვის, ბენზინის გაძვირების, ან სხვა ამგვარი მიზეზის გამო. «ასპროცენტიანი გარანტია» კი ბიდზნესში ძალიან დიდი იშვიათობაა. ასეთი «გარანტია» მხოლოდ საბჭოთა პერიოდში არსებობდა, როდესაც დირექტორი დარწმუნებული ყო, რომ «ლევ» საქონელსაც გაჰყიდდა და «პრავსაც». ოღონდ იმას ბიზნესმენი კი არა, «საქმოსანი» ერქვა.
        საქართველოში ეკონომიკური ვითარება მანამდე არ შეიცვლება და წარმოება არ «აღორძინედბა», ვიდრე თვით სამეწაერმეო გარემო და მენტალიტეტი არ შეივცლება. მადლობა ღმერთს, 1994 წლიდან დაწყებულმა ლიბერალურმა ეკონომიკურმა რეფორმამ, ჯერჯერობით, ყველა შემოტევას გაუძლო და, ძირითადად, კვლავ გრძელდება, მაგრამ ის ხალხი, ვისაც «ძველი ურთიერთობები ენატრება», ასე ადვილად არ დაცხრება. ისინი არ მოიშლიან ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოყვანის მცდელობას, რომლებიც პრობლემებს «ადვილად გადაუწყვეტენ». მათი იარაღია დემაგოგია და რადიკალური ლიბერალური რეფორმის რდოს გარდაუვალ სოციალურ სიდუხჭირით სპეკულირება. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილსაც თანდათანობით უბრუნდება ილუზია, რომ უკეთ ცხოვრობდა მაშინ, როდესაც გარანტირებული მონური ულუფა ჰქონდა იმ საწარმოში, რომლის დირექტორი «იატაკქვეშა მაილიონერი» იყო. ლეშეკ ბალცეროვიჩის გამოჩენა შეიძლება სწორედ ამით იყოს მნიშვნელოვანი – მას შეუძლია იმის დეომნსტრირება, რომ არსებობს უნივერსალური, ყველა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პრობლემები და მათი დაძლევის ასევე მეტზნაკლებად უნივერსალური ხერხები და მეთოდები. «მესამე გზა» არ არსებობს. ასეთი «გზა» სცადა ელცინის რუსეთმა, მაგრამ მიუხედავად კოლოსალური რესურსებისა, არაფერი გამოუვიდა. «მცონარა მენტალიტეტის» დაძლევა, როდესაც ადამიანი გარანტირებულ მონურ ულუფას არჩევს «თავის შეწუხებას», შეიძლება დაიძლიოს მხოლოდ შოკით! დიახაც, იმ შოკური შეგნებით, რომ შენ თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებ, არავინ შენზე არ იზრუნებს და ის გარანტირებული მონური ულუფაც არ გექნება, ანუ შიმშილით მოკვდები. სწორედ ამ შეგნებამ და შიშმა ააყვავა დასავლური ცივილიზაცია, ხოლო ვითომ ჰუმანურმა «სოციალიზმმა» ჩასახვისთანავე დაიწყო ლპობა. ამასობაში, ასეულობთი მილიონი ადამიანი შეიწირა მთელ მსოფლიოში და შემდეგ ხუხულასავით დაინგრა. კიდევ მილიონობით ადამიანი მოიყოლა ნანგრევებში.
        ჰოდა, შევადაროთ ახლა, «საბოლოო ჯამში», რომელი უფრო ჰუმანურია: «ველური კაპიტალიზმი» თუ «კეთილი სოციალიზმი». მით უმეტეს, რომელი უფრო განაპირობებს საკაცობრიო პროგრესს, ანუ ემსახურება ცალკეული ადამიანის ინტერესებს.
        პრეზიდენტთან შეხვედრისას ლეშეკ ბალცეროვიჩმა ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა: «თქვენ ზუსტად უნდა განსაზღვროთ, როგორ დემოკრატიას აშენებთ. თქვენი უპირატესობა ისაა, რომ ნულიდან დაიწყედთ». მართლაც, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჩვენში ხშირად გაიგონებ, რომ «ქართველებმა სხვა საბჭოთა ხალხებისგან განსხვავებით, ყველაფერი პირწმინდად დავანგრიეთ, გავძარცვეთ, არავინ ასე არ მქცეულა» და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ სიმართლეა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია კრიმინალურ კლანთა თარეშსა და ძარცვა-გლეჯაზე.
        მაგრამ ბალცეროვიჩი იმაშიც უეჭველად მართალია, რომ თუ «ყველაფრის პირწმინდად დანრგრევაში» ადრინდელი ურთიერთობების ნგრევა იგულისხმება, საქართველოს ერთგვარი უპირატესობაც ჰქონდა რუსეთთან და პოლონეთთან შედარებით: ომისა და სისხლისღვრის ფონზე ბოლოს და ბოლოს თვით ყველაზე რადიკალური «შოკური» ეკონომიკური რეფორმაც ისე მწვავედ არ აღიქმებოდა - «ყველაფერს აიტანს ადამიანი ქუჩაში სროლებისა და დაბომბვების გარდა». ოღონდ ეს ლიმიტი იწურება. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო გვშორდება სამოქალაქო ომის ეპოქა, რაც უფრო უმჯობესდება ცხოვრების პირობეიბ, მით უფრო იზრდება სოციალური რამბიცია. დღევანდელ პირობებში, ლეშეკ ბალცეროვიჩის «რჩევით» თუ მისი რჩევის გარეშეც, აუცილებელია მთლიანობაში სავსებით სწორი და მიზანშეწონილი კურსის უცვლელობის დადასტურება – ეს არის მხოლოდ ეკონომიკური კურსი. ქვეყნის სახელმწიფოებრივი ორიენტაცია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური პოლიტიკით გამოიხატება.
        ყველაზე საშიში პროცესი (ნურავის გაუკვირდება) ისევ და ისევ საზოგადო მენტალიტეტისა და მასობრივი ცნობიერების სფეროში ვითარდება: ალბათ, გახსოვთ, ხშირად გაიგონებდით ხოლმე - «საქართველოსთვის სოციალურიშ შუღლი და შური არასდროს იყო დამახასიათებელი, რამდენადდადებითი მოვლენა იყო ან არის ეს – სხვა საქმეა, მაგრამ დღეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეძენა კარგად შენიღბულმა და, ამდენად, ბევრად უფრო საშიშმა კომუნისტურმა («გამთანაბრებელმა») პროპაგანდამ, რომელიც «კორუფციის საწინააღმდეგო» რიტორიკით ინიღბება.
        გარწმუნებთ, ამ სტრიქონების ავტორს, ან რომელიმე ნათესავ-ახლობელს «საირმის მთაზე» თუ ვაკის სტუდქალაქის ტერიტორიაზე აგებულ «ახალქალაქში» არც ვილა და არც თუნდაც ერთოთახიანი ბინა არ გააჩნია, მაგრამ როდესაც გაუთავებლად მოთქვამენ... «ნახეთ, რა ბინები შენდება...» - ესეც ძალაუნებურად თუ შეგნებით ანტირეფორმულ სახეს იძენს: საირმის მთაზე აშენებული დავუშვათ ოცი სახლიდან 5 ეკუთვნის თანამდებობის პირებს. ლეშეკ ბალცეროვიჩის განხილვებს თუ მივუსადაგებთ, ეს «ლიბერალიზმის ნაკლებობითაა» განპირობებული, ვინაიდან, რაც ნაკლებია ლიბერალიზმი, მით უფრო «მსუქანია ბიუროკრატია». მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ დანარჩენი 15 სახლი ბიზნესმენებს ეკუთვნის და ბიზნესით (თუნდაც, «კრიშის» ფორმით) არის შეძენილ-აშენებული. ახალი ქართული ისტებლიშმენტის დანაშაულია, რომ იგი ბიზნესში წარმატების ასეთ მაგალითებს ქმნის, მაგრამ მეორე მხრივ, იმასაც დავაკვირდეთ, რომ «მთის ახალქალაქის» წყევლა-კრულვისას ბევრი (მათ შორის, ვითომ «მემარჯვენე პოლიტიკოსი») ქართველ საზოგადოებაში მეტად საშიშ სოციალურ ინსტინქტებს აღვიძებს: «სიმდიდრის უკეთურობა (ანუ «იმთავითვე ცოდვიანობა») ის შხამიანი თესლია, რომელმაც ისედაც ლაბილურ ქართულ-სოციალურ მენტალიტეტში შეიძლება ყოვლის მომწამვლელიო ნაყოფი მოგვცეს.
        ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ თუ გვინდა, ავაშენოთ ნორმალური საზოგადოება, ეს საზოგადოება აუცილებლად იქნება სოციალურად დიფერენცირებული. იქნებიან ძალიან, ფანტასტიკურად მდიდრები და იქნებიან ღარიბები. სახელმწიფოს სოციალური დანიშნულება კი სიღატაკის აღმოფხვრა და «სიღარიბის დონის ამაღლება» გახდება და სხვა არაფერი.
        ეს ყოველივე ჩემი მოგონილი არ გეგონოთ, - ეს არის ლიბერალური მსოფლხედვის ეკონომიკურიშ ემადგენლის სულ რამდენიმე თეზისი, რომლებსაც გვთავაზობს არა ლეკეშ ბალლცეროვიჩი, არა «წყეული» საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არამედ... საქართველოს ინტერესები. თუნდაც იმიტომ, რომ სხვა გზა, სხვა გამოსავალი, სხვა ნორმალური მოდელი განვითარებისა არ ჩანს და არც გამოჩნდება, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს... ერთადერთი გზა ლიბერალურ სტრატეგიას «მოჰყვება». წარსულში დაბრუნების ილუზია კი ამ ქვეყანას საბოლოოდ დაღუპავს და ყოველგვარ პერსპექტივას გამოაცლის.

დილის გაზეთი, 14 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე