ქართული ჯარი საჭიროებას აჭარბებს

        ხევსურეთში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სასწრაფო რეორგანიზაციას საჭიროებს იმ სტრატეგიულ «გამოწვევათა» და საფრთხის გათვალისწინებით, რაც საქართველოს შეიძლება დაემუქროს. ოღონდ «რეორგანიზაცია» არა ზრდის, არამედ შემცირებისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით
        ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალები (არმია, შინაგანი ჯარი, სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმები, სასაზღვრო ჯარი) 50 ათასამდე მებრძოლს ითვლის.
        ეს არის გაძვალტყავებული, უმრავლეს შემთხვევაში, შიმშილისა და უსაქმურობისაგან დაოსებული, უმეტესად, აბსოლუტურად არაბრძოლისუნარიანი შეიარაღებული მასა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეულ ეტაპზე, ე.წ. დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ხელისუფლების სურვილი, შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად დეცენტრალიზებული ყოფილიყო, გამართლებულად თუ არა, ადვილად ასახსნელად უნდა ჩაითვალოს.
        არავის ჰქონდა გარანტია, რომ კვლავ არ გამოჩნდებოდა რომელიმე რეგვენი «გენერალი» და საკუთარი ბოღმის დასაკმაყოფილებლად ახალ ომს არ გააჩაღებდა საქართველოში. ამიტომ, არმია გარკვეული ავტონომიის მქონე «გვარდიას» უნდა გაეწონასწორებინა, ხოლო ორივე ერთად – შინაგან ჯარსა და უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების დივიზიას.
        მაგრამ ეს სქემა დღევანდელობის მოთხოვნებს უკვე ვეღარ პასუხობს. ბოლოს და ბოლოს, არ შეიძლება სახელმწიფომ იმის მიხედვით ააწყოს შეიარაღებული ძალები, რომ ამ ძალებმა ეს სახელმწიფო კვლავ არ «გადაატრიალოს».
        სინამდვილეში, სახელმწიფოსაც და შეიარაღებულ ძალებსაც სხვა სტრატეგიული ამოცანა –დანიშნულება აქვთ: დაიცვან ქვეყნის ინტერესები, იქცნენ ამ ინტერესთა განხორციელების ცივილიზებულ ძალისმიერ ინსტრუმენტად.
        ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, რაში მდგომარეობს ამ ინტერესთა ერთობლიობა, რასაც მთლიანობაში შეიძლება საქართველოს «სამხედრო-სტრატეგიული დოქტრინა» ვუწოდოთ.
        ეს, რასაკვირველია, ძალიან დიდი თემაა, მაგრამ მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ამოცანა უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, დაიცვას სახელმწიფოებრივი მდგრადობა, ქვეყნის საზღვრები, ეთნოდემოგრაფიული სივრცის მთლიანობა და სუვერენიტეტი, ანუ იურისდიქციის ეჭვმიუტანლობა და შეუვალობა.
        ამ ამოცანების გადასაწყვეტად ამჟამინდელი ვეებერთელა (ჩვენი მაშტაბით) შეიარაღებული ძალების არსებობა სულაც არ არის აუცილებელი, ვინაიდან ეს არმია «ვეებერთელაა» ჩვენი მაშტაბებით, თორემ არც ერთი დიდი მეზობლისათვის (თურქეთი, ირანი, რუსეთი) იგი არანაირ სამხედრო «გამაწონასწორებელ» ფაქტორს არ წარმოადგენს.
        ჩვენი «შეიარაღებული ძალები» მათ სასაცილოდაც არ ეყოფათ, მათგან თავის დაცვას (თუ საქმე ამაზე მიდგა) საქართველო შეძლებს მხოლოდ შესაბამისი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გარანტიების შექმნით, უშიშროების საერთაშორისო სისტემებში მონაწილეობით, დიდ სახელმწიფოთა წინააღმდეგობებზე ბალანსირებით, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით (რათა ერთი ამ სახელმწიფოთაგანი მაინც იყოს სისხლხორცეულად დაინტერესებული საქართველოში სტაბილურობით) და ა.შ.
        უკანასკნელი ფაქტორი განსაკუთრებით ქმედითია: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს ამ რეგიონში დაძაბულობა არ დაიკლებს. შესაბამისად, დასავლეთი სისხლხორცეულად დაინტერესებული იქნება ბაზარზე ნავთობის მიწოდების ალტერნატიული წყაროების მოძიებითა და ამ წყაროებიდან ენერგომატარებელთა მოწოდების უზრუნველყოფით.
        ამ თვალსაზრისით კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო კასპიის აუზია. საქართველოს გარეშე აქედან ენერგომატარებელთა მოწოდება შეუძლებელი იქნება.
        ამავე დროს, ეს ახალი «ევრაზიული დერეფანი» ამცირებს დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთსა და მის ენერგეტიკულ რესურსებზე. ამრიგად, დიდ სახელმწიფოთა აგრესიის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მხოლოდ ასეთი (გეოპოლიტიკური) გარანტიები შეუძლია შეექმნას, ხოლო «წინააღმდეგობის დასაფიქოსირებლად» დიდი არმიის (სინამდვილეში, გაძვალტყავებული შეიარაღებული მასის) შენახვა აუცილებელი არ არის – სერიოზულ წინააღმდეგობას თურქეთისა და რუსეთის არმიებს იგი ვერ გაუწევს, ხოლო «წინააღმდეგობის ფაქტის დაფისქირებას» მციტრენრიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებულიო ძალაც შეძლებს.
        ახლა, რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას. თუ იგულისხმება საქართველოს იურისდიქციის აღდგენა აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში», ან თუნდაც იურიდიქციის შენარჩუნება ზოგიერთ სხვა რეგიონში – აქაც ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმავე მეზობლების პოზიციაზე, ანუ მათი თუნდაც ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, საქართველო ნამდვილად შეძლებს ხანმოკლე ან გრძელვადიანი ომის შედეგად, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილზე ან მთლიანად ამ ტერიტორიებზე იურისდიქციის აღდგენას.
        ამიტომ მრავალრიცხოვანი შეიარაღებუოლი ძალა (მით უმეტეს, ვიმეორებ, დღევანდელივით დამშეულ-ჩამოკონკილ-გაძვალტყავებული) საჭირო არ არის.
        ხოლო თუ საქართველოს აფხაზეთში იმავე ფაქტორებთან მოუხდა შეტაკება, როგორსაც შეეჯახა 1992-93 წლებში, მაშინ მრავალრიცხოვანი არმიაც ვერ გადაწყვეტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს, სტრუქტურული თვალსაზრისით (სტრუქტურული თვალსაზრისით და არა შინაარსობრივად), სჭირდება დაახლოებით ისეთივე შეიარაღებულიო ძალები, როგორიც ჰყავს ისრაელს.
        შეგახსენებთ, რომ ისრაელში მხოლოდ ფორმალური განსხვავება არსებობს არმიასა და სასაზღვრო ჯარს, არმიასა და შინაგან ჯარს, არმიასა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის. სინამდვილეში, ეს არის მკაცრ ერთმმართველობას დაქვემდებარებული, მობილური, შესანიშნავად შეიარაღებული, ბრწყივნალედ გაწვრთნილი, ერთიანი შეიარაღებულიო ძალა.
        და, სხვათა შორის, მშვიდობის პერიოდში (!), ანუ იმ ვითარებაში, როდესაც ისრაელი ფართომაშსტაბიან ომს არ აწარმოებს არაბულ სამყაროსთან არცთუ მრავალრიცხოვანი.
        საქართველოსაც დაახლოებით ასეთი ძალა სჭირდება. მაქსიმუმ 5-10 ათასი მებრძოლი (და არა 50-60 ათასი, როგორც ახლა – ყველა ერთად), რომელიც კარგად იქნება გაწვრთნილი, გამოკვებილი, ჩაცმულ-დახურული და უკეთ შეიარაღებული.
        სამხედრო სამსახურის ვადა ერთ წელს არ უნდა აღემატებოდეს, სამაგიეროდ, ეს სამსახური უნდა მოიხადოს და სამხედრო სპეციალობა შეიძინოს ყველამ, განურჩევლად სოციალური ცენზის ა- ყოველგვარი: «სამხდერო კათედრების» გარეშე.
        სამხედრო აკადემიაში მხოლოდ ჯარგამოვლილები უნდა მიიღებოდნენ. საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მიზნად უნდა დაისახოს არა ტანკების შეძენა, რაც ჩვენი ქვეყნის პირობებში სრულიად ფუჭი და უსარგებლოა, არამედ სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნების წარმოება (ეს საქართველოს რელიეფისათვის იდეალური იარაღია) ისევე, როგორც მაღალი სიზუსტის ცეცხლსასროლი იარაღისა.
        დანაშაულებრივი შეცდომა იქნებოდა ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვა საქართველოში. ხოლო შეიარაღებულ ძალთა მობილურობა უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა მოდიფიკაციის ვერტმფრენებმა, რომელთა წარმოება (კორპუსისა მაინც – თუ ძრავებს სხვაგან შევიძენთ) აგრეთვე, სრულიად ძალუძს თბილისის საავიაციო ქარხანას.
        ასეთ შეიარაღებულ ძალებს (შეიძლება მათ ეწოდოს «უსაფრთხოების ძალები», როგორც ბევრ, ჩვენი მასშტაბის ქვეყანაში), ხელეწიფება იმ ფუნქციების შესრულება, რასაც ცალ-ცალკე ძლივს ასრულებენ ან სერიოზულ შემთხვევაში კაცმა არ იცის, როგორ შეასრულებს გაბერილი არმია, შინაგანი ჯარი, სასაზღვრო ჯარი და ა.შ.
        თანაც, ეს სრულებითაც არ იქნება «ძალისმიერ სტრუქტურათა» გაერთიანება, ვინაიდან ლაპარაკია მხოლოდ შედარებით მაშტაბური ამოცანების გადასაწყვეტად, ხოლო პოლიციას და უშიშროებას ისევე, როგორც პროკურატურას, სულ სხვა ფუნქცია აკისრია, რასაც «უსაფრთხოების ძალები», რა თქმა უნდა, ვერ შეასრულებენ და ეს არც დაეკისრებათ.
       
       

მერიდიანი, 1 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე