საქართველოში ახალი წინასაარჩევნო «ინტერვენცია» იწყება

        საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე დღეში საქართველოს ეწვევა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობინ კუკი, რომელსაც შემდგომ, ცნობილ პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეთა მთელი რიგი მოჰყვება, - აგრეთვე ოფიციალური ვიზიტებით.
        მათ შორის ასახელებენ თვით გერმანიის ფედერალურ კანცლერს გერჰარდ შრიოდერს (მას, ალბათ, გენშერიც ჩამოჰყვება), უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს და სხვებს.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დაინტერესებული ქვეყნები ამ ვიზიტებით ცდილობენ მხარდაჭერა გამოუცხადონ ედუარდ შევარდნაძეს. ისევე, როგორც სწორედ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შედგა პრეზიდენტის მართლაც წარმატებული ვიზიტები გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც არჩევნების შედეგებზე სერიოზული ზეგავლენა იქონია.
        თუმცა, ისიც უეჭველია, რომ არც ერთი ზემოჩამოთვლილი მოღვაწიდან, საქართველოში არ ჩამოვიდოდა, ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილად რომ არ ჰქონდეთ რეალური დაინტერესება. საქართველოს ხელისუფლებას, წინასაარჩევნო ტაქტიკიდან გამომდინარე, შეეძლო განესაზღვრა მხოლოდ ვადა (ვთქვათ, შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში გამართულიყო საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან რობინ კუკი ჩამოსულიყო ამა და ამ დროს და ა.შ.).
        შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მიუხედავად რანგით სხვაობისა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო ნიშანდობლივი მოვლენაა, ვიდრე თვით გერმანიის ფედერალური კანცლერისა და აი, რატომ: დიდ ბრიტანეთს, როგორც ყოფილ კოლონიურ იმპერიას, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განვითარებული «ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების» მიმართ იმთავითვე ცივი დამოკიდებულება ჰქონდა.
        მაგალითად, 9 აპრილის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრესა (რომ აღარაფერი ვთქვათ ოფიციალურ პოზიციაზე) ცინიკური და ანტიქართულად აგრესიული იყო, უფრო მეტად, ვიდრე, ვთქვათ, ფრანგული.
        დიდმა ბრიტანეთმა ლამის უკანასკნელმა ცნო თვით ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობაც კი, სამხრეთ კავკასიაზე ხომ, საერთოდ, ლაპარაკი ზედმეტია.
        ერთგვარი გამონაკლისი იყო მხოლოდ აზერბაიჯანი, სადაც 1993 წელს ერთი დღით (!) ჩაფრინდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი და სიმბოლურად სათავე დაუდო «საუკუნის პროექტის» განხორციელებას, ანუ კასპიისპირეთის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირებას.
        ამრიგად, ინგლისური საგარეო პოლიტიკა, რომელიც რაციონალურობის, პრაგმატიზმისა და ცინიზმის უმაღლეს გამოვლინებად ითვლებოდა ყოველთვის - ამა თუ იმ რეგიონისა და ქვეყნისადმი დასავლეთის ჭეშმარიტი დამოკიდებულების საზომია.
        რაკი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის საქართველოში, მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთს მართლა გაუჩნდა არა მხოლოდ სიმბოლური, დეკლარირებული, არამედ სავსებით კონკრეტული პრაგმატული ინტერესი.
        ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
        სხვაგვარად, რობინ კუკი (ზოგადად, ევროპელ «მემარცხენეთა» ექტსრავაგანტურობის მიუხედავად) საქართველოში არ ჩამოვიდოდა.
        ბრიტანული «ფორინ ოფისის» ცინიკურ გათვლებზე კი ნამდვილად კეთილისმყოფელ ზეგავლენას იქონიებდა საქართველოს ბოლოდროინდელი, სავსებით გამართლებული პრინციპული პოზიცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის თაობაზე, რომელმაც დაადასტურა: საქართველო, მართლაც, არ არის «გამჭოლი ეზო» - ამიტომ მის პოზიციას მეტი პატივისცემით უნდა მოეკიდონ.

მერიდიანი, 18 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე