«აფხაზეთის ძალით დაბრუნება» - ვინ არის წინააღმდეგი

        შაბათს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გაერთიანებულიო ერების ორგანიზაციის სპეციალურ წარმომადგენელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში, გერმანელ დიპლომატს, დიტერ ბოდენს. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ირაკლი წერეთელმა და გურამ გოგბაიძემ (ოდესღაც, 1989-90 წლებში ისინი საქართველოს მართავდნენ) თბილისში გაეროს მისიასთან ხმაურიანი აქცია გამართეს – დიტერ ბოდენის საქართველოდან გაძევების მოთხოვნით.
        მათი აღშფოთება გამოიწვია სოხუმში რამდენიმე დღის წინათ ხელმოწერილმა დოკუმენტმა, რომლითაც მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, სისხლის სამართლის საქმე აღძრან იმ პირთა მიმართ, ვინც აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის მოწოდებით გამოვა.
        ვიდრე თვით ამ «ოქმზე» ვიმსჯელებდეთ, ერთ, მეტად ნიშანდობლივ, ძალზე მეტყველ ნიუანსზე მსურს შევაჩერო მკითხველის ყურადღება: ირაკლი წერეთელმა ტელეინტერვიუში ერთი შეხედვით უცნაური განცხადება გააკეთა: «თუკი ამერიკამ და ნატომ დაბომბეს სერბები კოსოვარების გულისთვის (იგულისხმებიან კოსოვოში მცხოვრები ალბანელები)... რომლებიც იქ მოთრეულები არიან (!), რატომ არ შეიძლება, ამერიკამ ოსები და აფხაზები დაბომბოს?»
        კი მაგრამ, რა შუაშია აქ ამერიკა? სოხუმში ხელმოწერილი ოქმი, ძირითადად, ქართულ მხარეს ეხება. მაშასადამე, ელემენტარული ლოგიკით, ირაკლი წერეთელს უნდა ეთქვა «...რატომ არ შეიძლება, საქართველომ გამოიყენოს ძალა და დაბომბოს სეპარატისტები ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?» მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ ეს იქნებოდა აშკარა მოწოდება ძალის გამოყენებისაკენ, ანუ წერეთელს არ სურდა თვითონ დაერღვია ის ოქმი, რომლის წინააღმდეგაც პროტესტს აცხადებდა! არ სურდა, რადგან... 12 წლის განმავლობაში შესამჩნევად ფრთხილი გახდა და იმასაც აცნობიერებს, როგორ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების განწყობა. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსისა და სოხუმში ხელმოწერილი ოქმის თვალსაზრისით, მისი განცხადება სავსებით კორექტული იყო – ვერავინ შეედავება.
        რაც შეეხება საკუთრივ ოქმს, სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი, როგორც ჩანს, არ შეუშინდა საკუთარ პასუხისმგებლობას, რაკი მიიჩნია, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა შექმნილ სიტუაციაში მიზანშეწონილი იყო.
        სხვათა შორის, რატომღაც არავინ განიხილავს «ოქმს» მთლიანობაში - ყველა იმ ყბადაღებულ პუნქტს აქცევს ყურადღებას, სადაც საუბარია «ძალისმიერი მეთოდების პროპაგანდის დასჯადობაზე», მაგრამ ოქმი შეიცავს სხვა პუნქტებსაც, რომლებიც სამურზაყანოში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას ეხება.
        ამ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს ეკითხება, არადა იმ ბედის ანაბარად მიტოვებულებისთვის, ვინც ამჟამად გალის რაიონში ცხოვრობს აფსუა ფაშისტების, ეგრეთ წოდებული, იურისდიქციის ქვეშ, ყველაზე მთავარი სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა (თუნდაც, ფაშისტური იურისდიქციის პირობებში) – კვლავინდებურად არ განმეორდეს ვითარება, როცა ზოგიერთებმა მშვიდობიან მოსახლეობას გამოასწრეს და ლამის გორამდე ირბინეს თავქუდმოგლეჯილებმა, ხოლო საცოდავი ქალები, ბავშვები და მოხუცები, აგრეთვე, უიარაღო სამურზაყანოელები ზუგდიდიდან შესცქეროდნენ, როგორ ბოლაოვდა მათი ნასახლარები.
        აბა, ერთი მათ ჰკითხონ, როგორ აფასებენ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც მშვიდი ცხოვრების იმედს უღვივებთ? არძინბამ სწორედ იმისთვის დააბრუნა გალში (გაეროს გათვლებით) 30-40 ათასი მცხოვრები, რომ ისინი მძევლად ჰოყლოდა და «საჭიროების შემთხვევაში» მათი შანტაჟირების საშუალებაც ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, მთელმა საქართველომ მუხლმოყრით მადლობა უნდა უძღვნას ჩვენს თანამოძმეთ სამურზაყანოში, რომელთაც, მიუხედავად ამისა, ხმამაღლა არ გამოუხატავთ არძინბას მხარდაჭერა და არ გაუმართავთ დემონსტრაციები «საქართველოს მხრიდან აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნით» (ეს რომ გაეკეთებინათ, სეპარატისტები, რუსული მედიის მეშვოებით, უკვე მსოფლიოს მოსდებდნენ), არც პარტიზანები დაუსმენიათ და მათთვის ზურგში არ უსვრიათ, თუმცა კი შესანიშნავად გრძნობდნენ: იმ პირობებში, როცა ენგურზე რუსის ჯარი დგას - რით დამთავრდება საომარი აქტივობა სამურზაყანოში.
        ასეც მოხდა! სეპარატისტებმა მთელი თავის ძალების მობილიზებით და დაახლოებით 2-2,5 ათასი მებრძოლით ფრონტალურად შეუტიეს ქართულ სოფლებს. 500-ოდე (რატომ 500 და არა 5000?! M- ავტ.) პარტიზანმა კი სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.
        ზუსტად ასეთივე სურათი იქმნებოდა წლეულს აპრილ-მაისში.
        პარტიზანთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ 20-მდე მომხდურის (არცერთი მათგანი სამურზაყანოელი არ ყოფილა) ლიკვიდაცია მოახერხეს, მაგრამ შედეგად, შეიქმნა საშიშროება, ზუსტად განმეორებულიყო 1998 წლის მაისის მოვლენები.
        სწორედ ამ საშიშროების ადეკვატურ აღქმას მოჰყვა თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებათა ინტენსიფიკაცია, რაც სოხუმის ოქმის ხელმოწერით დასრულდა.
        ამ ოქმის პარაფირებით ქართულმა მხარემ (ოფიციალურმა თბილისმა) დაადასტურა (ერთგვარი წინასწარი განაცხადი გააკეთა), რომ მზად არის, ხელი აიღოს კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტის მცდელობაზე.
        ამ თვალსაზრისით, ეს არის ერთგვარი «წინასწარი შეთანხმება», ანუ, როგორც რუსები უწოდებენ «პრომეჟუტოჩნოე სოგლაშენიე», რასაც უახლოეს მომავალში ლოგიკურად, ალბათ, მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები უმთავრესი პრინციპით: «სუვერენიტეტი - ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ».
        მომავალი შეთანხმების კონკრეტიკას არავინ იცნობს, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ უმთავრესი თეზისი «მოქალაქის სტატუსის» დაზუსტება-გამიჯვნა გახდება.
        თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ მაინც ჰიპოთეტური მსჯელობა («მკითხაობა») იქნებოდა - ამჯერად ისევ იმ ყბადაღებულ პუნქტს დავუბრუნდეთ «ძალისმიერი პროპაგანდის დასჯადობის» შესახებ.
        აბსოლუტურად გაუგებარია, რა კავშირშია ეს პუნქტი უშუალოდ პარტიზანთა მოქმედებასთან ან პრობლემის შესაძლო ძალისმიერ გადაწყვეტასთან, - თუ ვინმეს ძალა ერჩის და რაიმეს შნო აქვს, ისიც უნდა იცოდეს, რომ შნო საქმით მჟღავნდება და არა უადგილო და უსაგნო უბედურობით.
        რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას იტყვის და ვინ რას იქადაგებს - შენ საქმე გააკეთე და საერთოდ, ნუ ილაპარაკებ! აბა, ვის სჭირდება იმის «პროპაგანდა», რომ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა ის იქნებოდა, რაც თითოეულ ჩვენგანს ყველაზე იოლ, მარტივ, სამართლიან და მართლაც «უებარ» საშუალებად მიგვაჩნია? მაგრამ ამას პროპაგანდა რად უნდა - ამის სურვილი და შეგნება (სხვა საქმეა, უნარი და შესაძლებლობა) ყველა ქართველს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი.
        აფსუა სეპარატისტები 30-40 წლის განმავლობაში (დაახლოებით, 1956 წლიდან) ომისათვის ემზადებოდნენ, მაგრამ, დროზე ადრე ვერავინ ვერაფერს წამოაცდევინებდა. ომიც ისე დაიწყეს, აწარმოეს და მოიგეს - არანაირი «ომის პროპაგანდა» არ დასჭირვებიათ.
        1992 წლის 14 აგვისტომდე ასი ხელშეკრულება რომ შეგვეთავაზებინა «ძალისმიერი გზით პრობლემის გადაწყვეტის პროპაგანდის აკრძალვით» - ასივეს ხელს მოაწერდნენ, რადგან «პროპაგანდა» და «შეგულიანება» არასდროს სჭირდებოდათ და არც ახლა სჭირდებათ.
        ყველაზე ძლიერი და აგრესიული პოლიტიკა ის არის, რომელიც პირზე ტკბილი, მეგობრული, სათნო ღიმილით კეთდება, მაგრამ «მაგიდის ქვეშ» ძლიერი წიხლი და მუშტი ახლავს თან.
        ოღონდ ღმერთმანი, ის ხალხი ნუ მოსთხოვს ხელსიუფლებას, კიდევ ერთხელ გარისკოს, კიდევ ერთხელ გაიმეოროს მაისის მოვლენები, ვინც 1998 წლის ივნისში გაიძახოდა: შევარდნაძემ სამურზაყანოში მეგრელების მორიგი გენოციდი მოაწყოო.
        ჰოდა, რაკი ასეა, რაკი პარტიზანთა (ფარული) მხარდაჭერის გარდაუვალი შედეგი (მოსახლეობის გალიდან გამოძევება) ხელისუფლებას «მეგრელების გენოციდად» მიუჩნიეს, ახლა ნუღარ გიკვირთ, თუ იგივე ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, როგორმე შეზღუდოს პარტიზანთა მოქმედება მსამურზაყანოში. და არ განმეორდეს 1998 წლის მოვლენები, ისევე არ დაბრალდეს მას «მეგრელების გენოციდის» ორგანიზება.
        მიაქციეთ ყურადღება: კაკო ელიავას ერთ-ერთმა რაზმელმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა კიდეც - «ამათ უნდათ მუდმივი დესტაბილიზაცია იყოს, ან სამეგრელოში იყოს ომი, ან აჭარაში, ან აფხაზეთში» - აი, სწორედ ამიტომ არ წამოიწყებს ხელისუფლება ომს აფხაზეთში!
        ვიდრე მას ექნება იმის შიში (არცთუ უსაფუძვლო), რომ ნებისმიერი საბაბით, ნებისმიერი მოტივით, სეპარატისტთა წინააღმდეგ მიმართულ იარაღს თბილისისკენ შეატრიალებენ - იგი ომს თავში აზრადაც არ გაივლებს და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება!
        ახლა, რაც შეეხება არსობრივად იმ ხელშეკრულებას, რომელსაც სახელმწიფო მინისტრმა სოხუმში ხელი მოაწერა. კვლავ და კვლავ, ვთხოვ ყველას, ვინც «აღშფოთება ვერ დამალა» ამ დოკუმენტით - დააკვირდეს, როგორ არის გატრუნული საპარლამენტო ოპოზიცია!
        თვით ვითომდაც ყველაზე რადიკალებიც კი, კრინტს არ სძრავენ!
        მხოლოდ ორიოდე პარლამენტსგარეშე პარტიამ (არა ყველამ) გამოიღო ხელი», თანაც – გარკვეული სიფრთხილისა და ზომიერების დაცვით.
        ერთადერთი, ვინც გულწრფელი ჩანდა მთელს ამ პროცესში, დევნილი მოსახლეობის საკოორდინაციო საბჭო და აფხაზეთის ავტონომიის დეპუტატები იყვნენ. არადა, რატომ? თითქოსდა, განა რა შეიძლებოდა ყოფილიყო საპარლამენტო ოპოზიციისთვის იმაზე მომგებიანი კოზირი, ვიდრე სოხუმის ოქმია?
        მაგრამ ჯერ ერთი, მათ გია არსენიშვილთან დაპირისპირება არ სურდათ და მეორე (რაც მთავარია): საპარლამენტო ოპოზიცია შესანიშნავად გრძნობს, როგორია საზოგადოების (არა მხოლოდ ლტოლვილთა, არამედ მთელი საზოგადოების) დამოკიდებულება აფხაზეთში ახალი ომის იდეისადმი.
        აი, ეს არის საკვანძო მომენტი! ამ თვალსაზრისით, საპარლამენტო პოზიციის (და არა მხოლოდ უმრავლესობის) დამოკიდებულება არის ყველაზე ზუსტი ინდიკატორი იმისა, რომ «ახალი ომის» იდეა ომით, უბედურებით, ნგრევით, სისხლისღვრით დაღლილ-დაქანცულ ქართულ საზოგადოებაში ძალზე არაპოპულარულია.
        ნუ გაღიზიანდებით, მაგრამ ომი საქართველოში არავის უნდა - უბედური ლტოლვილების გარდა, რომელთაც ყველაფერი დაკარგეს და დასაკარგავი აღარაფერი დარჩათ.
        ცინიკურად ჟღერს? – კი ბატონო, მაგრამ სიმართლე და სინამდვილე ხშირად ცინიკურია. ეს თვისება მას რეალობას ვერ აცლის.
        არაერთგის მითქვამს და კვლავ სრული დარწმუნებით ვიმეორებ: ქართულ საზოგადოებაში სხვაგვარი განწყობა რომ იყოს, ხელისუფლება დიდი ხნის წინ გახდებოდა იძულებული, აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალები გაეყვანა და ომი განეახლებინა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ განვლილი 10-12 წლის მოვლენებიდან ერთი, ძალზე საგულისხმო და «ძვირფასი» გაკვეთილი გამოიტანა: კერძოდ, როდესაც იგი (საზოგადოება) ქმნის გარკვეულ ცნობიერ დომინანტებს, ვთქვათ, საკუთარი განწყობით აიძულებს ხელისუფლებას, განაახლოს ომი, შედეგებზე არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ თავადაც მოუწევს აგოს პასუხი.
        ეს შეგნება 1988-90 წლების საქართველოში არ არსებობდა და იმიტომაც დაიღვარა სისხლისა და ცრემლის მდინარეები ამ ქვეყანაში.
        დღეს კი «რიგითმა ობივატელმა» დანამდვილებით იცის: «ვიღაც» კი არ იომებს მისთვის, არამედ კონეკრეტულად მას მოუწევს თავისი შვილის გაგზავნა აფხაზეთში, საიდანაც იგი შეიძლება «ცინკის კუბოთი» ჩამოუტანონ.
        აფხაზეთთან მიმდებარე რაიონების მცხოვრებთ კი სხვა «შიშებიც» აქვთ, რომელთა გაშიფვრა აქ არ ღირს.
        ნუ განურისხდებით ობივატელს, თუ მას ისიც აშინებს, რომ ომი აფხაზეთში ხუხულასავით დაანგრევს არა მხოლოდ საზოგადოებრივ, კრიმინოგენულ, არამედ ეკონომიკურ სტაბილურობას, საბოლოოდ დაესმება წერტილი ყოველგვარ რეფორმას, ლარის კურსი ერთბაშად (სულ 3-4 თვეში) ავარდება 100-მდე, რადგან არმიას დასჭირდება «შეღავათიანი კრედიტები» ბენზინის საყიდლად და ასე შემდეგ.
        ერთ წელიწადში კი კვლავ ვიხილავთ თბილისში პურზე რიგებს, რადგან ინფლაცია გაანადგურებს ფასებს და ხელისუფლება იძულებული გახდება, ტალონები შემოიღოს პირველი მოხმარების საქონელზე.
        ღირს თუ არა აფხაზეთი ამ მსხვერპლად? თვით კითხვის ასეთი დასმაც კი მკრეხელობაა! – აფხაზეთი არათუ «ამად» ღირს, აფხაზეთი ყველაფერზე მნიშვნელოვანია, იგი ჩვენი ეროვნულობის საფუძველია, იგი ყველაზე და ყველაფერზე ღირებულია, აფხაზეთი შეუძლებელია შეფასდეს ეკონომიკური კატეგორიებით ან, თუნდაც, ტერიტორიულით, აფხაზეთისათვის საზოგადოება ნებისმიერი მსხვერპლისთვის უნდა იყოს მზად, მაგრამ... მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ არ არის ჩვენი საზოგადოება ამ მსხვერპლისთვის მზად, არ არის და რა ვქნა?
        განსხვავებით აფსუანური საზოგადოებისაგან: ისინი იყვნენ და კვლავაც მზად არიან ასეთი მსხვერპლისათვის. ამიტომ, განურჩევლად რიცხობრივი უპირატესობისა, ის საზოგადოება, რომელიც არ არის მზად, გაიღოს მსხვერპლი (თუნდაც, ვალუტის გაუფასურების და საბანკო ანაბრების «გაფუჭების» სახით მაინც (!!!) მიზნის მისაღწევად, ყოველთვის დამარცხდება იმ საზოგადოებასთან (ამ შემთხვევაში, აფსუა სეპარატისტთა საზოგადოებასთან), რომელიც მათთვის ნათელი, ჩვენთვის მკრეხელური და საზიზღარი იდეისათვის (აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის) მზად არის ნებისმიერი (!) მსხვერპლი გაიღოს.
        კი ბატონო, დავაბრალოთ ხელისუფლებას, რომ მან «ვერ აღზარდა» საზოგადოებაში, ერში მსხვერპლის აუცილებლობისა და გარდაუვალობის შეგნება.
        არადა, ამის «აღზრდა» გამორიცხული და შეუძლებელია - იგი ერის სისხლხორცეული თვისება უნდა იყოს. ამიტომაც, ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, თითქოს ხელისუფლების შეცვლით აფხაზეთთან დამოკიდებულებაში რაიმე შეიცვლება (კვლავ დააკვირდით საპარლამენტო ოპოზიციის მეტყველ დუმილს) – ნებისმიერი ახალი ხელისუფლება აუცილებლად, აუცილებლად იტყვის: «...როგორც ცნობილია, ეს პრობლემა ჩვენ არ შეგვიქმნია... იგი წინა ხელისუფლებამ შექმნა და ჩვენ დაგვიტოვა მემკვიდრეობად... აბა, ჩვენ რა ვქნათ, ეს ომი ხომ ჩვენ არ დაგვიწყია... ჩვენ კი ველით მოძმე აფხაზ ხალხთან მშვიდობიან მოლაპარაკებას, რომ წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმე როგორმე, მშვიდობიანად გამოვასწოროთ!...»
        გამორიცხულია, ასეთი საზოგადოებრივი განწყობის პირობებში საქართველოში მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთში ომს განაახლებს!
        თუმცა, დავუშვათ, მაინც განახლდა ომი აფხაზეთში. ტექნიკური თვალსაზრისით ამას წინ არაფერი უდგას: დავუშვათ, რუსეთის სამშვიდობო ძალები ენგურიდან (და გუდაუთიდან) სწრაფადვე გავიდნენ ისე, რომ სეპარატისტებს იარაღი არ დაუტოვეს, დავუშვათ, საერთოდ მოიხსნა სამოქალაქო ომის სინდრომი სამეგრელოში, დავუშვათ, საზოგადოება განიმსჭვალა მსხვერპლის აუცილებლობით, დავუშვათ, გვყავს ბრძოლისუნარიანი არმია - ამ შემთხვევაშიც კი, მაქსიმუმი, რასაც საქართველომ შეიძლება მიაღწიოს, იქნება ხანგრძლივი, მრავალწლიანი, სისხლიანი ომი აფხაზეთში.
        შეიძლება გადავლახოთ გალის არხთან სეპარატისტთა «საფორტიფიკაციო ნაგებობანი», შეიძლება მივიდეთ არათუ ღალიძგამდე, არათუ კოდორამდე ან კელასურამდე, არამედ გუმისთამდეც კი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამით ომი არ დამთავრდება, ისევე, როგორც თვით რუსეთის არმიამ, ათასჯერადი უპირატესობის მიუხედავად (კოსმოსური იარაღიდან - საარტილერიო სისტემებამდე), ვერ შეძლო დაემყარებინა კონტროლი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩეჩნეთის მთიან ნაწილზე, ასევე საქართველოც ვერ შეძლებს დაამყაროს კონტროლი ჩრდილო-დასავლეთ აფხაზეთის მთიანეთზე.
        სეპარატისტები იბრძოლებენ ისეთივე ფანატიზმით, როგორითაც იბრძოლეს პირველ ომში, მათ ექნებათ ისეთივე მძლავრი საგარეო მხარდაჭერა, როგორიც მაშინ ჰქონდათ. ამიტომ «აფხაზეთის ომით დაბრუნების» პრობლემა არის არა უბრალოდ «ძალის გამოყენების», არამედ ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი, 10-15 წლიანი (სულ ცოტა) ომის წარმოების საეკითხი – ესეც იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი არმია იმდენად ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ სეპარატისტთა პირველი წინააღმდეგობა გატეხა და გუმისთამდე ორიოდე კვირაში მივიდა. ანუ, საუკეთესო შემთხვევაში, იდეალურ ვარიანტში, რისი იმედიც ნორმალურ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს.

ძირს გაერო!

        «ძირს ბუში!», «ძირს ფიფა!», «ძირს გაერო» - ეს ლოზუნგებიც წმინდად ქართული ფენომენია, რომლის კიდევ ერთი გამოვლენა იხილეს ამას წინათ საქართველოში გაეროს მისიის წევრებმა.
        ირაკლი წერეთელმა და გურამ გოგბაიძემ მოითხოვეს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის გაძევება საქართველოდან, თუმცა, ბოდენი ძალით არ შემოჭრილა ჩვენს ვქეყანაში, - გაეროს ჩვენ ვეხვეწებოდით, ეკისრა შუაემავლობა, ასეთი იყო მთელი საზოგადოების (და არა მხოლოდ ხელისუფლების) განწყობა: «გაერო გადაგვარჩენს», «გაერო დაგვაბრუნებს», «საერთაშორისო სამართალი გვიშველის» და ასე შემდეგ. აბსოლუტურად გაუგებარია, რა დააშავა დიტერ ბოდენმა, რომლის მისია მხოლოდ მხარეთა შეხვედრის უზრუნველყოფით შემოიფარგლება? თვით გაეროს წინააღმდეგ აქციის მოწყობა კი, დაახლოებით, იგივეა, რაც აქციების მოწყობა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის წინააღმდეგ (1980 წელს) – რატომ არ გვაწევრიანებსო.
        რასაკვირველია, ამ ექსტრავაგანტური აქციის თაობაზე მსჯელობა არც ღირს, მაგრამ თავისთავად საინტერესოა წერეთელ-გოგბაიძის «ეროვნულ-დემოკრატიული ცენტრის» გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს ცენტრი (სურთ თუ არა მის ორგანიზატორებს) მაინც აღიქმება «ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის» ალტერნატივად. და განსხვავება მხოლოდ ის არ უნდა იყოს, რომ ერთი «ალიანსია» და მეორე - «ცენტრი».
        მაგალითად, იმავე აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით სარიშვილ-ბერძენიშვილის «ეროვნულ-დემოკრატიულ ალიანსს» კარდინალურად განსხვავებული პოზიცია აქვს.
        ნიშანდობლივია, რომ გია არსენიშვილის მიერ სოხუმში ხელმოწერილი დოკუმენტი მათ არ დაუგმიათ – ისევე, როგორც (სხვათა შორის) არც ერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას კრინტი არ დაუძრავს ამ ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ.
        აქციის შემდეგ დავუკავშირდით გაეროს მისიის ერთ-ერთ წარმომადგენელს (მან ვინაობის გამხელა არ ისურვა), რომელმაც სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აქციამ წარმომადგენლობის წევრები ერთგვარად შეაფიქრიანა, რადგან გაეროს წინააღმდეგ აქციის გამართვა თანამედროვე მსოფლიოში უიშვიათესი მოვლენაა.
        ამას არაბებიც კი არ აკეთებდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ერაყის განადგურება 10 წლის წინათ სწორედ გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით მიმდინარეობდა) – რაკი შესანიშნავად ესმოდათ: გაერო მხოლოდ «ტექნიკური ორგანიზაციაა» და სხვა არაფერი.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ გამართა «ეროვნულ-დემოკრატიულმა ცენტრმა» საპროტესტო აქცია სწორედ გაეროს წინ: ირაკლი წერეთელსა და გურამ გოგბაიძეს, რომელთათვისაც «დასავლური და ამერიკული ორიენტაცია» მთელი ცხოვრების საქმე იყო, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ საპროტესტო აქცია გამართონ ამერიკის ან გერმანიის საელჩოსთან - არადა, გაეროს უშიშროების საბჭო სხვა არაფერია, თუ არა დიდწილად სწორედ დასავლეთის ინტერესთა გამტარებელი ორგანიზაცია, ხოლო ბოდენი ჯერ გერმანელი დიპლომატია, შემდეგ კი - «გაეროს ჩინოვნიკი».

თოფაძე ცეცხლს ეთამაშება

        როგორც ჩანს, კონფლიქტი «ყაზბეგი-კასტელის» ფრანგ თანამფლობელებსა და გოგი თოფაძეს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის.
        პარასკევს «ქართული ლუდის მეფემ» განაცხადა, რომ ტოვებს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელის პოსტს, რაც «წილის გამოტანას», რასაკვირველია, არ გულისხმობს. უფრო პირიქით, - 10 პროცენტის მფლობელ ქართველ ბიზნესმენს ნაკლები პასუხისმგებლობა და მეტი საშუალება ექნება, საკუთარი ინტერესები დაიცვას. ხოლო თუ ამ ინტერესებს არ გაითვალისწინებენ, თოფაძე არა მხოლოდ «თავის 40 პროცენტს» წამოიღებს, არამედ სავაჭრო ნიშანსაც, ანუ საწარმო იძულებული გახდება, ახალი სავაჭრო ნიშანი შექმნას, რაც დიდ თანხასა და დროს მოითხოვს – ათვისებულ ბაზარზე დამკვიდრება ასე ადვილი არ არის.
        რაც შეეხება თავად კასტელსა და მისი გიგანტური კონცერნის ხელმიძღვანელობას - «საქართველოს» ხსენებაზე ისინი, რასაკვივრელია, ბრაზით ცახცახებენ – ალბათ, იმის მეასედიც რომ სცოდნოდათ, რაც ამ ქვეყანაში ელოდათ, ინვესტირება აზრადაც არ მოუვიდოდათ.
        ფრანგული პერსა წერს: პიერ კასტელზე – პაპუასებისათვის კომპიუტერის შესწავლა მოინდომაო.
        საერთოდ, ფრანგები თვითონ აღიარებენ, რომ ერთგვარი ავანტიურიზმი და სიგიჟე სისხლხორცეულად მოსდგამთ – ასეთ ქვეყანაში რომ 40 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებ, გიჟი ხარ აბა რა ხარ?
        სიამოვნებით გაყიდიდნენ თავის წილს, მაგრამ, ნურას უკაცრავად, უკვე გვიან არის – ქართველი არავინ იყიდის (ამდენად), უცხოელი კი ყველა გიჟი და ავანტიურისტი არ არის. ამიტომაც ცდილობენ ახლა სასამარლთოში საქმის მოგებას, ხოლო პარალელურად, ყველანაირად შეეცდებიან, მწარე გამოცდილება კოლეგებს გაუზიარონ.
        აბა, რა ისეთი პრობლემაა კასტელისათვის, რომელიმე თანაშემწეს დაავალოს «ფაინენშლ თაიმსში», «ეკონომისტში» ან «უოლ სტრით ჯორნალში» მთელი ამ ამბის აღწერა?
        შედეგად, არავინ დაიწყებს იმის გარკვევას, თოფაძეა «მართალი» თუ კასტელი - ამით მხოლოდ ის გახმაურდება, რომ საქართველოში ინვესტირება საშიშია. საშიშია (მტყუან-მართლის მიუხედავად) და მორჩა! რატომ აიტკივებენ აუტკივარ თავს?
        მთელი ეს ამბავი ხელისუფლებას შეიძლება იმდენად ძვირი დაუჯდეს (საბიუჯეტო, ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით), რომ მისი ურთიერთობა თოფაძესთან შეუქცევადად ნეგატიურ ხასიათს მიიღებს.
        «ლუდის მეფეს» რატომღაც მიაჩნია, რომ ყურებზე ხახვსაც ვერავინ დააჭრის, მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლება თოფაძის ბიზნესზე ზეგავლენის საკმაოდ ძლიერ ბერკეტებს ფლობს.
        მაგალითად, დღეს ბაზარი «ყაზბეგს» თითქმის 100 პროცენტით აქვს დაპყრობილი, მაგრამ საკმარისია, სახელმწიფომ შეამციროს აქციზი იმპორტირებულ ლუდზე და «გაუხსნას კარიბჭე» რუსულ ლუდს (ან თუნდაც უკრაინულს, ან თურქულს), რომ ეს ბაზარი ხუხულასავით დაინგრევა.
        ამიტომ, თუ გოგი თოფაძე რეალობისა და ზომიერების გრძნობას დაკარგავს და «კარს მეტისმეტად ხმაურიანად» გაიჯახუნებს, - თვითონაც უეჭველად წააგებს.
        რომაელები ამბობდნენ: «არაფერი მეტისმეტი!»

დილის გაზეთი, 24 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე