აკაკი ასათიანს აჯაფსანდალი აღარ მოსწონს

        ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, მრავალი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ «აღორძინების» კოალიციის დაშლას კაკო ასათიანი და ვახტანგ რჩეულიშვილი დაიწყებდნენ; 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს თითქოს გარდაუვალი გახდა, მაგრამ «სოციალისტებმა» და «ტრადიციონალისტებმა» (უფრო ზუსტად, მათმა ლიდერებმა) განსხვავებული ტაქტიკა აირჩიეს: ვახტანგ რჩეულიშვილი უფრო ფრთხილად «თამაშობს»: მართალია, არჩევნების შედეგების მიხედვით, საკუთარი მდგომარეობის სირთულეს შესანიშნავად აცნობიერებს, მაგრამ მაინც ფრთხილობს, ვინაიდან კარგად იცის, რომ აჭარის 200 ათასი ხმა კიდევ დასჭირდება, ამიტომ ღიად არ აცხადებს აღორძინების კოალიციასთან გამიჯვნის თაობაზე და მოვლენათა განვითარებას ელოდება.
        კაკო ასათიანი უფრო რისკიანი აღმოჩნდა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. ვახტანგ რჩეულიშვილისაგან განსხვავებით, ტრადიციონალისტთა ლიდერი ისტორიზმით გატაცებული კაცია და ახსოვს სუვოროვის «ფრთიანი გამოთქმა»: «ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს».
        ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში რუსულად უკეთ ჟღერს. «Кто не рискует, тот не пъёт Шампанское». კაკო ასათიანის პარტიის მრავალი წევრი (მათ შორის, ყოფილი «ქარტიელები» - ზვიად გამსახურდიას რომ რუსეთის მიმართ «პროვოკაციულ-კონფრონტაციული პოლიტიკის» გატარებაში ადანაშაულებდნენ) უეჭველად, დაგვეთანხმება: რუსულად ეს უკეთ ჟღერს.
        აქედან გამომდინარე, კაკო ასათიანიც უფრო თამამად მოქმედებს – კაცმა რომ თქვას, მას დასაკარგი არაფერი აქვს: ოთხი წლით მისი დეპუტატობა «რკინისებრ» (ისევ რუსული კალკი) არის გარანტირებული – ამასობაში კი ძალიან ბევრი რამ მოხდება და ბევრიც «მომწიფდება».
        ამიტომ სრულიად ფუჭია საყვედურები აკაკი ასათიანის მიმართ, თუ რატომ მოსწონდა მას «ბათუმური აჯაფსანდალი» 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და რატომ აღარ მოსწონს ახლა - როცა დეპუტატობა გაინაღდა. 1997 წლიდან ბათუმში კაკო ასათიანს აჯაფსანდალი საერთოდ არ უჭამია – იქ უფრო «სოლიდური» და გემრიელი კერძები იქნებოდა სურფაზე, ანუ ბათუმური ნადიმი ორმხრივი ინტერესისა და ორმხრივი სიყვარულის გამოხატულება იყო და არა ტრადიციონალისტებისადმი (ისევე, როგორც სხვებისადმი) გულმოწყალებისა.
        სწორედ ამიტომ განაცხადა კაკო ასათიანმა (ფაქტობრივად) აღორძინების კოალიციიდან გასვლის შესახებ და ისიც დაიქადნა, რომ «ამიერიდან არავითარ აჯაფსანდალში აღარ მიიღებს მონაწილეობას». არადა, «ბათუმური კოალიცია» ხომ ნამდვილად «იდეურ-პოლიტიკური» აჯაფსანდალი იყო? მაშასადამე, ტრადიციონალისტები დღესვე იწყებენ დამოუკიდებელ თამაშს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. მათ არ აკმაყოფილებთ ოთხი წლის განმავლობაში «აჯაფსანდალის» რომელიმე (თუნდაც გემრიელი) კომპონენტის მდგომარეობა.
        2003 წლისათვის კი საქართველოში მრავალი თვალსაზრისით სულ სხვა რეალობა იქნება და ამის განჭვრეტა ძნელი არ არის.
        ამრიგად, აღორძინების კოალიციას ერთი საყრდენი გამოეცალა. ვახტანგ რჩეულიშვილს ახლა ნამდვილად ჰგონია, რომ თუ ასე გაგრძელდა, იგი («საკუთრივ აღორძინებასთან» ერთად) მარტო დარჩება ბლოკში და «ის» 200 ათასი ხმაც არ ერგება, მაგრამ, ეს ილუზიაა - აღორძინების პარტია (გამომდინარე რეგიონის ინტერესებიდან, რაც მისთვის პრიორიტეტულია) – არაფრის დიდებით არ დაუშვებს, რომ იგი რომელიმე ერთ მიმართულებასთან (მემარჯვენეობასთან ან მემარცხენეობასთან) ასოცირდეს. ამიტომ თუ ბლოკს «მემარჯვენე» საყრდენი გამოეცალა, იგი «მემარცხენეებზე» თვითონ აიტყვის უარს და 2003 (მანამდე 2001) წლის არჩევნებში «დამოუკიდებლად» შეცურავს.
        ამრიგად, «აჯაფსანდალის» ეპოპეა საქართველოში დამთავრებულია. აკაკი ასათიანის განცხადება ყველაზე მეტად იმითაა საინტერესო, რომ ეს არის პირველი დემარში (პირველი ნაბიჯი) ბოლოდროინდელი სრული «გაუგებრობის» შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური სპექტრის ჩამოსაყალიობებლად; ასეთი სპექტრი კი შეუძლებელია არსებობდეს «ჩვეულებრივი მემარჯვენეებისა» და «ჩვეულებრივი მემარცხენეების» გარეშე. ოღონდ, ორივე შემთხვევაში, კლასიკური სახით. ვახტანგ რჩეულიშვილის (ზემოაღწერილი მიზეზით) ასეთი სპექტრის ჩამოყალიობება არ ეპიტნავება, რადგან დამოუკიდებლად ცურვის ეშინია – ამიტომაც ჰყვება ზღაპარს: გავიხედოთ ევროპაში – რაღა დროს «მემარჯვენეები» და «მემარცხენეებიაო». არადა, ჯერ ერთი, ევროპაში იყვნენ, არიან და კვლავაც იქნებიან როგორც მემარცხენეები, ასევე მემარჯვენეები. თუ მათ დაპირისპირებას ისეთი მარაზმატულ-ანეკდოტური ხასიათი არა აქვს, როგორიც საქართველოში, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თითქოს დასავლეთში (უპირველესად, ევროპაში) ნორმალური პოლიტიკური სპექტრი აღარ არსებობს.
        სხვა საკითხია, შეძლებს თუ არა აკაკი ასათიანი, ტრადიციონალისტთა ეგიდით გააერთიანოს «მემარჯვენე ძალები» საქართველოში. ამის სურვილი და ამბიცია (არცთუ მთლად დაუსაბუთებელი) რომ იქნება, - ცხადია. ყოველ შემთხვევაში, აკაკი ასათიანს გაცილებით მეტი შანსი აქვს წარმატებას მიაღწიოს (3,5 წელი არც ისე მცირე დროა), ვიდრე ვახტანგ რჩეულიშვილს – მემარცხენე ფლანგზე: «სოციალისტთა ლიდერი» იმიტომაც ამჟღავნებს ასეთ «სიყვარულს» აჯაფსანდალისადმი, რომ ნამდვილად იცის: მისი ეგიდით საქართველოში «მემარცხენე» ძალების გაერთიანება ზღაპარია – შალვა ნათელაშვილი სულაც არ არის «ჩამოწერილი» პოლიტიკოსი. მით უმეტეს, რომ «ლეიბორისტებმა» გასულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების თითქმის 7 პროცენტი მიიღეს (ოფიციალური მონაცემების თანახმად), «მილიონერ-სოციალისტების» პარტიას კი (თუ დამოუკიდებლად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას), საეჭვოა, 3-4 პროცენტი მაინც მოეგროვებინა.
       

მერიდიანი, 17 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე