2001 წლის ბიუჯეტი კვლავ მეტისმეტად ოპტიმისტურია

        საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში დიდი ზარზეიმია ივლისის საბიუჯეტო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს უკვე მეორე თვეა (ივნისის შემდეგ), როდესაც გეგმა სრულდება, თანაც 1-2 პროცენტის გადაჭარბებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გეგმის შესრულება 10-15 პროცენტის «გადაჭარბებითაც» შეეძლოთ, მაგრამ მიშა მაჭავარიანის სამინისტროში (პირადად მინისტრს ეს, ალბათ, არ ეხება) ბევრი «გამოცდილი» მუშაკია, ვინც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში შეისისხლხორცა ურყევი ჭეშმარიტება (ცხოვრების ყველა სფეროში): «გეგმას თუ მეტისმეტად «გადააჭარბებ», უეჭველად გეტყვიან, შესაძლებელი ყოფილაო და მომდევნო წელს «გადაჭარბებულის გადაჭარბება» მოგიწევს, რაც შეიძლება ვეღარც შეძლო. ამიტომაც გეგმას თუ გადააჭარბებ, მხოლოდ 1-2ვ, მაქსიმუმ 3 პროცენტით უნდა გადააჭარბო».
        როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე ორჯერ განიხილა 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, მისი ძირითადი პარამეტრები (მათ შორის, «მაკროეკონომიკური ბაზისი») ცნობილია: მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა წლის ბოლომდე 4,3 პროცენტით, წლიური ინფლაცია არა უმეტეს 7,5 პროცენტისა, ლარის კურსი (დაახლოებით) 1 დოლარი - 2 ლარი, ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (ყველა სახის შემოსავლებით, გარდა უცხოური გრანტებისა) 1 მილიარდ 15 მილიონი ლარი. ხარჯები 1 მილიარდ 350 მილიონ ლარს არ უნდა აჭარბებდეს. აქ მთავარი ის გახლავთ, რომ საკუთრივ საგადასახადო და საბაჟო შემოსავლები (არასაგადასახადო შემოსავლების გაუთვალისწინებლად) გაისად დაახლოებით 18-19 პროცენტით უნდა გაიზარდოს იმ დონესთან შედარებით, რაც ბიუჯეტის სეკვესტრირების შემდეგ განისაზღვრა ივლის, დეკემბრის პერიოდისთვის. მაშასადამე, 2001 წლის ბიუჯეტი იგეგმება თითქმის იდეალური ვითარების შესაბამისად, რაც 2000 წლის შუა პერიოდისთვის შეიქმნა: უპირველეს ყოვლისა, გრძელდება ეკონომიკური ზრდა რუსეთში, რასაც (მოგვწონს თუ არა) საქართველოს ეკონომიკაზე უშუალო ზეგავლენა აქვს. საქართველოს ექსპორტის 70-80 პროცენტი რუსეთზე მოდის.
        გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკური აღმავლობა (მას საფუძვლად მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფანტასტიკური გაძვირება უდევს) განაპირობებს რუსეთიდან საქართველოში სავალუტო შემოდინების ზრდას.
        არის სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ისეთი, თითქოსდა წვრილმანი, როგორიც არის მეწყერი ჩრდილოეთ ოსეთში, როკის გვირაბის ჩახერგვა და ცხინვალის გავლით კონტრაბანდის შეწყვეტა. მაგრამ ამ ფაქტორებს სულ მალე (უკვე შემოდგომაზე) ნეგატიური ფაქტორები აძლევს: ჯერ ერთი, თანდათან დამძიმდება კატასტროფული გვალვის «ფისკალური შედეგი» - მნიშვნელოვნად შემცირდება «სეზონური» სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. გარდა ამისა, წლის ბოლომდე რუსეთი უეჭველად მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან «სავიზრო რეჟიმის» შემოღების შესახებ - ეს მხოლოდ «დროის საკითხია» და, ფაქტობრივად, ეკონომიკურ ბლოკადას ნიშნავს. რუსეთის ეკონომიკური ბუმიც (მისი ექსტენსიური შინაარსის გამო) სულ მალე შეიცვლება მორიგი დეპრესიით. ამიტომ შემოსავლების 17-18 პროცენტიანი ზრდა 2001 წელს მეტისმეტად ოპტიმისტური ჩანს. ალბათ, მაინც აჯობებდა, 2001 წლის ბიუჯეტი დაგეგმილიყო, «უარესი» და არა «უკეთესი» ვარაუდიდან გამომდინარე, ხოლო «საუკეთესო შემთხვევაში» ფულის დახარჯვა პრობლემა არ იქნებოდა – ოღონდ იყოს და...

დილის გაზეთი, 3 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე