ვაჟა ლორთქიფანიძე ახალ ამპლუაში
       

        25 დეკემბერს, სვეტიცხოველში «მონანიების» შემდეგ, საქართველოს თითქმის ყველა რაიონის გამგებელი გუბერნატორთან ერთად შეიკრიბა სახელმწიფო კანცელარიაში.
        ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, სწორედ მათი თანდასწრებით (და არა მთავრობის სხდომაზე, რაც თითქოს უფრო ბუნებრივი იქნებოდა) მოახდინა ვაჟა ლორთქიფანიძის ახალ ფუნქციათა პრეზენტაცია.
        ედუარდ შევარდნაძის განცხადების თანახმად, მისი გადაწყვეტილება პერსონიფიცირებულია, ვინაიდან «სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, არც მიეღო ამგვარი გადაწყვეტილება».
        თუ ამ განცხადებას გავშიფრავთ და «გადმოვაქართულებთ» ძალაუფლების ტექნოლოგიის ენიდან (რომელსაც ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი სრულყოფილად ფლობს), ეს იმას ნიშნავს, რომ ედუარდ შევარდნაძე ენდო ვაჟა ლორთქიფანიძეს, მაგრამ სხვისთვის (სხვა რომ ყოფილიყო სახელმწიფო მინისტრი), შესაძლოა, ასეთი ნდობა არ გამოეცხადებინა.
        ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ «ახალმა პარლამენტმა» ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილება (უმნიშვნელოვანესი, როგორც პოლიტიკური, აგრეთვე სახელისუფლებო ბალანსის თვალსაზრისით), თითქოს უპრობლემოდ «გაატარა», რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ამ პარლამენტში «სახელისუფლებო პარტია» კიდევ უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი. ხოლო ოპოზიცია - გაცილებით სუსტად.
        მაგალითად, ოპოზიციის რეაქცია შეუდარებელია იმ, თუნდაც წარმოსახვით, მძვინვარე წინააღმდეგობასთან (ყოველ შემთხვევაში, რიტორიკის დონეზე მაინც), რაც მოჰყვებოდა (ვთქვათ) სახალხო პარტიის მხრიდან ამგვარ ცვლილებებს კანონში. მამუკა გიორგაძე ხომ ქვას-ქვაზე არ დატოვებდა. ამიტომ არ შეიტანა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს ცვლილება წინა პარლამენტში (მით უმეტეს, საარჩევნოდ) და უმალვე «გაბედა», როგორც კი დარწმუნდა, რომ ახალ პარლამენტში ოპოზიცია სერიოზულად დასუსტდა.
        მივაქციოთ ყურადღება: «სოციალისტთა» ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა აქტიურად დაუჭირა მხარი ამ ცვლილებას, არა იმდენად ინსტიტუციონალურად, რამდენადაც პერსონიფიცირებულად, ანუ მანაც მხარი დაუჭირა სწორედ ვაჟა ლორთქიფანიძის ფიგურის გაძლიერებას, რასაც ძალზე შორსმიმავალი გათვლა ახლავს თან.
        თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ რჩეულიშვილი ვაჟა ლორთქიფანიძის მიმართ ყოველთვის გამოხატავდა განსაკუთრებულ სიმპათიას - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლორთქიფანიძე რუსეთში საქართველოს ელჩი იყო.
        აგრეთვე უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ვაჟა ლორთქიფანიძის მხარდამჭერი გამოსვლისას რჩეულიშვილმა საკმაოდ უცნაურად «იხუმრა» ასლან აბაშიძის მიმართ - «რაკი გადაწყვეტილება აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას არ ეხება - არჩევანში თავისუფლები ვართო» - გარეგნულად თითქოს უწყინარი ხუმრობაა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც «სოციალისტთა» ლიდერი საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას ცდილობს.
        თუმცა, უკანასკნელი შემთხვევა განსაკუთრებით დამაფიქრებელია, - თუ გავითვალისწინებთ საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობას ასლან აბაშიძესა და ვაჟა ლორთქიფანიძეს შორის - რაც შეუძლებელია არ უწყოდეს ვახტანგ რჩეულიშვილმა.
        არცთუ «ბობოქარი» დისკუსიის შემდეგ, პარლამენტმა ცვლილებები მიიღო. შემდეგ, სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა განმარტა, რომ იძულებული გახდა ასეთი წინადადებით მიემართა პარლამენტისათვის, ვინაიდან თვითონ ვერ ასწრებდა გადაწყვეტილებათა მიღებას.
        მართლაც, «ამერიკულ მოდელს», ბევრ ღირსებასთან ერთად, აქვს ძალიან სერიოზული ნაკლი: ვერავინ, უშუალოდ პრეზიდენტის გარდა, ვერ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
        როგორც ამბობენ, სახელმწიფო კანცელარიაში ლიფტის შესაკეთებლად აუცილებელი 100 ლარის გამოსაყოფადაც (დამატებით) პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
        პრეზიდენტი ვალდებულია პირადად ჩაატაროს მთავრობის სხდომები და მხოლოდ პირადად მიიღოს გადაწყვეტილება.
        ასეთი სისტემა პრეზიდენტს მრავალ პოლიტიკურ სირთულესაც უქმნიდა.
        «ამერიკული სისტემის» ფარგლებში პრეზიდენტი პირადად კისრულობს ყოველგვარ პასუხისმგებლობას ნებისმიერი, მათ შორის, არაპოპულარული გადაწყვეტილებისათვის მაშინ, როდესაც «ფრანგული მოდელის» რესპუბლიკებში პრემიერ-მინისტრი ხშირად ერთგვარი «მეხამრიდის» როლს ასრულებს, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას და სახელმწიფოებრივ მდგრადობას.
        მაგრამ, საქართველოში «მინისტრთა კაბინეტი» ნიშნავს ხუთ ვიცე-პრემიერს, ახალ გრანდიოზულ აპარატს, პარალელურ სტრუქტურებს, ბიუროკრატიულ მიეთ-მოეთს და, რაც მთავარია, კორუფციის ასჯერ მეტ დონეს.
        ზოგიერთი «ეროვნული» პარტია, რომელიც იმთავითვე (ჯერ კიდევ 1995 წელს) ალმაცერად შეხვდა კონსტიტუციას, ბოლო დრომდე მოითხოვდა «მინისტრთა კაბინეტის» ჩამოყალიბებას «საპრეზიდენტო რესპუბლიკის» შენარჩუნებით.
        საბედნიეროდ, ედუარდ შევარდნაძემ ამ ზეწოლას გაუძლო და მიუხედავად მრავალი სირთულისა, პრინციპში შეინარჩუნა «ამერიკული მოდელი», რომელიც «ქართული რეალობების» გათვალისწინებით, ნამდვილად იდეალური თუ არა, ყოველ შემთხვევაში ოპტიმალურია.
        ამჟამად, პრეზიდენტი ცდილობს აიღოს ორივე («ფრანგული» და «ამერიკული») მოდელიდან საუკეთესო თვისებები, შეუთავსოს ისინი (ისევ და ისევ ლორთქიფანიძის პიროვნების გათვალისწინებით) და შექმნას ახალი, «ქართული მოდელი», რომელიც, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, უცვლელი იქნება მინიმუმ 2005 წლამდე.
        კონკრეტულ შემთხვევაში «ქართული მოდელი» გულისხმობს «პრემიერის ჩასმას» სახელისუფლებო სისტემაში, ოღონდ მინისტრთა კაბინეტისა და ე.წ. «კოლექტიური მმართველობითი ორგანოს» გარეშე.
        აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 1995 წელს მიღებული «ამერიკული მოდელი» იმთავითვე შეიცავდა «ქართული მოდელის» ჩანასახს, ვინაიდან სახელმწიფო მინისტრს დაეკისრა კოორდინატორის ფუნქცია.

მერიდიანი, 27 დეკემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე