უდუგოვის საკენკი შევარდნაძემ არ აკენკა

        გასულ შაბათს, საქართველოსა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად, იჩქერიის «მთავარი იდეოლოგი» მოვლადი უდუგოვი ორი დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას ოფიციალური თბილის კატეგორიულად უარყოფს – ასეც უნდა იქცეოდეს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
        მიუხედავად ამისა, სარწმუნო წყარომ ჩეჩნეთის წარმომადგენლობასთან დაახლოებული წრეებიდან გვაცნობა, რომ მოვლადი უდუგოვის თბილისში «შემოპარვის» ცნობა მთლად უსაფუძვლო არ არის. ოღონდ ოფიციალური თბილისი აქ მართლაც არაფერ შუაშია - მოვლადი უდუგოვმა მოასწრო «დიდთოვლობამდე», ანუ გასულ ორშაბათამდე ფეხით შემოსულიყო საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილებთან ერთად.
        ერთადერთი გზა, რომლითაც იგი შეიძლება შემოსულიყო ქვეყანაში – საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარია, რომელსაც რუსი მესაზღვრეები ვერ აკონტროლებენ.
        მაშასადამე, უდუგოვი ფეხით გადმოვიდა უღელტეხილზე (სხვა ვარიანტი გამორიცხულია) და თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან აპირებდა შეხვედრას. იგი კატეგორიულად მოითხოვდა, მაგალითად, შეხვედროდა პრეზიდენტ შევარდნაძეს, რათა მისთვის რაღაც «ძალზე მნიშვნელოვანი» წინადადება გადაეცა პრეზიდენტ ასლან მასხადოვისაგან, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ უდუგოვთან შეხვედრა არ ისურვა და სწორადაც მოიქცა.
        ასევე არ შეხვდა მას ვაჟა ლორთქიფანიძე; ერთადერთი, ვისაც უდუგოვი ესაუბრა, იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც დაუპატიჟებელ სტუმარს მოსთხოვა «დაუყოვნებლივ წასულიყო» საქართველოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შეიძლებოდა დაეპატიმრებინათ კიდეც, თუმცა, ამის გაკეთება საქართველოს სამართალდამცველებს არ სურდათ, ვინაიდან ამით საქართველო ძალზე სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდა რუსეთის მხარის კონფლიქტში ჩარევისაკენ – რაც ნამდვილად არ არის სასურველი.
        ამიტომ «კომპეტენტურმა პირებმა» უდუგოვს «ურჩიეს» დროულად გაქცეულიყო საქართველოდან იქ, სადაც თავდაპირველად აპირებდა წასვლას, ანუ თურქეთში.
        თურქეთიდან კი უდუგოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავდა გაფრენას, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო კონგრესის სპეციალურ მოსმენაზე ჩეჩნეთის მოვლენებთან დაკავშირებით.
        მოვლადი უდუგოვი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ეშმაკი ჩეჩენი ლიდერია. ჯერ კიდევ პირველი «ჩეჩნური ომის» დროს მან პირწმინდად მოუგო საინფორმაციო კამპანია რუსულ მასმედიას, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ იგი კიდევ უფრო გავლენიანი ფიგურაა ჩეჩნეთის ხელმძღვანელობაში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
        უდუგოვი (შინაგან საქმეთა მინისტრ ყაზბეგ მახაშევთან და თვით პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან ერთად) აწარმოებდა ძალზე ჭკვიანურ თამაშს მოსკოვთან – ოღონდ, გამომდინარე იჩქერიის ინტერესებიდან.
        მკითხველს ალბათ ახსოვს ასლან მასხადოვის ცნობილი განცხადება «დამოუკიდებელი იჩქერია მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან კავკასიაში, დასავლეთის წინააღმდეგ – ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე».
        ამ ინტერესთა თანხვედრა კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში უნდა გამჟღავნებულიყო. Aამიტომ, სანამ მოვლადი უდუგოვის, შამილ ბასაევის, სალმან რადუევისა და ხატაბის ხელმძღვანელობით, სპეციალურ ბანაკებში (სხვებთან ერთად), «ზვიადისტი დივერსანტებიც» ემზადებოდნენ, რუსეთს აზრადაც არ მოსვლია ამ დივერსიული ბანაკების დაბომბვა – სწორედ ამაში მჟღავნდებოდა უდუგოვისეული «ინტერესთა თანხვედრა».
        გარდა ამისა, უდუგოვს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ბორის ბერეზოვსკისთან. გამქვეყნდა კიდეც იდუმალებით მოცული სატელეფონო დიალოგი, რომელშიც ფიგურირებდა ბადრი პატარკაციშვილი – ყველაზე გავლენიანი «მოსკოველი ქართველი.»
        ერთი სიტყვით, მოვლადი უდუგოვის უნიჭიერესი «საჭადრაკო პარტია» მოსკოვთან 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა; იგი უდიდესი ოსტატობით თამაშობდა მოსკოვურ ისტებლიშმენტთან, იყენებდა მის შიდა წინააღმდეგობებს, ახდენდა ახალ-ახალი დაპირისპირების პროვოცირებას, ატყვევებდა და ათავისუფლებდა (რასაკვირველია დიდძალი გამოსასყიდის ფასად) რუსეთის მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და გენერლებს.
        თანაც, უდუგოვს იმის დიდოსტატობაც ჰყოფნიდა, რომ ტყვეთა გათავისუფლება იჩქერიის არმიისთვის დამატებითი იარაღის შეძენის წყაროდ ექცია და იმავდროულად, მოსკოვური ოლიგარქიული დაჯგუფებები ერთმანეთისათვის წაეკიდებინა (მაგალითად _ ბერეზოვსკი-გუსინსკი).
        ამრიგად, მოვლადი უდუგოვი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ჩეჩენი ლიდერია; ჭკუის მიუხედავად, იგი ფანატიკოსია და რუსეთს არასდროს შეურიგდება - «ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე მოქმედება» სხვა საკითხია.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, უდუგოვის შეხვედრა პრეზიდენტ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან თუ ნებისმიერ ოფიციალურ პირთან უდიდესი, გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა.
        უდუგოვს სჭირდებოდა თვით შეხვედრის ფაქტი, რათა მოეხდინა რუსეთ-საქართველოს აშკარა დაპირისპირების პროვოცირება, მაგრამ არ გამოუვიდა – არც უნდა გამოუვიდეს – საქართველოს, შექმნილ ვითარებაში, ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა, რათა არ გავიმეოროთ წარსული შეცდომები.
        უმთავრესი ჩვენთვის მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. მოვლადი უდუგოვის ქვეყნიდან «გაძევება» (რაც უკვე მოხდა) სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთს საშუალება მივცეთ, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია ჩეჩნეთის წინააღმდეგ საომრად (რისი მცდელობაც ნამდვილად არის).
        იჩქერია და რუსეთი საკმაო «შეხმატკბილებით» მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომის დროს - «ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე». დღეს საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს.

7 დღე, 8 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე