თბილისის საკრებულოში ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს

    როგორც მოსალოდნელი იყო, «დიდი ნოემბრის სოციალისტური რევოლუცია», რისი აუცილებლობის თაობაზე დიდი ხანია ქადაგებენ გაერთიანებული «მემარცხენეები», სრული კრახით დასრულდა, - დასრულდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოს მაშტაბით. დედაქალაქში ეს კრახი განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ის ხალხი, ვინც მდუღარე ცრემლებს ღვრიდა «მოსახლეობის გაჭირვებისა და სიღატაკის» გამო, ახლა ერთმანეთს დაერია – თანამდებობების, შესაბამისად პრვილეგიებისა და ელემენტარულად ფულისათვის.
    არც ესაა გასაკვირი - კაცობრიობის ისტორია, ჯერ კიდევ 1917 წლიდან დაწყებული, გვასწავლის, რომ «სოციალური უსამართლობით გულდათუთქული» რაინდები ბოლოს და ბოლოს უეჭველად გაიძვერები აღმოჩნდებიან, რომელთაც პირადი ამბიციებისა და საკუთარი მუცლის ამოყორვის გარდა არაფერი აინტერესებთ. შესაძლოა ლიდერები მართლა ფანატიკოსები იყონ (ლენინსა და სტალინის იდეა ამოძრავებდეთ), მაგრამ პარტია მხოლოდ თავმჯდომარე ან გენერალური მდივანი არ არის, - «მემარცხენეთა» სიით თბილისის საკრებულოში გამძვრალ დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა უკვე იმითაა დაკავებული, როგორ გამოიყენოს თავისი მდგომარეობა გასაძღომად, როგორ და ვის მიჰყიდოს საკუთარი იმუნიტეტი.
    ო, ეს დეპუტატის უმთავრესი სიმდიდრეა! ამიტომ იკლავდნენ თავს პარლამენტში «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» კანონის განხილვისას, ამიტომ მოითხოვდნენ იმუნიტეტს სოფლის საკრებულოს წევრისთვისაც (აქაოდა, პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლი არ გახდესო). «იმუნიტეტი» თუ გაქვს, იმთავითვე ფლობ მობილურ კაპიტალს, რომელიც სარფიანად შეიძლება დააბანდო. «ბიზნესმენები» ბუზებივით დაგეხვევიან და შესაბამისი წილის საფასურად უეჭველად შემოგთავაზებენ სხვადასხვა საქმის «გაიმასქნებას» საკუთარი სახელით, საკუთარი ხელმოწერით და ა.შ. სულ ერთია თითს მაინც ვერავინ დაგაკარეს, - პოლიციის დაინტერესებას «ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებად» გამოაცხადებ, ხოლო პარტია უეჭველად დაგიცავს და დაგიფარავს.
    ასე გაიყიდა «მწვანე (ას)თუმნიანებზე» მემარცხენე იდეა. მემარჯვენეობაც იმიტომ სჯობს «მემარცხენეობას» იმიტომაა უფრო მორალური, რომ ფარისევლური არ არის.
    რაც შეეხება კონკრეტულად განხეთქილებას ლეიბორისტებსა და სოციალისტებს შორის: გასაკვირი ის არის, რომ ამ განხეთქილებამ ასე დააგვიანა. ჯერ ერთი, გამოვლინდა მარაზმი და იდიოტიზმი იმისა, რაც საკრებულოს ხელმძღვანელ ორგანოთა არჩევისას მოხდა. დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა ქვეყანაში, როდესაც არჩევნები ტარდება პარტიული პრინციპით (მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს არ ვგულისხმობ), ნებისმიერი ორგანოს დაკომპლექტებისას ითვალისწინებენ პარტიათა წარმომადგენლობის გრადაციას. მიუხედავად იმისა, რომ «მოქალაქეთა კავშირმა» მიიღო ხმების უმრავლესობა და ყველაზე მეტი დეპუტატის მანდატიც მოიპოვა, ოპოზიცია გაერთიანდა და იგი დაამარცხა, მაგრამ ეს აბსურდია! ამას არც ერთ ქვეყანაში არ აკეთებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იქმნება «სახალხო ფრონტები». ოპოზიციამ თბილისის საკრებულოში სწორედ ასეთი «ფრონტის» შექმნა მოინდომა და იმიტომაც ზის ახლა ნეხვში.
    მათი ქმედება ანუ «სახალხო ფრონტის» შექმნა, როდესაც საამისოდ არანაირი მყარი საფუძველი არ არსებობდა - ეწინააღმდეგება პოლიტიკის ელემენტარულ კანონებსა და ნორმებს. საქმე «მოქალაქეთა კავშირში» კი არ არის, არამედ პოლიტიკურ ტექნოლოგიაში. ე.წ. კოალიციამ ეს კანონები დაარღვია, ვინაიდან სიძულვილით გაერთიანდა და არა რაიმე კონსტრუქციული იდეით. იგი გაერთიანდა «ვიღაცის წინააღმდეგ» და არა «რაღაცის მომხრედ»! ამით ბრწყინვალედ ისარგებლა იმავე «მოქალაქეთა კავშირმა» და სულ ადვილად მოახდინა კოალიციაში დაპირისპირების პროვოცირება, სულ ადვილად შეახეთქეს ერთმანეთს ამ ხელოვნურად შეკოწიწებული კოალიციის ორი უდიდესი ფრაქცია - სოციალისტებისა და ლეიბორისტების.
    ვახტანგ რჩეულიშვილს ცოტა შორს რომ გაეხედა, არ აჰყვებოდა ემოციებს და რაკი თავად ვერ გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერდა მხარს ამ პოსტზე მოწინააღმდეგე ლეიბორისტების კანდიდატის არჩევას. მაგრამ მას არ ეყო პოლიტიკური ალღო მიმხვდარიყო, რომ მისი ძირითადი მოწინააღმდეგეები სწორედ ლეიბორისტები არიან. სწორედ ლეიბორისტებმა წაართვეს ხმები «სოციალისტებს» და არა «მოქალაქეთა კავშირმა». რჩეულიშვილმა კი უმძიმესი შეცდომა დაუშვა, რითაც საკუთარი კონკურენტი (ლეიბორისტული პარტია) გააძლიერა;
    როგორც ჩანს, ახლა კი მიხვდა შეცდომას, მაგრამ ძალიან გვიან არის. მთელი ამ მარაზმისა და თავსლაფდასხმის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ დაიცავდნენ პოლიტიკის ზემოთნახსენებ ელემენტარულ კანონებს და თანამდებობები განაწილდებოდა არა ხელოვნურად შეთითხნილი კოალიციის შიგნით, არამედ დეპუტატთა მანდატების შესაბამისად.
    ახლა ყოველივე ეს უკვე ზღაპარია. ერთმანეთის ლანძღვა-გინებით «მემარცხენეები» მხოლოდ იმას მიიღებენ, რაც დაიმსახურეს, - ანუ ბუს კვერცხებსა და თავსლაფდასხმას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ დროა, «მოასწრონ» და საერთოდ გაათავისუფლონ თბილისში სათამაშო ბიზნესი გადასახადებისაგან.

მერიდიანი, 15 მარტი 1999 წელი

მთელ გვერდზე