საეტაპო ვიზიტი საეტაპო სამიტის დროს
       

        საქართველოს დელეგაცია ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით მეხუთე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
        თუ შევაჯერებთ ამერიკიდან მიღებულ ინფორმაციას, შევარდნაძის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ნატოს სამიტზე დასწრების თვალსაზრისით; თუმცა, თავისთავად ის, რომ საქართველო ამას მოესწრო, უეჭველად მიუთითებს: 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ბევრი რამ თვისებრივად შეიცვალა და შეუქცევადი გახდა. მეორე მხრივ, ამერიკაში ვიზიტი პოლიტიკურ განზრახულობათა სერიოზული განაცხადიც ხდება
        მკითხველს უეჭველად ახსოვს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში რამდენჯერმე გადაიდო. თითქოსდა «გაურკვეველი მიზეზით». სინამდვილეში თავიდანვე გარკვეული იყო, - შევარდნაძეს არ სურდა ამერიკაში «ხელცარიელი» გამგზავრება, საქართველოში ვითარება კი ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლეოდა.
        ბალკანეთზე განვითარებულმა მოვლენებმა მდგომარეობა ობიექტურად საქართველოს სასარგებლოდ დააჩქარა. სწორედ ამიტომ, შევარდნაძემ საჭიროდ არ ჩათვალა ვიზიტის გადადება.
        სარწმუნო წყაროს ცნობით, წელს შემოდგომაზე იგი უეჭველად გამოვა სიტყვით გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალური ასსამბლეის პლენარულ სხდომაზე - პირველად 1992 წლის შემდეგ, შემთხვევითი არ იყო, რომ ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი დაიწყო ჰიუსტონში, სადაც უდიდეს ტრანსნაციონალურ ნავთობკომპანიათა შტაბ-ბინებია განლაგებული.
        საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სცადა ხაზი გაესვა იმ გარემოებისათვის, რომ ამერიკისა და დასავლეთისადმი მისი დამოკიდებულება, უპირველესად, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, სუფსის ტერმინალის ამოქმედებამ იმ პირობებში, როცა ჩეჩნებმა ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი გადაკეტეს, ნავთობმაგნატებთან შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა.
        სხვათა შორის, ამერიკელ ბიზნესმენებს, რომლებიც ნავთობზე «მუშაობენ» (ეს კი ამერიკული ელიტის ყველაზე გავლენიანი ნაწილია) სრული და საოცრად ზუსტი ინფორმაცია აქვთ კასპიის აუზში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
        მათ ყველაფერი იციან არა მხოლოდ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის თაობაზე, არამედ სკრუპულოზურად ერკვევიან ყველა პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით.
        ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პარტნიორად რჩება «ფრონტერა რისორს», მას «შევრონის» პრეზიდენტმა, რიჩარდ მაცკემ, ედუარდ შევარდნაძესთან ამასწინანდელი შეხვედრისას «პატარა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო» კომპანია უწოდა.
        იგი გულისხმობდა ჩამოყალიბებულ სტრუქტურებსა და რეალურ გავლენას ტეხასსა და მთლიანად ამერიკულ ისტებლიშმენტში.
        დღეს «ფრონტერა» აგრძელებს ინვესტირებას საქართველოში ნავთობსაძიებელ სამუშაოთა ინტენსიფიკაციისათვის. კომპანიის ლიდერი სტივენ ნიკანდროსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს აქვს საკუთარი ნავთობის მარაგი; თანაც იმდენივე, რამდენიც აზერბაიჯანის «საუკუნის პროექტით» არის გათვალისწინებული.
        არ არის გამორიცხული, უშუალოდ ფინანსური მოგების გარდა, კომპანიას სხვა მიზნებიც ამოძრავებდეს. კომპანია დაინტერესებულია მყარი ადგილი დაიმკვიდროს საქართველოში, რათა შემდგომ, როდესაც საუკუნის პროექტთა რეალური განხორციელება დაიწყება, აქტიურად «ითამაშოს» კავკასიაში და გაზარდოს საკუთარი გავლენა ნავთობკომპანიათა ელიტარულ კლუბში, სადაც ისეთი გიგანტები შედიან, როგორებიცაა «შევრონი» და «შობილი».
        საბრუნავ კაპიტალს აქ მნიშვნელობა არა აქვს - სავსებით საკმარისია ის 40-50 მილიონი დოლარი, რომელიც კომპანიას რეალურად გააჩნია ანგარიშზე,F მაგრამ გავლენა მხოლოდ თანხის ოდენობით არ გან.ისაზღვრება; სწორედ ამიტომ ცდილობს ნიკანდროსი საქართველოსთან (ნავთობპროდუქტების საკვანძო ქვეყანასთან) ურთიერთობათა გააქტიურებას, ამიტომ მიიწვია ტეხასში ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, შემდეგ კი თვით პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომლისადმი ინტერესი დასავლეთში, კონკრეტულად კი ამერიკაში, კვლავ დიდია.
        გარდა ამისა, ჰიუსტონში - ამერიკის მესამე ფინანსურ ცენტრში (ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს შემდეგ) სხვა საინტერესო პროექტებიც განიხილება: კერძოდ, ჰიუსტონის პორტი, რომელიც უდიდესია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მზად არის განახორციელოს ინვესტირება ფოთის პორტის განვითარებისთვის. საამისო შესაძლებლობები (ვგულისხმობ ფინანსურ შესაძლებლობებს) ჰიუსტონის პორტის მესვეურებს, რა თქმა უნდა, აქვთ. საკმარისია ითქვას, რომ ჰიუსტონის პორტის ბიუჯეტი 7 მილიარდი დოლარია! ხოლო ტვირთბრუნვა 160 მილიონ ტონას(!) აღწევს წელიწადში; მაშინ, როდესაც ფოთის პორტის ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას არ აღემატება.
        თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, კვლავ უბრუნდება ფოთის პორტის პრივატიზების ამერიკულ მოდელს, რომელიც გერმანული მოდელისაგან განსხვავებით პორტის აქციონირებას ითვალისწინებს.
        ასეთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ შევარდნაძის განცხადებიდან: «ჰიუსტონის გამოცდილება ჩვენთვისაც საინტერესოა ფოთის პორტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას». ჰიუსტონის პორტი კერძო კომპანიაა. აქციათა მხოლოდ 15 პროცენტი ეკუთვნის სახელმწიფოს, დანარჩენი კერძო ხელშია, მაგრამ საქართველოს პირობებში იგივე მოდელის განხორციელება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე - ფოთის პორტი რამდენიმე კლანმა არ მოიგდოს ხელში.
        ჰიუსტონში ანალოგიური საშიროება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ყველაზე მეტად საყურადღებო ის არის, რომ ჰიუსტონის პორტთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება ამერიკის ფედერალურ ცენტრს დაჟინებით სთხოვს დაუტოვოს მას საბაჟო შემოსავლების თუნდაც რამდენიმე პროცენტი, მაგრამ უშედეგოდ.
        ზუსტად ასევე, კატეგორიულად მოითხოვს იგივეს ფოთის ე.წ. საკრებულო. ამერიკის ხელისუფლებას ეშინია ამგვარი პრეცედენტის დაშვებისა, ამიტომ კატეგორიულ უარს აცხადებს ადგილობრივ ბიუჯეტში საბაჟო შემოსავლების თუნდაც ერთი პროცენტის დატოვებაზე. საბაჟო ყველა ქვეყანაში ცენტრის უდავო, უეჭველი პრეროგატივაა - დაწყებული მართვიდან, დამთავრებული შემოსავლებით.
        თუკი ამერიკა უფრთხის ამგვარ პრეცედენტს, რა გასაკვირია შინაგანად არამყარ და სუსტ ქართულ სახელმწიფოს ეშინოდეს.
        ჰიუსტონის პორტში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას პრეზიდენტი შეხვდა მსოფლიოში უდიდეს კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელობას. ედუარდ შევარდნაძისადმი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, თანხმობა განაცხადეს, ხელი შეუწყონ თბილისში გრანდიოზული კარდიოლოგიური ცენტრის მშენებლობას, რომელიც მთელ კავკასიას მოემსახურება. ეს პროექტი 100 მილიონი დოლარი მაინც დაჯდება, თუმცა ხარჯებს ამერიკული მხარე გაიღებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული კლინიკის წლიური ბიუჯეტი, 20-ჯერ აღემატება საქართველოს ბიუჯეტს.
        ჰიუსტონში ყოფნისას ედუარდ შევარდნაძეს გადასცეს პრემია «მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის». პრემიის ოდენობა 10 ათასი დოლარია, ხოლო გადაწყვეტილება მისი საქართველოს პრეზიდენტისათვის მიკუთვნების შესახებ მიიღო ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა. ბეიკერის გარდა, შევარდნაძე შეხვდა ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, რომელიც პირადად ეწვია საქართველოს პრეზიდენტს სასტუმროს აპარტამენტში, დაგეგმილი იყო შევარდნაძის შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტ ქლინთონთანაც. იგი ამ დროს ჰიუსტონის მეზობელ ქალაქში იმყოფებოდა, მაგრამ ეს შეხვედრა ჩაიშალა კოლორადოში დატრიალებული შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, როდესაც მანიაკმა უფროსკლასელებმა ათეულობით თანატოლი დახოცეს.
        ვაშინგტონში ედუარდ შევარდნაძის შეხვედრებიდან ყველაზე საგულისხმო იყო საუბარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელ დირექტორთან, მიშელ კამდესიუსთან და მსოფლიოს ბანკის ხელმძღვანელობასთან. წინასწარი ინფორმაციით, ორივე ორგანიზაცია, მიუხედავად დონორი ქვეყნების უზარმაზარი დანახარჯებისა ბალკანეთის ომთან დაკავშირებით, მზად არის ფინანსური დახმარება გაუწიოს საქართველოს.
        რაც შეეხება ნატოს სამიტს და მასში საქართველოს მონაწილეობას, ეს ცალკე საუბრის თემაა.

მერიდიანი, 26 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე