სახელისუფლო აგონიის სიმპტომატიკა
   

    მოახლოებული არჩევნები საქართველოს დიდ ალიაქოთსა და გაწამაწიას ჰპირდება.
    შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს მას წინამორბედთაგან, როცა საარჩევნო მარათონში გამარჯვებულთა და დამარცხებულთა ვინაობა წინასწარვე იყო ცნობილი.
    დღევანდელ «გაურკვევლობას» კი, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს. ობიექტურ მიზეზთაგან, პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ უმძიმესი საბიუჯეტო-ფინანსური კრიზისი, მთლიანად ქართული ეკონომიკის სულის მღაფავი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება, რომელიც სოციალურიდან პოლიტიკურ პროტესტში გადაზრდის ნიშნებს ამჟღავნებს.
    მოვლენათა ამგვარად განვითარების შემთხვევაში კი, შედეგი დამღუპველი აღმოჩნდება არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ მთლიანად ქვეყნისათვის - თვით დღევანდელ მდგომარეობამდე დაბრუნებას, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.
    ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ქვეყნის გადარჩენის წყაროდ სწორედ ამ ხელისუფლებას მივიჩნევთ. ის, რომ მან საკუთარი თავიც და ქვეყანაც ამ დღემდე მიიყვანა, თავისთავად მრავლისმეტყველია და სწორედ მისი მმართველობის მანკიერებაზე მიუთითებს. მაგრამ მხედველობაში გვაქვს ის საფრთხე, რომელიც სოციალურ ტალღაზე აგორებულ პროტესტს ახლავს და რომელიც შიდა თუ გარე ანტისახელმწიფოებრივი ძალებისათვის უმართავი პროცესების პროვოცირების და ანარქიის დამკვიდრების შესაძლებლობას იძლევა.
    რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა განლაგებას, იგი თითქმის უცვლელია. პოლიტიკური სპექტრი კვლავ ორი მაგისტრალური ხაზის, ანუ თბილისისა და ბათუმის ირგვლივ ჯგუფდება.
    თუმცა, აქაც შეიმჩნევა გარკვეული ცვლილებები, - ორ ცენტრს შორის ურთიერთობა მთელი ამ ხნის განმავლობაში (მიუხედავად კოსმეტიკური შელამაზებისა) უაღრესად წინააღმდეგობრივი გახლდათ, მაგრამ, თუკი თბილისის პოზიციები რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, საპირისპირო მხარისაზე მნიშვნელოვნად მტკიცე ჩანდა, დღეს ეს სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა და საქმე თითქმის თანაბარზომადი პოლიტიკური სუბიექტების პაექრობასთან გვაქვს.
    აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამგვარი დაძაბული ურთიერთდამოკიდებულებისა, ორივე ცენტრი შეთანხმებით მოქმედებდა სხვა პრეტენდენტთა წინააღმდეგ და ყოველნაირად ხელს უშლიდა დამოუკიდებელი და, რაც მთავარია, რეალური ალტერნატიული ძალის აღმოცენებას.
    ასე იყო წინა ორ არჩევნების დროს და ეს მდგომარეობა ორივე მხარისათვის დღესაც სასურველია. ყოველ შემთხვევაში, «გენერალურ ბრძოლამდე».
    ამ რეალობის შეცვლა თბილისისა და ბათუმის გეგმებში სულაც არ შედის, მაგრამ სტატუს კვოს შენარჩუნება სულ უფრო ჭირს. მიუხედავად ამისა, დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტზე მაინც შეიმჩნევა სიახლეები. ამას თბილისისა და ბათუმის განსხვავებული მიდგომა განაპირობებს. ამ მხრივ, ახლადაღმომჩენის ფუნქცია ქვეყნის პრეზიდენტმა იტვირთა.
    აჭარის ლიდერისაგან განსხვავებით, რომელიც აქტიურად ცდილობს მომხრე პოლიტიკური ორგანიზაციების კონსოლიდაციას (უკვე საკმაო ხშირად გაისმის ხმები აღორძინების, ლეიბორისტებისა და სოციალისტების ერთ საარჩევნო ბლოკად ფორმირების შესახებ) მან «ძალთა გაბნევის» ტაქტიკას მიმართა.
    პრეზიდენტის ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, იძულებითი ხასიათისაა და როგორც იტყვიან, კარგი ცხოვრებიდან არ გამომდინარეობს. ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური «ყნოსვა» საყოველთაოდ ცნობილია. იგი ხვდება, რომ მოქალაქეთა კავშირი, როგორც საყრდენი, დღეს უკვე აღარ კმარა ფონს გასასვლელად.
    მოსახლეობის ფართო წრეების ნეგატიური (აგრესიულობამდე მისული) განწყობილება მმართველი ძალის მიმართ სავსებით ბუნებრივია, რაკი ელექტორატი სწორედ მას მიიჩნევს პასუხისმგებლად შექმნილ მდგომარეობაზე - სახელმწიფოს მართვის აბსოლუტიზმამდე მისულ ხასიათს იგი ნაკლებად ითვალისწინებს.
    ამდენად, პრეზიდენტმა სხვა ხერხს მიმართა: სოკოებივით იმრავლა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლის სათავეში მისი ერთგული კოჰორტის წარმომადგენლები ფიგურირებენ.
    მოტივი ნათელია: ჯერ ერთი, «მოქკავშირის» ახალგაზრდა ლიდერების წამყვანი პოზიცია «ძველ გვარდიას» დიდად არ ეპიტნავება, რაკი საკუთარ თავს გაცილებით კომპეტენტურად, ქმედითუნარიანად მიიჩნევს და ამის დასტურად ნომენკლატურულ გამოცდილებას იშველიებს;
    მეორეც, - ისინი გრძნობენ, რომ პრეზიდენტის ერთგულება დღეს აღარაა ის «მაშველი რგოლი», რომელიც მათ ზედაპირზე ტივტივს სამომავლოდაც უზრუნველყოფს და მოუსავლეთში დანთქმას თავიდან ააცილებთ.
    რეფორმათა დუნე მიმდინარეობა და წარუმატებლობა სწორედ მოქალაქეთა კავშირის «ახალგაზრდა» და «უფროს» თაობებს შორის არსებული მსოფლმხედველობრივი განსხვავებების შედეგია. «უფროსთა» აზრით, კორუფცია და ავტორიტარიზმი, ანუ მოქალაქეთა ხელშეუვალი უფლებების დელეგირება პირადულ-კლანური (და არა მთლიანად საზოგადოების) კეთილდღეობის სანაცვლოდ, სულაც არ უშლის ხელს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას.
    ამ მომენტს შევარდნაძე მოხერხებულად იყენებს.
    იგი ცდილობს «პარტიული მრავალფეროვნებით» მიაღწიოს მიზანს, ანუ მისი ორბიტის თითოეულმა სეგმენტმა მაქსიმალურად აითვისოს ის სოციალური წრე, რომელსაც იგი წარმოადგენს; მოახდინოს ნათესაური, პროფესიული თუ ამქრული ინტერესების ხარჯზე ხმათა აკუმულირება და ამ გზით შეინარჩუნოს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში.
    როგორც ჩანს, მისი ეს მიზანმიმართულება ოფიციალურმა ბათუმმაც ამოიცნო და გამორიცხული არაა, ტრადიციონალისტთა გარკვეული დისტანცირება «ზღვისპირეთის ალიანსისგან» ანალოგიური მოსაზრებით იყოს ნაკარნახევი და მას მთავარი დარტყმის სარეზერვო ფუნქცია დაეკისროს.
    უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისისა და ბათუმის სტრატეგიულ გეგმაში ამგვარი ტაქტიკური მიგნებები არჩევნებამდე მრავლად იქნება - საქმე ისაა, რომლისთვის დასრულდება იგი საბედისწეროდ.

მერიდიანი, 22 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე