ჟირინოვსკი საქართველოს «ექვს ნაწილად დაშლით» ემუქრება
       

        ბოლო დროს შესამჩნევად დაიძაბა ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის. ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამის მიზეზია რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შეურიგებლობა და მთლიანად, რუსული ისტებლიშმენტის ანტიქართული განწყობა.
        სრული კრახით დასრულდა შევარდნაძის მცდელობა - რუსეთის მეშვეობით, რუსეთისადმი დათმობებით (ბაზები და ა.შ.) გადაეწყვიტა აფხაზეთის პრობლემა. ეს მცდელობა რომ ფუჭია, გაამჟღავნა ჯერ კიდევ კონსტანტინე ზატულინმა, რომლის თქმით, თუ საქართველო ჭკვიანად მოიქცევა და რუსეთის სატელიტად იქცევა კავკასიაში, იგი შეძლებს არსებობასა და განვითარებას «ამჟამად არსებულ საზღვრებში».
        მიაქციეთ ყურადღება, - «ამჟამად არსებულ საზღვრებში», ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზეც ლაპარაკი ზედმეტია - იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო რუსეთის მორჩილ მოკავშირედ იქცევა კავკასიაში.
        ზატულინს წამოსცდა ის, რასაც ვერაფრით შეაგნებინებ ჩვენებურ «რუსეთუმეებს», - კაჭკაჭივით რომ დაუჟინიათ: მივენდოთ რუსეთს და იგი აფხაზეთს დაგვიბრუნებსო.
        ბუნებრივია, საქართველოს ერთადერთი ალტერნატივა დარჩა: შეტრიალდეს საბოლოოდ დასავლეთისაკენ, რაც უეჭველად ნიშნავს ნატოსთან დაახლოებასაც. ტყუილად ცდილობს ზოგიერთი გამიჯნოს ერთმანეთისაგან ევროკავშირი (მთლიანად დასავლეთი) და ნატო. სინამდვილეში «ჩინური კედელი» მათ შორის, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს შესანიშნავად უწყიან მოსკოვში, ამიტომ აცოფებთ «პროდასავლური» კურსის ყოველგვარი გამოვლინება. ჟირინოვსკის პროვოკაციული განცხადება კი უმთავრესად ნატოს ქვეყნებთან ურთიერთობათა ინტენსიფიკაციითაა გამოწვეული; აგრეთვე საქართველოს პარლამენტის განცხადებებით «ნატოში შესაძლო გაწევრიანების» შესახებ და, რაღა თქმა უნდა, დსთ-ს კოლექტიური უშიშროების ორგანიზაციიდან გამოსვლით.
        ვლადიმერ ჟირინოვსკი არც ისე სულელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რუსები ზოგჯერ განგებ ისულელებენ თავს და «ივანუშკა-დურაჩოკს» თამაშობენ, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ძალიან ეშმაკურად მოქმედებენ.
        ჟირინოვსკის რუსულ პოლიტიკაში ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია - მან უნდა თქვას ის, რასაც ბორის ელცინი ვერ იტყვის. მაგალითად, თუ საჭიროა დაემუქრონ საქართველოს, მაგრამ «არაოფიციალური ხაზით», ჟირინოვსკის ან მის მაგვარ «ტაკიმასხარებს» იყენებენ; სინამდვილეში, ჟირინოვსკი ამბობს იმას, რასაც ელცინი და პრიმაკოვი ფიქრობენ.
        ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ჟირინოვსკის მუქარა ახალს არაფერს შეიცავს. საქართველოს დაშლა-დანაწევრების გეგმა ჯერ კიდევ 1985-1986 წლებში, გორბაჩოვმა და ლუკიანოვმა შეიმუშავეს; ოღონდ ამ ბინძურ გეგმას ისინი ახორციელებდნენ «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების» ფორმით.
        გარწმუნებთ, «ეროვნული მოძრაობა» საერთოდაც რომ არ წამოწყებულიყო საქართველოში 1988 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ნაცვლად გივი გუმბარიძე ან თვით ჯუმბერ პატიაშვილი რომ აგვერჩია პრეზიდენტად, რომც არ გადაგვერქმია პედაგოგიური ინსტიტუტისათვის პუშკინის სახელი და საქართველოს ყველა მოედანზე დაგვედგა დიდი რუსი პოეტის ძეგლი, - გორბაჩოვ-ლუკიანოვის მზაკვრული გეგმა მაინც განხორციელდებოდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, იგი მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული (ანუ სტრატეგიის გამოვლინება გახლდათ და არა ტაქტიკისა). გარდა ამისა, ეს გეგმა ითვალისწინებდა საქართველოს დაშლას ოთხ ნაწილად. ჟირინოვსკიმ დაუმატა კიდევ ორი - ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.
        რა თქმა უნდა, რუსეთის ნება რომ იყოს, საქართველოს არათუ ოთხ, ან ექვს, არამედ 17 ნაწილადაც დაჰყოფდა. თანაც, მისი ეს სურვილი, თუ შესაბამისი ძალისხმევა, სულაც არ იქნებოდა დამოკიდებული საქართველოს «ლოიალურ» ან «არალოიალურ» პოლიტიკაზე, ვინაიდან დაშლილ-დანაწევრებული და ნაწილ-ნაწილ რუსეთზე დამოკიდებული საქართველო კრემლისათვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე მთლიანი, თუნდაც რუსეთზე დამოკიდებული ქვეყანა.
        თუ რუსეთი ამას შეძლებს, ჩვენს ქვეყანას ნებისმიერ შემთხვევაში დაანაწევრებს. ჯერჯერობით მხოლოდ სამად დაშალა და არა ოთხად და ექვსად. მაგრამ ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ «ჯერჯერობით დაგვინდო», უბრალოდ მეტი ვერ შეძლო. რომ შეძლებოდა, არავითარ შემთხვევაში არ დაგვინდობდა. უმთავრესი მაინც ჩვენივე საზოგადოების უნიათობაა. თუ ქართული საზოგადოება ერთიანი იქნება უმთავრეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში მაინც, «ჟირინოვსკი-ელცინის» გეგმა ვერ განხორციელდება. ამჯერად რუსეთს ისეთი კოზირები თუ შენელებული მოქმედების ნაღმები» შერჩა ხელთ, რომელთა აფეთქება არც ისე ადვილია.
        სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება ხელს არ აძლევთ (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე), ამიტომ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ისინი ვერ გაბედავენ სეპარატისტული მოძრაობის პროვოცირებას, ხოლო რუსეთს, მათი «დახმარების» გარეშე ამის გაკეთება გაუჭირდება, რაგინდ ძლიერი «პოსტსაბჭოური» აგენტურაც არ უნდა ჰყავდეს.
        რაც შეეხება ჟირინოვსკის მუქარას «საქართველოს ექვს ნაწილად» დანაწევრების შესახებ თუ საქართველო გაბედავს საკუთარი ტერიტორიიდან რუსეთის ჯართა გაყვანას, ეს აშკარა ბლეფია. სწორედ რუსეთის ბაზების არსებობა ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი დანაწევრების საშიშროებას. საქართველოს სასიკეთოს ისინი არაფერს აკეთებენ. უფრო პირიქით. სხვა საქმე იქნებოდა, ეს ბაზები იოტისოდენად მაინც რომ გვეხმარებოდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. არადა, რეალურად ისინი ანტიქართული ოპერაციების «კრაზანათა ბუდეა» და მუდამ ასეთად დარჩება, ვიდრე იარსებებენ.
        აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანა უეჭველად იქცევა ქართული პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად.
        ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლის და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, იგი უეჭველად შეეცდება პრობლემა გაამწვავოს, ვინაიდან მეტისმეტად თვალნათელია კავშირი საქართველოში რუსული აგენტურის მოქმედებასა და ქვეყნის დანაწევრებას შორის.
        ამ აგენტურის «ბუდეები» ისევ და ისევ ის სამხედრო ბაზებია, რომლებიც არც ერთი თვალსაზრისით არ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, სამაგიეროდ ერთთავად ქმნის დაძაბულობისა და «ნგრევის მოლოდინის» ატმოსფეროს.
        ჟირინოვსკის ნატვრა-ოცნება საქართველოს სრული განადგურების შესახებ დღის წესრიგში მუდმივად დარჩება, - განურჩევლად იმისა, რა გზას აირჩევს საქართველო საგარეო პოლიტიკაში.
        მთავარია, მისი ოცნება არ ასრულდეს.

მერიდიანი, 22 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე