აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის თანაბარსუბიექტურობა საქართველოს საბოლოო დაქუცმაცების ტოლფასია
   

    საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მეტად სერიოზული პოლიტიკური დემარშისთვის ემზადება. ეს უკვე სავსებით აშკარაა - იგი მინიშნებებით, ქარაგმებით, ბუნდოვანი განცხადებებით ამზადებს საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გარდაქმნებისათვის. «გარღვევის მიმართულება» ძნელი განსაჭვრეტი არ არის - საქართველოს ყველა ყოფილ ავტონომიურ წარმონაქმნში არსებული მდგომარეობა უკვე მოუთმენელი ხდება - იმ აზრით, რომ ყოველი დღე ასუსტებს ხელისუფლების პოზიციებს. ძნელი მისახვედრი არ არის: ეს პრობლემა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის უმთავრეს კოზირად იქცევა: უკვე წელიწადი გავიდა კონსტიტუციის მიღებიდან, მასში კი ისევ არ არის თავი ქვეყნის ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. გადაუწყვეტელია ყოფილ ავტონომიათა პრობლემა, იტანჯება ასეულობით ათასი ლტოლვილი» და ა.შ. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძნელი იქნება ამ მიმართულებით რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, ვინაიდან, ოპოზიცია «წინასაარჩევნო მოსაზრებებით ქვეყნის ღალატს» დასდებს ბრალად ხელისუფლებას. ამრიგად, დრო უკვე აღარ ითმენს, რათა გადაწყდეს საქართველოს ფუნდამენტური პრობლემა: საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი. ამ პრობლემასთან უმჭიდროესად არის დაკავშირებული არა მხოლოდ ე.წ. «სამხრეთ ოსეთისა» და აფხაზეთის, არამედ აჭარის პრობლემატიკაც.
    ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ედუარდ შევარდნაძემ საკმაოდ ნათლად და გასაგებად ჩამოაყალიბა თავისი კონცეფცია, რომელიც, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ შეიმუშავა, მაგრამ დღემდე ხმამაღლა გამოთქმას ვერ ბედავდა მეტისმეტად მწვავე რეაქციის თავიდან ასაცილებლად. ამ კონცეფციის ფრაგმენტები უკვე თვალსაჩინოა: შევარდნაძის თქმით, «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ყველა სუბიექტს ექნება განსაკუთრებული სტატუსი». ამ აზრს აღტაცებით შეხვდა ალექსანდრე ძასოხოვი: «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უპირველესი ამოცანაა, თუ საქართველოში შეიქმნება სენატი - ეს პრობლემათა გადაწყვეტის შესანიშნავ საშუალებას შექმნის». აჭარის ლიდერმა, ასლან აბაშიძემაც რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ფედერალურ მოწყობაში ესახება. მაგრამ თუ ყურადღებით შევისწავლით ზემოთხსენებულ «ფრაგმენტებს» - განცხადებებსა და მინიშნებებს, აგრეთვე, თვალს გავადევნებთ მოლაპარაკებათა დინამიკას სოხუმთან, ცხინვალთან (ბოლო დროს უკვე ბათუმთანაც) შემდეგი სურათი იკვეთება: ოფიციალური თბილისი, მიუხედავად რადიკალთა შესაძლო გაფართოებული წინააღმდეგობისა, მზად არის არათუ აღადგინოს «სამხრეთ ოსეთის ავტონომია» არამედ მიანიჭოს მას «რესპუბლიკის» სტატუსი (ოღონდ საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში) და შეურიგდეს სახელწოდებასაც კი - «სამხრეთ ოსეთი». იმავდროულად, თბილისი გააფორმებს ცხინვალთან ფედერაციულ ხელშეკრულებას, რომელშიც განისაზღვრება რესპუბლიკის სტატუსი და უფლებამოსილება. როგორც ჩანს, უფლებამოსილება ყველა ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება. მაგალითად «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას» ნაკლები უფლება ექნება, ვიდრე აფხაზეთს, მაგრამ მეტი, ვიდრე «აჭარის რესპუბლიკას». იგულისხმება, რომ უფლებამოსილებათა ხარისხი «სადისკუსიო თემაა» (ტყუილად როდი ახსენა პრეზიდენტმა «მოლაპარაკებები»), მაგრამ «ცენტრს» ამ შემთხვევაში ექნება საშუალება იმოქმედოს რეალური ვითარებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, ყველა ყოფილ ავტონომიურ წარმონაქმნში მისი პოზიციები ერთნაირად არ არის შესუსტებული - მაგალითად ცხინვალის რეგიონში სეპარატისტებმა ფართომაშსტაბიანი ეთნიკური წმენდის ორგანიზება ვერ მოახერხეს. ეკონომიკურადაც ეს რეგიონი უფრო მეტად იყო და არის დამოკიდებული საქართველოზე, ვიდრე აფხაზეთი, სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისითაც ოსი სეპარატისტების პოზიციები შედარებით სუსტია, ვიდრე აფსუა სეპარატისტებისა, - ყველა ამ ფაქტორზე დაყრდნობით ხელისუფლება (მომავალი ფედერალური ცენტრი) ცდილობს ყოფილ ავტონომიათა რანგირებისას ყველა ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს და უფლებამოსილებათა სხვადასხვა «წილი» დათმოს. ბუნებრივია «ასიმეტრიულ ფედერაციაში» ეს აზრია ჩადებული - თბილისი დებს ერთ ხელშეკრულებას ბათუმთან, სრულიად სხვა ხარისხისა და შინაარსის ხელშეკრულებას ცხინვალთან და განსაკუთრებულ ხელშეკრულებას სოხუმთან. იგულისხმება, რომ გარდა ყოფილი ავტონომიური წარმონაქმნებისა «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის» სუბიექტები იქნებიან აგრეთვე საქართველოს ისტორიული მხარეები, სულ თორმეტი სუბიექტი: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, საცმხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემოსვანეთი. შესაძლოა, თბილისსაც მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი. ოღონდ ყოფილი ავტონომიებისგან განსხვავებით სხვა სუბიექტთა (მხარეთა და თბილისის) სტატუს ფედერაციის შემადგენლობაში განსაზღვრავს არა ხელშეკრულება, არამედ პარლამენტის ორგანული კანონი, რომელსაც სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული შინაარსი ექნება. მაგალითად «კანონი კახეთის მხარის შესახებ» განსხვებული იქნება კანონისგან «სამცხე ჯავახეთის შესახებ» და ა.შ. კონსტიტუციური თავის დამტკიცების, ყველა ფედერაციული ხელშეკრულებების გაფორმების და ორგანული კანონების მიღების შემდეგ, პარლამენტი გაიყოფა ორ პალატად - ფედერაციის საბჭოდ და წარმომადგენელთა პალატად. კონსტიტუცია გაითვალისწინებს, რომ ფედერაციის საბჭოში, რომელშიც ყოფილ ავტონომიებს მეტი წარმომადგენლობა ექნებათ, ვიდრე მხარეებს - თავმჯდომარის პოსტი მუდმივად მიეკუთვნება აფხაზეთის წარმომადგენელს. ამ გეგმის განხორციელებაში ედუარდ შევარდნაძეს რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს, ვინაიდან ქარაგმულადაც და პირდაპირაც არაერთგზის უთქვამს: «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ პარლამენტი მოახდენს «ბაზების თაობაზე» ხელშეკრულების რატიფიცირებას, შეუერთდება კონვენციას საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ, შეიძლება შევიდეს «ოთხთა კავშირში», რომელიც დამოკიდებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში შეიქმნა და ა.შ. «ერთი სიტყვით, ყოველნაირად გაითვალისწინოს რუსეთის სტრატეგიული ინტერესები რეგიონში.
   

    ერთი შეხედვით, თითქოს ასეთი გეგმის განხორციელებას ხელს არაფერი უშლის, მაგრამ სინამდვილეში იგი აბსოლუტურად არარეალურია. ჯერ ერთი, ყოფილი ავტონომიები (აჭარის ჩათვლით) არ დათანხმდებიან იქცნენ ფედერაციის სუბიექტებად საქართველოს ისტორიულ მხარეებთან ერთად - საკითხის ასეთი დასმა კატეგორიულად მიუღებელია არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არამედ აჭარის მმართველი ელიტისთვისაც. სწორედ ამიტომ არის ასლან აბაშიძე საქართველოს სამხარეო მოწყობის წინააღმდეგი, ხოლო მისი მომხრეები - კატეგორიულად ილაშქრებენ სამხარეო ადმინისტრაციათა წინააღმდეგ. საქმე ის გახლავთ, რომ, თუ საქართველოს ფედერაციის სუბიექტები იქნებიან როგორც ყოფილი ავტონომიები, ასევე მხარეები, - მაშინ როგორი მაღალი სტატუსიც უნდა ჰქონდეთ «რესპუბლიკებს», რასაც არ უნდა ითვალისწინებდეს ფედერაციული ხელშეკრულება - ისინი შინაარსობრივად, თვისებრივად მაინც მხარეებს გაუთანაბრდებიან. ამიტომ «ავტონომიათა» ელიტა მოითხოვს ფედერაცია შექმნან არა საქართველოს მხარეებმა და ავტონომიებმა, არამედ საქართველომ (მთლიანად) აფხაზეთმა, აჭარამ და სამხრეთ ოსეთმა. რუსეთისთვისაც მხოლოდ ეს ვარიანტია მისაღები, რადგან იგი მას საშუალებას აძლევს დააფიქსიროს საქართველოს «თანაბარსუბიექტურობა» ყოფილ ავტონომიებთან. ამაზე კი საქართველო ვერ დათანხმდება, ვინაიდან ეს ჩვენი ქვეყნის საბოლოო დაღუპვისა და დაქუცმაცების ტოლფასი.

7 დღე, 15 მაისი 1998 წ.

მთელ გვერდზე