«დიდი ნავთობი» პანაცეა ვერ იქნება

    მთავრობის ბოლო სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი უძღვებოდა, საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის მოპოვების პერსპექტივები განიხილეს
    სარწმუნო წყაროს ცნობით, პრეზიდენტის  ტონალობას აშკარად დაეტყო, რომ იგი უკმაყოფილოა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მუშაობით. იმავე წყაროს თქმით, შევარდნაძეს პირდაპირ, ღიად არაფერი უთქვამს, მაგრამ უკმაყოფილება მაინც ჟღერდა სიტყვებში: «ჩემი ბრძანებულებით შეიქმნება სპეციალური კომისია ენერგომატარებელთა ტრანსპორტირების იმპორტისა და ექსპორტის საკითხებზე. სწორედ ეს კომისია განსაზღვრავს, ვინ რა მოლაპარაკებაში მიიღებს მონაწილეობას. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანში გია ჭანტურიას დონე არ იყოს საკმარისი და სახელმწიფო მინისტრმა ან თვით პრეზიდენტმა აწარმოოს მოლაპარაკება».
    აქ თითქოს აშკარად არაფერია ნათქვამი, მაგრამ არა მხოლოდ ინტონაცია, არამედ ფაქტების ობიექტური ანალიზიც ცხადყოფს: საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანია რაღაცას ისე ვერ აკეთებს, როგორც საჭიროა.
    ედუარდ შევარდნაძის მუშაობის სტილი პროცესში ნაადრევ ჩარევას გამორიცხავს, მაგრამ იგი, ალბათ იმით არის უკმაყოფილო, რომ «მცირე ნავთობის» ტრანზიტის უფლების მოსაპოვებლად საქართველოს ძალიან დიდ დათმობებზე უხდება წასვლა. მიზერულ მოგებას (სულ 8 მილიონ დოლარს) რომ თავი დავანებოთ, ხელშეკრულებაში ისეთი დებულებები ჩაიდო, რომელიც გარკვეულწილად ქვეყნის სუვერენიტეტსაც კი ეჭვქვეშ აყენებს, რამაც პარლამენტის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
    გარდა ამისა, «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირების უფლების მოსაპოვებლადაც საქართველომ უკვე იმდენი დათმო, რომ მოსალოდნელმა მოგებამ, შესაძლოა, სასაცილო ციფრი შეადგინოს. სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული მხარე აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმს სთავაზობს ტრანზიტის საფასურის კიდევ 50 პროცენტით შემცირებას. ოღონდ კი ეს უფლება ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვოს. არადა, ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ამგვარი დათმობები უაზრობაა: საქართველომ სულ უფასოდაც რომ გაატაროს ნავთობი, თუ აზერბაიჯანისათვის რუსეთის მარშრუტი პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იქნება, იგი მაინც ჩრდილოეთზე გაივლის, ამიტომ უსასრულო დათმობები უსარგებლოა. შემდეგ ამ «დათმობათა» უკან წაღება შეუძლებელი იქნება.
    თუმცა, პრეზიდენტს ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ გიორგი ჭანტურია (თუ ზემოხსენებული დათმობები მართლაც მისი ინიციატივაა) ამ შემთხვევაში იმ ეიფორიას აჰყვა, რომელმაც მთლიანობაში მოიცვა საქართველოს საზოგადოება «დიდ ნავთობთან» დაკავშირებით.
    ამ თემაზე მეტისმეტად ბევრს მსჯელობენ და მეტისმეტად დიდ იმედებსაც ამყარებენ მაშინ, როცა ნავთობმა მართლაც რომ გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნის პრობლემებს (სტრატეგიული თვალსაზრისით) ეს ვერ გადაწყვეტს. შეიძლება, მხოლოდ ამ პრობლემათა აფიშირება მოახდინოს მთელი მსოფლიოს თვალწინ.
    გარდა ამისა, გაუთავებელი დათმობები კიდევ ერთი თვალსაზრისითაა მიზანშეუწონელი. ახლახანს დამთავრებულმა დავოსის მსოფლიო-ეკონომიკურმა ფორუმმა დაადასტურა: სულ ერთია, თუ ნავთობის ტრანსპორტირებაზე მიდგა საქმე, დასავლეთი აიძულებს აზერბაიჯანსაც და რუსეთსაც (კომპრომისს რომც მიაღწიონ), დათანხმდნენ მარშრუტთა პოლივარიანტულობას, ანუ «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირებას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით.
    ერთ-ერთი ნავთობსადენი კი უეჭველად გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. და საერთოდ: თუ ნავთობსადენი საქართველოს ფაქტიურად ერთადერთი გეოპოლიტიკური კოზირია, მაშინ რა გვეშველებოდა აზერბაიჯანის კასპიის შელფში ნავთობი რომ არ აღმოჩენილიყო? ქრისტიანმა ქართველებმა ალაჰს დავუწყოთ მადლობის აღვლენა? მით უმეტეს, იმ უცნაურობის გათვალისწინებით, რაც არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს: მაშინ, როცა მაჰმადიანური აზერბაიჯანი «ნავთს მიაქვს», საქართველოში ვერა და ვერ მოხერხდა «შავი ოქროს» აღმოჩენა საჭირო რაოდენობით. ისევე, როგორც (ვთქვათ) ჩეჩნეთის მიწა სავსეა ნავთით, ქრისტიანულ ოსეთში კი წვეთი ნავთი არ არის. არაბული სამყარო ნავთში იხრჩობა, ისრაელში კი ეს სიმდიდრე ვერა და ვერ აღმოაჩინეს.
    მაჰმადიანები ამ უცნაურობაში თავიანთი «ყოვლისშემძლე ალლაჰის» ძლევამოსილების კიდევ ერთ გამოვლინებას ხედავენ. მთელი საქართველოც სასაცილო მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეს, აუცილებელია თავი ვანებოთ გულუბრყვილო ოცნებას «დიდ ნავთობზე», როგორც ჩვენი ქვეყნის ურთულეს პრობლემათა გადაწყვეტის პანაცეაზე. უმჯობესია, ეს ეროვნული ენერგია სხვა საკითხების გადასაწყვეტად იყოს მიმართული. მაგალითად, ეროვნული არმიის უმოკლეს ვადებში ჩამოყალიბება და აღჭურვა უფრო სერიოზული ამოცანაა. «ნავთობსადენზე» ოცნება კი ისევ და ისევ «ლუარსაბ თათქარიძეობის» გამოვლინებას ჰგავს. ტახტზე წამოგორებული ლუარსაბიც ოცნებობდა გემრიელ საჭმელზე, თუმცა მის მოსაპოვებლად განძრევაც არ სურდა.

მერიდიანი, 4 თებერვალი, 1998 წ.

მთელ გვერდზე