არძინბამ და შევარდნაძემ ტელეფონით ისაუბრეს
   

    აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პრეს-მდივანმა, ასტამურ ტანიამ სოხუმში გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადისლავ არძინბამ სამჯერ სცადა ტელეფონით დაკავშირებოდა ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ ეს ვერ მოახერხა «გაუგებარი მიზეზის» გამო.
    როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა «მთავარ სეპარატისტთან» საუბარი. საერთოდ, სარწმუნო წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბრებისას ინიციატივას ყოველთვის არძინბა იჩენს და ეს, ალბათ, ერთადერთი პრივილეგიაა, რაც ჩვენს ქვეყანას 1993 წლის შემდეგ შერჩა.
    «აფხაზეთის პრეზიდენტი» ამ სატელეფონო კონტაქტებს ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებდა. მაგალითად, 1993 წლის სექტემბერში, როდესაც აფსუებმა მზაკვრულად დაარღვიეს მორიგი «სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ», არძინბამ ტელეფონით სცადა თბილისთან დაკავშირება, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს იგი ბრძოლის შეწყვეტის მომხრეა და ამით ხელისუფლების ყურადღება მოედუნებინა, მაგრამ მაშინ არძინბას მხოლოდ ვაჟა ლორთქიფანიძე (სახელმწიფოს მეთაურის აპარატის უფროსი) პასუხობდა. ედუარდ შევარდნაძე სეპარატისტთა ლიდერს ჩანაფიქრს მიუხვდა, ამიტომ ყურმილს «უგდებდა».
    დღეს, რა თქმა უნდა, სულ სხვა ვითარებაა, ამიტომ პრეზიდენტი ხანდახან მართლაც ესაუბრება ტელეფონით არძინბას, თუმცა მაისის მიწურულს გალში განვითარებული მოვლენების დროს მან ეს მისია პარლამენტის თავმჯდომარეს დააკისრა.

    1991 წლის აგვისტოში, მოსკოვში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განხორციელდა, მიხეილ გორბაჩოვი, როგორც ცნობილია, ყირიმში, იალტის მახლობლად, ფაროსის აგარაკზე ისვენებდა. რასაკვირველია, ГКЧП-მ უპირველესად გადაწყვიტა, მისთვის ყველა სატელეფონო ხაზი გამოერთო. ტყუილად ცდილობდა საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, ვინმეს დაკავშირებოდა უამრავი საიდუმლო და ზესაიდუმლო სატელეფონო ხაზით. ბოლოს პირადი დაცვის წარმომადგენლებს სატელიტური ტელეფონი მოატანინა. დადგეს, დაამონტაჟეს, მაგრამ საბჭოთა უშიშროებამ მისი სიგნალის ჩახშობაც შეძლო, რაც თითქოსდა აბსოლუტურად შეუძლებელი უნდა ყოფილიყო.

    არძინბას სატელეფონო კონტაქტები თბილისთან ვინმეს რაიმე «კომპრომისი» არ ეგონოს. სინამდვილეში, სეპარატისტთა ლიდერი ამ გზით კვლავ ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მოადუნოს, მის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება მოახდინოს და ა.შ. საკუთრივ აფხაზეთში არძინბას სატელეფონო საუბრები ედუარდ შევარდნაძესთან არავის შეშფოთებას არ იწვევს - «რაკი ესაუბრება, მაშასადამე, ასეა საჭირო».
    სარწმუნო წყაროს ცნობით, საუბარი ამჯერადაც მომავალი მოლაპარაკების პერსპექტივებს შეეხო. ხუთშაბათს სოხუმში ჩავიდა საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვაჟა ლორთქიფანიძე. პარასკევს მას შეუერთდება ბორის ბერეზოვსკი. საქმე ეხება მოსკოვში შეწყვეტილი მოლაპარაკების, ანუ «წყლის ნაყვის» გაგრძელებას. შესაძლოა, ამჯერად წყლის ნაყვა განაგრძონ სოხუმში ან გუდაუთაში, შემდეგ თბილისში, მერე ისევ მოსკოვში და ა.შ. არავითარი შედეგი ამ მოლაპარაკებებს არ ექნება. არძინბამ თავისი საქმე სამურზაყანოში უკვე მოათავა და სრულ სამხედრო წარმატებას მიაღწია, ამიტომ ახლა დიპლომატიურ ხერხებს მიმართავს. დიპლომატის საქმე კი ის არის, იქაქანოს, არაფრისმომცემი ქაღალდები შეადგინოს, ზოგჯერ ხელიც მოაწეროს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვალოს.
    ეტყობა, ყველაზე მეტად გულწრფელნი ამ შემთხვევაში ისევ ქართველები იქნებიან - ვაჟა ლორთქიფანიძეს მართლაც სჯერა, რომ წყლის ნაყვიდან რამე გამოვა. ვთქვათ, საცივი.
    არადა, ერთადერთი დამაიმედებელი და სასიხარულო ბოლო დღეებში მხოლოდ და მხოლოდ პარტიზანთა გააქტიურებაა. ისინი არ აპირებენ იარაღის დაყრას და ოთხშაბათს მორიგი ჩასაფრება მოაწყვეს, რომელიც წარმატებით, ანუ რამდენიმე აფსუა ფაშისტის ლიკვიდაციით დასრულდა.

მერიდიანი, 19 ივნისი, 1998 წელი

მთელ გვერდზე